კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის გარდაუვალი ოჯახური სკანდალები ყველა წყვილისთვის

როდის ან რატომ მთავრდება სიყვარული, როგორ ხდება, რომ, ერთ დროს ძალიან საყვარელ ადამიანს ვუყურებთ და გვიკვირს – ნუთუ ეს გვიყვარდა საკუთარ თავზე მეტად? პირს ვაღებთ და, თითქოს უნებლიეთ, ჩვენგან დამოუკიდებლად, საშინელ სიტყვებს ვამბობთ მისი მისამართით... დაიმსახურა თუ არ დაიმსახურა – იმ მომენტისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ვიმეტებთ ჩხუბისთვის, სკანდალისთვის იმას, ვინც ლამის ჩვენი სულისა და ხორცის ნაწილია. ბუნებრივად, ჩნდება კითხვა: ნუთუ სკანდალები მაინც გარდაუვალია, ძალიან გიყვარს შენი პარტნიორი თუ მასთან მხოლოდ თბილი გრძნობა გაკავშირებს?!

მერიკო (31 წლის): მე და ჩემს ქმარს ერთმანეთი ისე გვიყვარდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მის გარეშე ცხოვრებას უკვე ვეღარ შევძლებდი. თქვენ, ალბათ, ბევრისგან გსმენიათ ასეთი სიტყვები, მაგრამ, მე იმას ვყვები, რასაც ჭეშმარიტად განვიცდიდი. სუნთქვა, არსებობა არ შემეძლო მისი ნახვის გარეშე... თვითონაც ასე იყო და მე ამას ვგრძნობდი უსიტყვოდ, მხოლოდ მისი ერთი გამოხედვით. ახლა რომ ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება შემეძლოს, ბევრ რამეს შევცვლიდი და ჩემს ძვირფას ოჯახს  ასეთ კრიზისამდე არ მივიყვანდი. ჩვენ ყველას სწორედ იმის განცდა გვაკლია, რომ ოჯახი ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასია.
– ფიქრობთ, რომ ამას ვერ ვხვდებით?
– სამწუხაროდ, ვერა. ვერც მაშინ, როცა ძალიან, ძალიან შეყვარებულები ვართ და ვერც მერე, როცა ეს გრძნობა ნელდება. ბევრი რამ არის საჭირო, რომ სკანდალამდე არ მიხვიდე. ძალიან ძნელია ამის მიღწევა.
– ანუ, ოჯახში სკანდალების თავიდან აცილება შეუძლებელია?
– მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია. თუმცა, ალბათ, არსებობენ წყვილები, რომლებიც ამის თავიდან აცილებას ახერხებენ. მაგრამ, რატომღაც, მგონია, რომ მათ ერთმანეთი დიდად არ აინტერესებთ.
– რატომ მიგაჩნიათ ასე?
– ჩემი გამოცდილებით მივხვდი. როცა გიყვარს, როცა მისი ყველაფერი გაინტერესებს და ერთი ცხოვრებით ცხოვრობთ, წარმოუდგენელია „შეჯახების“ გარეშე – ეს გარდაუვალია. ძალიან ახლოს რომ მიდიხარ ადამიანთან და მის სივრცეში იჭრები, მერე კონფლიქტს ვეღარ გაექცევი, მჭიდრო კონტაქტის გარეშე კი როგორ წარმოგიდგენიათ ცოლ-ქმრის ცხოვრება და ურთიერთობა?! ბევრისგან მომისმენია, რომ, სურვილი აქვთ, ცხოვრება თავიდან, სუფთა ფურცლიდან დაიწყონ; რომ ყველაფერს შეცვლიდნენ... საბედნიეროდ, ამის შანსი მხოლოდ ერთეულებს ეძლევათ.
– საბედნიეროდ რატომ?
– იმიტომ, რომ უმრავლესობა იმავე შეცდომებს იმეორებს. ნულიდან დაწყება ისედაც ძალიან რთულია, მით უფრო, როცა არ იცი, შეცდომა სად დაუშვი. ამიტომ, შეიძლება, უარესი შეცდომა მოგივიდეს – გამოუსწორებელი და დამღუპველი. ურთიერთობა ქალსა და კაცს შორის არის არა გრძნობა, არამედ – პოლიტიკა. პოლიტიკოსობა კი ხელოვნებაა, რომელსაც ცოდნა სჭირდება და არა გულიდან წამოსული ემოცია.
– თქვენ არ გამოდექით პოლიტიკოსად?
– არა, რა თქმა უნდა და სწორედ ესაა პრობლემა. ვიხელმძღვანელე სულელური სტერეოტიპებით, როგორიც არის ბანალური, გავრცელებული რჩევები, ჯერ რომ არ გჯერა და მერე უცებ დაიჯერებ. მაგალითად, როცა ჩემი ქმარი სტანდარტულ ქმრად იქცა...
– სტანდარტული ქმარი, ანუ?
– ისეთი, რომ დაურეკავ და უხეშად გიპასუხებს – რა გინდაო. ოდესღაც კი აშკარად უხაროდა შენი ხმის გაგონება, თვალებით გეფერებოდა... გრძნობდი, რომ მისთვის იყავი მნიშვნელოვანი და ძვირფასი, სხვებისგან განსხვავებული და გამორჩეული.
– მესმის თქვენი, მაგრამ, ასე არ ხდება; უფრო სწორად, ძალიან იშვიათად ხდება.
– რატომ? ოღონდ, არ მითხრათ, რომ ცხოვრებისეული კანონზომიერებაა. სისულელეა ეგეც. როგორც ის, რომ, ქმართან ურთიერთობის განახლებისთვის და სკანდალების თავიდან ასაცილებლად ის უნდა აეჭვიანოო. სინამდვილეში, ეს არის ოჯახურ სკანდალამდე მისასვლელი უტყუარი გზა. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ჩხუბი და საქმის გარჩევა ოჯახში მანამდეც მომიხშირდა, თანაც ისე, რომ ვერც კი შევნიშნე, ეს როგორ მოხდა. უცებ აღმოვაჩინე, რომ ერთმანეთთან მშრალი და ძალიან ჩვეულებრივი დამოკიდებულება გაგვიხდა. არანაირად არ ჰგავდა იმას, რაც ცოტა ხნის წინ გვქონდა. ისეთი ყურადღებიანი იყო ჩემი ქმარი, რომ ტანსაცმლის საყიდლადაც კი დამყვებოდა და თავისი ხელით მირჩევდა კაბას თუ ფეხსაცმელს. უერთმანეთოდ არსად დავდიოდით – არც მე მიხაროდა მარტო სადმე წასვლა, არც იმას და, ამის გამო დაგვცინოდნენ კიდეც: რას ჩამოჰკიდებიხართ ერთმანეთს, ქმარი და ცოლი ყველას ჰყავს. იმდენს იზამთ, ბოლოს ერთმანეთი მოგბეზრდებათო.
– იქნებ, მართლაც ამ ფაქტორმა იმუშავა?
– რამ, მობეზრების? ეგ თავიდან მეც ვიფიქრე, მაგრამ, არ არის ასე, არ ხდება ასე... არ უნდა ხდებოდეს... უსამართლობაა, რომ ერთ დღეში შეიცვალოს უარესობისკენ ყველაფერი. ვჩხუბობდით წვრილმანებზე, ყოველგვარი სერიოზული მიზეზის გარეშე. მე მაწუხებდა მისი გულგრილობა და უყურადღებობა. ვიწყებდი მე, მაგრამ, უხეშად განაგრძობდა ის. მომენატრა თბილი სიტყვა. ვიცი, რომ ძალიან ნაცნობი სცენარია ყველა წყვილისთვის. ვუყურებდი და ვეკითხებოდი საკუთარ თავს – ხომ ისევ მიყვარს-მეთქი. პასუხი დადებითი იყო, მაგრამ, მაინც ვერ დალაგდა სიტუაცია.
– თქვენ გინდოდათ, რომ მეუღლესაც დაესვა იგივე შეკითხვა საკუთარი თავისთვის?
– ლოგიკურად ასეც უნდა ყოფილიყო. მე არ მიკითხავს მისთვის ამ საკითხზე, მაგრამ, ვამჩნევდი, რომ თვალები აქეთ-იქით გაურბოდა, სხვა ქალებს შესციცინებდა ხარბი მზერით და ამან სულ გამაგიჟა. ერთხელ მასთან მივედი სამსახურში. ოთახში ვიღაც ახალგაზრდა ქალი დამხვდა, გრძელი ფეხებითა და დიდი მკერდით... ისე შესციცინებდა, მთლიანად მოვიშალე, ნერვები დამაწყდა... რამდენიმე დღის შემდეგ კი, თითქოს დაემთხვაო, ერთმა ახალგაცნობილმა მამაკაცმა, რომელთანაც ხანმოკლე საქმიანი ურთიერთობა მქონდა, ჩემ მიმართ სხვაგვარი ინტერესი გამოავლინა. მესიჯებს მწერდა და მეც ვპასუხობდი...
– გინდოდათ, რომ ეს მესიჯები ქმარს ენახა?
– თავიდან მინდოდა, მაგრამ, არ ვიცოდი, ეს როგორ გამეკეთებინა... მერე გავერთე, ფლირტი მომეწონა და ავყევი... სერიოზული არაფერი ყოფილა, მხოლოდ ვერთობოდი. არც შევხვედრივართ, უბრალოდ, მსიამოვნებდა მისი ყურადღება და იმის განცდა, რომ ვიღაცას, სხვათა შორის, საკმაოდ სიმპათიურ მამაკაცს, ისევ მოვწონდი. ისიც არ მიკითხავს, ცოლი ჰყავდა თუ არა, მართლა არ მაინტერესებდა. მესიჯები იყო  სულ ცოტა ჟანგბადი დახუთულ ოთხაში... მოხდა ისე, რომ ქმარი დაეჭვდა და ჩუმად აიღო ჩემი ტელეფონი, როცა მე გასული ვიყავი... მესიჯები წაშლილი არ იყო და, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული არაფერი ყოფილა ჩვეულებრივი, სრულიად უწყინარი ფლირტის გარდა, გაგიჟდა. ეგრევე მისწერა იმას გინება და მუქარა – დაგიმტვრევ თავ-ყბასო. მერე მე მეცა – შენ იქცევი ისე, რომ მამაკაცებს „დაჩალიჩების“ სურვილს უჩენო (ანუ, გამოვიდა, რომ, არ შეიძლებოდა, მამაკაცს სერიოზულად მოვწონებოდი), მხოლოდ ცუდ, უწესო აზრებს თუ გაუჩენო. კაცებთან ისე იქცევი, რომ ადვილად ხელმისაწვდომი ქალის იმიჯი გექმნებაო... სერიოზული სკანდალი გვქონდა და იმის მერე დღე არ გავა, ძალიან მაგრად არ ვიჩხუბოთ. უკვე ძალიან დავიღალე. რომ ვიცოდე, უკეთესად ვიგრძნობ თავს, თუკი გავეყრები, ვიზამდი ამას. მაგრამ, ვეჭვობ, რომ ეს გამოსავალი არ არის. მაინც, რა გვემართება ადამიანებს? ხომ გვიყვარს ერთმანეთი. მაშინ, რატომღა ვიმწარებთ ცხოვრებას და ვუმწარებთ პარტნიორსაც. არ ვიცი, სად არის გამოსავალი.

скачать dle 11.3