ჩვენც ვარსკვლავებივით ვიბრწყინოთ
ჩვენ პერიოდულად გთავაზობთ ხოლმე ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ დიეტას იცავენ და როგორ უვლიან თავს მსოფლიოს მეგავარსკვლავები, რადგან ჩვენი ჟურნალის მკითხველ უამრავ ქალბატონს (ასაკის მიუხედავად) აინტერესებს მათი კვების რაციონი, მათი ცხოვრების სტილი და რეჟიმი, რათა, შეძლებისდაგვარად, თავადაც მიჰბაძონ და მათსავით მშვენიერები და მომხიბვლელები გახდნენ.
იმისთვის, რომ დაემსგავსოთ ვარსკვლავებს, სულაც არ არის აუცილებელი, გყავდეთ პირადი კოსმეტოლოგი და ვიზაჟისტი, უბრალოდ, გაეცანით მათ რეცეპტებს და გამოსცადეთ ისინი საკუთარ თავზე – არ არის გამორიცხული, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ.
გვინეტ პელტროუ: „მთავარია, გიყვარდეთ საკუთარი თავი!
10 წელიწადზე მეტია, გვინეტი მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით იკვებება; ასევე, ნატურალურ პროდუქტებს იყენებს ის სხეულისა და, საერთოდ, გარეგნობის მოსავლელად.
ახალდაფქული ყავით, ზეითუნის ზეთითა და ლერწმის შაქრით ის ამზადებს სკრაბს სხეულისთვის; კანის დატენიანებაში მას ეხმარება ქოქოსის ზეთი; ტონიკის ნაცვლად კი ისვამს ალოეს წვენს და, კიდევ, ყველა ქალს ურჩევს, რომ უყვარდეთ საკუთარი თავი – „მაშინ, სარკეში ჩახედვისას, თქვენი მზერა დაინახავს მხოლოდ ღირსებებს და არა ნაკლს“.
ჯენიფერ ენისტონი: „ღიმილი არ აბერებს“
მსახიობი არ მალავს, რომ რეგულარულად დადის კოსმეტოლოგთან. მისი საყვარელი პროცედურა ქიმიური პილინგია, რომელსაც იგი შემოდგომასა და გაზაფხულზე იკეთებს, მაგრამ, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება – ის სახლშიც რეგულარულად უვლის თავს, მაგალითად, ყოველ საღამოს იკეთებს ქუთუთოებზე რძის კომპრესებს დაღლილობის მოსახსნელად: თბილ რძეში დასველებულ ბამბის „დისკებს“ 15 წუთის განმავლობაში იდებს ქუთუთოებზე. შემდეგ ოდნავ ინამავს სახეს სველი ხელსახოცით და ბამბიანი ჩხირით ისვამს არგანის ზეთს.
რაც შეეხება კვებას, ჯენიფერი ცდილობს, მიირთვას დაბალკალორიული პროდუქტები, ერიდება საღამოს ჭამას, სვამს ბევრ წყალს და ინტენსიურად ვარჯიშობს.
„და, არ დაგავიწყდეთ: ღიმილი ძალიან გვალამაზებს“, – ურჩევს ის ქალებს.
ალა დოვლატოვა: „წყალი ნაოჭებისგან გვიცავს“
ნებისმიერი ადამიანი ეკრანზე უფრო მსუქანი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია – კამერას „უყვარს“ წონის მომატება, მაგრამ, პროგრამა „დევჩატას“ ტელეწამყვან ალა დოვლატოვას სულაც არ ეშინია „ეკრანული“ კილოგრამების. იდეალური წონის შენარჩუნებაში მას ეხმარება დიეტა, რომლის მთავარი პრინციპია: არ ჭამოთ 18 საათის შემდეგ და დალიეთ დღეში მინიმუმ 3 ლიტრი წყალი!
„წყალს ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები, არ აძლევს კანს გამოშრობის საშუალებას და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას“, – აცხადებს ის. გადაღებების შემდეგ კანის აღდგენაში წამყვანს ეხმარება სხვადასხვა სახის ნიღაბი, რომელთა შორისაც ყველაზე ხშირად იკეთებს საკუთარი რეცეპტით მომზადებულ ნიღაბს: თანაბარი რაოდენობით ურევს ერთმანეთში ცხიმიან კეფირსა და დაფქულ „ჰერკულესს“ და მთელ სახეზე ისვამს, 20 წუთის შემდეგ კი სახეს ჩამოიბანს გრილი წყლით და ისვამს ზეითუნის ზეთს, რომელშიც რამდენიმე წვეთი ახალგამოწურული ლიმონის წვენია შერეული.