კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უმთავრესია სიმშვიდე

სასტუმრო „კინეს ჰეიდი“ გარედან საკმაოდ პირქუში ჩანდა, თუმცა დიდებულება არ აკლდა. თანაც, იმ მიდამოებში ერთადერთი სასტუმრო გახლდათ. ჰოლში პორტიეს პატარა დახლი იდგა და მის უკან გაშლილი იყო უზარმაზარი, საკმაოდ მდიდრული დარბაზი. ერთი კედელი ვეება, მარმარილოთი მოპირკეთებულ ბუხარს ეჭირა. იქვე იყო ბარიც, საკმაოდ კარგი, ასეთი პროვინციული სასტუმროსთვის. ძვირფასი ღვინოების, ვისკისა და ბრენდის ნაირსახეობა აქ ყველაზე პრეტენზიულ ადამიანსაც დააკმაყოფილებდა. ორი კედელი იატაკიდან ჭერამდე, მთლიანად ხავერდით იყო დაფარული. მასიური, შავი ხის ავეჯი  მდიდრულად, მაგრამ, ცოტა პირქუშად გამოიყურებოდა. ჭერიდან ვეება, ბროლის ჭაღი  ეშვებოდა. პატარა მაგიდები, სავარძლებითურთ, ისე იყო განლაგებული, რომ მოსაუბრეებს ერთმანეთისთვის ხელი არ შეეშალათ. მაგიდებზე ძველებური, ფოჩიანი გობელენებით მორთული ანთებული სანათურები იდგა... დარბაზში აბსოლუტური სიმშვიდე და სიმყუდროვე სუფევდა. ბუხარში ცეცხლი ტკაცუნობდა... სავარძლებზე და ბუხართან მიდგმული დივანებიდან ერთ-ერთზე, რამდენიმე ათეული ლედი და ჯენტლმენი იჯდა, საკმაოდ სოლიდური გარეგნობით. დამაყრუებელ სიჩუმეში ისხდნენ. მამაკაცები „ტაიმსს“ და „მანჩესტერ გარდიანს“ კითხულობდნენ, თან ბრენდის სვამდნენ;  ქალბატონებიდან ზოგი ქსოვდა, ზოგიც ქარგავდა, წინ კი „შერი“ და ჩაი ედგათ... არავინ, არც ერთი მათგანი არ ცდილობდა, თუნდაც შემთხვევით დაერღვია ეს სამარისებური სიჩუმე. ოფიციანტიც კი, სახელად პეტერსი, ისე ჩუმად და ფრთხილად მოძრაობდა დარბაზში, რომ ჩქამიც არ ისმოდა. მას ეს უკვე ჩვევაში  ჰქონდა და სხვანაირად ვერც წარმოედგინა... მოულოდნელად შემოსასვლელ კართან მანქანის ხმა გაისმა, რასაც ფეხების ბრახუნი მოჰყვა  და სასტუმროში ხმაურით შემოვიდა ტვიდის პალტოსა და ძვირფას ტყავის ხელთათმანებში გამოწყობილი მაღალი, ლოყებღაჟღაჟა მამაკაცი. მან ხმაურით და ბრაზით მიაჯახუნა მასიური მუხის კარი და უკმაყოფილო გამომეტყველებით პირდაპირ ბარისკენ გაეშურა.
– სკოტჩი დამისხით, ყინულით! – ისე ხმამაღლა თქვა, რომ დარბაზმა თითქოს დაიგრგვინა ექოსგან. იქ მყოფებმა თავები ასწიეს და დაუპატიჟებელ სტუმარს წყრომით შეხედეს.
– ასე ნელა რატომ მოძრაობ? – გაცხარდა მამაკაცი, – ვერ გაიგე? სკოტჩი მინდა, ყინულით...
– დიახ, სერ...
ოფიციანტმა ჭიქა ვერცხლის ლანგარზე დადგა და ბოთლებით სავსე თაროებისკენ შებრუნდა.
– ეი, შენ!.. აქეთ მოიხედე! – დაიგრგვინა მამაკაცმა, – სად არის ამ დაწყევლილ მხარეში უახლოესი გარაჟი? თქვენს ჯოჯოხეთურ გზაზე ორივე საბურავი გავხეთქე და საჭესაც რაღაც სჭირს, მექანიკოსს უნდა ვანახვო!
– ჩვენს მხარეში ერთადერთი მექანიკოსი ჯერომ ბოსლია, სერ, მაგრამ, ის ტრაქტორებს არემონტებს.
– ტრაქტორებს?! – აღშფოთდა სტუმარი, – დამცინით?  გინდათ, რომ ჩემი „ბენტლი“ ვიღაც სოფლელ, გაუთლელ ხეპრეს ვანდო?
– არ ვიცი, სერ, თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ ბოსლი დედამისთან ბრიდგლანტინში  გაემგზავრა და უახლოესი სამი დღის განმავლობაში არ იქნება.
