კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაუბრუნდა მაგდა ანიკაშვილს წარსულიდან და ვის გაკონტროლებას არ ცდილობს ის

მაგდა ანიკაშვილი ტელევიზიაში შვიდწლიანი  ტაიმაუტის შემდეგ ბრუნდება. ექსდეპუტატმა  და „ქრისტიან-დემოკრატების” აქტიურმა სახემ, რომელიც პოლიტიკიდან 2012 წლის არჩევენების შემდეგ წავიდა, არჩევანი სპორტულ ტელევიზიაზე გააკეთა, რომელიც  ეთერში 22 სექტემბერს გავა. როგორ მოირგებს მაგდა ანიკაშვილი სპორტული თოქ-შოუს წამყვანის ამპლუას, ამას დრო გვიჩვენებს, ჩვენ კი ახალი გადაწყვეტილებისა და იმ წელიწად-ნახევრის შესახებ გვესაუბრა, რაც მან საჯარო სივრცის მიღმა  გაატარა.      

მაგდა ანიკაშვილი:  ტელევიზიაში დაბრუნებაზე ძალიან ბევრჯერ მიფიქრია. მას, ვისაც იქ უმუშავია,  გამოცდილი აქვს, როგორი ნოსტალგია იცის ტელევიზიამ.  ყოველთვის მქონდა სურვილი, არ გამეწყვიტა კავშირი ჩემს საყვარელ საქმესთან. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ყოველთვის მიწევდა ურთიერთობა ყოფილ კოლეგებთან. მართალია, სხვა პოზიციიდან ვხვდებოდი მათ, მაგრამ, ეს ამ მონატრებას მაინც მივსებდა. როდესაც მიდიხარ გადაცემაში და საუბრობ წამყვანებთან, ისეთი  განცდა გაქვს, რომ შენც ამ სამყაროს ნაწილი ხარ.  რაც შეეხება პროფესიულად ამ სფეროში დაბრუნებას,  როცა ამ თემაზე ვფიქრობდი, სულ მინდოდა, რომ, ის, რასაც გავაკეთებდი, ყოფილიყო განსხვავებული პროექტი. სრულიად მოულოდნელად მივიღე  წინადადება ახალი ტელევიზიის დამფუძნებლისგან, ვახტანგ წერეთელისგან.  შემოთავაზება იმდენად განსხვავებული იყო,  რომ ამანაც განაპირობა  ჩემი დაბრუნება. 
– რატომ გააკეთეთ არჩევანი  სპორტულ ტელეკომპანიაზე?
– ეს არის სრულიად ახალი არხი, რომელიც აუცილებლად დაიკავებს თავის საკმაოდ დიდ ნიშას.  ეს არხი გახდება საყვარელი ყველასთვის,  ვისაც სპორტი უყვარს.  ამ არხზე არ იქნება ის, რასაც აქამდე იყო  მიჩვეული  ჩვენი მაყურებელი: არ იქნება  უცხოური თამაშების ტრანსლირება; სატელევიზიო ბადე შეივსება სრულიად ახალი, ქართული ტელეგადაცემებით, რომლებიც მიეძღვნება სპორტულ თემატიკას, პრობლემატიკას, ახალ თაობას, ცნობილ სპორტსმენებს. ჩემი მონაწილეობა ამ ყველაფერში საინტერესოა  იმ თვალსაზრისით, რომ სპორტი აქტუალურია არა მხოლოდ პროფესიონალებისა და ამ სფეროსთან დაკავშირებული ადამიანებისთვის, არამედ, ყველასთვის. როცა ჩავიხედე იმ პრობლემებში, რაც ქართულ სპორტს აქვს, მივხვდი, რომ ძალიან ბევრი საკითხია წამოსაწევი:  ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურა, მთავრობის, პარლამენტის, თვითმმართველობის ორგანოების  პასუხისმგებლობა...  ვფიქრობ, ეს პრობლემები ეხება საზოგადოებასაც და არაა ვიწრო ჯგუფის განსახილველი საკითხები,  რადგან, იმ მოედნებზე, რომლებიც ჩვენს უბნებშია და სადაც, მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, არა ერთი უბედური შემთხვევა ხდება,  ჩვენი შვილები თამაშობენ.  გადაცემები იქნება ძალიან მწვავე თემებზე  და განხილული იქნება ყველა რაკურსით:  პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ჯანდაცვის და ასე შემდეგ.  ტელეკომპანია მაუწყებლობას დაიწყებს  22 სექტემბერს. ჩემი თოქ-შოუ „თავისუფალი სექტორი“ ეთერში გავა კვირაში ორჯერ, თუმცა, ასევე აქტიურად ვარ ჩართული ტელევიზიის სტრატეგიისა და პიარის დაგეგმვაში. 
– ასე აქტიურად სპორტთან რამე კავშირი გქონიათ?
– არა, ეს  ჩემთვის იყო უცხო სფერო.  მთელი ჩემი სპორტული „მიღწევები” სპორტის სხვადასხვა სახეობის გულშემატკივრობით შემოიფარგლებოდა. სპორტულ ტელეკომპანიაში მუშაობა არის ახალი გამოწვევა. ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ, ასევე  უცხო იყო ჩემთვის პოლიტიკა, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროები, მაგრამ, ამ ყველაფრის გარკვევა და შესწავლა დაკავშირებული იყო ისეთ  დიდ აზარტთან, რომელიც ძალიან საინტერესო პროცესად იქცა.  
– შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ტელევიზიაში დაბრუნებას რა განცდები ახლავს და, რატომ იქცა ტენდენციად  პოლიტიკიდან  ისევ უკან, ტელევიზიებში დაბრუნება?
– განცდები, რა თქმა უნდა, მაქვს. როდესაც სტუდიის გაკეთება დავიწყეთ, ყველაფერში, ყველა დეტალში  ვიყავი ჩართული. ძალიან ლამაზი სტუდია გამოვიდა, მე არასდროს მიმუშავია ტელევიზიაში ამ სტადიაზე, ანუ, ყველგან უკვე გამართულ ტელევიზიებში მიწევდა მუშაობის დაწყება.  ვიცი, რომ პირდაპირი ეთერის ნერვიულობა და განცდები მელის წინ, მაგრამ, ეს მოლოდინი სასიამოვნოც კი არის (იცინის). შვიდი წელი მაქვს გატარებული ტელევიზიაში და ვიცი ამ განცდების ფასი. ჟურნალისტების დაბრუნება პოლიტიკიდან ტელევიზიებში,  რატომღაც, საკამათო საკითხად იქცა: ვიღაცეებს მოსწონთ ჟურნალისტების პოლიტიკიდან ისევ ჟურნალისტიკაში დაბრუნება, ვიღაცეებს – არა, მე კი ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს  აქვს არჩევნის უფლება და მისი არჩევანი გამომდინარეობს იმ გარემოებებიდან, რაც მის ცხოვრებაში ხდება. ჩემი პოლიტიკაში წასვლაც ხომ ნოემბრისა  და „იმედის” ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო მოხდა, თორემ, ალბათ, არც  არასდროს მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას.  რომ არ ყოფილიყო მარცხი 2012 წელს, ძნელი წარმოსადგენია ისევ ტელევიზიაში დავბრუნებულიყავი.
– პოლიტიკურმა მარცხმა, რომელიც თქვენმა პარტიამ განიცადა 2012 წლის არჩევნებზე, ვერ დაგიტოვათ კარგი საფინალო მოგონებები ქართულ პოლიტიკაზე     
– ასეც ვერ ვიტყვი. ხომ იცით,  დრო რომ გადის, ყველაფერს სხვანაირად აფასებ.  მარცხი ყოველთვის რთულია, მაგრამ, უნდა იცოდე მარცხთან გამკლავება. ეს არაა თამაში, რომელიც ან მოიგე, ან წააგე.  ფსიქოლოგიურად მყარი უნდა იყო, რომ ამას გაუძლო.  შესაბამისად, მე არ მქონია დეპრესიული პერიოდი – ეტყობა, გამობრძმედილიც ვიყავი. პირიქით, ახლა ხშირად ვფიქრობ, რომ, ადამიანური თვალსაზრისით იმდენად დიდი გამოცდილება მივიღე, რომ ამას ალბათ სხვაგან ვერსად მივიღებდი.  პოლიტიკას აქვს მძიმე კულისები, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მე ყოველთვის ნაკლები შეხება მქონდა ამ კულისებთან – ისე ხდებოდა, რომ მამაკაცებზე გადადიოდა მთელი დარტყმა და მეც ისეთ სფეროში ვიყავი ჩართული, მხოლოდ საქმიან რეჟიმში მიწევდა პრობლემებთან შეხება.
– თუმცა, ცუდად დაიშალა თქვენი გუნდი. დღეს როგორი ურთიერთობები გაქვთ  ყოფილ ლიდერებს?
– ცუდიც ბევრი მოხდა და კარგიც, მაგრამ, ის გუნდი, რომელიც იყო ამ პარტიის დამფუძნებელი, დარჩა მეგობრულ გუნდად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ  აქტიური  ურთიერთობები გვაქვს ერთმანეთთან, ვმეგობრობთ.  ძალიან ხშირად  ვნახულობ გიორგის, მით უმეტეს, როდესაც მედიაზეა საუბარი, მისი კონსულტაციები ჩემთვის შეუცვლელია. ის ნებისმიერ დროს მზადაა, მომცეს რჩევა და მეც დიდი სიამოვნებით მივმართავ ხოლმე.
– როგორ გაატარეთ ის ტაიმაუტი, რომელიც პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გქონდათ?
– სიმართლე გითხრათ, ისეთი დაძაბული იყო 2012 წელი, რომ, ალბათ, საჭიროც იყო  პროცესებისგან დისტანცირება, გვერდიდან შეხედვა, დასკვნებისა და აღმოჩენების გაკეთება.  ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში  განვახორციელეთ ის პროექტები, რაც ადრე  გვქონდა დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო უცხოურ ფონდებთან.  ჩვენ ვთანამშრომლობდით გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით,  თუმცა, ეს არ იყო ისეთი აქტიური რეჟიმი, როგორიც მქონდა წლების განმავლობაში.  მე ძალიან რთულ პერიოდში მომიწია პარლამენტში მუშაობა, ამიტომ,  ის, რომ ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მე არ ვიყავი საჯარო სივრცეში, კარგიც კი იყო ჩემთვის,  ასეც კი მერჩივნა. ვფიქრობ, რომ პოლიტიკა არის ჩემი წარსული – ამ ეტაპზე ეს ნამდვილად ასეა, თუმცა, ვაღიარებ – პოლიტიკამ ბევრი რამ შემძინა და გამამდიდრა (იცინის); კიდევ  იმასაც ვაღიარებ, რომ ეს ბოლო პერიოდი ძალიან კარგი იყო ერთი თვალსაზრისით – უფრო მეტი დრო აღმომაჩნდა ჩემი შვილისთვის და ამით ყველაზე მეტად ალექსანდრე იყო ბედნიერი – დედა სახლში დიდი ხნით მას თითქმის  არ ჰყავდა ნანახი; თუმცა, მანამდეც მაქსიმალურად ვდილობდი, რომ ალექსანდრესთვის მეტი დრო დამეთმო. უკვე  მოვიცალე მეგობრებისთვისაც და ნათესავებისთვისაც, რაც სულ მაკლდა – აბსოლუტურად მოწვეტილი ვიყავი ყველაფერს,  ახლა  კი ჩვეუელებრივი ცხოვრება დავიწყე. ძველ მეგობრებთან თინეიჯერული პერიოდი დამიბრუნდა.  პოლიტიკამ ბევრი რამ შეცვალა: უკვე მთლიანობაში აღვიქვამ ცხოვრებას; მაქსიმალურად შორიდან, განზოგადებულად ვუყურებ ბევრ რამეს და ერთი დღის გეგმებით  აღარ ვცხოვრობ (იცინის).
– საქმიან ცხოვრებაში დიდი სიახლე გაქვთ, პირად ცხოვრებაშიც ხომ არ გეგმავთ ახალ ამბებს?
– არა, პირად ცხოვრებაში ჯერჯერობით არ ვგეგმავ სიახლეებს, ამ მხრივ რაიმე საინტერესო არ ხდება.  ჩემი  მთავარი ადამიანი არის ალექსანდრე და ის მთლიანად ავსებს ჩემს ცხოვრებას.  ახლა ვაპირებ, ავისრულო დიდი ხნის სურვილი და დავიწყო სიარული ჩოგბურთზე.  ნამდვილი ფანი ვარ და, ახლა უხერხულიც კი იქნება, სპორტის რომელიმე სახეობით არ დავკავდე. ბილიარდიც მიყვარს, მაგრამ, ვერც ბილიარდს ვთამაშობ. რატომღაც, ისე მოხდა, რომ ბავშვობაში სპორტის არც ერთ სახეობაზე არ მივლია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი წინ მაქვს და  ეს დანაკლისი  უნდა ავინაზღაურო (იცინის).

скачать dle 11.3