არის თუ არა ჩვენი მომავალი ცხოვრება წინასწარ გაწერილი და როდის გადადის ბედისწერა ერთი ადამიანიდან მეორეზე
ყველას აინტერესებს, რას უქადის ცხოვრება მომავალში, ბედნიერი იქნება თუ უბედური, ფულიანი თუ უფულო, რამდენ ხანს იცოცხლებს, ვინ იქნება მისი ცხოვრების თანამგზავრი, რამდენი შვილი ეყოლება და ასე შემდეგ. ალბათ, ხშირად გსმენიათ, ადამიანის ბედი წინასწარ სადღაც იწერება და, როგორც არ უნდა მოინდომო, საკუთარ ბედისწერას ვერ შეცვლი და მოსახდენი აუცილებლად მოხდება, ანუ, შუბლზე დაწერილ ბედისწერას ვერ ასცდებიო. ამ თემით პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკოსი, ბატონი გიორგი, წლების წინ დაინტერესდა და გარკვეული კვლევების შედეგად, საინტერესო დასკვნებიც აქვს გაკეთებული. ბედისწერის შესახებ მისი არაერთი პუბლიკაცია უცხოეთის პრესაშიც მოხვდა, ქართველი მკითხველი კი მას ნაკლებად იცნობს. ბატონი გიორგი დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია და შეეცდება, განგვიმარტოს ის ამოუხსნელი ფენომენი, რასაც ბედისწერა ჰქვია.
გიორგი: ცნობისმოყვარეობა ადამიანის თვისებაა და, ამიტომ, საკუთარი მომავლის შესახებ თუნდაც სულ მცირე ინფორმაციის მოპოვებას სხვადასხვა, უმეტეს შემთხვევაში, პრიმიტიული გზით ცდილობს, მაგალითად: მკითხავთან ვიზიტით, ყავაში ან წყალში ჩახედვით, „ტაროს” კარტის გაშლითა და უამრავი სხვა მეთოდით. სწორედ ამით სარგებლობენ ათასი ჯურის თაღლითები, შარლატანები და, ტყუილებით ცდილობენ ჯიბის გასქელებას. თუმცა, ისტორიამ შემოინახა იმ წინასწარმეტყველთა სახელებიც, რომლებმაც მომავალი ეპოქები განჭვრიტეს.
– ამბობენ, დაბადების მომენტში ადამიანს შუბლზე განგების მიერ რაც დაეწერება, მას ვერ ასცდება და მისი შეცვლაც შეუძლებელიაო. თუმცა, პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ ბედისწერის შეცვლა რეალურად შესაძლებელია. ამაში როგორ გავერკვეთ, თქვენ რას გვეტყვით?
– ვინც პარაფსიქოლოგიაში ერკვევა, ის დამეთანხმება, რომ ბუნებაში და, კერძოდ, ადამიანის ცხოვრებაში, შემთხვევით არაფერი ხდება. ნებისმიერი მოვლენა დიდი ხნით ადრე მზადდება ასტრალში და განსაზღვრულ დროს ხორციელდება. სწორედ ამას უწოდებენ ადამიანები ბედისწერას. ბევრი მაგალითი არსებობს იმისა, როცა პიროვნების ცხოვრება მისი ნების საწინააღმდეგოდ წარიმართა: ის, ვისაც არაფერი აკლდა და თავი უბედნიერესი ეგონა – მიუსაფარი და უბედური შეიქნა; ან, პირიქით, ღატაკი არნახული სიმდიდრის პატრონი გახდა. ამიტომაც ამბობენ, არავინ იცის, ბედი ვის რას გვიმზადებსო. სწორედ ამ არცოდნის შევსებას ცდილობენ ადამიანები. რაც შეეხება წინასწარმეტყველებს, ისინი ჯერ კიდევ ბიბლიიდან ამცნობდნენ კაცობრიობას, რა მოხდებოდა მომავალში და მათი სიტყვა ზედმიწევნით ცხადდებოდა. ნოსტრადამუსისა და ვანგას წინასწარმეტყველებებიც ხომ ბევრისთვისაა ცნობილი. როგორც ჩანს, მრავალგანზომილებიან სივრცეში, განსაკუთრებული, ფენომენური ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანს ნამდვილად შეუძლია წარსულიდან, აწმყოდან და მომავლიდან ინფორმაციის მიღება. ფაქტებზე დაყრდნობით ვიტყვი, რომ მომავლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არსებობს და არსებობენ ადამიანებიც, რომლებსაც ამ ინფორმაციის წაკითხვა შეუძლიათ. რაც შეეხება ბედის შეცვლას, ჩემი აზრით, მისი შეცვლა კი არა, უბრალოდ, კორექცია ხდება, ანუ, შეგვიძლია, ჩვენივე ძალისხმევით, საკუთარ ბედ-იღბალში შევიტანოთ კორექტივები, ცვლილებები და ეს ცხოვრების უკეთ მოწყობაში დაგვეხმარება, თუმცა, ასეთი კორექტივის შეტანა იმას არ ნიშნავს, რომ რაც შუბლზე დაბადების მომენტში დაგეწერათ, მას ასცდებით. სხვათა შორის, პარაფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი – ინგრამა. ეს არის გარკვეული ემოციით წარმოთქმული სიტყვა, რომელსაც ამ საქმეში ჩახედული ადამიანები გამიზნულად წარმოთქვამენ – მას ადამიანის ბედისწერის შეცვლა და ეგრეთ წოდებული „ძველი პროგრამის”, კოდის შეცვლა შეუძლია. პარაფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, უშვებს აზრს, რომ თავის ბედს ადამიანი თვითონვე ქმნის. ამ აზრს ზოგი პარაფსიქოლოგი, რასაკვირველია, არ ეთანხმება და ამის გარკვეული მიზეზიც არსებობს. ჩვენი ქმედებები სამყაროში არსებულ ჩვენსავე „პერსონალურ კომპიუტერში” ინახება და გარკვეული დროის შემდეგ გვიბრუნდება. კოსმოსში გასული აზრი, შეიძლება, იმავე დღეს ან რამდენიმე წლის შემდეგ დაგვიბრუნდეს და მას ვერავინ აღუდგება წინ. იმ რელიგიებში, სულის რამდენჯერმე მოსვლას რომ ქადაგებენ, ნათქვამია, შეიძლება, შენი ახლანდელი საქმიანობისა და ქცევის შედეგი სხვა ცხოვრებაში მიიღოო. ამიტომ, როგორც პარაფსიქოლოგი, გირჩევთ, თუ საქმე არ გამოგდით ან არ გიმართლებთ, მაინც არ დანებდეთ, არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და თავი უბედურად არ ჩათვალოთ. შეიძლება, ამით ბედისწერა დიდ სიურპრიზს გიმზადებთ, გცდით და გამოწვევას თქვენგან ელის. უამრავი მაგალითი შემიძლია, მოგიყვანოთ, როცა ადამიანს არ უმართლებდა, უიღბლოს იმიჯი ჰქონდა ახლობლებში, მაგრამ, არ დანებდა, ბედის გამოწვევას გაუძლო, არ ჩაიქნია ხელი და, იმდენი იბრძოლა, სანამ სასურველს არ მიაღწია. თუ ბედი ბიზნესში არ გაქვთ, ესე იგი, სხვა სფეროში უნდა მოსინჯოთ ძალები; თუ არ გიმართლებთ პოლიტიკაში, მაშინ, „კურსი” შეიცვალეთ – ბედისწერა თავად გაჩვენებთ, სად გაგიმართლებთ იღბალი და სად – არა. ამას თქვენ გარდა ვერავინ მიხვდება. რომ ჩააცივდე ერთ საქმეს, არ გიმართლებდეს და იძახო – ბედი არ მწყალობსო, ამით რა გამოვა? უნდა დაფიქრდე, შეიცვალო სფერო და გაგიმართლებს კიდეც. ტყუილად როდი ამბობენ, პროფესია შენი კარმის მიხედვით უნდა აირჩიოო. ჰოდა, ბედისწერა თავად მიგიყვანთ იმ პროფესიამდე, – ბედიც რომ გაგიღიმებთ და მოგებასაც მოგიტანთ. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბედის შეცვლა-კორექტირებას ვერ ახერხებენ და მოწიფულ ასაკშიც განვითარების იმავე დონეზე რჩებიან, როგორც გარდატეხის ასაკში იყვნენ.
– რეალურად, შესაძლებელია თუ არა, ერთი ადამიანის ბედი მეორეზე გადავიდეს, ანუ, მანაც იგივე ბედი გაიზიაროს, რაც პირველმა?
– გეტყვით, რომ დაფიქსირებულია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი ადამიანის ბედი რაიმე ნივთის საშუალებით გადადის მეორეზე. ამას „ბედის გადალოცვას” ვუწოდებთ პარაფსიქოლოგები. მაგალითად, ერთმა ჩემმა მეგობარმა წლების განმავლობაში აგროვა ფული და ის მანქანა იყიდა, რომელზეც დიდხანს ოცნებობდა. ამ ოცნების ახდენით, უბედნიერესი იყო. მაგრამ, არ გავიდა ერთი წელიც და, სამწუხაროდ, ავარიაში დაიღუპა. მისმა მეუღლემ დამტვრეული მანქანა, ქმრის გარდაცვალებიდან ორმოცი დღის გასვლის შემდეგ, ჩვენსავე მეგობარს მიჰყიდა. დათომ ბევრი ფული დაახარჯა მანქანის გაკეთებას და, ბოლომდე რომ დაასრულა, იფიქრა, გამოვცდი, როგორ დადისო. იმ დღესვე ავარიაში მოყვა და თავადაც დაიღუპა. ამბობდნენ, დაწყევლილი მანქანა იყო, არ უნდა ეყიდა, ამდენი ფული დაახარჯა და სიცოცხლის ფასად დაუჯდაო. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ამ მანქანით ჩემს მეგობარს გადმოეცა, ავტომობილის ყოფილი პატრონის ბედი და თვითონაც იგივე დაემართა. ასე რომ, ფრთხილად უნდა იყოთ, როცა ვინმეს ნაქონ ნივთს, თუნდაც სამკაულს ან ტანსაცმელს იძენთ.