როგორ უმართავდა ციხეში პატიმრებს კონცერტებს მომავალი მსახიობი ლეილა აბაშიძე და როგორ ჩამოიშორეს ის თეატრიდან და კინოდან
„ობოლმა, ღარიბმა გოგონამ, სრულიად უპატრონოდ, მხოლოდ ბუნებით დაჯილდოებული მსახიობური ნიჭით გაიკვლია გზა კინემატოგრაფის დიდ სამყაროში და შექმნა განუმეორებელი როლები. საყოველთაო აღიარება მოუტანა კომედიური ხასიათის როლებმა ფილმებში – „ჭრიჭინა” და „აბეზარა...” (წყარო: „ბურუსი“).
დღეს ერთი ლამაზი და ნიჭიერი ქალბატონის, ლეილა აბაშიძის დღიურებსა და ფოტოალბომს დაგათვალიერებინებთ, თუმცა, ეს არ არის მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა, რადგან, მსახიობი არასდროს საუბრობს ამ თემაზე. ჩვენ მისი ცხოვრების იმ პერიოდებზე გესაუბრებით, საიდანაც იწყება მისი აღიარება, რითაც ის ჩვენამდე მოვიდა და ჩვენი პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა.
ლეილა აბაშიძე დაიბადა 1929 წლის 1 აგვისტოს, თბილისში. მამა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და გადაასახლეს. ლეილას დედა, იმ მიზნით, რომ მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო და ენახა, მედმუშაკად წავიდა ციმბირში და ქალიშვილიც თან წაიყვანა…
„იყო გახლართული მავთულები, სადაც 220 ვოლტი დენი გადიოდა და ვერ მიეკარებოდი. იქვე დედამ ერთი ადგილი იცოდა, დადგებოდა და შორიდან შეუმჩნევლად დაუქნევდა ხელს მამას, ისიც ჩუმად მიესალმებოდა. მე პატარა ვიყავი, დავიმახსოვრე ის ადგილი, გავძვრებოდი-გამოვძვრებოდი ყოველ დღე, მივიდოდი იქ, ხან სიგარეტს გადავუგდებდი მამას, ის გამომხედავდა მადლიერი თვალებით და მხოლოდ ეს იყო ჩვენი შეხვედრები”…
ციხეში, პატიმრებისთვის გამართულ კონცერტზე პატარა ლეილაც გამოდიოდა… „მამამ, რომელიც ბუნებით ხელოვნების მოყვარული კაცი იყო, მოიფიქრა კონცერტი ტუსაღებისთვის და მე ვკითხულობდი ლექსს „სìåð თëüè÷”, ლენინზე. ისე განვიცდიდი სიტუაციას, რაც ჩვენ გარშემო იყო, რომ მთელ განცდებს ვაქსოვდი ამ ლექსში. იქ ბევრი ქართველი იყო, რა თქმა უნდა, რომლებიც თურმე მოუთმენლად ელოდნენ ჩემს გამოჩენას და ტაშით მხვდებოდნენ. იმ პერიოდში მე და მამას პორტრეტთან ერთად გაზეთ „ჟèხèðñêჭÿ ïðჭâჰჭ”-ში დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით – „Oòåö è ჰî÷ü”, სადაც ეწერა: «კîჯჰჭ íჭ ñöåíå ïîÿâëÿåòñÿ ìჭëåíüêჭÿ ლåéëჭ, åå âñòðå÷ჭþò ჭïëîჰèñìåíòჭìè, ïðåჰ÷óâñòâóÿ ïîÿâëåíèå ხóჰóùåé ხîëüøîé ჭêòðèñû» ეს იყო პირველი რეცენზია, რომლითაც მე მაღიარა მაყურებელმა.”
ოჯახმა ძალიან დიდხანს არ იცოდა რა ბედი ეწია რეპრესირებულ პატიმარს, შემდეგ კი მათ მოუვიდათ დახვრეტის ოქმი… პატარა ლეილა დროებით ინტერნატში მიაბარეს. ციმბირშივე გაჩნდა მისი მესამე ძმაც. იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა და დედა იძულებული გახდა, შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.
ლეილა აბაშიძე პირველად ეკრანზე გამოჩნდა ფილმში – „ქაჯანა”, სადაც ის კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს. მომავალი დიდი კინოვარსკვლავი მაშინ მხოლოდ 8 წლის იყო… „ვიყავი 8 წლის, ქართული არ ვიცოდი, რადგან, დაწყებითი განათლება რუსეთში მქონდა მიღებული და ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში ციმბირიდან. ჩემმა მამიდამ გახარებულმა მითხრა, რომ გაზეთში განცხადება ნახა – ფილმისთვის სჭირდებოდათ ცელქი, ანცი გოგონა – იმ დროს მეც ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ჩემთვის არც უკითხავთ, მსურდა თუ არა გადაღება, მაგრამ, აზრიც არ ჰქონდა, რადგან, მე არც ერთი ფილმი ნანახი არ მქონდა, რა იყო კინო, საერთოდ არ ვიცოდი. მიმიყვანეს სინჯებზე უშნოდ გაკრეჭილი, ჩაუცმელი, სასაცილო ბავშვი. შევედი ოთახში და, როცა დავინახე ოციოდე გოგონა ერთმანეთზე უკეთესი კულულებითა და ბაფთებით, ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვიყავი და სადღაც კედელთან გავჩერდი – ვიცოდი, რომ არ გამოვდგებოდი ამ საქმეში. მოვიდა ასისტენტი და მითხრა: გოგონა, თქვენ თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო. ძველ სტუდიაში ერთი რკინისრიკულებიანი კიბეა, იმას მოვაჯექი ბიჭურად და ბზრიალით დავეშვი ზემოდან, თან რაღაცას ვღიღინებ და დავეჯახე ვიღაც კაცს. მას გაუკვირდა და მკითხა – გოგონა, საიდან მოდიხარო? მე ვუპასუხე, ზემოდან-მეთქი. – იქ რა გინდოდაო. ვუთხარი, რომ კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ, არ მოვეწონე და წამოვედი,
– ძალიან გინდა კინოში თამაშიო? ვუპასუხე – ძალიან-ძალიან-მეთქი! ეტყობა, იმდენი სურვილი ჩავაქსოვე ამ ორ სიტყვაში, რომ, გაეცინა, მომკიდა ხელი და მითხრა, ჩემთან წამოდიო – თურმე, ეს გახლდათ თავად ფილმის დამდგმელი რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი. მერე შემეკითხა – და ან ძმა გყავსო? მე ვუთხარი, რომ ორი ძმა მყავდა. – ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა, შენი ძმა დამუნჯდაო,
– რომელი? – ვიკითხე მე, თურმე, ტრაგიკული ხმით. უფროსიო, – მამიდამ უკარნახა და მე ისე წავიშინე თავში ხელი, ვეღარ გამაჩერეს, ვტიროდი, ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. ბოლოს და ბოლოს, დამაწყნარეს და, თურმე, ეს იყო სინჯები, ასე დამამტკიცეს როლზე”.
სკოლის დამთავრებამდე კიდევ ორი როლი შეასრულა: იუტა („ოქროს ბილიკი”, 1945) და ნაზიბროლა („აკაკის აკვანი”, 1947).
სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, კინომსახიობთა სიჭარბისა და კინოსტუდიის მიერ გამოშვებული ფილმების სიმცირის გამო, სამსახიობო ფაკულტეტი დახურეს. თეატრალური ინსტიტუტის დირექტორმა, აკაკი ხორავამ, დახურული კურსი გასაუბრებაზე მიიწვია, რამდენიმე მსახიობი აარჩია ინსტიტუტისთვის და ისინი მეორე კურსზე დასვა. არჩეულთა შორის იყო ლეილა აბაშიძეც. კურსი მიჰყავდა დოდო ალექსიძეს. მესამე კურსიდან ლეილა სამსახიობო ხელოვნებას მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში ეუფლებოდა… სტუდენტობის პერიოდში გადაიღეს ფილმებში – „ქეთო და კოტე” (ყვავილებიანი გოგონა) და „გაზაფხული საკენში” (ნინო). ინსტიტუტის წითელ დიპლომზე დამთავრების შემდეგ ლეილა აბაშიძე რუსთაველის თეატრში გაანაწილეს. თეატრში ჯერ კიდევ არ ჰქონდა შესრულებული მნიშვნელოვანი როლი, რომ მიწვევა მიიღო კინოსტუდია „ქართულ ფილმში”. თეატრში გადაჭრით უთხრეს – ან თეატრში დარჩი, ან კინოში იმოღვაწეო. თუმცა ბევრი მსახიობი იყო თეატრშიც და კინოშიც ერთდროულად, მაგრამ, როგორც ქართველებს სჩვევიათ, ლეილა აბაშიძის ნიჭის შეშურდათ და თეატრიდან მოიშორეს. ლეილამ კინემატოგრაფი აირჩია და კინოსტუდია „ქართულ ფილმში” დაიწყო მოღვაწეობა.
…თითქმის ყველა ფილმში ის თავის თავს თამაშობს. ისეთ ჩაკეტილ ქვეყანაში, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, ძალიან ცოტა მსახიობს თუ შეეძლო, ეთამაშა საკუთარი თავი. ლეილა აბაშიძემ კინემატოგრაფში თავისი იმიჯი შემოიტანა – მის მიერ განსახიერებული ქალები არიან მიზანმიმართულები და სიყვარულში გამარჯვებულები; მისი ყველა გმირი ქალი ყოველთვის აღწევს მიზანს. ეს არის ქალი, რომელიც მამაკაცებს ტოლს არ უდებს – დააგრიალებს მანქანას, აცვია კომბინეზონი და, ეს მაშინ, როცა წითელ მოედანზე ჯერ კიდევ მაღალი, ბანტიანი „პრიჩოსკებით” დადიოდნენ ქალები.
ნატო ვაჩნაძის შემდეგ ლეილა აბაშიძე ყველაზე პოპულარული ქართველი ვარსკვლავი იყო. ლეილა აბაშიძე საბჭოთა კავშირის ქალი-ვარსკვლავების იმ ხუთეულში შევიდა, რომლებსაც 20-მილიონიანი დასწრების რამდენიმე ფილმი (5 ფილმი მთავარი როლით) აქვს… კომედიურ როლებთან ერთად მან სრულიად განსხვავებული სახეები განასახიერა… „მაია წყნეთელი” კი ლეილა აბაშიძის ნამდვილი სამსახიობო გამარჯვებაა.
ფილმში „შეხვედრა წარსულთან” ლეილას მიერ განსახიერებული დრამატული როლით აღფრთოვანებული სერგო ზაქარიაძე მას ცნობილ უცხოელ ტრაგიკოს მსახიობებს ადარებდა და ამბობდა, რომ ლეილამ ისეთ მაღალ დონეზე ითამაშა, როგორც ცნობილ ტრაგიკოსებს სჩვევიათო.
თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ, 1970-ინი წლებიდან, ლეილა აბაშიძეს დიდხანს არ იღებდნენ კინოში. 1970-იდან 1990 წლამდე, ანუ, 20 წლის განმავლობაში, ის მხოლოდ 5 ფილმში ათამაშეს, ამათგან ერთი ფილმი – „თბილისი-პარიზი-თბილისი” – თავისი გადაღებულია. მსახიობს სურდა, „ნატვრის ხეში” ეთამაშა, მაგრამ, ფილმში არ მიიწვიეს. თენგიზ აბულაძეს უთქვამს მისთვის: დიდ პატივს გცემ, მაგრამ, მე ამ ფილმში ახალი მსახიობები მჭირდება და არა ცნობილიო. ქართული კინოხელოვნების წარმომადგენლებმა ლეილა აბაშიძე ისე ვერ გამოიყენეს როგორც საჭირო იყო და ამით ბევრი დაკარგა კინემატოგრაფმა. მათ თითქოს დაივიწყეს ერთ დროს მსახიობი-ლეგენდა, რომელსაც მერი პიკფორდს ადარებდნენ. დიდი ხნით აიკრძალა ფილმი „ხევისბერი გოჩა”, სადაც ლეილამ ერთ-ერთი შთამბეჭდავი დრამატული როლი ითამაშა, რადგან, ფილმში ლეილას პარტნიორმა, ონისეს როლის შემსრულებელმა ნუგზარ შარიამ, საბჭოთა კავშირი დატოვა და უცხოეთში ითხოვა თავშესაფარი; ამას დაერთო მსახიობ გოჩა აბაშიძის თვითმკვლელობა (ლეილას სიყვარულის გამო), რომელშიც ირიბად ლეილას ადანაშაულებდნენ რეჟისორები (თუმცა, თვითმკვლელობის სხვა მიზეზებზსაც ასახელებენ).
1981 წელს საკუთარი სცენარით (ლ. ჭელიძესთან ერთად) გადაიღო ფილმი „თბილისი-პარიზი-თბილისი”, სადაც მთელი თანავარსკვლავედი მიიწვია სათამაშოდ: ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე, თვითონ კი თეა შერვაშიძის მთავარი როლი შეასრულა. 1986 წელს კი განასახიერა მსახიობი ქალის როლი ფილმში „ორომტრიალი” (რეჟისორი – ლანა ღოღობერიძე), სადაც საკუთარი თავი ითამაშა. 70-იანი წლების დასაწყისიდან, ქვეყანაში გაბატონებული საშუალო ნიჭის ბიუროკრატები ლეილას ხსნიდნენ სპექტაკლებიდან და როლებიდან და კინოში გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ, რადგან ზოგიერთ რეჟისორს თავისი უნიჭო ცოლის გადაღება სურდა”...