მამაკაცისთვის ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა და ბარის დახლს ისეთი გამეტებით დაჰკრა მუშტი, რომ დარბაზში უკმაყოფილო ჩურჩული გაისმა. მაგრამ, ეტყობა, ეს ნაკლებად ადარდებდა თვითონ სტუმარს. ერთიანად წამოჭარხლებულმა, ბარმენს ისე დაუბრიალა თვალები, რომ, იფიქრებდი, ახლა ყელში სწვდებაო.
– ყინული! – დაიყვირა და, არც დალოდებია, ოფიციანტი რას მოიმოქმედებდა, იმავე ტონში განაგრძო: – დალახვროს ეშმაკმა, ყინული-მეთქი! თუ, გგონიათ, რომ თბილს დავლევ?!
– არა, სერ... მაპატიეთ, სერ... ახლავე...
– ჯანდაბა, ეს რა მომსახურებაა...თუმცა ამ სამარეში, გვამების გარემოცვაში, უკეთესის იმედი როგორ უნდა მქონოდა!.. აქ ღამე როგორ უნდა გავათიო? წარმომიდგენია, რა დამხვდება ნომრებში – ჩალით გატენილი ლეიბები და ნეხვის სუნი...
– რას ბრძანებთ, სერ, საკმაოდ კარგი ნომრები გვაქვს... თუ გნებავთ, განახვებთ.
– ტელეფონი მინდა. სად არის აქ ტელეფონი?
– ჩვენ ტელეფონი აქ არ გვაქვს, სერ; ადგილობრივები, საჭიროების შემთხვევაში, ფოსტაში დადიან ხოლმე, რომელიც ახლა დაკეტილია და ორშაბათამდე არ გაიღება, – მოთმინებით აუხსნა ბარმენმა.
ღამის სტუმარი ჯერ განცვიფრებით მიაშტერდა, მერე შეიგინა და ვისკი სახეში შეასხა საცოდავს. დარბაზში მსხდომებიდან რამდენიმე ქალბატონი შიშისგან შეხტა... პოლკოვნიკი გლოსტერ სმიტი, რომელიც შორიდან ადევნებდა თვალს ამ ყველაფერს, მწუხარე სახით ადგა და მტკიცე, სამხედროებისთვის დამახასიათებელი ნაბიჯით ბარისკენ გაემართა.
– გადამდგარი პოლკოვნიკი გლოსტერ სმიტი მოგესალმებათ, სერ! ხომ არ ინებებთ, ჩემთან ერთად ერთი ჭიქა შესვათ?
ხმაურიანმა სტუმარმა ამრეზით ახედა პოლკოვნიკს.
– კაპრალო, რის შემოთავაზებას აპირებთ? – ჰკითხა დაცინვით, – გაითვალისწინეთ, მე იაფფასიან სასმელს არ ვსვამ.
– პოლკოვნიკი გახლავართ, – აუღელვებლად შეუსწორა გლოსტერმა, თუმცა, დაკვირვებული თვალი შენიშნავდა, რომ ნერვიულობდა. – ყველაზე საუკეთესო ვისკი ჩემი სტუმრისთვის! – მიმართა ბარმენს გლოსტერმა
– ახლავე, სერ, – ბარმენმა დახლს ქვემოდან მომცრო ზომის ბოთლი გამოიღო, საცობი ამოაძრო და მუქი ყავისფერი სითხე ყინულებით სანახევროდ სავსე ჭიქაში ჩაასხა.
– თქვენ არ დალევთ ჩემთან ერთად, კაპრალო? – ისეთივე დამცინავი ტონით ჰკითხა მამაკაცმა პოლკოვნიკს.
– არა. მე ბრენდის ვამჯობინებ, – ისევ „გაუტარა“ პოლკოვნიკმა შეურაცხყოფა.
 კაცმა მხრები აიჩეჩა და ჭიქას უსუნა:
– ოჰო, მგონი, ცუდი არ უნდა იყოს. გმადლობ, კაპრალო, – და, ერთი ყლუპით დალია ჭიქაში არსებული სითხე... ზუსტად ორი წუთის შემდეგ ორივე ხელი ყელზე იტაცა, თვალები გაუფართოვდა, დაბარბაცდა და იატაკზე გაიშხლართა.
დარბაზში მყისიერად გამეფდა სამარისებური სიჩუმე. პოლკოვნიკმა ამოიოხრა და უკვე მკვდარს სინანულით დახედა.
– რა ვქნა, ვერ ვიტან სიჩუმის დამრღვევებს... ვერც თავხედებს... პეტერს, მიხედე, ჩემო კარგო...
– დიახ, პოლკოვნიკო... შემახსენეთ, ეს მერამდენეა? ისე, სტატისტიკისთვის.
– მგონი, მეთერთმეტე... და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ – უკანასკნელი. მკვლელობა ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება, – ისევ ამოიოხრა გლოსტერმა და თავისი სავარძლისკენ გაემართა.

скачать dle 11.3