როგორ დაქორწინდა 13 წლის წინ კოტე მათითაშვილი და რაში ახერხებს ის დღეს ცოლის დაჩაგვრას
უკვე რამდენიმე კვირაა, „რუსთავი 2-ზე“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამედიცინო შოუ The Doctors-ის ქართული ანალოგი – „ექიმები“ დაიწყო. პირველი გადაცემის ეთერში გასვლისთანავე ის საკმაოდ პოპულარული გახდა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი იმ ოთხ ექიმს მიუძღვის, რომლებიც, გარდა იმისა, რომ საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან, კარგი წამყვანებიც აღმოჩდნენ. ერთ-ერთი მათგანი პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილია, რომელიც „კარაპს მედლაინში“ მუშაობს და პლასტიკურ ქირურგ საშა კალანტაროვთან ერთად, ადამიანებს სილამაზესთან თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემას უხსნის.
კოტე მათითაშვილი: ჯერ კომფორტულად ვერ ვგრძნობ თავს, მაგრამ, ის პირველი სირთულეები, რაც კამერებთან მუშაობას უკავშირდებოდა, მგონი, გადავლახეთ. ტელესტუდია ექიმებისთვის ჩვეული გარემო არ არის – ხუთი კამერა, ამდენი პროჟექტორი, აუდიტორია, რომელიც იქვე ზის, ყურშიც იმდენი ინფორმაცია მოდის: ეს ცალკე უნდა თქვა, ტექსტი ცალკე უნდა გახსოვდეს, შენს საუბარს ადეკვატურად უნდა ადევნებდე თვალს – კომპლექსური თემაა. მგონი, ჩვევის ამბავია და ნელ-ნელა ვეჩვევით.
– როგორც ბევრ საქმეში, აქაც მნიშვნელოვანია, ვინ გიდგას გვერდით.
– ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, შეიძლება, ერთმა ადამიანმა მთელ გუნდში შეიტანოს დისბალანსი. საბედნიეროდ, ჩვენთან ამის ნიშანწყალი არ არის. ყველას თავისი ჯეროვანი ფუნქცია, პირობითი დატვირთვა აქვს, რითაც ერთმანეთს ვეხმარებით, ვფარავთ რაღაცეებს. როდესაც საპროდიუსერო გუნდი ადგენს თემას, მერე ჩვენ გვიგზავნიან, ვკითხულობთ, ვეცნობით ინფორმაციას. თუ სამედიცინო კორექტირებები არის შესატანი, ვაკეთებთ და ვაძლევთ რეკომენდაციას გარკვეულ თემატიკაზე. შემდეგ გავდივართ რეპეტიციას, სადაც ყველანი ვიკრიბებით. გადაცემის მოთელვა მიდის და შემდეგ ვწერთ. ამჟამად ასეთია რეალობა, თორემ, ზაფხულში ერთი თვე ვემზადებოდით პირველი გადაცემის ჩასაწერად.
– ეს საზაფხულო გეგმებსაც აგირევდათ.
– ზაფხულში იმდენად სწრაფად ვიმუშავეთ, რომ ჩვენი ძირითადი სამსახურებიდანაც მოვახერხეთ დასასვენებლად წასვლა და ცოტათი მოვწყდით საქმიანობას. თუმცა, დატვირთვაც იყო. რთულია, როდესაც ძირითად სამსახურს გვიან ამთავრებ, შემდეგ კი იქიდან სადღაც წასასვლელი ხარ, თან, უბრალოდ კი არ მიდიხარ, იქაც სამუშაო გაქვს და უნდა დაიხარჯო. მაგრამ ეს, გარკვეულწილად, ადრენალიანია, რომელიც თავიდან საკმაოდ დიდი დოზით იყო. 90-მდე ადამიანი ესწრება გადაცემას და თითოეული თვალი გიყურებს, როგორი გამოვა პროექტი, რამდენად წარმატებული იქნება. ყოველთვის დიდ მადლობას ვუხდით საპროდიუსერო გუნდს, ჩვენს პროდიუსერს დუდა გელოვანს, რომელიც პროექტს უდგას სათავეში. მთელი სატელევიზიო გუნდი გვამხნევებს – არ ინერვიულოთ, კარგები ხართ, ყოჩაღო! ეს მუდმივად არის და გუნდური მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დიდი სტიმულია ჩვენთვის.
– მოულოდნელი იყო ამ გადაცემაში წამყვანად შემოთავაზების მიღება?
– ნამდვილად მოულოდნელი იყო. ჩვენი დარგიდან გამომდინარე, ტელევიზიებთან გვიწევდა მუშაობა, მაგრამ, წამყვანად ტელესივრცეში მოულოდნელი იყო და საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. როგორც ვიცი, კონკურსიც დიდი იყო; თან, რაღაც კრიტერიუმებიც არსებობდა – მეტყველების სწრაფი უნარი უნდა გქონოდა, ასევე – იუმორი; არ უნდა იყო დაძაბული... ბევრი კომპონენტია, პლუს – პროფესიის დარგობრიობა. ალბათ, ჩვენ ეს დავაკმაყოფილეთ, შემდეგ უკვე მოსინჯვის საშუალება მოგვეცა და ამ შემთხვევაში უარის თქმა არ იქნებოდა სწორი.
– აქამდე როდისმე გიმუშავიათ თქვენთვის უჩვეულო გარემოში?
– არა, რადგან, წლების განმავლობაში ჩართული ვარ ამ საქმეში, წლებია, „კარაპს მედლაინში“ ვმუშაობ. ჩემი აქ ყოფნა კლინიკისთვისაც კარგია და მეც კომფორტულად ვგრძნობ თავს, ამიტომ, სხვა რაღაცეების ძიება არ დამიწყია. აქ იმდენად პროფესიონალური და კარგი გუნდია საშა კალანტაროვის ხელმძღვანელობით, რომლის ასისტენტიც ვარ, მის გვერდში ვდგავარ მუდმივად და მასთან მუშაობა ძალიან დიდი სიამოვნებაა, რომ, აზრად არ მომსვლია, სხვაგან წავსულიყავი სამუშაოდ; რამის ძებნის სურვილი არც მქონია და არ დამიგეგმავს. ტელევიზია იყო აბსოლუტურად სხვა მიამრთულება და ამიტომაც არ მითქვამს უარი.
– და, ერთგვარი გამოწვევაც არის, ადამიანური თვალსაზრისით.
– ადამიანურ ფაქტორებზე რომ ვიმსჯელოთ, არის გამოწვევა – საკუთარ თავს ამოწმებ. მე მახასიათებს აგრესიული და ძლიერი ჟესტიკულაცია და როცა ჩემს თავს ასეთს ვხედავ ეკრანზე, დიდად არ მომწონს. ამიტომ, ვცდილობ, ამაზე ვიმუშაო. სახის მიმიკები, რომელსაც ჩვეულებრივ ურთიერთობაში ემოციურად გამოხატავ, იქ ნაკლებად უნდა გამოხატო. საკუთარი ქმედებების ანალიზი გვაძლევს თვითდახვეწისა და სრულფასოვნებისკენ ნაბიჯების გადადგმის საშუალებას.
– ყველას ხალათი აცვია, თქვენ გარდა.
– როგორც ამერიკულ პროექტშია – პლასტიკურ ქირურგს ჩვეულებრივი სამოსი აცვია, აქაც ასე გადაწყვიტეს. პროექტის მოთხოვნა იყო ასეთი და ამიტომაც მაცვია პიჯაკი. ჯერჯერობით მე ვარჩევ გარდერობს, მაგრამ, იქიდანაც არის რეკომენდაციები: უნდათ, რომ ცოტა მკაცრი სტილის იყოს. ძალიან მკაცრი სტილი ჩემი ასაკისთვის ადრეა, ცოტა კლასიკური უნდა იყოს, ცოტა – თანამედროვე და, მოკლედ, ამაზე არის გარკვეული შფოთვა-ღელვა. ჯერჯერობით გარდერობში ცვლილებების შეტანა არ დამჭირვებია, რადგან, როგორც ადამიანების უმრავლესობას, მეც მიყვარს კარგად ჩაცმა, შესაბამისად, რესურსი მყოფნის.
– როგორია ოჯახის წევრების შეფასებები, ხომ არ გაკრიტიკებენ?
– პოზიტიურად აფასებენ, არ მაკრიტიკებენ. მეუღლესთან და შვილებთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, რომ ერთმანეთს არც ერთ შემთხვევაში არ განვიხილავთ კრიტიციზმით. პირიქით, ყოველთვის პოზიტივს ვუზიარებთ ერთმანეთს. ყველანაირად წახალისებული ვარ, რადგან, ატყობენ, რომ განვიცდი და მინდა, რომ კარგი, საინტერესო გამოვიდეს. შესაბამისად, გვერდში მიდგანან.
– არჩევანი მოგიწონეს?
– თავიდან გაუკვრიდათ: შენ თუ კიდევ ტელევიზიაში ივლი, საერთოდ არ გექნება დრო, ვეღარ გნახავთო. პატარა პროტესტიც იყო – ისედაც ცოტა დრო გაქვს და ახლა ამაზე უნდა დახარჯოო.
– რამხელა შვილები გყავთ?
– ორი ბიჭი მყავს: 12 და 10 წლის. მოწადინებული, ცხოვრებას ჩაბღაუჭებული ბიჭები არიან, კარგად სწავლობენ, განათლებას იღებენ, ენებს სწავლობენ.
– როგორ დაიწყო თქვენი და თქვენი მომავალი მეუღლის ურთიერთობა?
– ცამეტი წელია, დაოჯახებულები ვართ. ჩვეულებრივად დაიწყო, ისე, როგორც თბილისში ხდება – საერთო სამეგობრო წრეში გავიცანი, დავმეგობრდით, შეგვიყვარდა ერთმანეთი და დავქორწინდით. ისიც ძალიან კარგი იყო და მეც კარგად მივუდექი. განსაკუთრებული „ხრიკების” გამოძებნა არც ერთს არ დაგვჭირვებია, ყველაფერი ბუნებრივად, გულით, სიხარულით მოხდა. ჩემზე შვიდი წლით უმცროსია, უფრო მეტად ენერგიულია დღევანდელ რეალობაში, უფრო მეტად მიდგას გვერდში: აბა, შენ არ დაიღალო, ამას მე მივხედავო – მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. დიპლომატიურ სამსახურში მუშაობს, სამედიცინო თემებთან არ აქვს არანაირი შეხება, ისევე, როგორც ჩემი ოჯახის წევრებიდან არავის ჰქონია ამ დარგთან კავშირი. პატარა ვიყავი, როდესაც მედიცინის შესწავლა მოვინდომე და, ჩემით, ნელ-ნელა, ჭიდილით განვავითარე. მეოთხე-მეხუთე კურსზე დავიწყე პლასტიკურ ქირურგიაზე ფიქრი. 1998 წელს „კარაპს მედლაინი“ ჩამოყალიბდა, იქ დავიწყე მუშაობა, უკვე ათი წელია, მე და საშა ერთად ვიბრძვით ამ დარგში და, მგონია, საკმაოდ წარმატებულადაც.
– თავად თუ იცავთ ცხოვრების აქტიურ, ჯანსაღ წესს?
– ძალიან მიყვარს ჩოგბურთი, თხილამურებით სრიალი, ცურვა, დილით კუს ტბაზე სიარული. თუ კარგი ამინდია, ღამის 11 საათზე შეიძლება წავიდე ჩოგბურთის სათამაშოდ. ჩემი მეუღლეც თამაშობს და ერთად დავდივართ ხოლმე. თოვლი რომ მოვა, გუდაურში წავალთ – ესაა, რაც განტვირთვაში მეხმარება. ბუნება მიყვარს, მოგზაურობა და მთელი ოჯახი დავდივართ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
– ჩოგბურს ვინ უფრო წარმატებით თამაშობს, – თქვენ თუ მეუღლე?
– ვჩაგრავ მეუღლეს. სხვა რამეში პარიტეტული თანასწორუფლებიანობა გვაქვს, სხვა ურთიერთობებში არ ვჩაგრავ.
– თხილამურებით სრიალი ცოტა სახიფათო არ არის თქვენთვის?
– სამი წლის წინ მე და ბატონმა საშამ გადავწყვიტეთ, თხილამურებზე დავმდგარიყავით. ორი ქირურგი ვართ, ორივემ კარგად ვიცით რისკები – ტრავმის მიღება ძალიან მძიმეა კარიერისთვის, მაგრამ, ორივე, „გამოვძვერით” იმით, რომ, პირველ ჯერზე მუხლები ამოვიგდეთ; თან, ერთ პერიოდში დავიწყეთ სწავლა და ერთ პერიოდში დაგვემართა ორივეს, თუმცა, ფეხზე დგომის უნარი არც ერთს არ დაგვიკარგავს, ნელ-ნელა დავხვეწეთ და ახლა უკვე აზარტში ვართ. მუხლის ამოვარდნამ უცებ გაიარა, მაგრამ, თუ რაღაცას მოიტეხ, ეს ძალიან ცუდი იქნება. 24 საათი ფეხზე დგახარ, მუშაობ: ხელებიც საჭიროა, ფეხებიც და ყველაფერიც, ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ვუფრთხილდებით თავს.