რამ დააბრუნა ქართველი ამერიკელი მიშა ცინაძე საქართველოში და ვინ „აკლია” ნიუ-იორკში მას გვიან ღამით რას სთავაზობს ქართულ-ამერიკული კომპანია S-CAD Group Georgia დასაქმების მსურველებს
ქართულ-ამერიკული კომპანია S-CAD Group georgia სამ წელიწადზე მეტია, რაც საქართველოში ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელია ამერიკის მოქალაქე მიშა ცინაძე, რომელსაც საინტერესო ემიგრანტული ისტორია აქვს. მან ამერიკაში წარმატებული ბიზნესის ქართულ რეალობასთან შერწყმით, თბილისში მაღალი სტანდარტის ოფისი შექმნა, სადაც დასაქმების მსურველებს საინტერესო, მაღალანაზღაურებად პროექტებს სთავაზობს. აქ ამერიკული პრინციპი „მუშაობს“ – ბოსის მიერ საკუთარ თავზე გამოცდილი და განვლილი, რის შესახებაც ჩვენი რესპონდენტი თავად გიამბობთ.
– ბატონო მიშა, ამერიკაში წარმატებული ბიზნესის მფლობელმა, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში გადმოსვლა და თქვენი საქმინაობის აქ გაგრძელება?
– ამერიკაში 90-იან წლებში წავედი. ემიგრანტის ხვედრი იოლი არსადაა, მაგრამ თუ მზად ხარ იმისთვის, რომ გადალახო ყველა ბარიერი ცხოვრებაც აღარ არის რთული. ამერიკაში ჩასულს დამხვდა ჩემთვის აბსოლუტურად უცხო და სხვა სამყარო, ის, რასაც ნამდვილად არ ველოდებოდი, თუმცა გავიდა წლები და მე შევძელი გამეკეთებინა საკუთარი წარმატებული კომპანია. თბილისში პირველად მაშინ დავბრუნდი, როცა დედა გარდამეცვალა. 14 წელი იყო გასული, იმდენად დიდი განსხვავება აღმოვაჩინე იმ თბილისს, რაც მე დავტოვე და იმ თბილისს შორის, სადაც მე დავბრუნდი, რომ არ დაგიმალავთ, სიხარულისგან ვიტირე კიდეც. დავინახე, რომ მკვეთრად იყო გაუმჯობესებული ეკონომიკური, პოლიტიკური, კრიმინალური სიტუაცია, მოქალაქეობრივი შეგნება. ქვეყანა იყო განვითარების ისეთ ეტაპზე, რომ უკვე შეიძლებოდა ფიქრის დაწყება სტაბილურ ბიზნესზე. ამერიკაში ჩემს კომპანის ვერ მივატოვებდი, გავაკეთე მისი ქართული წარმომადგენლობა S-CAD Group Georgia, რომელიც უკვე სამ წელიწადზე მეტია, თბილისში ფუნქციონირებს. კომერციული ინტერესი ერთია, მეორე ძალიან დიდი ფაქტორი აღმოჩნდა ის ემოციები, რაც ყველა ქართველს აქვს, რა დროითაც არ უნდა იყოს წასული თავისი ქვეყნიდან. რა წარმატებებსაც არ უნდა მიაღწიო სხვაგან, შენს ქვეყანაში წარმატებას მეტი ფასი აქვს. სულ მენატრებოდა ჩემი სამშობლო, მეგობრები, ნათესავები, როგორც კი აქ ჩამოვედი, ამ ემოციებმა „გაიღვიძა” (იცინის). ორი შვილი მყავს. უფროსი გოგონა, ნათია პატარა იყო, როცა მე და ჩემმა მეუღლემ თან წავიყვანეთ, უმცროსი ნოდო ამერიკაში დაიბადა. რაც არ უნდა კარგად და კომფორტულად ცხოვრობდე სხვაგან, შვილებმა უნდა იცოდნენ თავისი ძირი, უყვარდეთ თავისი სამშობლო. ჩემი შვილები ქართულად ისე კარგად ლაპარაკობენ, ვერც კი წარმოიდგენთ, სხვაგან რომ ცხოვრობენ. ჩვენ სულ წასვლა-წამოსვლაში ვართ საქართველო-ამერიკას შორის. წელიწადში რამდენჯერმე გვიწევს ჩასვლა იქით. უფროსი შვილი, ნათია გადმოვიდა თბილისში და ბიზნესის წარმოებაში მეხმარება. უმცროსი ამერიკაში სწავლობს, თბილისში ყოველ წელს ჩამოდის, მოიარა მთელი საქართველო, შეისწავლა ქართული კულტურა, ჰყავს მეგობრები, უყვარს აქაურობა. თავიდან აკვირვებდა თბილისური ამბები, მაგრამ მერე ნელ-ნელა შეეჩვია.
– თქვენ როგორ შეეჩვიეთ ამერიკული ცხოვრების შემდეგ, აქაურ წესს?
– თავიდან, როცა აქ ახალი ჩამოსული ვიყავი, მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა. ეს იყო იქაური წესრიგი. აქ კი ვიღაც ისე აგირევს რეჟიმს, წესსა და რიგს, თვალს არ დაახამხამებს. ტელეფონის ბარათის საყიდლად შევედი ოფისში, პატიოსნად რიგში დავდექი, სამი კაცი მაინც წავიდა ჩემ წინ, ურიგოდ. რაც უფრო მეტხანს ჩამოვდივარ აქ და დიდხანს ვრჩები, უფრო მეტად ვეგუები ყველაფერს. ახლა ძველებურად აღარ მაბრაზებს, რატომ მომადგა ვიღაც ღამის თერთმეტ საათზე დარეკვის გარეშე, რატომ მღერის ვიღაც ღამით ქუჩაში და რატომ მაღვიძებს (იცინის). ახლა ვიცი, რომ ეს არის კულტურის ნაწილი და როცა ამერიკაში ვარ, უკვე აქაურობაც მენატრება – ღია, გახსნილი ურთიერთობები, რაც თბილისში მაინც სხვანაირია და იმ მთვარლი კაცის სიმღერაც. იმღეროს, რა ვქნა, მთავარია, ვინმეს რამე არ დაუშავოს (იცინის).
– რას საქმიანობს თქვენი კომპანია და რას სთავაზობს მათ, ვისაც დასაქმების სურვილი აქვს?
– კომპანია S-CAD Group Georgia არის საინჟინრო-მხაზველობითი კომპანია, რომელიც მთლიანად მუშაობს ამერიკულ შეკვეთებზე, ჩვენ გვაქვს შეკვეთები ამერიკიდან, კანადიდან, გერმანიიდან, ვმუშაობთ კერძო სახლების, კომერციული ოფისების, დიდი ჰოსპიტლების დაპროექტებაზე, ინტერიერის დიზაინზე, პროდუქცია, ტექნიკური ნახაზები მზადდება საქართველოში და იყიდება ამერიკულ ბაზარზე. ამერიკაში ჩვენი პროფესია ძალიან მოთხოვნადია. სამწუხაროდ, საქართველოში კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობაა. საქართველოში რომ ჩამოვედი, ვეძებდი დასაქმების მსურველთა სპეციალიზებულ ბაზას, რომელსაც ამერიკაში „უმუშევრობის ოფისს” უწოდებენ. იქ რეგისტრირებული არიან პროფესიონალები, ზოგი უმუშევარი, ასევე, ისეთებიც, ვინც მუშაობენ, მაგრამ სხვა სამსახურს ეძებენ. ვფიქრობდი, რომ ასეთი ბაზა აქაც არსებობდა. თუმცა, ისეთი ბაზა, რომელზეც დამსაქმებელს მიუწვდება ხელი, ვერ აღმოვაჩინე. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ჭირდა მაღალი კვალიფიკაციის კადრი, ჩვენი კომპანიის ბაზაზე გავხსენით სასწავლო საკვალიფიკაციო ცენტრი, სადაც ჩვენ თვითონ დავიწყეთ კვალიფიციური კადრების გადამზადება, ვასწავლით პროგრამა „ავტოკადს.” სასწავლო ცენტრის ყველაზე მოტივირებული და წარმატებული ადამიანები ჩვენთან საქმდებიან. მე სხვის მომზადებულ კადრსაც სიამოვნებით მივიღებ, მაგრამ ვერ ვიპოვე, ბატონო (იცინის). არა და ვიცი, რამდენი ნიჭიერი, ტექნიკური განათლების ადამიანია დაუსაქმებელი და საკუთარ შესაძლებლობებს ვერ იყენებს – „გეპეის” ტექნიკური სპეციალისტების მომზადების დიდი ბაზა ჰქონდა, ასეთივე ბაზა ჰქონდა სამხატვრო აკადემიას გარკვეულ სპეციალობებზე. ეს ხალხი ხომ საქართველოშია დღესაც. ქართველები ძალიან ნიჭიერი, განათლებული, შრომისმოყვარე ხალხი ვართ. ჩვენ მზად ვართ, დავასაქმოთ უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ვასაქმებდით აქამდე, რადგან 2015 წელს ძალიან ბევრი დიდი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. კომპანიაში დანერგილია თანამშრომლობის მაღალი სტანდარტი – ხარისხი, დისციპლინა, ეტიკეტი. კომპანიის ყველა თანამშრომელს აქვს უფასო და მაღალი ხარისხის სამედიცინო დაზღვევა. ყველა ხარჯს კომპანია უზრუნველყოფს 100 პროცენტით, თანამშრომლებს ვუნაზღაურებთ შვებულებას, ეგრეთ წოდებულ „ავადმყოფობის დღეებს”. მე კარგად მესმის, რას ნიშნავს დაქირავებული მუშაკის უფლებების დაცვა. მას, ვინც დასაქმდება ჩვენს კომპანიაში, ექნება მზარდი ხელფასი, დამოკიდებული მის გამოცდილებაზე, შრომით ჩვევებზე, პასუხისმგებლობის გრძნობაზე. კომპანიას აქვს ჰუმანიტარული აქციები სოციალურად დაუცველი და უნარშეზღუდული ადამიანებისთვის. თუმცა, აქ კონკრეტიკაზე საუბარი უხერხულად მიმაჩნია.
– კიდევ რა პროფესიულ უნარ-ჩვევებს უნდა ფლობდეს ადამიანი, თქვენთან დასაქმება რომ შეძლოს?
– ეს არაა განსაკუთრებული უნარები. მთავარია, მას ჰქონდეს კარგი ტექნიკური განათლება. კომპანია ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის, მზარდი ანაზღაურებით იწვევს მაღალი კვალიფიკაციის მხაზველებს, ინჟინრებს, ტექნიკური სფეროებით დაინტერესებულ პირებს. ვაკანსიების დასაკავებლად სასურველია, ადამიანმა იცოდეს კომპიუტერული პროგრამა „ავტოკადი“, ჰქონდეს ავეჯთან მუშაობის ან ავეჯის დაპროექტების გამოცდილება; იმპერიული განზომილების სისტემის ცოდნა; ზოგადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ოფისი, აკრობატი). მათ, ვისაც აქვთ გამოცდილება საინჟინრო სფეროში აღარ სჭირდებათ გადამზადება, დავასაქმებთ, მათ კი, ვისაც სჭირდებათ გადამზადება, ამისი საშუალება ექნებათ ჩვენს ცენტრში, ისინი აქვე გაივლიან საწარმოო პრაქტიკას. მათ ექნებათ კარგი ცოდნა და გამოცდილება, რაც შეუძლიათ გამოიყენონ როგორც ჩვენთან, ასევე სხვაგან – საინჟინრო, არქიტექტურულ, სამშენებლო და სხვა ტექნიკურ სფეროში. ბოლო წლებში გვქონდა უამრავი შემთხვევა, როდესაც ჩვენს ცენტრში სწავლობდნენ არატექნიკური განათლების ადამიანები, თუმცა მათ შეძლეს ჩვენი პროგრამის კარგად ათვისება და დასაქმდნენ კიდეც. ეს ხომ თავად პიროვნებაზეა დამოკიდებული. დღეს მე მზად ვარ, სამსახურში ავიყვანო კვალიფიციური კადრი. ძალიან მცდარია წარმოდგენა, რომ საქართველოში მოთხოვნადი იურისტის, ბანკირის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეცილისტია. ტექნიკურ სფეროებშიც ვეძებთ კარგ კადრს, მათზე მოთხოვნა დიდია. პროფესია მხაზველი, ინჟინერი ჩვენთან ოდითგან პოპულარული იყო. მე იმ თაობის ინჟინერი ვარ, სახაზავით რომ „დაიწყო” პროფესიული გზა. სახაზავი მაინც არ კარგავს თავის „ფასს”. მას ჩვენთვის, მხაზველების, ინჟინრებისთვის სიმბოლური დატვირთვა კვლავ აქვს. ამიტომაც უახლოეს მომავალში თბილისში გაჩნდება სახაზავთან დაკავშირებული საინტერესო კონცეფცია, თუმცა ამ თემას ჯერ სიურპრიზად დავტოვებ.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე: 2 93 55 51; 5 74 61 44 55.
მისამართი: თბილისი, თაბუკაშვილის ქ. ¹46.
დაგვიმეგობდრით „ფეისბუქზე“ S-CAD Group Education.
P.S. საკუთარი ცხოვრების მთავარი შემოქმედი თქვენ თავად ხართ! არ გაგიმართლათ პროფესიულ კარიერაში, ან ჯერ კიდევ ვერ მოძებნეთ თქვენი ადგილი ამ რთულ ცხოვრებაში? მიმართეთ ქართულ-ამერიკულ კომპანიას, რომლის მეშვეობითაც ახალი ცხოვრების დაწყებას შეძლებთ. ეს გვიანი არასდროსაა. S-CAD Group Georgia უკვე ბევრმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე!