რის გამო დააკავეს ჩრდილოეთ კვიპროსის აეროპორტში გურამ შეროზია და ვისი გადაქცევა მოახერხა მან „მონებად“ საკანში ყოფნისას
საზოგადოების დიდმა ნაწილმა გურამ შეროზია „იმედის“ დილის გადაცემის წამყვანობით გაიცნო, თუმცა, წამყვანობის გარდა, ის პოპულარული ბლოგის ავტორია და მის ბლოგპოსტებს „ფეისბუქზე“ როგორც ჩემი მეგობრები, ასევე სხვებიც, ხშირად აზიარებენ. გარდა ამისა, გურამი 23 წლიდან კითხულობს ლექციებს, თითოეულ თავისუფალ დღეს კი მოგზაურობისთვის იყენებს.
გურამ შეროზია: პროფესიით არ ვარ ჟურნალისტი, ჩემი სპეციალობაა ეკონომიკა და ბიზნესის მიმართულებანი, ძირითადად – მარკეტინგის განხრა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვმუშაობდი გადაცემაზე „ბიზნესფაილები“, შემდეგ გადავედი „იმედში“ დილის გადაცემის წამყვანად, თუმცა, ამას დღემდე ჩემს მეორე საქმიანობად მივიჩნევ, რადგან, ჩემი ძირითადი მიმართულებაა ლექციების კითხვაა, რომელიც 23 წლის ასაკში დავიწყე. თავიდან ასაკს ვმალავდი, ხუთი წლის წინანდელ ყაიდაზე ვიცვამდი – არ მინდოდა, შეემჩნიათ, რომ მათზე ორი წლით უფროსი ვიყავი. ჩემი სტუდენტური გამოცდილებიდან მეგონა, რომ, ამის გამო შეიძლება რაღაც ვერ ყოფილიყო კარგად. მაგრამ, მერე მივხვდი, რომ, მთავარია, როგორ კითხულობ ლექციებს, როგორი კომუნიკაცია გაქვს; ასაკს, ანუ, როგორ გამოიყურები – არ აქვს მნიშვნელობა. თან, მეც გავიზარდე და სხვაობაც დამთავრდა.
– და, შენი მთავარი გატაცება – მოგზაურობა.
– მოგზაურობა ჩემი ჰობია, რადგან, თბილისში იმდენად ვარ შეწუხებული ჩემი სტატუსური ცხოვრებით... სადმე კლუბში რომ წავიდე, რამე ისეთი რომ გავაკეთო, მეორე დღეს, რეპუტაციის თვალსაზრისით, შეიძლება, პრობლემა შემექმნას. ასე რომ, როგორც კი გავდივარ ქვეყნიდან, თბილისში ვტოვებ ყველაფერს: სტატუსს, შაბლონურ სახეს და იქ ვარ სრულიად თავისუფალი, რადიკალურად სხვა. აქ ქუჩაში არასდროს მიჭამია, იქ კი, შეიძლება, ვაგზალზე, ვიღაც დამტარებლისგან ვიყიდო, ვჭამო რამე, მეცვას დახეული ჯინსი, დავიძინო აეროპორტში. სასტუმროში ისედაც არ ვრჩები. არსებობს საიტი, სადაც მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურები ცვლიან თავიანთ სახლებს, ანუ, ვიღაც ჩამოდის ჩემთან, ვაჩერებ უფასოდ, მერე მე ჩავდივარ მასთან, ვჩერდები უფასოდ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, წინასწარ ვფილტრავ, ვინ ჩამოვა, ანუ, თუ ჩემთან იყო 30 კაცი, თუ ოცდაათივეს კარგად დავხვდი, ესე იგი, კარგი ტიპი ვარ და ყველა მიტოვებს კარგ რეფერენსს. ორი წელია, რაც ამ საქმეში აქტიურად ჩავერთე და უკვე 70-მდე რეფერენსი მაქვს, ასე რომ, ყველასთვის სასურველი სტუმარი ვარ. მეც, შესაბამისად, ვრჩები ისეთ ხალხთან, ვისაც ბევრი კარგი რეკომდენაცია აქვს. მაგრამ, ხანდახან, რომ მიჭირს, შეიძლება, ორი-სამი რეფერენსის მქონესთან დავრჩე და, ეს, ცოტა არ იყოს, საშიშია. ახლახან ნიუ-იორკში ვიყავი. ბრუკლინში ვცხოვრობდი, ძალიან კარგი მასპინძლები მყავდა. გავიგე, რომ ჩემი პოლონელი მეგობარი იმ დროს ამერიკაში იყო, გადავწყვიტე, ბოლო ღამე მასთან ერთად გამეტრებინა და, თან, მასპინძელი მეშოვა მანჰეტენზე. ვიპოვე ერთი კაცი, რომელსაც ორი რეკომენდაცია ჰქონდა, დედასთან ერთად ცხოვრობდა და, ვიფიქრე: თუ დედასთან ერთად ცხოვრობს, თან – ცენტრში, სანდო იქნება-მეთქი. მივედი, ჩემი ბარგი დავტოვე და, პოსფაქტუმ, როცა მის გარდა აღარავინ მყავდა, ვიგებ ასეთ რამეს: დედა არ არის სახლში, მე და ის კაცი უნდა ვიწვეთ ერთ საწოლში. დამემართა შოკი, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ჩემს პოლონელ მეგობარს ვუთხარი: ახლა უნდა გამოიჩინო მეგობრობა, ან ჩემთან ერთად რჩები, ან ღამეს ვათენებთ-მეთქი. დამთანხმდა და, გადავწვიტეთ, მორიგეობით დაგვეძინა. იმ კაცმა რომ გაიგო, ისიც ჩვენთან რჩებოდა, გამოგვიცხადა, მე შუაში მიყვარს წოლაო. მოკლედ, გავგიჟდით. როგორც აღმოჩნდა „წიკები” ჰქონდა; მისი მხრიდან არაფერი არ ყოფილა, ჩვენ კი მაგრად შეგვეშინდა.
როცა ასე მიდიხარ და რჩები იმ ოჯახში, დილით, შეიძლება, ჭამო ის, რითაც ისინი იკვებებიან; გაძლევენ რუკას, დაგყვებიან ყველგან – ასე უფრო კარგად შეიგრძნობ იმ ქალაქის სულს, სადაც ჩახვედი. მაგალითად, პარიზში, სასტუმროში რომ დავრჩენილიყავი, ვერასდროს მოვხვდებოდი პარიზულ დაბადების დღეზე და მათ გვერდით ერთი რიგითი „პარიზელი ტიპი” ვერ ვიქნებოდი.
– რომელმა ქვეყანამ დატოვე შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?
– ამერიკამ. ახლა ვიყავი პირველად. ზოგადად, ყველგან პირველად ვარ ხოლმე, არ ვმეორდები. 40-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ამერიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა: ცხოვრება, თავისუფლება... ქვეყანა, სადაც 45 წლის ასაკში შეგიძლია, ნულიდან დაიწყო შენი კარიერა, შეიცვალო მიმართულება. ამერიკაში იმდენი ქართველი ვნახე, თავს ალფონსად ვგრძნობდი, რადგან, ყველა სადღაც მეპატიჟებოდა, თანხა დამრჩა და იმ თანხით მერე ევროპაში წავედი; იქ კიდევ, დამეზოგა, რადგან, ციხეში ვერ დავხარჯე.
– როდესაც პირველად საკნის ფოტო დადე „ფეისბუქზე“, ბევრს ეს ხუმრობა ეგონა. მომიყევი, რა მოხდა რეალურად.
– მაიამიზე კი ვიყავი, მაგრამ, ასეთ ქალაქში ზღვისთვის ვერ მოიცლი. ვიფიქრე, ჩრდილოეთ კვირპროსზე გადავალ, წამოვწვები ზღვაზე... მაფრთხილებდნენ, არ წახვიდეო, მაგრამ, ამერიკის ათწლიანი ვიზა მაქვს, შენგენის – ორწლიანი და, ვფიქრობდი, რატომ უნდა გამაჩერონ-მეთქი. ჩავედი. საზღვარზე ნახევარი საათით დამაყოვნეს იმიტომ, რომ ქართველი ვიყავი. რადგან ყოველთვის ვიცავ ჩემს უფლებებს და ვითხოვ ახსნას, გავაპროტესტე. მითხრეს, ერთი წამით მოიცადე, ბევრს ნუ ლაპარაკობო. არც მიჩხუბია, არც მიყვირია, უბრალოდ, ცოტა მკაცრი ტონით მოვითხოვე ახსნა. მოკლედ, „ბესპრეძელი“ აღმოჩნდა – არ მინდა, არ შეგიშვებ საზღვარზეო. იცოდეთ, გიჩივლებთ-მეთქი. აბა, გვიჩივლეო და შემაგდეს საკანში. თავიდან არ მჯეროდა, მეგონა, აეროპორტის მოსაცდელში მოვიცდიდი, მაგრამ პოლიციელმა რომ ჩამავლო ხელი და წიხლით შემაგდო საკანში, სადაც ერთი ერაყელი დამხვდა, რომელიც ტიროდა და მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობდა: „პრობლემ“. ამან უფრო შემაშინა – ასეთი რა უნდა გვიქნან-მეთქი. თან, ისეთი საშინელი ანტისანიტარია იყო, ტუალეტში ფეხის შედგმაც კი შეგეზიზღებოდა. ორი ტელეფონი მაქვს. რომ მითხრეს, ტელეფონი მოგვეციო, ერთი მივეცი და მეორე შევაპარე. მოვასწარი ფოტოების გადაღება, „ფეისბუზე“ დაპოსტვა, ისტერიკის ატეხვა, მეგობრების ჩარევა, გადარეკვები საკონსულოში, საელჩოებში. მეცინებოდა: ჩამოვედი, „ლაქშერ“ სასტუმროში მივდივარ და უცებ ბინძურ საკანში აღმოვჩნდი, ბინძურ საწოლზე, სადაც ვერც დავწვებოდი, ამიტომ, წინ და უკან დავდიოდი. შიმშილობა გამოვაცხადე: მოვკვდები და არაფერს შევჭამ-მეთქი. ტელეფონი აეროპორტის „ვაიფაის“ იჭერდა, ამიტომ, ფანჯრიდან მქონდა ხელი გამოყოფილი. დამინახეს, შემომიცვივდნენ, გამლანძღეს და წამართვეს. ჩემი თავის მიკვირდა, ისე მშვიდად ვიყავი. ვიცოდი, რასაც ვეტყოდი, უნდა შეესრულებინათ, ამიტომ, ყოველ ნახევარ საათში ვატარებინებდი თავს ტუალეტში, სიგარეტს ვართმევდი, თეთრეულიც მოვითხოვე, მოკლედ, მონებად ვაქციე. სხვათა შორის, ევროპის ამდენ ქვეყანაში ნამოგზაურები კაცი, გამომადეპორტეს და საბუთში ჩამიწერეს: „არასასურველი ტურისტი“. ჩემი ფრენა სამ დღეში იყო და, მეორე დღესვე რომ გამოვეფრინე, ამისთვის ფულს მთხოვდნენ. პრინციპულად არ გადავიხადე, თან, ვიცოდი, დეპორტის დროს უფასოდ მეკუთვნოდა ფრენა. მოკლედ, ხალხი ჩავრიე, თან, შევეგუე და დავგეგმე, რას გავაკეთებდი ამ სამ დღეში საკანში. სულ დღე-ნახევარი მომიწია ყოფნა ციხეში, ანუ, საღამოს 7 საათზე შემაგდეს და მეორე საღამოს 12 საათზე ჩამსვეს თვითმფრინავში. ზოგადად ამტანი ვარ, მაგრამ, ეს ოთხი კედელი საშინელება იყო. საბოლოოდ, ჩემმა მეგობრებმა „პეგასუსში“ გადარეკეს, ბილეთები გადამიცვალეს და გამოვფრინდი. თან, როგორც კრიმინალი, ისე გადმომათრიეს, თვითმფრინავშიც პოლიციამ ჩამსვა. ხალხი როგორც დამნაშავეს, ისე მიყურებდა. მოკლედ, ყველა ჩემი უფლება დაარღვიეს. ახლა სარჩელს ვწერ, ალბათ, თურქეთის გავლით, თუმცა, თურქეთი შეიძლება არ გამომეხმაუროს და მერე სტრასბრუგში შევიტან სარჩელს: უნდა მოვითხოვო მორალური კონპენსაცია და გავმდიდრდე ამ ერთდღიანი ტყვეობის გამო. სიცოცხლისთვის საშიში პირობების შექმნა კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას. ცოტა რთულად არის საქმე, რადგან, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, თურქეთი პასუხისმგებლობას იხსნის... ერთი სიტყვით, ვარკვევ ყველაფერს... ისე, ყოველივე ეს ღირდა იმად, რომ თავისუფლების ფასი შემეგრძნო, ისევე, როგორც აგვისტოს ომის დროს შევიგრძენი სიცოცხლის ფასი, როდესაც ბომბები ცვიოდა ჩემ გარშემო, სადღაც გავრბოდით, არც სროლა ვიცოდი, ვნერვიულობდი და მეშინოდა. მერე ეს ყველაფერი ჩემს ბლოგპოსტში აღვწერე და ისეთი კომენტარები წამოვიდა: „შენისთანების გამო წავაგეთ ომი” და ასე შემდეგ. ზოგადად, არ ვაქცევ კომენტარებს ყურადღებას, მაგრამ, პირველად გამიჩნდა ბოროტი კომენტარების მიმართ აგრესია. სამაგიეროდ, ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა ჩემს ბლოგპოსტს, სადაც ვწერდი პარიზში, 40 წლამდე ასაკის ქალთან ჩემს „ლავ სთორიზე“. იმდენად სპონტანურად დაიწყო, იმდენი სიგიჟე იყო, თავი ფილმში მეგონა. რადიკალურად განსხვავებული ადამიანი იყო, ქუჩის მოცეკვავე, თეატრალურ წარმოდგენებს დგამდა და ისეთი რამეები გამაკეთებინა, რასაც სხვა სიტუაციაში არასდროს გავაკეთებდი. ქართველი ბიჭები სადაც დადიან, მაქსიმალურად იყენებენ ამ მომენტს და რამდენიც შეუძლიათ, იმდენთან აქვთ ურთიერთობა, მე კი იმდენად უტვინო ქართველი ბიჭი ვარ, რომ, როგორც კი ჩავდივარ, სამ დღეში ვიღაც მიყვარდება, ბოლომდე მისი ერთგული ვარ და მერე გულნატკენი ჩამოვდივარ, ოღონდ, ნამდვილი „ლავ სთორები“ მაქვს.