როგორ უნდა მიხვდეთ, რომელი ყუმბარა აქვს დაზიანებული თქვენს ავტომობილს
ავტომანქანა ხშირად ფუჭდება მოძრაობისას, თუმცა, ამ დროს პრობლემების მოგვარება ხელოსნის გარეშეც შეიძლება. თუ რომელ პრობლემას შეგვიძლია გავუმკლავდეთ თავად და როგორ მოვახერხოთ ეს, გვესაუბრება ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე:: გამოუცდელობის გამო, ჩვენს ქუჩებში ძალიან ხშირია საბურავების დაშვება, რასაც მაშინვე ვერ ვამჩნევთ და ასეთ მდგომარეობაში გარკვეულ მანძილსაც გავდივართ. ეს გრძელდება მანამ, სანამ ვინმე არ მიგვანიშნებს, რომ საბურავია დაშვებული; ამით კი საბურავი ძალიან ზიანდება, იმ დონეზე, რომ საჭირო ხდება მისი შეცვლა. ყოველთვის, როდესაც დილით გასვლას აპირებთ, ურიგო არ იქნება, თუ მანქანას გარშემო შემოვუვლით და ნახავთ, რაიმე პრობლემა ხომ არ აქვს; ასევე, აუცილებელია, რომ დროდადრო შეიაროთ ვულკანიზაციაში, მწარმოებლების ნორმების მიხედვით შეამოწმოთ საბურავების წნევა და ჰაერი დაამატებინოთ (ეს ნორმები ძირითადად მინიშნებულია სტიკერზე, რომელიც მიკრულია ავზის სახურავის შიდა მხარეს ან რომელიმე კართან). ბევრმა არ იცის, როგორ უნდა მიხვდეს, რომ საბურავი უშვებს. თუ პრობლემა წინა საბურავშია, მაშინ ავტომობილი რომელიმე ერთ მხარეს მოხვევისკენ ხდება მიდრეკილი, ანუ, იმისთვის, რომ სწორ ხაზზე ვიაროთ, სჭირდება საჭეზე ძალდატანება იქით, სადაც საბურავი სუსტია.
მაგალითად, თუ უკანა მარჯვენა საბურავია დაზიანებული, ამას შემდეგნაირად ამოვიცნობთ: თუ ჩვენ მარჯვნივ მოხვევა გვინდა, მოხვევისას ავტომობილი მოცურების შეგრძნებას გვიტოვებს, ჩვენი ავტომობილის უკანა მხარე თითქოს გაიწელაო, მაგრამ ეს მოცურება არ არის. ჩვენი საბურავი დაშვებულია და რეზინს იმ დონემდე გადახრის საშუალება ეძლევა, რომ მოცურების იმიტაცია შექმნას, ანუ, ესეც ძალიან იოლი მისახვედრია და, აუცილებელია, აღმოვფხვრათ დაზიანება, ესე იგი, გამოვცვალოთ საბურავი. დაშვებული საბურავით შორს ვერ წავალთ, რადგან ის ფრთის ქვეშ განთავსებულ ელექტროგაყვანილობასაც დააზიანებს და ავტომობილის გარეგნულ იერსახესაც, რადგან, შეიძლება, საღებავი ასძვრეს. საბურავის გამოცვლისას აუცილებელია, მანქანა აწევამდე ჩააგდოთ პირველ სიჩქარეში, ამოსწიოთ ხელის მუხრუჭი და ქვები დაადოთ იმ საბურავის უკანა, ჯვარედინ მხარეს, რომელსაც ცვლით. ქვემოთ უკანა მარჯვენა საბურავი უნდა დააფიქსიროთ, რათა ის არ დაგორდეს და რამე უარესად არ დაზიანდეს. რაც შეეხება დანკრატს, ყველგან ვერ შეაცურებთ, რადგან, ძარას დააზიანებს და შელახავს. თუ კარგად დააკვირდებით მანქანებს, ეს ადგილი ძალიან კარგად ეტყობა, რადგან, ის პლასტმასის პატარა ნაჭრით არის დაფარული და იზოლირებულია. პლასტმასს მოხსნით და დანკრატს აქ ჩადგამთ. ასევე, სანამ მანქანას ასწევთ, ოდნავ მოუშვით „ბოლტები“. საბურავის გამოცვლის შემდეგ „ბოლტები“ უნდა მოუჭიროთ დაწეულ მანქანაზე. ამის შემდეგ აუცილებლად მიაკითხეთ უახლოეს ვულკანიზაციას, რათა დარწმუნდეთ, სწორად არის თუ არა ყველაფერი გაკეთებული და აღადგინოთ გაფუჭებული საბურავი.
საბურავებთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ მინდა დავამატო: თუ თქვენს ავტომობილს წინა თვლები აქვს წამყვანი, მას ხშირად ექნება ყუმბარების პრობლემა. იოლია იმის გაგება, დაზიანებულია თუ არა ყუმბარები – მოხვევის დროს ტკაცუნის ხმა ისმის, ანუ, სწორედ ის ყუმბარაა დაზიანებული, რომელ მხარეს მოხვევისასაც ტკაცუნის ხმას გაიგონებთ.