კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არსებობს თუ არა „საგარეო ქართველობა“, ლევან ბერძენიშვილის აზრით და რატომ ავლენს თავის საუკეთესო თვისებებს ქართველი ციხეში

მასთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა... დარწმუნებული ვიყავი, რომ ბატონ ლევან ბერძენიშვილს ქართველობაზეც ორიგინალური მოსაზრება ექნებოდა, თუმცა ცოტათი მაინც მოახერხა ჩემი გაოცება და მასთან ერთად „სერიოზული აღმოჩენა“ გავაკეთე. თურმე, ხაჭაპური იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე აქამდე მეგონა... დანარჩენს კი ინტერვიუში წაიკითხავთ...

ლევან ბერძენიშვილი: ეროვნება უფართოესი ცნებაა, რომელშიც უამრავი ელემენტი იგულისხმება. ეს არ არის მხოლოდ პასპორტში ჩანაწერი, რომელი სახელმწიფოს მოქალაქეა ადამიანი, ასევე ეთნიკური წარმომავლობა, რაც ზოგჯერ ერთი და იგივე არ არის. ეროვნულობა არის უფრო მაღალი ცნება, ვიდრე ეთნიკური წარმომავლობა. ჩვენ შემთხვევაში თანხვედრა არის. გარდა ამისა, ეროვნება მოიცავს ისეთ რთულ ელემენტებს, როგორიცაა კულინარია, ენა, ისტორია, სოციალური და კულტურული მეხსიერება.
ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რომ ადამიანი ჯერ არის ქართველი და მხოლოდ შემდეგ შეიძლება, იყოს მსოფლიო მოქალაქე. ეს საკითხი კარგად ჰქონდა გარკვეული ვაჟა-ფშაველას. ასევე, თუ ადამიანს ქართული გვარი აქვს, თავს ვალდებულად არ მივიჩნევ, ქართველად ჩავთვალო. მაგალითად, რუსი მწერალი აკუნინი, წარმოშობით ქართველია. ჩხარტიშვილია გვარად და ზესტაფონშია დაბადებული. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ხასიათიც გამოავლინა, ქართველი მწერალი მაინც არ არის. არც ოლეგ ბასილაშვილია ქართველი. თუმცა, ეთნიკურად ორივე ქართველია, „ეროვნება – ქართველი“ მათზე არ ითქმება. ქართველები იყვნენ ჯონ მალხაზ შალიკაშვილი და მისი ძმა, მაგრამ „ეროვნება – ქართველი“ მათთვისაც არ იყო მორგებული. სიტყვა „ქართველი“, უპირველესად, ნიშნავს საქართველოს მოქალაქეს. ეთნიკური ქართველები, ეთნიკური სომხები, ეთნიკური აზერბაიჯანელები, იეზიდები, ებრაელები... – ყველანი ვართ ქართველები და საქართველოს მოქალაქეები.
– რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენი ეროვნულობა?
– დავიწყოთ იმით, რომ ყველა მოქალაქე პასუხისმგებელია თავისი სახელმწიფოს წინაშე. მე, მაგალითად, ისევე ვარ ვალდებული დავიცვა ჩემი სამშობლო, როგორც ჩემი სომეხი თანამოქალაქე. ეს მისი სამშობლოც არის და ჩვენ ქართველები ვართ ამ თვალსაზრისით. ანუ, ეთნიკური ქართველობა, მოქალაქეობა და ეროვნება არის სხვადასხვა. მაგრამ საქართველოში სამოქალაქო განათლების ძალიან დაბალი დონეა და ხშირად ერთმანეთში ურევენ ეთნოსსა და ეროვნებას. მე, რაც შემეხება – მიყვარს ქართული ეთნოსიც, ქართული ხაჭაპურიც და ქართული სახელმწიფოც.
რაც შეეხება სისხლის სიწმინდეს – იმ ქვეყანაში, სადაც სამცოდაათზე მეტი ეთნოსის წარმომადგენელი ცხოვრობს, სულ ცოტა სამი ათასი წლის სახელმწიფოებრიობაა და სადაც გაიარ-გამოიარა მთელმა მსოფლიომ, ამის ძიება მაგარი სისულელეა. საქართველოში თქვენ ვერ იპოვით ძირძველ ქართველებს, რომლებიც პირდაპირ ზეზვას და მზიას შთამომავლები იქნებიან და სხვათა შორის, ორივე ზეზვა აღმოჩნდა (იცინის)...
ახლა რა არის ქართული ეთნოსისთვის დამახასიათებელი – ჩვენ გვიყვარს ღვინო, დუდუკი, ქალები, სამშობლო, ლექსები სამშობლოზე და ძალიან გვიყვარს დედა. ცნობილია ანეკდოტებიც ამ თემაზე. ქართველს რომ ჰკითხავენ, ცოლი უფრო გიყვარს თუ საყვარელიო, პასუხი არის – „დედა“. ქართველებს გვახასიათებენ, როგორც ძალიან „მსუბუქ“ ხალხს, მაგრამ არ არის მართალი. სტერეოტიპები ნელ-ნელა ინგრევა. „ქართველი არის ზარმაცი!“ – მე გეტყვით. ილია ჭავჭავაძე იღვიძებდა დილით ადრე, შრომობდა მთელი დღე, არ იძინებდა და ისევ შრომობდა. გამოდის, რომ ის არ ყოფილა ქართველი... სინამდვილეში, ქართველებს არ ახასიათებთ სიზარმაცე ზოგადად. არსებობენ ზარმაცი ქართველები და არაზარმაცი ქართველები. ისევე, როგორც ნიჭიერი ქართველებიც არიან და უნიჭოებიც. ეთნიკური თვალსაზრისით, ქართველები სხვა ენთოსებისგან რაიმე განსაკუთრებული ნიშან-თვისებებით არ გამოირჩევიან. შეხედულება მათ განსაკუთრებულ გულუხვობაზე, რაინდობაზე და ასე შემდეგ... სტერეოტიპია და პირობითი. თუმცა, არის რაღაც, რის მიმართ ერთგულებაც გვევალება. მაგალითად, ეთნიკური ქართველების უმრავლესობას უყვარს ყველი. ხოლო ყველაზე პოპულარული ქართული საკვები არის ხაჭაპური. ხინკალი, ქაბაბი და მწვადიც ბევრს უყვარს, მაგრამ მთელ საქართველოში არ არის თანაბრად განაწილებული. აი, ხაჭაპური კი ყველაზე ნაციონალურია. ანუ შეიძლება, ადამიანმა დაკარგოს ენა, მაგრამ ეთნიკურად თავს მაინც გრძნობდეს ქართველად, სანამ ხაჭაპური მოსწონს (იცინის).
– ანუ, ხაჭაპური ყოფილა ქართველობის მთავარი იდენტიფიკატორი...
– ხაჭაპური თუ არ მოსწონს კაცს, ის უკვე აღარ არის ეთნიკურად ქართველი, ისევე, როგორც, თუ „სუჯუხი“ არ მოსწონს სომეხს, ის ეთნიკურად სომეხი ვეღარ იქნება.
კულინარიაში ქართველებს კიდევ უყვართ ქინძი. ერთხელ ლია სტურუამ ლექსი დაწერა, რომელშიც ბებია ისე აღწერა, რომ ქინძის სუნს „მიაბა“ და ეს მართალია. ბებიას უნდა ჰქონდეს ქვასანაყისა და ქინძის სუნი...
– თუ ლობიოს არ აკეთებ, ქინძი რა საჭიროა?!
– თქვენ, ეტყობა, არ ხართ ქინძში კარგად გარკვეული (იცინის). ქართველები ქინძს უმატებენ ყველა კერძს, ისე, როგორც რუსები – კამას. ქინძისადმი, ყველისადმი და ხაჭაპურისადმი დამოკიდებულებაში ვლინდება ჩვენი ეთნიკურობა. ხაჭაპური მაინც იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქართველისთვის, რომ მან სერიოზულ განვითარებას მიაღწია. შეიქმნა აჭარული ხაჭაპური; მერე მისი ცომგამოცლილი ვერსია. შემდეგ უკვე ზომების მიხედვით მოხდა მისი კლასიფიკაცია. წეღან დავაფიქსირე სხვადასზვა ზომის აჭარული ხაჭაპური. დიდიდან დავიწყებ – „ტიტანიკი“ – სამკვერცხიანი; „სამეფო“ – ორკვერცხიანი; „დიდი“ – ერთკვერცხიანი; „საშუალო“, „პატარა“ და „საბავშვო“ (იცინის). გარდა ამისა, სამარხვო აჭარული ხაჭაპურიც გაჩნდა. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ეთნიკური სული ცოცხალია.
– და ის ხაჭაპურშია?
– ასე გამოვიდა. იმიტომ, რომ ხაჭაპურში თავმოყრილია ორი დიდი კულტურა – მეცხოველეობა და მიწათმოქმედება. ეს კულტურები ხაჭაპურში გადაიკვეთა და ამიტომ, ის ყველაზე ნაციონალური კერძია. თანაც, ხაჭაპური უყვართ არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს და ასევე, საქართველოს სტუმრებსაც. ქართველებს კიდევ მოგვეწერება, რომ გვიყვარს ქალები...
– თანაც, ჩრდილოეთის ბინადარი ქალბატონები.
– დიახ, ივო ვერსია, რომ რუსი, უკრაინელი, ბელორუსი, ლიტველი, ლატვიელი, ესტონელი და ფინელი ქალებიც კი, გიჟდებიან ქართველ მამაკაცებზე. ქართველი მამაკაცი, ასე ვთქვათ „ხარისხის ნიშნით“ იყო აღბეჭდილი. მერე სექსში სხვებმა შეგვცვალეს, უფრო მაგრებმა. კი ვტრაბახოდით, სწორედ ამით რომ ვიყავით მაგრები, მაგრამ სინამდვილეში, მხოლოდ პატივისცემისა და ჭამა-სმის არდაკლების ხარჯზე გავდიოდით იოლად. ჩვენ გვერჩივნა, ათასი დაგვეხარჯა ქალზე, ოღონდ ფული არ მიგვეცა. რადგან ეს სირცხვილად იყო მიჩნეული. იმ ქალებსაც მოსწონდათ: „ჩემო ქალღმერთო“, ყვავილები და უხვი სუფრები. ერთი სიტყვით, შესანიშნავად გაუგო სამხრეთულმა ეთნიკურმა მამაკაცურმა გაგებამ და ჩრდილოელი ქალის ბუნებამ. სხვათა შორის, ქართველი ქალები დღემდე ეჭვიანობენ ამაზე. თუმცა, რეალურად, ეთნიკურად ქართველ მამაკაცს ძირითადად მოსწონს და უნდა ეთნიკურად ქართველი ქალი. მთელი რეგიონები გვაქვს, სადაც რეგიონის ფარგლებს გარეთ არ უნდა გავიდეს სიყვარულის ამბავი. მაგალითად, მეგრელი მამა შვილს არ ელაპარაკება იმიტომ, რომ მან გაბედა და ქართლელი ქალი შეირთო ცოლად... ეს მისთვის დიდი ტრაგედიაა. თუმცა, მე რომ მეგრელი მოვიყვანე, ჩემი ოჯახი ამით არ დაინგრა და არ გადაირია, მიუხედავად იმისა, რომ გურული გახლდით. აი, სხვა ქვეყნის მოქალაქესთან ოჯახის შექმნაზე ჩვენი საზოგადოება ჯერჯერობით ღელავს. მაგრამ, სიყვარულს ვერაფერი დაუდგება წინ და ნელ-ნელა ეს ყველაფერი შეიცვლება.  თუმცა, ოცი წელი მაინც დასჭირდება კულტურის, ეთნოსის, მოქალაქეობის ერთმანეთისგან გარჩევას. საყვარელი სხვაა, ოჯახი სხვაა, სექსი სხვაა...
– თანხვედრაც ამ ყველაფრისა დიდი ხანი არ იქნება?
– როგორ არ იქნება, კაცო. მე, მაგალითად, მშვენიერი თანხვედრა მაქვს ოჯახში და არანაირი პრობლემა არ არის. სექსუალური რევოლუცია მაინც მოხდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლავე ყველა მივუშვათ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამერიკაში – შიდა მხარეში, „ქალიშვილობის ინსტიტუტი“ ისევ არსებობს, როგორც საქართველოში. ოღონდ პრაქტიკაში უფრო  ნამდვილია. ამ თვალსაზრისით, ცოტა ფარისევლური ქვეყანა ვართ. ჩემი სტატისტიკით, 16-17 წლის ასაკში რუსეთში უფრო მეტია ქალიშვილი, ვიდრე საქართველოში. იმიტომ, რომ მოსკოვისა და პეტერბურგის გარდა, კიდევ არის რუსეთი – 150 მილიონი კაცი, სადაც კაცი, უბრალოდ, არ არის ან არის და ბავშვობიდან სვამს... ამიტომ, ჩვენი ეთნიკური ნიშანი ქალიშვილობა ვერ იქნება. ვერც ხელგაშლილობა იქნება, იმიტომ, რომ საქართველოსთანა გაჭირვებულ ქვეყანაში უფრო მეტ წუწურაქს და ხელმოჭერილ ქართველს შეხვდები, ვიდრე ხელგაშლილს. ჩვენი დამახასიათებელი, ეთნიკური ნიშანი არის საგარეო და საშინაო განსხვავებულობა. მაგალითად, როდესაც ქართველი კაცი მიდის გასვენებაში ან ქორწილში, ის განსხვავდება საკუთარი თავისგან ჩაცმულობით და ჯიბეში აუცილებლად ედება ძვირიანი სიგარეტი. თუმცა, ეწევა ყველაზე იაფფასიანს. პიჯაკიც შეიძლება, ინათხოვროს. ეს ძველი დროიდან ასეა. მამაჩემის მთელ კურსს ერთი პიჯაკი ჰქონდა, ყველამ მომავალი ცოლი ამ პიჯაკში გაიცნო და იქორწინა.
– ანუ, შეფუთვას ვაქცევთ დიდ ყურადღებას?
– დიახ. საქართველოში, ყველა ვცდილობთ რომ საუკეთესოდ „შეფუთულები“ ვიყოთ. ამ მხრივ, ერაეთნიკური ქართველებიც ჩვენს ყაიდაზე გარდავქმენით. კახეთში შედარებით ნაკლებად შეინიშნება ეს, მაგრამ დასავლეთში უმაღლეს დონეზეა. ერთი ტანმორჩილი ახლობელი მყავდა, რომელიც იაპონელს დაუმეგობრდა. იმან სთხოვა, მოდი, სურათი გადავიღოთ, რომ ჩემს იაპონელ ახლობლებს ვაჩვენოო. ქართველი ხომ სტერეოტიპით ყველა დავით აღმაშენებელი უნდა იყოს. მოიცაო! – გაიქცა, მოძებნა ქუჩაში კალაბურთელი და უთხრა, ამასთან გადაიღე სურათი, იაპონელებმა არ იფიქრონ, რომ ქართველები დაბალი ხალხი ვართო (იცინის). ნამდვილი ამბავია. ისიც ვიცი, რომელ კალათბურთელთან გადაიღო სურათი იმ საწყალმა, თვითონაც ტანმორჩილმა იაპონელმა.
სტერეოტიპის მიხედვით, იდეალურ ქართველს უნდა ახასიათებდეს შემდეგი სამი თვისება, ანუ, რას ვუთვლით ჩვენვე ქართველს ღირსებად. როგორები ვართ სინამდვილეში, ეგ სხვა თემაა. აუცილებელია, ქართველი ხელგაშლილი იყოს. შესაბამისად, ძალიან ბევრი ქართველი მოღვაწე, არ გამოდის იდეალურად ქართველი. არ მინდა, ახლა კონკრეტულად დავასახელო. მეორე – იდეალური ქართველი უნდა იყოს ქალის პატივისმცემელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მექალთანე უნდა იყოს. რაინდობაზეა საუბარი. მესამე – ჭეშმარიტი ქართველი აუცილებლად უნდა იყოს უდარდელი და არ უნდა წუწუნებდეს. ამ მხრივ, მე იდეალური ქართველი ვარ. როცა უნდა მკითხო, როგორ ხარო, გეტყვი, ტანკივით, ანუ არ მაქვს პრობლემა-მეთქი. ეს არის მოთხოვნილი და ასეთი ქართველია იდეალური. ასე რომ, ქართველების ძალიან დიდი ნაწილი აცდენილია იდეალს. ისინი დაუნდობლები არიან თავისზე სუსტების მიმართ, რაც არ ესმით, იმის მიმართაც. წუწუნებენ სამარცხვინოდ, ქვეყანაში რაინდობა სერიოზული პრობლემაა და მიუხედავად იმისა, რომ „გიჟვრაცუების“ სახელი გვაქვს, ძალიან დარდიანი, მოწყენილი, სევდიანი ხალხი გახლავართ. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი კაცი თავის საუკეთესო თვისებებს ციხეში ავლენს. რავა ვთქვა, მაგრამ მიშა სააკაშვილი შეიძლება, მართალი იყო, ქართველების დიდი რაოდენობა ციხეში  რომ გამოკეტა (იცინის).

скачать dle 11.3