ეძიე კაცი
გავიდა თუ არა რეზოს ოფისის შენობიდან, მიამ მაშინვე ნათიასთან დარეკა:
– სახლში ხარ? შენთან მოვდივარ, დალაპარაკება მინდა.
– არა, სამსახურში ვარ, აქ მოდი, – მშვიდად უპასუხა ნათიამ.
მიას ეგონა, მისი დაქალი ისტერიკაში თუ არა, აპათიაში მაინც იქნებოდა; ისიც ძალიან გაუკვირდა, ამდენი ამბის შემდეგ ჩვეულებრივად რომ წავიდა სამსახურში და, თანაც, აშკარად არ იყო ცუდ ხასიათზე.
– გაგიჟდი, გოგო? ტყუილად ვიჩალიჩეთ ამდენი? აკი, თუ სახლიდან წავა, მოვკვდებიო?! – ოთახში შესვლისთანავე მიაყარა მიამ.
– შენ წარმოიდგინე, პირიქით მოხდა – ახლა გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს, ის კი არა, შემიძლია გითხრა, ასეთი თავისუფალი და ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, – თითქმის მხიარულად უპასუხა ნათიამ, მერე საათს დახედა და ღიმილით შესთავაზა: – ზუსტად საათ-ნახევარი დრო მაქვს. აქვე, ქუჩის გადაღმა, ერთი პატარა კაფეა, უგემრიელესი ყავა აქვთ. წამოდი, იქ დავსხდეთ და დავილაპარაკოთ.
– აბა, გისმენ, გამაგებინე, რა დაგემართა, – მიამ ყავა მოსვა და სიგარეტს მოუკიდა, – რატომ გააგდე ის კაცი სახლიდან?
– შენ ვინ გითხრა? – სიცილით ჰკითხა ნათიამ, – დაგირეკა და შემოგჩივლა?
– არა, ფლეშკა მივუტანე სამსახურში, გუშინდელი გადაღებული კადრებით და იქ ვნახე. გიჟს ჰგავდა. ლამის ტირილით მეხვეწა, დაელაპარაკე ნათიას, მაპატიოს და შემირიგდესო.
– ტყუილად თავს ნუ დაიღლი, ეგ აღარასოდეს მოხდება.
– რატომ, რა შეიცვალა?
– ყველაფერი შეიცვალა და, რაც მთავარია, მე შევიცვალე – დღეს დილიდან აღარ ვარ ისეთი იდიოტი, როგორიც მთელი ცხოვრება ვიყავი... გავიღვიძე, გესმის? გამოვფხიზლდი და მივხვდი, რომ ცხოვრებაში მთავარია, შენი თავის ფასი იცოდე, თვითონ გიყვარდეს საკუთარი თავი, პატივს სცემდე შენს „მეს“ და არასდროს გადადგა ნაბიჯი შენი ღირსებისა და სასიცოცხლო პრინციპების საწინააღმდეგოდ.
– რაღაც, ძალიან გადაიჭერი ფილოსოფიაში; აღარ მეტყვი, რა დაგემართა?
– აკი გეუბნები, – ისევ გაეცინა ნათიას.
– უფრო კონკრეტულად ვერ მეტყვი?
– კარგი, შევეცდები. ოდესმე, თუნდაც ბავშვობაში ან სტუდენტობაში, მოგსვლია თუ არა ასეთი რამ: მაგალითად, სიტყვაზე ვამბობ, სადღაც, მაღაზიაში, ნახე ლამაზი კაბა, რომელიც ძალიან მოგინდა, რომ გქონოდა, თუმცა, ვინაიდან საკმაოდ ძვირი ღირდა და იცოდი, რომ მშობლები ვერასოდეს გიყიდდნენ, არც არავისთვის გითქვამს. მაგრამ, იმდენად გინდოდა ის კაბა შენი ყოფილიყო, რომ დღედაღამ მასზე ფიქრობდი, ოცნებობდი, წარმოიდგენდი, რომ მოხდა სასწაული და ის კაბა ვიღაცამ გაჩუქა; შენც, ჩაიცვი, გარეთ გახვედი სასეირნოდ და, ისე გიხდებოდა, მთელი ქუჩა გიყურებდა, შენ კი მიდიოდი ამაყი და ბედნიერი... მაგრამ, ეს მხოლოდ ოცნება იყო – იმ კაბას შენთვის არავინ ყიდულობდა, შენ კი მაინც სულ ოცნებობდი იმ კაბაზე. ერთ დღესაც, ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ის კაბა მართლაც გიყიდეს – მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გიყიდა – და დიდი ამბით მოგართვეს. სასწაული მოხდა – ამდენი წლის ოცნება აგიხდა და, წესით, სიხარულით უნდა გაგიჟებულიყავი, მაშინვე უნდა ჩაგეცვა და გარეთ გავარდნილიყავი, რომ ყველას დაენახა, რა ლამაზი იყავი, როგორ გიხდებოდა, მაგრამ, რა ხდება? კაბამ, რომელიც შენი ცხოვრების მთავარი ოცნება იყო რამდენიმე წლის განმავლობაში, კი არ გაგახარა, პირიქით, ნერვები აგიშალა და გაგაღიზიანა, იმ დონეზე, რომ მაშინვე დახიე და ფანჯრიდან გადაყარე... და, იცი, რატომ მოიქეცი ასე?
– არა, – ჩურჩულით თქვა გაოგნებულმა მიამ, მერე კი ძალიან ფრთხილად ჰკითხა: – სექსი გქონდათ?
– ჰო, თანაც, ძალიან მაგარი, მე ვიტყოდი, ფანტასტიკური, თვითონაც რომ არ მოველოდი, ისეთი. შემიძლია ვთქვა, რომ ავიწყვიტე. მთავარი კი ის არის, რომ, მთელი ღამის განმავლობაში ერთხელაც არ უთქვამს, ბოზივით რატომ იქცევიო, პირიქით, ყველაფერი კარგად შეირგო და ძალიან კმაყოფილიც დარჩა. ახლა კი დამამთავრებინე, რასაც ვამბობდი. რაზე შევჩერდი?
– რატომ გადაყარე ფანჯრიდან დახეული კაბა, – შეახსენა მიამ.
– იმიტომ, – განაგრძო ნათიამ, რომ, ისე დაიღალე ამ კაბაზე ფიქრით, ისე მოგბეზრდა და ყელში ამოგივიდა მასზე ოცნება, რომ, გახარების ნაცვლად, გაგაღიზიანა და გული აგირია მისმა დანახვამაც კი... განგიცდია ასეთი რამ?
– ჰო, მგონი, ყოფილა ასეთი შემთხვევა, ოღონდ, ასე მძაფრი განცდებით არ მახსოვს, – დაფიქრებით თქვა მიამ, – მაგრამ, რა შუაშია აქ რეზო?
– ვერ ხვდები? ეტყობა, კარგად ვერ აგიხსენი...
– მივხვდი! – უცებ წამოიძახა მიამ, – ანუ, ამ შემთხვევაში, რეზო არის ის კაბა, რომელზეც...
– ჰო, რეზოა ის „კაბა“, რომელიც მიყვარდა, რომლის სიყვარულსაც ველოდი ბოლო სამი წლის განმავლობაში და, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ყელში ამომივიდა მასზე ფიქრი და ოცნება, როცა რეალურად დავიბრუნე მისი სიყვარული, რომელიც, თურმე, აღარაფერში მჭირდება, რადგან, ამ ჩემი სიყვარულითა და მოლოდინით გადავიწყი... ახლა გაიგე?
– ჰო, – თავი დაუქნია მიამ, – ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ, ამის შემდეგ რას აპირებ?
– რას გულისხმობ?
– შემდგომ ურთიერთობას, ბავშვებს ბინას... ოფიციალურადაც უნდა გაეყარო?
– ჰო, აბა, რად მინდა ქმარი მხოლოდ ქაღალდზე? ბინას კი, ალბათ, დაუტოვებს თავის შვილებს და თვითონ მეორე ბინაში გადავა, რომ ვაქირავებთ, იმაში. რაც შეეხება ურთიერთობას, ბავშვები ნახოს, როცა უნდა, მე კი მისთვის აღარ ვარსებობ, ისევე, როგორც ის – ჩემთვის, მით უმეტეს, რომ ჰყავს...
– აღარ ჰყავს, დამიჯერე, – შეაწყვეტინა მიამ.
– სიმართლე გითხრა, საერთოდ არ მაინტერესებს, – მშვიდად უპასუხა ნათიამ, – შვილებს გეფიცები, აბსოლუტურად სულერთია, ვინ ჰყავს და რამდენი ჰყავს, ან, საერთოდ, ჰყავს თუ არა ვინმე. ეს თემა, უფრო ზუსტად – რეზოს თემა, ჩემთვის მთლიანად ამოწურულია. ეს უკვე ჩემი ცხოვრების წიგნის გადაშლილი ფურცელია, რომელსაც აღარასოდეს დავუბრუნდები წასაკითხად, უფრო სწორად, ამოხეული ფურცელია, რომლის ადგილზე სიცარიელეც კი აღარ დარჩა, რომ რამით შეავსო.
– გძულს რეზო? – ფრთხილად ჰკითხა მიამ.
– არა, არ მძულს, მართლა, ოღონდ, რაღაცნაირი გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ, რომელსაც, არც კი ვიცი, რა დავარქვა – იმედგაცრუება, გაწბილება თუ რაღაც ამდაგვარი. სიმართლე გითხრა, დღეს ისიც კი გავიფიქრე, უცბად რომ მოკვდეს, ნეტავი თუ განვიცდი-მეთქი.
– გაგიჟდი?! – იყვირა მიამ.
– არა, არ გავგიჟებულვარ, უბრალოდ, ყველა ვარიანტი წარმოვიდგინე.
– რისი ყველა ვარიანტი? – ვერ მიხვდა მია.
– ჩემს ცხოვრებაში მისი არსებობის, – დაუკონკრეტა ნათიამ, – მაგალითად, სხვა ქვეყანაში რომ წავიდეს საცხოვრებლად, ან, რომ მოკვდეს...
– მერე? – დაიძაბა მია.
– ხომ იცი, საკუთარ თავს ადამიანი ასეთ შემთხვევაში თითქმის არასდროს ატყუებს.
– მერე, რა გითხრა საკუთარმა თავმა?
– გახარებით ნამდვილად არ გაგიხარდება და ძალიან შეგეცოდება როგორც ადამიანი, მაგრამ, სხვა განცდა ნამდვილად არ გექნებაო, – ნაღვლიანად გაეღიმა ნათიას, – ასე მითხრა საკუთარმა თავმა და ესაა სიმართლე. კიდევ ისაა სიმართლე, რომ დღეიდან აბსოლუტურად ახალ ცხოვრებას ვიწყებ, რადიკალურად განსხვავებულს – რა თქმა უნდა, ძირითადად პირად ცხოვრებას ვგულისხმობ. ასე რომ, შენ წინ ახლა სხვა ადამიანი ზის – შეცვლილი ცნობიერებით, შეცვლილი მენტალიტეტით და შეცვლილი სამომავლო გეგმებით. ერთადერთი, რაც მართლა არასდროს შეიცვლება ჩემში, ჩემი შვილების, დედაჩემის, ჩემიანების და, თქვენი, ჩემი უახლოესი ადამიანების სიყვარულია.
– მერე, გაუძლებს შეცვლილი ნათია ამხელა ცვლილებებს? – დაეჭვებით ჰკითხა მიამ.
– ზუსტად ვიცი, რომ შეძლებს და, თან, უკეთესადაც იგრძნობს თავს.
– იქნებ, მაინც გეფიქრა შერიგებაზე? – მიას მაინც არ ემეტებოდა მეგობრის ოჯახი დასანგრევად, მაგრამ, ნათიამ ისეთი თვალებით შეხედა, მაშინვე მობოდიშებით დაამატა: – არა, ახლა კი არა, რამდენიმე ხნის მერე, როცა ცოტა გაგივლის.
– ეს „მერე“ აღარასოდეს დადგება.
– კარგი, მეტს აღარ გაგაღიზიანებ. დედაშენმა იცის?
– არა, ჯერ არ მითქვამს.
– ბავშვებმა?
– არც ბავშვებმა. დედაჩემს, ალბათ, დღესვე ვეტყვი, ბავშვებს კი ცოტა მოგვიანებით ავუხსნი.
– გაგიჟდებიან.
– ვიცი, რომ ინერვიულებენ, მაგრამ, გადაიტანენ როგორმე. თანაც, მე მათ მამასთან ურთიერთობას არ ავუკრძალავ.
– გოგოებს არ ეტყვი? არ ეწყინოთ, რომ მე ყველაფერი ვიცი, ისინი კი აზრზე არ არიან.
– რა თქმა უნდა, ვეტყვი. მე ახლა ძალიან მჭირდება თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა და თანადგომა, ამიტომ, ძალიან მინდა დღეს ან ხვალ შევიკრიბოთ.
– კი ბატონო, მე თვითონ ჩამოვურეკავ ყველას, შენ ნუღარ აიშლი ნერვებს. სად შევიკრიბოთ?
– ჩემთან. ამ კვირაში ბავშვები ისევ დედაჩემს ეყოლება და მარტო ვიქნები. თან, არსად წასვლის თავი არ მაქვს, ახლა ვიგრძენი, რომ ძალიან დავიღალე.
ნათიას მართლაც დაეტყო დაღლილობა, თითქოს უცბად მოემატა ასაკი.
– როდისთვის დავიბარო გოგოები? – ჰკითხა მიამ მზრუნველი ტონით.
– რა ვიცი, თუ სცალიათ, დღესვე, თუ არა და, ხვალ საღამოს მაინც.
– კარგი, ყველანი მოვალთ. მანამდე დაგირეკავ.
ნათიამ საათს დახედა და წამოდგა:
– გავიდა ჩემი საათ-ნახევარი, წავიდეთ.
– რეზოს რა ვუთხრა? ჩემს ზარს ელოდება.
– რაც გითხარი: ყველაფერი დამთავრდა და აღარ მინდა უკან დაბრუნება კი არა, მიხედვაც კი.
– გასაგებია, – მიაც წამოდგა და ნათია გულში ჩაიკრა, – შენ არ ინერვიულო. გამაგრდი, შვილები გყავს გასაზრდელი. ჩვენ კი, ხომ იცი, ყოველთვის და ყველა სიტუაციაში შენ გვერდით ვართ.
– ვიცი, – სევდა შეეპარა ნათიას ხმას, – თქვენ რომ არ მყავდეთ, ალბათ, გავგიჟდებოდი.
***
გოგოები იმავე საღამოს შეიკრიბნენ ნათიასთან სრული შემადგენლობით. დაახლოებით ხვდებოდნენ, რომ შეკრების მიზეზი რეზო უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ზუსტად არავინ იცოდა, რა ხდებოდა. ამიტომ, ყველას ეტყობოდა აფორიაქება.
ნათიამ ყავა და ნამცხვრები გამოიტანა და სავარძელში მოკალათდა. სანამ გოგოები მოვიდოდნენ, ცოტა ინერვიულა – ყოველთვის უხერხულობას გრძნობდა, როცა საუბარი ქმართან ურთიერთობას ეხებოდა და ამიტომ ყოველთვის ცდილობდა, ამ თემის სიღრმეები არ განეხილა ხოლმე, მაგრამ, ახლა თვითონ მოუნდა, დაწვრილებით მოეყოლა ყველაფერი, რასაც ბოლო წლებში განიცდიდა და რაც წინა დღეებში გადაიტანა. ეს მას აუცილებლად სჭირდებოდა, თუნდაც სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად, თუნდაც თავისი უახლოესი მეგობრების გულწრფელი თანადგომისა და თანაგრძნობის კიდევ ერთხელ შესაგრძნობად. ნათია მზად იყო, მათი დატუქსვა და გამტყუნებაც კი აეტანა, რადგან, ზუსტად იცოდა, რომ არც ერთი მათგანი გულშიც კი არ გაკილავდა, პირდაპირ ეტყოდა იმას, რასაც ფიქრობდა, მის ამბავს სხვებთან განსახილველს არ გახდიდა და, თუ საჭირო გახდებოდა, თითოეული მათგანი თავს გამოიდებდა მისთვის.
ყველა ერთად რომ დაინახა, უცებ დამშვიდდა და გაიღიმა.
– გისმენთ, – პაუზა ვერ აიტანა ქეთამ, – აშკარად რაღაც საშინელება ჩაიდინე და ახლა ჩვენც უნდა გაგვიხეთქო გულები, მაგრამ, შენ მაგაზე არ იდარდო, გავუძლებთ.
– ჰო, შეიძლება, საშინელებაა, მაგრამ, ხანდახან საშინელების ჩადენა გამოუვალი თუ გარდაუვალი აუცილებლობა, ან, სულაც, ყველაზე სწორი ნაბიჯია ხოლმე, – დაიწყო ნათიამ.
– შესავალი გავიარეთ. მერე? – ვეღარ მოითმინა მირანდამ.
– აცადე, – შეაწყვეტინა სალომემ, – ხომ ხედავ, ისედაც ნერვიულობს.
– სანამ მთავარს მოგიყვებით, ბოდიში უნდა მოგიხადოთ იმის გამო, რომ თავიდან მხოლოდ მია ჩავაყენე საქმის კურსში – უბრალოდ, ასე მოხდა და, ამიტომ, თქვენგან განსხვავებით, მან აბსოლუტურად ყველაფერი იცის.
– გვიპატიებია. მერე? – ისევ ვერ მოითმინა მირანდამ, – მთავარზე გადადი.
ნათიამ ღრმად ჩაისუნთქა, თვალები დახუჭა და აბსოლუტურად გულწრფელად და დაუფარავად უამბო გოგოებს ყველაფერი. თვალებს მხოლოდ მაშინ ახელდა, როცა მაგიდიდან ჭიქას იღებდა ერთი ყლუპი წყლის დასალევად. არც ერთი დეტალი არ გამოუტოვებია, მხოლოდ ძალიან ინტიმური ეპიზოდები არ განუხილავს დაწვრილებით, მარტო მინიშნებებით შემოიფარგლა. ყვებოდა ჩუმად, დინჯად, ცრემლებისა და ისტერიკების გარეშე. გოგოები გაფართოებული თვალებით უსმენდნენ დაქალის აღსარებას, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ნათიამ ბოლო წინადადება თქვა, თვალები გაახილა და დამუნჯებულ მეგობრებს გადახედა:
– სულ ეს იყო. ახლა თქვენს კომენტარებს ველი. რასაც ფიქრობთ, ის მითხარით. თუ გინდათ, შემაქეთ, თუ გინდათ, ჩამქოლეთ, ჩემთვის თითოეული თქვენგანის ყოველი სიტყვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
– ერთი კითხვა მაქვს, – დაიწყო ელისომ, – რატომ გააკეთე ეს ყველაფერი – ცეკვას, სიმღერას და სექსს ვგულისხმობ – კონკრეტულად რა მიზანი გქონდა, ქმრის დაბრუნება?
– თავიდან მე თვითონაც მეგონა, რომ სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი, მაგრამ, ბოლოს, როცა რეზო მუხლებზე დაჩოქილი მევედრებოდა პატიებასა და შერიგებას, მივხვდი, რომ სულ სხვა რამის გამო მოვიქეცი ასე, – დაფიქრებით თქვა ნათიამ.
– და, რა არის ეს „სხვა რამე“? – დაინტერესდა ლიკა.
– შელახული, ფეხით გათელილი ქალური თავმოყვარეობის რეაბილიტაცია.
– უფრო ზუსტად?
– ეს იყო მცდელობა, დამემტკიცებინა რეზოსთვის, უპირველეს ყოვლისა კი საკუთარი თავისთვის, რომ მე არ ვარ არც არასაინტერესო, არც მუდო, არც უნიჭო და არც ისეთი ქალი, რომელსაც ქმრის გაოცების ნიჭი არ აქვს და, არც საწოლში დევს ხის ნაჭერივით... მინდოდა, დამემტკიცებინა, რომ, შემიძლია, მამაკაცებმა სურვილითა და აღრთოვანებით, ქალებმა კი შურით შემომხედონ... და, კიდევ, ის დამემტკიცებინა, რომ ჩემისთანა ცოლს კაცი ძალიან უნდა მოეფეროს და გაუფრთხილდეს, თორემ, დაკარგავს.
– მერე, მიაღწიე მიზანს? – დაეჭვებით ჰკითხა ქეთამ.
– ასი პროცენტით. სიმართლე გითხრა, ასეთ შედეგს არც ველოდი.
– მერე, რა არის ახლა შენი ასპროცენტიანი შედეგის შედეგი? – ჰკითხა ნაღვლიანად რუსამ, – დანგრეული ოჯახი და უმამოდ დარჩენილი ბავშვები?
– არა, აღდგენილი ქალური ღირსება, საკუთარ თავში დარწმუნება და, მართალია, პრაქტიკულად, უკვე ყოფილი, მაგრამ მაინც, ქმრის გამოფხიზლება და გონზე მოსვლა.
– ღირს კი ეს ყველაფერი ოჯახის დანგრევად? – დაეჭვებით იკითხა სოფომ.
– არ გეწყინოს, სოფო, მაგრამ, შენ და რუსას ჯერ ოჯახი არ გაქვთ, შესაბამისად, არც კაცების სიდამპლეებს შეჩეხებიხართ პირისპირ და, გგონიათ, რომ, მართალია, ხანდახან სცოდავენ, მაგრამ, თბილი სიტყვითა და კეთილი მოპყრობით ყველაფრის მოგვარება შეიძლება. არადა, ყველაფერი გაცილებით უფრო რთულადაა, – მია ისე იყო გაღიზიანებული, აღარც მალავდა კაცების მიმართ აგრესიას.
– არ გეთანხმები, – „წაეშველა“ სოფოს რუსა, – რა თქმა უნდა, მამაკაცები ბევრს სცოდავენ, მაგრამ, არც ჩვენ, ქალები ვართ ანგელოზები. ჩვენი მთავარი შეცდომა კი ის არის, რომ სწორ არჩევანს არ ვაკეთებთ, ანუ, ცხოვრების თანამგზავრად არ ვირჩევთ ნამდვილ მამაკაცს, რომელიც ჩვენი ღირსებების გამო შეგვიყვარებს და თავსაც თავისი ღირსებებით შეგვაყვარებს. ჩემ გარშემო, გათხოვილ ქალებს რომ ვუყურებ, ისეთები მესმის და ისეთებს ვხედავ, სანამ ნამდვილ მამაკაცს არ შევხვდები, არ გავთხოვდები.
– აუ, ეს სად ბანაობს, – გაეცინა ელისოს, – ჩამოფრინდი, გოგო, ღრუბლებიდან, დაეშვი მიწაზე და ფართოდ გაახილე თვალები. შენ რა, ასეთის პოვნას დედამიწაზე აპირებ? არა, ჭირიმე, ვერ იპოვი იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს.
– ვინც ეძებს, ის ყოველთვის პოულობსო, ნათქვამია, – ისროლა ოპტიმისტური ლოზუნგი რუსამ.
– შენი ოპტიმიზმი ჩემთვისაც კი გაუგებარი ხდება, – თქვა სოფომ ღიმილით.
– თუ იცით, რატომ ვართ მე და სოფო ჯერჯერობით გაუთხოვრები? – დასვა რუსამ რიტორიკული შეკითხვა.
– აი, ხომ ვთქვი, გამოუსწორებელი ოპტიმისტია-მეთქი, – უკვე ხმამაღლა გაეცინა სოფოს.
– რა შუაშია „გამოუსწორებელი ოპტიმისტი“? რომელი სიტყვა იყო ოპტიმისტური?
– მარტო ოპტიმისტური კი არა, უტოპიურ-ოპტიმისტური იყო, მაგალითად, სიტყვა „ჯერჯერობით“. შენზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში რომ ასეა, ზუსტად ვიცი. შენ ისეთი ოპტიმისტი ხარ, წესით, გაუთხოვარი არ უნდა დარჩენილიყავი.
– მე გეტყვით, – თქვა ქეთამ, – ეს გაუთხოვარი იმიტომ დარჩა, რომ ეძებდა სიმპათიურ, წარმოსადეგ, ქალაქელ, განათლებულ, წესიერ, შეძლებულ, მამაკაცურ, ვნებიან, ხალისიან, საქმიან, ნიჭიერ, ერთგულ ინტელიგენტს, რომელსაც ქალის პატივისცემაც ეცოდინება, კარატეს ილეთებიც, ცხენის ჭენებაც, სიმღერაც, ცეკვაც, ლექსების მიძღვნაც, მაგრამ, ჯერჯერობით – ხომ ხედავთ, ისევ ეს სიტყვა ამოტივტივდა – ჯერჯერობით ვერ იპოვა, თავისი პრინციპებისა თუ ოცნებების წინააღმდეგ წასვლა კი არ ისურვა – ჯერჯერობით...
– იმას მაინც თუ ხვდებით, რომ, ჯერ ერთი, რაც შენ ახლა ჩამოთვალე, ეგ თვისებები იდეაშიც კი შეუთავსებელია ერთმანეთთან, არათუ ზოგადად ადამიანში და, მით უფრო – მამაკაცში, – შენიშნა ელისომ.
– ვითომ რატომ? – გააპროტესტა რუსამ.
– იმიტომ, რომ ამ თვისებების უმრავლესობა ისე არსებობს, აბსტრაქციაში, მით უმეტეს, ასეთი მრავალფეროვანი კომპლექტის სახით; რეალობაში კი, ჩემზე კარგად იცი, რომ სულ სხვა სურათი გვაქვს, – განმარტა მიამ, – მაგრამ, ჩვენ ახლა სულ სხვა რამისთვის შევიკრიბეთ, ამიტომ, დავუბრუნდეთ საწყის თემას – ამ გოგოს ჩვენი აზრი და დახმარება სჭირდება.
– კარგი, დავუბრუნდეთ, – ხმამაღლა თქვა ლიკამ, – როგორც მივხვდი, ნათიას ქმარი აღარ უყვარს, სახლიდან გააგდო და ახლა ჩვენი აზრი აინტერსებს, სწორად მოიქცა თუ არა. მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, რეზოს არანაირი შანსი აღარ დარჩა არც ნათიას სიყვარულის და არც თავად ნათიას დაბრუნების და, თუ ეს მართლაც ასეა, რა მნიშვნელობა აქვს, ტაშს დავუკრავთ ამის გამო ჩვენს დაქალს თუ ქოქოლას დავაყრით?
– ვერ ხვდები, რომ ძალიან უხეში და უტაქტო მონოლოგი გამოგივიდა? – გაბრაზდა მია.
– ვხვდები, მაგრამ, ერთ რამესაც კარგად ვხვდები. შესაძლოა, გულის სიღრმეში ნათიას სწორედ ის უნდა, რომ, ყველამ თუ არა, ჩვენმა უმეტესობამ მაინც, ანუგეშოს, დააწყნაროს, მაგრამ ბოლოს მაინც ის უთხრას, რომ აპატიოს ქმარს, დაივიწყოს, რა ტკივილიც მიაყენა; დაივიწყოს ის დამცირება და შეურაცხყოფა, რასაც ბოლო წლებში განიცდიდა, შეურიგდეს და ყველაფერი თავიდან დაიწყოს, მით უფრო, რომ რეზო მართლა გამოფხიზლდა, მიხვდა თავის შეცდომას და გულწრფელად სთხოვს შერიგებას, რადგან, ახლა უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ოდესმე ჰყვარებია... მაგრამ, მე ამას ვერ გავაკეთებ და არც გავაკეთებ... – ლიკამ ღრმად ამოისუნთქა და თვალებში დიდი ტკივილი გამოუკრთა.
– რას ვერ გააკეთებ? – ფრთხილად ჰკითხა ქეთამ.
– რას და, ვერ ვურჩევ, აპატიე-მეთქი; ვერ დავუწყებ იმის მტკიცებას, რომ ოფიციალური საყვარლის გაჩენა და ცოლის დამცირება რეზოს ჩვეულებრივი, მამაკაცური გატაცების შედეგია, სინამდვილეში კი ყოველთვის ნათია უყვარდა... ვერ ვურჩევ და არ ვურჩევ იმას, რაც სწორად არ მიმაჩნია, რასაც მე საკუთარ თავს არ ვურჩევდი და არც არასდროს გავაკეთებდი ამას, ანუ, თავზე არ ვუზამდი საკუთარ თავს და საკუთარ ღირსებას. ბავშვებიო? – იკითხავს ზოგიერთი თქვენგანი. რაში სჭირდებათ ბავშვებს უხეში, ცინიკოსი და კაბის კალთებს გამოდევნებული მამის, ან, დამცირებული, დაჩაგრული, თავმოყვარეობაშელახული დედის ყურება? ამას არ ჯობია, დედა და მამა ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და თითოეული მათგანი ცალ-ცალკე უკეთებდეს შვილებს თავის წილ გასაკეთებელს? სხვა თუ არაფერი, ჩხუბებისა და სკანდალების ყურება მაინც ასცდებათ ამით... – ლიკამ მიას კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო და ხელის კანკალით მოუკიდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში