ვეტერინარის რჩევები
კითხვა: თუ ძაღლს მანქანის სალონში ჩაჯდომის შიში აქვს, ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ?
პასუხი: ძაღლებს, ხშირ შემთხვევაში, მგზავრობასთან აქვთ პრობლემები, გული ერევათ. მაგალითად, ჩემს ორ ძაღლს გული ერეოდა. ორივეს ერთნაირად დავუწყე მანქანით ტარება. ჩავსვამდი მანქანაში, წავიყვანდი ძალიან ახლოს, დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე, სკვერში. მინდოდა, მენახვებინა, რომ მანქანაში რომ ვსვამდი, ძალიან კარგ ადგილას მიმყავდა. სკვერში მათ ვათამაშებდი, დარბოდნენ და ასე შემდეგ. მერე მანძილი გავიზარდე და 50-ის ნაცვლად 100 მეტრის სიშორეზე მიმყავდა, მერე 150, 300, მერე თბილისის ზღვაზე ამყავდა. მანქანის კარებს რომ გამოვაღებდი, მათ უკვე უხაროდათ, რადგან იცოდნენ, რომ კარგ ადგილას მიდიოდნენ. ამის შედეგად ერთ-ერთ ძაღლს გულისრევა საერთოდ მოეხსნა. გულისრევამდე ძაღლებს დორბლი მოსდით და ეწყებათ ღებინება. ერთს დორბლიც კი მოეხსნა. მეორეს, რომელიც წლის და 4 თვის არის, დღემდე გულისრევა აქვს. ანუ, ეს ფსიქიკური კი არა სამედიცინო პრობლემაა. როგორც ადამიანები სვამენ მგზავრობის დროს სპეციალურ ტაბლეტებს, ანალოგიური მიწევს ლილუზეც.
კითხვა: სასურველია თუ არა შემოდგომის წვიმიან ამინდში ძაღლი გარეთ გავიყვანოთ და გავასეირნოთ? მართალია, წვიმაში ალბათ სასურველი შეიძლება, არც იყოს მათი გასეირნება, მაგრამ ცხოველსაც ხომ უნდა სუფთა ჰაერზე გასვლა? როგორ უნდა მოვიქცეთ?
პასუხი: ცივ, წვიმიან ამინდში ცხოველის გასეირნებას უნდა მოვერიდოთ, რადგან დასველებამ შეიძლება, გააცივოს. გაცივება კი შეიძლება, გართულდეს ბრონქიტით, პნევმონიებით, ართრიტებითა და მიოზიტებით. თუ ცხოველი ეზოს პირობებში გყავთ, ამ პერიოდისთვის აუცილებელია მოუწყოთ ისეთი ადგილი, სადაც წვიმისა და ცივი ამინდის დროს შეაფარებს თავს და იქნება დაცული ამინდის მავნე ზემოქმედებისგან. თუ შემოდგომის წვიმიან ამინდში მაინც გადაწყვეტთ ძაღლის გარეთ გაყვანას, სეირნობისას აუცილებელია, ჩავაცვათ სპეციალური სამოსი, რომელიც დაიცავს დასველებისგან. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ მას თავიდან ააცილოთ მთელი რიგი გართულებები. თუ არ გაქვთ აღნიშნული სახის სამოსი თქვენი ოთხფეხა მეგობრისათვის, იმ შემთხვევაში, სასურველია, საერთოდ თავი აარიდოთ წვიმიან ამინდში მის გასეირნებას.
კითხვა: თუ არის სასურველი შემოდგომის პერიოდში ძაღლის გაკრეჭვა?
პასუხი: შემოდგომის პერიოდში მნიშვნელოვანია ცხოველის ბეწვის მოვლა, შეჭრა, დავარცხნა, გამოპუტვა. მოუვლელი ბეწვით ცხოველი ადვილად ცივდება და ბეწვის ხარისხიც უარესდება. ასევე, არსებობს იმის საშიშროება, რომ განვითარდეს კანის დაავადება, რადგან შემოდგომის წვიმიანი და ნესტიანი პერიოდი მეტად ხელსაყრელია კანის დაავადების განვითარებისათვის, მაგალითად, როგორებიცაა: დერმატომიკოზები, დემოდეკოზი, სარკოპტოზი და ასე შემდეგ. დერმატომიკოზების, დემოდეკოზისა და სარკოპტოზის დაავადებებისთვის დამახასიათებელია ბეწვის ცვენა და მტვრევა, კანზე მშრალი, უთმო ლაქების გაჩენა. გრძელბეწვიან ცხოველებში მიკოსპოროზი მიმდინარეობს კლინიკური ნიშნების გამოვლინების გარეშე. სიმპტომების გამოვლინების დროს კი, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ცხოველი ვეტერინართან, რომელიც დაავადების მონაცემების მიხედვით და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას.