კაცობრიობის გადასარჩენად
მიხაილმა პლასტიკური პისტოლეტი ფურცლების ჭრილიდან ამოიღო, ხელში შეათამაშა და საზეიმო ხმით წამოიწყო:
– ამას არ გააჩნია დამცავი სისტემა. შიგნითა დამცავი შემადგენლობა ავტომატურად მუშაობს საპირისპირო გამოყენებისას. ეს იარაღი შედის ავსტრიის არმიისა და პოლიციის შეიარაღებაში...
– მაჩვენე, – იარაღი ჩამოვართვი, საბრძოლო მდგომარეობაში მოვიყვანე და ახლა მე გავაგრძელე: – ეს „გლოკ-17-ია“... მას სამხედრო შეიარაღებისთვის ნორვეგიასა და შვედეთშიც იყენებდნენ. თვითონ ვნახე! თუმცა, მიზანში სროლაში „ბრაუნინგის“ კანადური ვარიანტით ვვარჯიშობდი, რომელსაც MK-1-ის ლულა და 4 ჭრილი აქვს.
– როგორც ვხედავ, იარაღებში ერკვევი, – გაეღიმა მიხაილს.
– ჰო, არცთუ ცუდად... და იმედი მაქვს, რომ რიმსკის გარემოცვასთან გასამკლავებლად „კალაშნიკოვის“ ავტომატი ან ამერიკული თრილერების შეუცვლელი „გმირი“ – „დაბნოს“ არწივი არ დამჭირდება.
მიხაილმა საჩვენებელი თითი მაღლა შემართა და დამარცვლით შემახსენა:
– კარგი იქნება, თუ ყველაფერს სისხლისღვრის გარეშე მოაგვარებ!
– რა თქმა უნდა... გპირდები, რომ ამას, –იარაღი პიჯაკის უკან, ქამარში ჩავმალე, – მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენებ და ისიც – თავდაცვის მიზნით.
– იმედია, – ამოიოხრა ჩემმა მეგობარმა და დააყოლა: – დაიმახსოვრე, თუ რამე მოხდა, ანატოლი კორნელიუკს უნდა მიმართო... ის გავლენიანი ფიგურაა და ყველაფერს მოაგვარებს; ისიც ჩვენი კაცია.
– გასაგებია! ჩემი წასვლის დრო მოვიდა, იმედია, 2-3 კვირაში შევხვდებით!
– ღმერთმა ქნას...
– კეთილი მგზავრობა!
– შეხვედრამდე, ალექსანდრ!
***
შაბათს 10 საათისთვის მანქანა მოსკოვის გარეუბანში, კვლავ ძველ საკალათბურთო დარბაზთან მივაყენე. ამჯერად ხალხი უფრო მეტი მომეჩვენა, ვიდრე წინა ქადაგებაზე. როგორც იქნა, შევეჭეჭყე. ვლად რიმსკი თავისი გარემოცვით თუ ელიტჯგუფით, უკვე ამაღლებულ ადგილას იდგა და შევამჩნიე, რომ რომა აკოინიკოვს რაღაცაზე ესაუბრებოდა. 5 წუთში მიკროფონი ჩაბღუჯა და თავისი გამოსვლა დაიწყო. მისი ქადაგება კვლავ სახარებაზე „დამყნობილი“ მარქსისტული მოძღვრების სრული აბდაუბდა და ერთმანეთის გამომრიცხავი ორი მიმდინარეობის არასრულყოფილი ნაზავი იყო. ყველაზე ძალიან ის მაოცებდა, რომ ამ ჩემთვის წარმოუდგენლად ბრიყვ საზოგადოებაში ინტელიგენტური გარეგნობის ადამიანებიც იყვნენ...
ძლივს გავუძელი ერთსაათიან ქადაგებას. ბოლოს „სახალხო მკურნალმა“ იქ მყოფთ მოუწოდა, რომ ქცეულიყვნენ „რჩეულებად“, „ღვთის ნამდვილ შვილებად“ და შებრძოლებოდნენ სიბნელეს, მარტოობას და განცალკევებას; გაეყიდათ, რაც რამ გააჩნდათ და შეეწირათ ახალი ქალაქისთვის, რომელსაც, თურმე, ის ამქვეყნიურ სამოთხედ აშენებდა... სადაც მშვიდად, ბედნიერად და ერთმანეთისადმი ზრუნვით იცხოვრებდნენ. ვლად რიმსკის ბოლო სიტყვებმა ლამის შოკში ჩამაგდო: მან თავი ღვთის რჩეულად კი არა, ლამის მესიად გამოაცხადა, რომელსაც თურმე თვით უზენაესი ესაუბრება და მითითებებს აძლევს, როგორ უნდა გაუძღვეს მის რჩეულ სამწყსოს. მერე ცალი ხელი მაღლა აღაპყრო, თვალები ცას მიმართა და ტრანსში მყოფივით იმეორებდა: „და შეიცოდა უფალმა წუთისოფლით განაწამებნი, წარმომგზავნა მათთან, რათა სამოთხე არ ყოფილიყო ისეთი შორეული, როგორიც ადრე და დამრთო ნება აქვე, მიწაზე ავაშენო ის... ცხოვართა თავშესაფარი... სადაც ამქვეყნიური ვაებანი აღარ იქნება... და მომცა მე კურნების უნარი, რათა ჩემ ირგვლივ შემოვიკრიბო მტყუანნი და მართალნი და ვაქციო მართლებად! რიმგოროდი იქნება ქალაქი, რომლის მაგალითითაც დამტკიცდება, რა კარგია ღვთის სიტყვით ცხოვრება და ჩვენი ხალხი გამრავლდება ქვეყნის კიდით კიდემდე! ამინ (ამინ! – დაიგუგუნა თითქმის გადაჭედილმა სასახლემ). არ იქონიოთ კავშირი იმათთან, ვინც ხარბია, მაგინებელი, ლოთი და მტაცებელი... ასეთებთან არც ჭამოთ და არც სვათ!“ ვიჯექი და თავში კვლავ სახარებისეული სიტყვები მიტრიალებდა: „დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებებს აღარ მიიღებენ, არამედ თავიანთი გულისთქმით ამოარჩევენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს“...
როგორც იქნა, ქადაგება დასრულდა. გამოსვლას არ ვჩქარობდი, შორიდან ვაკვირდებოდი ვლად რიმსკის, რომელსაც ბრბოსგან ეგორ კაზაკოვი და მისი გარემოცვა იცავდა. მასთან ახლოს კვლავ რამდენიმე ათეული ადამიანი შეჯგუფდა. ვიფიქრე, ალბათ, „განკურნების“ მსურველნი თუ არიან-მეთქი... მაგრამ შევცდი. „სახალხო მკურნალმა“ მალევე დატოვა დარბაზი და უკანა გასასვლელში გაუჩინარდა, ხოლო შეკრებილ ადამიანებთან რომა აკოინიკოვი დარჩა. გადავწყვიტე, ძალიან მონდომებული და ამ მონდომების გამო ძალიან გაჯიუტებული ადამიანივით მოვქცეულიყავი. კიბეზე ჩავირბინე და ამ მასას შევერიე. რომას ხელში საწერ-კალამი ეჭირა და ვიღაც-ვიღაცების სახელ-გვარებს ინიშნავდა. შევეცადე, უფრო ახლოს მივსულიყავი და გამეგო, რა ხდებოდა. წერით გართულმა აკოინიკოვმა ვერ შემნიშნა.
– ლიუდმილა მორგუნოვა, – მიმართა წინ მდგომ მსუქან ქალს, – რამდენი?
– 10 000 რუბლი, – იყო პასუხი.
– სულ ეს არის?! – და დიახო, რომ მიიღო პასუხად, წარბი უკმაყოფილოდ შეყარა.
– რა ხდება? – ვკითხე ჩემ წინ მდგომ ჩია მამაკაცს, რომელიც კისრის დაგრძელებით ცდილობდა, „პისარი“ რომა დაენახა.
– „სახალხო ტაძრის“ სახლებში და რიმგოროდში ცხოვრების მსურველთა სიები დგება. ეჰ, – ხელი ჩაიქნია გაწბილებული სახით, – მე მხოლოდ 15 000 რუბლის მოტანა მოვახერხე, არ ვიცი, სიაში ჩამწერენ თუ არა.
– ესე იგი, 150 000 რუბლი რომ მოვიტანო, ულაპარაკოდ ჩამწერენ რიმგოროდში? – ვკითხე იმ დაბალ და ხმელ კაცს.
– თქვენ გყავთ რეკომენდანტი?
– რაო?! რა რეკომენდანტი... რაზე ლაპარაკობთ?
– დიახ... ეს ის ადამიანია, ვინც რეკომენდაციას გაგიწევთ... და აუცილებლად „წითელი კარვის“ წევრი უნდა იყოს.
– ამას როგორ მოვახერხებ? – ვკითხე სასოწარკვეთილი ხმით და ისეთი შეწუხებული სახე მივიღე, იმ ჩიას შევეცოდე და თანაგრძნობით მითხრა:
– ეს ძალიან დიდი პრობლემა არ არის, მთავარია, „სახალხო ტაძარში“ გიცნობდნენ... გენდობოდნენ... მე, მაგალითად, წელიწადია, ქადაგებებს ვესწრები; შემოწირულობები მომაქვს... რომან ნიკალაევიჩიც კარგად მიცნობს და, დარწმუნებული ვარ, რეკომენდაციაზე უარს არ მეტყვის.
„ჭირსაც წაუღია ეგ რომან ნიკალაევიჩი! – გავიფიქრე და ჯიბიდან ფულის დასტა ამოვიღე, – ასე მაინც თუ მოვიპოვებ მის ნდობას, ჯობია, საფულე შევითხელო“.
როგორც იქნა, მივუახლოვდი. რომამ შემამჩნია და ძაღლივით გადმომიგდო:
– რა გნებავთ?!
მე ფულის დასტა დავანახე.
– რიგს დაელოდეთ! – კვლავ ცივად მითხრა და ისეთი სახით, თითქოს პირველად მხედავდა.
„არა... ისე როგორ მოვკვდები, ეგ სიფათი რომ არ დაგიზილო და ყურძნის მწიფე მტევანივით არ ჩაგჭყლიტო!.. ძვლებს ფაფად გიქცევ და მაგ თეთრ თავს გველის წიწილივით წაგაწყვეტ, შე გაქსუებულო მატლო!“ – ვიმეორებდი გულში ათასგვარ სალანძღავ სიტყვას, რათა ბრაზი სახეზე არ გამომხატვოდა და ბრიყვული სიფათით ვუცდიდი, როდის ინებებდა „მისი აღმატებულება“ და ყურადღების ღირსად ჩამთვლიდა.
მალე ჩემი რიგიც მოვიდა.
– სახელი და გვარი! – ისე მკითხა, თითქოს არ ახსოვდა.
– „შენი სიკვდილის ანგელოზი!“ – გავიფიქრე და ომახიანად წარმოვთქვი: – ალექსანდრ ორლოვი!
– თანხა?
– 40 000 რუბლი...
– შემდეგი! – მაგრძნობინა, წადი ახლა, გაიარეო.
„მე შენ გიჩვენებ!“ – გავიფიქრე და მოთმინებით დაველოდე, როდის მოათავებდა შემგროვებლის საქმიანობას. ბოლოს ჩანთა გვერდზე გადაიკიდა და შეეცადა, ჩქარი ნაბიჯით დაეტოვებინა დარბაზი. მაგრამ, ნურას უკაცრავად... რომან ნიკოლაევიჩ! უკან გავეკიდე და ჩანთის ზონარზე მოვქაჩე. გამწყრალი სახით მომიბრუნდა.
– თუ გახსოვთ, შემპირდით, რომ მამა ვლადთან სიტყვას შემაწევდით.
– უამრავი ადამიანია, რომელიც თვეობით რიგში დგას, რათა „სახალხო მკურნალამდე“ მივიდეს... უნდა მოიცადოთ! – მითხრა და კვლავ გასასვლელისკენ გაემართა.
კიდევ კარგი, უკან აღარ მოუხედავს, იმიტომ რომ, სახეზე მრავალსართულიანი გინება „გამომეხატა“. მერე გაბრაზებით გამოვბრუნდი და გულში დავიფიცე, რომ ოდესმე ამ გაყოყოჩებულ არსებას ჭკუას ვასწავლიდი.
მოკლედ, რომა აკოინიკოვთან არაფერი გამომივიდა და კვლავ ვარვარა ანტონოვნა ტრავიანსკაიაზე გავაკეთე ძირითადი აქცენტი... ამიტომ კვირას, შუადღის შემდეგ დავურეკე.
– შენთან ვერ ამოვალ, ეგორმა, მგონი, რაღაც იყნოსა. ჯობია, ისევ ვერა ობრაზცოვას კლუბში შევხვდეთ. იქ ხშირად დავდივარ და ეჭვს არავინ აიღებს, – მითხრა შეფარული წუხილით და გამითიშა.
საღამოს, ზუსტად 7 საათზე, მეტრო არბატსკაიას გავცდი და ზნამენკაზე გავაჩერე მანქანა. იარაღი სავარძლის ქვემოდან ამოვაძვრინე, პიჯაკის უკან ჩავმალე და „2X2-ის“ შენობაში შევედი.
ვარვარა ჯერ არსად ჩანდა, სამაგიეროდ, ვერა ობრაზცოვა გამოემართა „ფართო“ ღიმილით.
– მობრძანდი, ალექსანდრ! მარტო ხარ? – მკითხა და ბარისკენ მიმანიშნა, – მოდი, ჩამოვსხდეთ.
– ვარვარას ველოდები, – ვუთხარი მშრალად.
შევატყვე, სახე მოეღუშა, მაგრამ არ შეიმჩნია.
– კარგი, სანამ ვარა მოვა, ვისაუბროთ.
– კიდევ კარგი, დღეს ფართი არ გაქვთ, – ვუთხარი ღიმილით და ბარმენს ვანიშნე, მოახლოებულიყო, – მარტინს დალევ?
– ჩემს ბარში სულ შენ უნდა მიმასპინძლო? – წამეკეკლუცა ფეხსაცმლის არცთუ ახალგაზრდა დიზაინერი, ვერა ობრაზცოვა.
– ორი მარტინი დაასხი!
ბარმენი მაშინვე შებრუნდა და ღვინის ყირამალა დაკიდებული ჭიქები სწრაფი მოძრაობით ჩამოხსნა.
– ფართები არ გიყვარს? – მკითხა, სანამ სასმელს პირთან მიიტანდა.
– გააჩნია... პარიზის ნუდისტურ ბარში შეიძლება ავიტანო... ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ქალბატონები იქნებიან გახდილნი...
ჩემს ხუმრობაზე გულიანად გაეცინა და ბარის დარბაზს მოავლო თვალი.
– სამაგიეროდ, დღეს არავინ არის... მხოლოდ 2 მაგიდაა დაკავებული და იქაც წყვილები სხედან.
– სერგეისაც ვეღარსად ვხედავ, – მოვისაკლისე მისი ადმინისტრატორი.
– სერგეი აქ აღარ მუშაობს! – წარბი შეყარა ვერამ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ უნიათოა... ინიციატივას მოკლებული.
– საქმეს ვერ აუდიოდა? – ვკითხე და გულში ამ ქალის მიმართ ოდნავი აგრესია ვიგრძენი.
– არა... ეგ არ მითქვამს, უბრალოდ, მოძველებული შეხედულებები ჰქონდა ყველაფერზე...
– აი, თურმე რა! – ირონიით მომექცა ტუჩები და რატომღაც გავიფიქრე, რომ მისი ადმინისტრატორი „ბოსისა“ და ბარში გასასაღებლად შეტანილი ნარკოტიკების წინააღმდეგ გამოთქმულ ერთ-ორ უკმაყოფილო ფრაზას „შეეწირა“.
სახეზე რომ არ გამომხატვოდა, რასაც ვერა ობრაზცოვაზე იმ წუთში ვფიქრობდი, საუბარი სხვა თემაზე გადავიტანე:
– როგორც ვხედავ, ყველაფერს ასწრებ – ფეხსაცმელს ქმნი მოსკოვური ელიტისთვის და საღამოობით მათ გართობაზეც ზრუნავ... როგორ ახერხებ ამდენს? – ისე ვკითხე, თითქოს მართლა მაინტერესებდა, როდის და რას აკეთებდა ეს ქარაფშუტა ქალი.
– სახელოსნოში ჭკვიანი და ნიჭიერი გოგოები მყავს დიზაინერებად, დღეში 2-3 მოდელს მაინც ქმნიან. მე შუადღის პირველ საათზე მივდივარ. მათგან, რომელიც მომეწონება, იმას შევარჩევ და მერე მეწაღეების საქმე იწყება – სულ ეს არის! საღამოს 6-დან აქ ვარ. ძალიან ბევრი ცნობილი სახე მოდის... თუ გინდა, გაგაცნობ...
– გადლობ, მაგრამ მირჩევნია, მოსკოვური საღამოები უფრო მშვიდ გარემოში გავატარო.
– ალბათ, ლონდონში უამრავი მეგობარი გყავს, არა? – ვერას სახეზე ინტერესი ამოვიკითხე.
– საკმაოდ, – ვუთხარი მშრალად, – თუმცა ხმაურიანი წვეულებები არ მიყვარს.
ამის წარმოთქმისას თბილისი გამახსენდა. ვიგრძენი, როგორ მენატრებოდა ქართული სუფრა, ჩვენებური მოლხენა... სიმღერა... სადღეგრძელოები. არ „გადავაბიჯე“ ამათ „ტუსოკვებს“-მეთქი. ამ ფიქრში ვიყავი, ვარვარა რომ შემოვიდა; პირდაპირ ჩემკენ გამოემართა, წამოვდექი და ლოყაზე ვაკოცე. ვერამ დელიკატურად გაიღიმა და გაგვეცალა. ვარვარა შეწუხებული მომეჩვენა.
– მგონი, ეგორი რაღაცას ხვდება, – ჩამჩურჩულა, როცა გვერდით მომიჯდა, – დაკითხვა მომიწყო.
– დამშვიდდი. რამე დალიე და მომიყევი, რა მოხდა.
– კარგი. რამე ტკბილი კოქტეილი, სულ ერთია! – გასძახა ბარმენს და, როცა ცოტა მოსვა და დამშვიდდა, განაგრძო: – დღეს მკითხა, ვინ არის ის ინგლისელი რუსი, შენ რომ დაგდევსო.
– ასე გითხრა?
– ჰო.
– მერე რა უთხარი?
– ვერამ გამაცნო, მამა ვლადის გაცნობა სურს და „სახალხო ტაძარში“ მისვლა-მეთქი.
– დაგიჯერა?
– რომა აკოინიკოვს რატომ უთხარი, ჩემი ნათესავიაო.
– ესე იგი, რომა ყველაფერს მოუყვა... ასეც ვფიქრობდი.
– შენ? კი მაგრამ – რატომ? – გაუკვირდა ვარვარა ანტონოვნას.
– მგონი, ეგ შენი კაბანი მითვალთვალებს... მაგრამ, ამას ახლა თავი დავანებოთ და მითხარი, მაინცდამაინც რომა აკოინიკოვთან რატომ მიმიყვანე, სხვა ნაცნობი არ გყავდა „წითელ კარავში“?
– რომა ჩემი თანაკლასელი იყო... არ მეგონა, ასე თუ მომექცეოდა. თანაც, ყოველთვის ვიცოდი, რომ ეგორი თვალში არ მოსდიოდა.
– ასე რატომ ფიქრობდი?
– ვარვარა დაიბნა, გაჩუმდა და ხმადაბლა ამოთქვა:
– არ ვიცი, შეიძლება, მეჩვენებოდა.
– იცი, ვარა, შეგპირდი, რომ ეგორს მოგაშორებ-მეთქი. თუ გინდა, რომ მეგობრები ვიყოთ, არაფერი არ უნდა დამიმალო!
– კარგი, – თავი დამიქნია და მცირე ხნის დუმილის შემდეგ მითხრა: – იცი, ეგორს სასმელი უყვარს, განსაკუთრებით წითელ ღვინოს ეტანება...
– მერე?
– მოკლედ, ის ყოველთვის თავის ჭკუაზე დადის და არავის აზრს არ ითვალისწინებს, ამიტომ, არ ეპიტნავება ის რომა აკოიანიკოვს.
– სულ ეს არის ეგორ კაზაკოვის „შეცოდებანი“?! ღვინის სმას უფალი არ კრძალავს, სახარებაშიც ხომ წერია: „ნუღა სვამ მარტო წყალს, ცოტა ღვინოც მიიღე შენი კუჭისა და შენი უძლურების გამო“... თანაც, იმავე სახარებაში წერია, რომ ღვთის გაჩენილი ყოველივე კარგია და არაფერია უარსაყოფი, თუ მადლიერებით იქნება მიღებული...
– ჰო, მაგრამ... „სახალხო ტაძრის“ წევრებს ღვინის სმა ეკრძალება და საერთოდ, ალკოჰოლიანი სასმლის მიღება, – დაიბნა კვლავ ვარვარა ანტონოვნა.
თუმცა, ვერაფრით ამეხსნა ეს ფაქტი, მაგრამ ვარას „მოძღვრის“ ურწმუნოებაში დადანაშაულება ჩემთვის ახლა ხელსაყრელი არ იყო, ამიტომ უკმაყოფილოდ ვუთხარი:
– სულ ეს არის, რის თქმაც გინდოდა?
– მეტი რა უნდა იყოს? – წამოწითლდა და გვერდზე გაიხედა.
– მამა ვლადზე რას იტყვი... ის რატომ ითმენს ეგორის ლოთობას, ან იმას, შენ რომ გიკრძალავს „სახალხო ტაძრის“ შეკრებებზე სიარულს?! ვარა, გიმეორებ, თუ გინდა, რომ მართლა დაგეხმარო, ყველაფერი უნდა ვიცოდე.
– ალექსანდრ, გთხოვ! – ამ თემაზე სათქმელი არაფერია, რადგან...
– კარგი! – ცარიელ ჭიქას ხელი ვკარი, ფეხზე წამოვდექი და მივაძახე: – მეგონა, მენდობოდი. თუ ასე არ არის, მშვიდობით!
დარბაზი ჩქარი ნაბიჯით გამოვიარე. ასე ვთქვათ, „ვა-ბანკზე“ წავედი – გული მიგრძნობდა, რომ ვარვარა არ დამთმობდა, უკან გამომეკიდებოდა და ყველაფერს დაფქვავდა. თუ ეს ასე არ მოხდებოდა, მაშინ არც არასდროს გაიხსნებოდა და ვარვარასთან ურთიერთობა აზრს კარგავდა. ამ შემთხვევაში სხვა, ალტერნატიული გზა უნდა მეცადა „წითელ კარავში“ შესაძრომად, რომელიც, გარკვეულწილად, რიმსკის გარემოცვას, მის ყველაზე დაახლოებულ ჯგუფს წარმოადგენდა... როგორც ვვარაუდობდი, ვარვარა გამომედევნა და ცრემლმორეული ხმით მომძახოდა: – საშა, მოიცადე, გთხოვ, ყველაფერს აგიხსნი!
ის-ის იყო, ბარის ფოიეში გავედი, რომ შესასვლელი კარი გაიღო და პირდაპირ ეგორ კაზაკოვს შევეჩეხე. ვარვარა ანტონოვნა მეხდაცემულივით გახევდა და სიტყვა შუაზე გაუწყდა.
– ესე იგი, შენ თვითონ დასდევ, შე ძუკნა! – ეგორმა ერთი ნაბიჯი გადმოდგა წინ და ვარვარა ჩემს ზურგს ამოეფარა.
კაბანი ასე ახლოდან არასდროს მინახავს. ორი თავით ჩემზე მაღალი იყო, დაკუნთული და ზორბა. დაბალზე გადაკრეჭილი თმა მისი თავის უპროპორციო ფორმებს უსვამდა ხაზს. სახის ნაკვთები ბლაგვი ჰქონდა, ცხვირიც მიჭყლეტილი.
– ამ პიჟონში გამცვალე, შენი დედა... – კაბანმა დიდი ნაბიჯი გადმოდგა, ხელის კვრიით ჩამომიცილა და ვარვარას ყელში სწვდა.
– ხელი გაუშვი! – სისხლმა სახეში ამასხა, რადგან ვერ ვიტანდი, კაცი რომ ქალს სცემდა, მით უმეტეს – ასეთი ახმახი.
მრისხანედ მომიტრიალდა.
– ნუ ეჩრები, თორემ სამუდამოდ დაგაინვალიდებ!
– აბა, სცადე! – მივუგე მეც ბრაზით, – შენ მხოლოდ ქალის ცემა შეგიძლია.
გაოგნებულმა გოლიათმა ვარვარას ხელი გაუშვა და მთელი ტანით შემომიბრუნდა.
– მოგკლავ შენი..! – შემიკურთხა და ხელი ძლიერად მომიქნია. თავი მყისიერად გავწიე და კაბანი ინერციით წაბარბაცდა. გასწორება არ ვაცადე და გაშლილი ხელი სიგრძივ კისერში მთელი ძალით ჩავარტყი. ტკივილისგან თვალთ დაუბნელდა და ჩაიმუხლა. ჯერ გაოგნდა, ასეთ დარტყმას არ ელოდა, მერე განრისხებული წამოიჭრა და ახლა მარცხენა ხელი მომიქნია. დარტყმის მთლიანად არიდება ვერ მოვახერხე, თუმცა თავი გავწიე, მაგრამ მისი მუშტი ყურს უკან, კეფაზე ასხლტა. თავბრუხვევა ვიგრძენი... მივხვდი, რომ კაბანს ხელდახელ ჩხუბში ვერ მოვერეოდი, ამიტომ ხერხს მივმართე, გამიელვა, რომ თავში მუშტის დარტყმით ვერ დავცემდი, თანაც ორი თავით ჩემზე მაღალი იყო... სანამ ხელს მაღლა ავწევდი, ისიც მოახერხებდა დარტყმა მოეყენებინა, ამიტომ, სანამ მეორედ მომიქნევდა მუშტს, რაც ძალა და ღონე მქონდა, ფეხებს შორის წიხლი ამოვცხე. კაბანს ზეაწეული მარჯვენა მოჭრილი ტოტივით ჩამოუვარდა და ტახივით არახრახდა. მოიხარა, მოიკუზა და ორივე ხელი „კვერცხებზე“ აიფარა. მივხვდი, ტკივილისგან გამწარებული, არ დამინდობდა და მესროდა, ამიტომ გონს მოსვლა არ დავაცადე, იარაღი ამოვიღე და მისი ტარი ორჯერ ძლიერად ჩავარტყი თავში... კაბანი ჩაჩუმდა და იატაკზე გაიშხლართა.
– ღმერთო! შენ ის მოკალი! – აკივლდა ვარვარა და ის-ის იყო, გარეთ უნდა გაქცეულიყო, რომ მკლავში ვეცი.
– იცოდე, ხმა არ ამოიღო! ახლა შედი ბარში და ისე მოიქეცი, თითქოს არაფერი მომხდარა... ამას მე მივხედავ!
საბედნიეროდ, ბარში ხმამაღალი მუსიკის გამო არავის არაფერი გაუგია.
– შენ ის მოკალი! – ქალს სახეზე ფერი არ ედო და მთელი ტანით ცახცახებდა. მხრებში წავწვდი და გონს მოსაყვანად შევანჯღრიე.
– ნუ გეშინია, ცოცხალია. რაც გითხარი, ის გააკეთე – შედი და დამელოდე! გაიგე?!
– გავიგე! – როგორც იქნა, ამოთქვა. თმა შეისწორა და დარბაზში შებრუნდა.
შუშის კარისკენ გავიხედე, მოსკოვს საღამო ჩამოსწოლოდა. გონდაკარგული კაბანი ტუალეტში შევათრიე და კედელს ჯდომით მივაყუდე. გავჩხრიკე, ქურთუკის უკნიდან „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ამოვაცალე, ტყვიები ამოვყარე, უნიტაზში წყალს გავატანე და პისტოლეტი ადგილზე დავაბრუნე. მერე ცივი წყალი მოვუშვი და კაბანს გავხედე – მას სისხლი ორ ტოტად ჩამოსდიოდა სახეზე. „არ მოკვდეს, ეს შობელძაღლი!“ – გავიფიქრე, წყალი პეშვებში ჩავიგუბე და სახეზე მივასხი. ცოტა ხანში ეგორმა ამოიკვნესა და თვალები გაახილა.
– აჰა, მოიწმინდე! – გავუწოდე ქაღალდის ხელსაწმენდის დიდი ნახევი, რომელიც იქვე, რულონიდან ჩამოვგლიჯე.
თვინიერი ბავშვივით დამმორჩილდა – გამომართვა და სახე და სისხლით დასვრილი თვალი ამოიწმინდა, თან დაკვირვებით შემომხედა.
– რატომ არ გაიქეცი? – მკითხა კვნესით და ხელი ზურგს უკან წაიღო, – მოგკლავ, შენ მე თავი გამიტეხე.
– არც იფიქრო, იცოდე! – ვუთხარი და ქამრიდან ჩემი „გლოკი“ ამოვაძვრინე. ხელი ჩამოუვარდა. მე იარაღი კვლავ ზურგს უკან ჩავმალე და ვკითხე:
– როგორ ხარ? თუ გინდა, საავადმყოფოში წაგიყვან.
ისეთმა განცვიფრებულმა შემომხედა, მივხვდი, ჩემმა საქციელმა საგონებელში ჩააგდო. მერე ცალყბად გაეცინა.
– არ არის საჭირო, არ მოვკვდები! თანაც, არ გეშინია, რომ სამაგიერო გადაგიხადო გზაში?
– პირდაპირ მოსვლით ვერ შემაშინებ... არც ის მგონია, უკნიდან მომეპარო და ისე გამისწორდე.
– იმისთვის, რომ მოკრივე კაბანს მორეოდი, პატარა ჩანხარ, – გაეღიმა კვლავ.
– არც ისეთი პატარა ვარ... 180 სანტიმეტრი ცუდი სიმაღლე სულაც არ არის, – რა მეხუმრებოდა, მაგრამ მაინც ვცადე. თანაც, გავიფიქრე, რომ, როგორც გოლიათების უმრავლესობა, ეგორ კაზაკოვი გულღრძო და ბოღმიანი არ იყო. ჩემი ვარაუდი გამართლდა. კაბანს წამოდგომა არც უცდია, თავი კედელს მიაბჯინა და დამშვიდებული ხმით მითხრა:
– მამაჩემიც მოკრივე იყო, ბავშვობაში ვარჯიშის დროს ტკივილს მაჩვევდა და იცი, რატომ? – რომ ტკივილი და წყენის შეგრძნება ერთმანეთისგან გამერჩია. ასე რომ არ ყოფილიყო, ახლა მკვდარი იქნებოდი. თანაც, რა შენი ბრალია – შენ ხომ არ მიცნობდი.
– შენ დაიწყე და მე დავამთავრე – ბარი-ბარში ვართ, – ვუთხარი და დავაყოლე: მაგრამ შენ თუ ასე არ ფიქრობ... ახლა გავალ და სხვა დროს გავაგრძელოთ! მაგრამ ქალს თავი დაანებე.
– ჰმ... „ქალს“! – ზიზღით ჩაეღიმა, – ეგ ბოზი იმად არ ღირს, მის გამო კაცი მოვკლა.
გულში დავეთანხმე და გამოსვლა დავაპირე, რომ შემაჩერა.
– ეი, ფრანტო!
შევბრუნდი და დაველოდე, კიდევ რას მეტყოდა.
– შეცდომას უშვებ, იცოდე!
მივხვდი, მხოლოდ ვარვარა ანტონოვნას არ გულისხმობდა, ამიტომ მისი რეპლიკა ყურადღების გარეშე არ დავტოვე, რადგან ჩემი გონება რიმსკის გარემოცვას დასტრიალებდა და ამიტომ ჩავეძიე:
– რაზე ლაპარაკობ?
– იმაზე, რისთვისაც მაგ ძუკნას აბამ.
– ცივმა ოფლმა დამასხა და გავიფიქრე: „ეს კაცი სულაც არ არის ბრიყვი“... ბოლომდე რომ არ გავშიფრულიყავი, სიმშვიდე შევინარჩუნე და ვუთხარი:
– მომისმინე, ჩემსა და ვარავარას შორის არაფერი ხდება... მაგრამ ეჭვი მაქვს, მას შენთან ურთიერთობა იმიტომ აღარ უნდა, რომ „სახალხო ტაძარში“ სიარულს უკრძალავ.
ეს ტაქტიკური სვლა იყო, რადგან იმედი მქონდა, იქნებ ეგორს მაინც წამოსცდენოდა გაბრაზებულ გულზე ის მიზეზი, რის გამოც ვარვარა „წითელ კარავში“ აღარ ირიცხებოდა... მაგრამ მისმა პასუხმა ლამის შოკში ჩამაგდო.
– შენ რა, მართლა ასე ფიქრობ, რომ ვარვარას იქ ქადაგებების მოსასმენად უნდა სიარული?! მეც ასე ვფიქრობდი... სანამ მამა ვლადთან არ შევასწარი...
მეგონა, მომეყურა. ადგილს მივეყინე და განცვიფრებით მივაჩერდი, მით უმეტეს გამიკვირდა, რომ „მამა ვლადი“ გადაჭარბებული ცინიზმით გამოთქვა.
კაბანი წამოდგა, ტანსაცმელი ჩამოიფერთხა, ნიჟარასთან მივიდა, წყალი მოუშვა და სარკეში დამაკვირდა.
– გიკვირს, არა?! მეც გამიკვირდა... ვაპატიე, ვიფიქრე, მისმა მოძღვრებამ ისე გაიტაცა, თავს კონტროლი ვეღარ გაუწია-მეთქი... მით უმეტეს, რომ ვლად რიმსკის „ეგეთები“ კარგად ეხერხება... მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ის ჩვეულებრივი ბოზია... ახლა შენ გეკიდება, არა?! თავს ნუ იქნევ... მოვისმინე რას გეუბნებოდა.
– რა გინდა, ეგორ! – პირველად მივმართე სახელით და შევატყვე, არ გაუკვირდა, მისი სახელი რომ ვიცოდი, – რას ხლართავ, გგონია დამაჯერებ?! ვარვარას შეეშვი!
– ერთი ვარვარას დედაც! – გულიანად შეაგინა და ზიზღით გადმომიგდო: – თუ გინდა, შენი იყოს, მაგ ბოზთან საქმე აღარ მაქვს... აღარც შენთან, თუმცა, თავი გამიტეხე... და იცი, რატომ?! იმიტომ, რომ ისედაც ტრაკისკენ მიდიხარ და ვერ ხვდები!
აღარაფერი მითქვამს, კაბანი საპირფარეშოში დავტოვე და თითქმის ცარიელ დარბაზში შევედი. ვარვარა და ვერა მაგიდასთან ისხდნენ. ვარვარამ დამინახა, ლაპარაკი შეწყვიტა და ფეხზე წამოდგა.
– წავიდეთ! – მკაცრად გადავუგდე და უკან ისე გამოვბრუნდი, ვერას არც კი დავმშვიდობებივარ. ანტონოვნა მანქანაში ჩავსვი და მანქანა დავძარი.
გაგრძელება შემდეგ ნომერში