როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
პატარაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი პატარა.
ეს სახელი 1202 წელს თამარ მეფის სიგელშია მოხსენიებული.
ამავე ძირისაა გვარები: პატარავა, პატარაია, პატარაძე, პატარიძე.
1873 წლის აღწერაში, სოფელ ენაგეთში მოიხსენიება პაშა პატარაშვილი.
საქართველოში 263 პატარაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 74, თბილისში – 68, თელავში – 37. არიან სხვაგანაც.
კოლაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კოლა. ეს ნიკოლოზის კნინობითი ფორმაა.
1885 წელს გოლთეთელმა ალექსი კოლაშვილმა დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მონათლა შვილი, გიორგი.
საქართველოში 69 კოლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 38, გარდაბანში – 13, თელავში – 7. არიან სხვაგანაც.
მონადირიშვილი
გვარის ფუძეა საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა მონადირე.
მონადირეები მონადირეთუხუცესს ექვემდებარებოდნენ. მათ ევალებოდათ სამონადირეო ძაღლების გამოკვება და, შესაბამისად, გაწვრთნაც.
ამავე ძირისაა გვარი მონადირეშვილი.
საქართველოში 23 მონადირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 18, რუსთავში – 3, თეთრი წყაროში – 2.
ნეგულაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნეგულა.
1705 წელს ნინუა და ხოსია ნეგულაშვილები მოხსენიებულნი არიან დავით და აბაშ აბაშიშვილების მსახურებად.
საქართველოში 89 ნეგულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 46, თეთრი წყაროში – 26, გარდაბანში – 17.
მირუაშვილი
მირ ფუძით არაერთი ქართული გვარია გაწყობილი, მაგალითად: მირაბაშვილი, მირამაშვილი, მირანაშვილი, მირაქაშვილი, მირველაშვილი, მირაზაშვილი, მირზიაშვილი, მირზუაშვილი, მირიანაშვილი, მირონიძე, მირიმანაშვილი, მირიმანიძე, მირიჯანაშვილი, მირმაშვილი, მიროტაძე, მირცხულავა და სხვა.
მირუაშვილი ერთ-ერთი უძველესი გვარია.
მისი ფუძეა საკუთარი სახელი მირუა. ეს სახელი ერქვა ქართლში მცხოვრებ აზნაურს, რომელიც თავისი მამულით ერგო ქვემო ქართლის მეწინავე სადროშოს მებატონეს, იოთამ ბარათაშვილს.
1537 წელს გულეულში მცხოვრები მირუაშვილი მამულით ერგო როსტევან ჯანიაშვილს.
ბოლნელი აბრამ ბარათაშვილის მიერ გიორგი შანშიაშვილისთვის მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნში მოწმედ მოიხსენიება მახარებელი მირუაშვილი.
საქართველოში 771 მირუაშვილი ცხოვრობს: გორში – 424, თბილისში – 204, კასპში – 15. არიან სხვაგანაც.
ხეჩუაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ხეჩუა.
ხეჩ-ით გაწყობილი გვარები ყველა ქართულია და მათი მატარებელნი ეროვნებით ქართველები არიან.
1721 წლის ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ასლანა ხეჩუაშვილი.
საქართველოში 335 ხეჩუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 203, კასპში – 48, ბოლნისში – 40. არიან სხვაგანაც
ჯაჯანაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯაჯანა.
ჯაჯანაშვილების მეორე გვარია თვაური.
1836 წლის აღწერით, ღვევის სასოფლო საზოგადოებაში მოიხსენიებიან დიმიტრი, დავით და იაკობ თვაურები, იგივე ჯაჯანაშვილები.
საქართველოში 231 ჯაჯანაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 173, თბილისში – 35, კასპში – 6. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით