როცა ქალს უყვარს
სანდრო სკოლის დამთავრებისთანავე წავიდა დუბლინში, თუმცა, თავიდან გადაწყვეტილი არ ჰქონდა, რომ იქ სასწავლებლად დარჩებოდა. ამაში უკვე ტომასის ხელი ერია, რომელიც კოტე კიტიას ერთადერთმა ვაჟმა ახალგაზრდულ ბანაკში გაიცნო... ერთმანეთი მაშინვე მოეწონათ. ტომასის ხალისი სანდროსაც გადაედო და, როცა გაიგო, რომ ბიჭს დუბლინში საკუთარი ბინაც ჰქონდა, დაუფიქრებლად მიიღო მისი შემოთავაზება – დუბლინის უნივერსიტეტში ჩაებარებინა და მასთან ეცხოვრა. თბილისში ენთუზიაზმით სავსე დაბრუნდა. დედის „შებმა“ არ გასჭირვებია, ეს კი კოტეს ოთხმოცდაათპროცენტიან თანხმობას ნიშნავდა. მართალია, ცოტა იბუზღუნა – თქვენ ჩემი ფული არ გენანებათ და ჰაერზე ყრითო, მაგრამ, ბოლოს მაინც დათმო. როცა ცოლმა დაანამუსა – ამის მეტი ვინ გყავს, ბავშვში ჩადებული ინვესტიცია ისევ შენ წაგადგებაო, იკადრა და გაიკრა ჯიბეზე ხელი...
მიუხედავად სრულიად განსხვავებული ხასიათებისა, ბიჭები ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ. სანდრო უფრო რომანტიკულ ბუნებას ამჟღავნებდა. ტომასი ზოგჯერ იტყოდა – მე ახლა ლოგიკას ჩავრთავო და ძალიან ბრძნულად გამოიტანდა ხოლმე დასკვნას... სიყვარულზე თავისებური წარმოდგენა ჰქონდა – ქალს თავი არ უნდა აატკიებინო, ისინი მაშინ უნდა იყვნენ შენს ცხოვრებაში, როცა საჭიროა, ხოლო, როცა საჭირო არ არის, უნდა ქრებოდნენო... ცდილობდა, ეს თეორია სანდროსთვისაც ცხოვრებისეულ პრინციპად ექცია, მაგრამ, სანდრო მხოლოდ იღიმებოდა ამაზე. თუმცა, ეს მანამდე იყო, სანამ მის ცხოვრებაში დეა გამოჩნდებოდა...
ტახტზე ნებივრად წამოწოლილმა ტომასმა მობილური გვერდზე გადადო და სანდროს გახედა.
– რა ქენი, ელაპარაკე? ვიცი, რომ ელოდები, როდის გკითხავ ამას, – ამოიოხრა სანდრომ.
– თორემ, სულ არ გაინტერესებს დეას ამბავი, – ჩაიცინა ტომასმა, – ძალიან კი ცდილობ, გულთბილი გამომეტყველება ბოლომდე შეინარჩუნო, მაგრამ, თვალები გყიდის.
– როდის ისწავლე თვალებში აზრების წაკითხვა?
ტომასს არ სწყენია მეგობრის ირონია...
– შევდივარ შენს მდგომარეობაში. ვხვდები, რომ ძალიან გენატრება, მაგრამ, ლოგიკურად თუ მივუდგებით საკითხს...
– აბა, აბა, გამორთე ლოგიკა. სიყვარული არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას და საწინააღმდეგო აზრს არ მივიღებ.
– მოიცა, ლოგიკას ყველაფერი ექვემდებარება, – ასე ამბობს ჩვენი ლოგიკის ლექტორი და აქამდე შენც ეთანხმებოდი ამას.
– სიყვარული სხვა განზომილებაა, თუმცა, რა აზრი აქვს შენთან ლაპარაკს. წარმოდგენა არ გაქვს, რა არის ეს. არასოდეს არავინ გყვარებია.
– მერე, ეს ნაკლია?
– არა, რა სისულელეა, ეგ ვინ გითხრა? მით უმეტეს, მეც არ მაქვს დიდი გამოცდილება ამ საქმეში. მაგრამ, ამას რა მნიშვნელობა აქვს... მოკლედ, დავანებოთ თავი ლირიკას და მითხარი, როგორ არიან.
– მგონი, გადასარევად. დიდხანს ვერ მელაპარაკა, იხვებზე სანადიროდ მიდიოდნენ ყველანი.
– რა?! – სანდროს თვალები გაუფართოვდა, – ვერ წარმომიდგენია, დიანა სანადირო თოფით ხელში... საოცარი სანახავი იქნება, ქალღმერთის მსგავსი...
– ეგღა გაკლდა, რომ დიდების კვარცხლბეკზე აგეყვანა. გეყოფა, რა, უკვე ძალიან ღრმად შეტოპე.
– ისე მინდა დიანას ნახვა, ლამის ახლავე გავიქცე იმ რაღაც კილკენის საგრაფოში.
– არ გირჩევ, მშობლებიც იქ ჰყავს, – გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ტომასმა.
– რატომ, რას დამიშავებენ? მიყვარს მათი შვილი, ხომ არ მძულს.
– ეე... ეგრე არ არის. არც დეა შეხვდება სიხარულით იქ შენს გამოჩენას. რაღაც, ვერ ვატყობ, მაგ გოგოს, რომ შენზე გიჟდებოდეს.
– ნუ ბოროტობ და ნერვებს ნუ მიშლი! – მოულოდნელად იფეთქა სანდრომ, – ვერ ხედავ, ისედაც როგორი გაღიზიანებული ვარ?! დედაჩემის ზარმაც ამაფორიაქა. ნეტავი რა ხდება ახლა ჩემთან...
***
კოტემ გაჭირვებით ასწია დამძიმებული ქუთუთოები. თავი უსკდებოდა ტკივილისგან. გამშრალ პირში ენა ძლივს მოატრიალა და როგორც შეძლო, ხმამაღლა დაიყვირა:
– ლენუკა! ლენა! სად ხარ, ქალო, მინერალური წყალი მომიტანე, ვკვდები!..
ზღურბლზე საკმაო დაგვიანებით გამოჩნდა ლენუკა. უკმაყოფილო, პრეტენზიული გამომეტყველებით და წარბაწეული, შუა ოთახში გაჩერდა გულხელდაკრეფილი.
– ქალო, რას მიყურებ ლენჩივით, ვერ გაიგონე, რა გითხარი? მინერალური მომიტანე-მეთქი! ოღონდ, არ მითხრა, რომ არ გვაქვს, თორემ, გავგიჟდები.
– შენ უკვე გაგიჟდი წუხელ და საშინელებაც დაატრიალე, – მიახალა ქალმა, – იმ ყველაფრის მერე, რაც გუშინ ჩაიდინე, ბედავ და შეურაცხყოფას მაყენებ? მინერალურს კი არა, ჩვეულებრივ წყალსაც არ მოგიტან, ისე ვარ შენზე გაბრაზებული.
კოტე დაიჭყანა:
– აუ, ნუ ატრაკებ, რა... წადი და მომიტანე მინერალური, სანამ მართლა გადავრეულვარ!
– არა-მეთქი, ვერ გაიგონე? არ მოგიტან. მაგინე, ლარნაკი გამიტეხე, შეურაცხყოფა მომაყენე... – თვალები აუცრემლდა ქალს.
– ტრაგედიას ნუ აწყობ, ლენუკა... ვინ არ დამთვრალა და რომელი მთვრალი კაცი არ იგინება... გეხვეწები, ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო და მშვენიერო ცოლო, მომიტანე ცივი მინერალური წყალი, თორემ, მოვკვდები. ხომ არ გინდა, ქმარი მოგიკვდეს?
– ჯანდაბა შენ! რამ დაგალევინა მაგდენი, მითხარი, რა გეტაკა? სად გადათვერი ისე, რომ სახლში ყველაფერი დამილეწე?
– გეყოფა! ერთი ლარნაკი გავტეხე მხოლოდ. ეგეთი მთვრალიც კი არ ვიყავი... გეხვეწები, გთხოვ, მომიტანე მინერალური და ხუთ ისეთ ლარნაკს გიყიდი.
– ვერაფერსაც ვერ მიყიდი. იაპონიიდან არ ჩამოვიტანე?! როგორ მიყვარდა... საზიზღარი ხარ, აუტანელი, დღითი დღე უარესად და უარესად იქცევი...
– ქალო, ჯერ მინერალური წყალი მომიტანე და მერე მლანძღე, რამდენიც გინდოდეს, აღშფოთებისა და პასუხის გაცემის თავი მაინც არ მაქვს, – შეევედრა კაცი.
– ჯანდაბა მაგ შენს თავს, ჯანდაბა! – ფეხები დააბაკუნა ლენუკამ, მაგრამ, მინერალური წყლის მოსატანად მაინც წავიდა.
კოტემ ამოიოხრა, ფართოდ გახელილი თვალები ჭერს მიაპყრო და შეეცადა, გასული დღის ყველა წვრილმანი აღედგინა: დიმიტრის ვიზიტი... მოულოდნელი და შოკისმომგვრელი განცხადება... კაბინეტშივე დალეული ნახევარი ბოთლი ვისკი (მეტი ვეღარ იპოვა თამრიკოს გარეშე) და საეჭვო რეპუტაციის (სისუფთავისა და რესპექტაბელურობის მხრივ) სასადილო... ცუდად გარეცხილი თეფშები, – აი, ისეთი, შმორის თბილი სუნი რომ ასდის ხოლმე და, კიდევ, მყრალი არაყი, თავისი „ზაკუსკით“, რომლის გახსენებაზე ლამის გული აერია და ზიზღისგან შეაჟრჟოლა...
– არა, მაინც რა მოხდა, ასე რომ გაილეშე? – მინერალური წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა ლენუკამ და თვითონაც იქვე ჩამოჯდა.
კოტემ ერთ ყლუპად გამოცალა მაცოცხლებელი სითხე და საწყლად დაიჭყანა.
– რა იყო, ქალო, მართლა წამალივით, დოზირებულად რომ მომიტანე. წამოგეღო მთელი ბოთლი, ეს მეყოფა მე?
– ნეტავი შენი სახე დაგანახვა სარკეში, – ზიზღით გადააქნია თავი ლენუკამ, – იცი, რას ჰგავხარ? გუშინ კი საერთოდ კოშმარი იყავი – ძუნძგლიანი ლოთი ამაზრზენი სიფათით... არა რა, ვერ გაპატიებ იმას, რაც მაკადრე და ჩაიდინე. ლარნაკი იქით იყოს, მაგრამ, მე რატომ მაგინე, ადამიანო, რას მერჩოდი? – ლენუკა უკმაყოფილო ბუზღუნით გავიდა და ბოთლით ხელში დაბრუნდა: – აჰა, იცოდე, მეტი არ გვაქვს და მაღაზიაში ჩასვლაზე ვერ დამითანხმებ.
– მმ... ნუ ლაპარაკობ ამდენს, გემუდარები, თავი მისკდება... – დაიგმინა კაცმა.
– გაგისკდეს ბარემ და მოისვენებ, – არ დაამადლა ცოლმა „ტკბილი“ სიტყვა.
კოტემ შუბლზე მიიჭირა ხელისგული...
– ღმერთო, ერთხელ დავლიე და რა ამბავში ხარ... წარმომიდგენია, ყოველდღე რომ მთვრალი მოვდიოდე, რას იზამდი.
– მაგას ვერ ნახავდი, საყვარელო, იმიტომ, რომ მესამე დალევაზე სახლიდან წავიდოდი.
– ყოველ შემთხვევაში, ის მაინც გავიგე ზუსტად, როგორ მოგიშორო თავიდან, – უხეიროდ იხუმრა კოტემ და, შეეცადა, გაეღიმა, მაგრამ ლენუკას სულაც არ მოეწონა მისი უნიჭო, შავი იუმორი.
– რა უნდა გელაპარაკო, დეგენერატი ხარ და დღითი დღე შტერდები. თუ ჩემი მიტოვება გინდა, ამისთვის გამოთრობა საჭირო არ არის, მით უმეტეს – სახლში ლარნაკების მტვრევა... მითხარი, რომ აღარ გსურს ჩემთან ერთად ცხოვრება და მიბრძანდი, ოღონდ, გაითვალისწინე: ყველაფერი მე მრჩება, ყვე-ლა-ფე-რი!.
– არ შეგიძლია, სულ ერთი წუთით გაჩუმდე? იქნებ, რამე წამალი მომიძებნო. მართლა ძალიან მტკივა...
– ღირსი ხარ! – შეუბღვირა ლენუკამ, – მაინც რა გეტაკა? მითხარი და, ვეცდები, რამე წამალი მოგიძებნო.
– ლენუკა, ართულებ ყველაფერს, ძალიან ართულებ. უბრალოდ, დავლიე... მომინდა და დავლიე... კაცები ზოგჯერ სვამენ ხოლმე, არ გაგიგია?
– ნუ დამცინი და ენას ნუ მიჩლიქავ, კარგად გიცნობ – არც ამდენი დაგილევია როდისმე და არც ასე არაადეკვატურად აგრესიული ყოფილხარ... მიზეზი ნამდვილად გაქვს, მაგრამ, ჯიუტად არ გინდა თქმა. შენი ნებაა, ჩემგან კი დახმარებას ან შებრალებას ნუ ელი. ძალიან მომიშალე ნერვები. ვერც ლოთებს ვიტან და ვერც მოძალადეებს. მოეშვი ამ იაფფასიან სპექტაკლს და აღიარე, რამ გაგაგიჟა. ფულია ამის მიზეზი?! სანდრიკას თხოვნამ გადაგრია?.. ან, იქნებ, საყვარელმა ზედმეტად ბევრი მოგთხოვა?
– სისულელეების ბჟუტურს თავი დაანებე, ღმერთო, არაფერში მიმართლებს! რა მოხდებოდა, წუხელ საერთოდ არ ყოფილიყავი სახლში – აგარაკზე დარჩენილიყავი, ან, შენს რომელიმე დაქალთან?
– ეგ არ გიშველიდა... რომ მოვიდოდი, მაინც ვნახავდი შენი ლოთობის შედეგს.
– კარგი. დავაშავე... მარიკა სად არის? უთხარი, წვნიანი მომიმზადოს.
– მარიკა საყიდლებზე გავგზავნე, ჯერ ვერ დაბრუნდება. სახლში ორცხობილის მეტი არაფერი გვაქვს. ნუ... ჩაიც შემიძლია შემოგთავაზო.
– იყოს ჩაი, ოღონდ, ლიმონით... ვაიმე, რა ცუდად ვარ... შენ ცოლი ხარ? ელემენტარული თანადგომა არ შეგიძლია.
– როგორ დავუდგე გვერდში ქმარს, რომელსაც არ უნდა მითხრას, რატომ გამოთვრა და რატომ მოაწყო სახლში სკანდალი?
– უბრალოდ, დავთვერი და მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, თანადგომა კი პახმელიაზე გამოსვლაში მჭირდება, რა ვერ გაიგე?!
– აუ, ანუ, რა ვქნა, ლუდი მოვიტანო, შენთან ერთად დავლიო თუ, უბრალოდ, კვნესაში აგყვე? – ტუჩი აიბზუა ლენუკამ, – მაინც მგონია, რომ ასე მოქცევისთვის სერიოზული მიზეზი გქონდა.
– რაც გინდა, ის იფიქრე, ოღონდ, თან ჩაი გამიკეთე, ლიმონით, – ყელი გამოიწია კოტემ.
ქალმა ამოიოხრა, მიხვდა, კოტესთან საუბრის გაგრძელებას ან კამათს აზრი არ ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში – ამ ეტაპზე... უკან მობილურის ზარმა შეაბრუნა, უკითხავად დასწვდა კოტეს მობილურს და ეკრანს დახედა...
– უცხო ნომერია, უპასუხებ?
კოტე ერთბაშად წამოხტა და ცოლს მობილური ხელიდან გამოსტაცა.
– რა გჭირს? – გაოგნდა ლენუკა, – ლამის მაჯა მომამტვრიე.
– მეორედ ჩემს მობილურს ხელს აღარ ახლებ, ვინც არ უნდა რეკავდეს, გასაგებია?
– ასეც ვიცოდი, – გამწარდა ლენუკა, – ქალის ამბავია. გეშინია, რომ შენს რომელიმე ნაშოჩკას დავაფრთხობ ან ფაქტზე გამოგიჭერთ...
– შენ სულ „ნაშოჩკები“ ნუ გელანდება... შემთხვევით ხელი რომ დაგეჭიროს ღილაკზე?! იქნებ, მე არ მინდა, რომ ვუპასუხო?
– ემალები ვინმეს? – გაოცდა ლენუკა.
– ეგ რა შუაშია. გამაგიჟებს ეგ შენი ქალური ლოგიკა. მე საქმიანი ადამიანი ვარ და ეს ბუნებრივია. ყველა ზარს ყოველთვის რომ ვუპასუხო, ჭკუიდან შემშლიან და, ფულის მაგივრად, ნევროზს ავიკიდებ. საერთოდ, მაინტერესებს, ამაზე ლაპარაკი აუცილებელია?
– აუცილებელი ის არის, რომ ჩემთან გულახდილი იყო, მაგრამ, შენ ეს არ იცი და სინდისი ოდნავაც არ გაწუხებს.
– გაწუხებს... მაწუხებს... აჰა! ახლა ბედნიერი ხარ? ჩაის მოსამზადებლად ხომ მიდიოდი?
– ჩაი კი არა, დარიშხანიან წყალს მოგიმზადებ დიდი სიხარულით, რომ შემეძლოს!
– ეჭვიც არ მეპარება მაგაში... – ამოიოხრა კოტემ და მინერალური წყალი პირდაპირ ბოთლიდან მოსვა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში