კოსმეტოლოგიის რჩევები
კითხვა: ვიცი, რომ წყალმცენარეები ძალიან სასარგებლოა კანისთვის, მაგრამ, არ ვიცი, კონკრეტულად რა პრობლემის დროს არის მათი გამოყენება მიზანშეწონილი. გთხოვთ, მასწავლოთ წყალმცენარეებისგან დამზადებული ნიღაბი სახისთვის და ამიხსნათ, რისთვის არის ის სასარგებლო.
პასუხი: მშრალი (გამხმარი) წყალმცენარეები და თაფლი აფერხებს კანის დაბერებას, არიდებს კანს სიბერის პირველ ნიშნებს, აქვს ლიფტინგ-ეფექტი; ასევე, აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, კვებავს და ატენიანებს კანს.
1 სადილის კოვზი გამხმარი ლამინარია ასრისეთ 50 მილილიტრ წყალში, შეაზილეთ 2 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და მსუბუქი მოძრაობით წაისვით სახეზე. 8-10 წუთის შემდეგ ნიღაბი მოიშორეთ ბამბის სველი (გაწურული) ტამპონით და ბოლოს გადაისვით ზეითუნის ზეთი.
კითხვა: შეიძლება თუ არა ვარჯიშის შემდეგ ჭამა? ასევე, მაინტერესებს, დარბაზში, ვარჯიშის პერიოდში, რისი დალევაა რეკომენდებული – მინერალური წყლის თუ ენერგეტიკული სასმლის?
პასუხი: ვარჯიშის დროს სხეული კარგავს ბევრ ენერგიას, ამიტომ, მისი დამთავრების შემდეგ ჭამა აუცილებელია, ოღონდ, არა მაშინვე, არამედ, 1-2 საათის შემდეგ და აქცენტი გააკეთეთ ცილებზე – ხორცზე, კვერცხზე, ხაჭოზე. ცილა ეხმარება ორგანიზმს ქსოვილების აღდგენაში.
დარბაზში შეგიძლიათ სვათ ჩვეულებრივი სასმელი წყალი ან სპეციალური ვიტამინიზებული სასმელები, რომლებიც ფიტობარებში იყიდება. გაზიანი სასმელებისა და წვენების დალევა კი რეკომენდებული არ არის.
კითხვა: მაქსიმალურად ვუვლი ფრჩხილებს, მაგრამ, ბოლო თვეებია, ვატყობ, რომ აღარ ბზინავს და აღარც ჩვეულებრივი ფერი აქვს. ნუთუ არასწორად ვუვლი?
პასუხი. ფრჩხილების ფერის შეცვლა, ხშირ შემთხვევაში, ცუდი მოვლის შედეგი კი არა, კონკრეტული დაავადების მიმანიშნებელია, მაგალითად: მოლურჯო ელფერი გულ-სისხლძარღვთა პრობლემაზე მიუთითებს, მოყავისფრო ტონალობა – თირკმელების, მოყვითალო კი – ფილტვების დაავადებაზე.
კითხვა: მართალია თუ არა, რომ სიცხეში კოსმეტიკური საშუალების ქვეშ კანი არ სუნთქავს? ჯერ ისევ ძალიან ცხელა და ახლა ვაპირებ ზღვაზე რამდენიმე დღით წასვლას.
პასუხი: ეს ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს. თუ თქვენ სწორად შეარჩევთ კოსმეტიკას, ანუ, საზაფხულო საშუალებებსა და ტექსტურაზე გააკეთებთ არჩევანს, სასიამოვნო სიმსუბუქის შეგრძნება არ მიგატოვებთ. დისკომფორტს იწვევს ცხიმების შემცველი კოსმეტიკა, რომელიც კვებავს კანს, მაგრამ, სიცხეში კანი მეტად საჭიროებს დატენიანებასა და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას, ამიტომ, კრემებიც ამის მიხედვით შეარჩიეთ.