კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აგიჟებს ეკა ბესელია ხალხს ღამის 4 საათზე

ეკა ბესელია, ადამიანი, რომლის ინტერვიუსაც, პირველად არ ვიცი, რა შესავალი მოვუძებნო. თვითონ იმდენს და ისე დალაგებულად ლაპარაკობს ხოლმე, ხმის ამოღების სურვილი ავტომატურად გიქრება. ის დღეს ჩვენი ახალი რუბრიკის სტუმარია და თავად მოგიყვებათ თავის ცხოვრების შესახებ, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით.                     

– ქალბატონო ეკა, მოდი, რატით დავიწყოთ. ერთხელ უკვე მოყვა რატი რაღაც გაუგებრობაში, ახლა – ისევ; მე მაინტერესებს, რატის დედა რას უპასუხებს ამ ბრალდებებს.
– ჩემი შვილი იმ დღიდან არის პოპულარული და დარტყმების ქვეშ, რაც მე პოლიტიკაში შემოვდგი ფეხი და რაც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დავიწყე ბრძოლა. საერთოდ არანაირ კავშირში არ არის რატი ამ ყველაფერთან. ეს ბრალდებები მივიღე, როგორც დაგეგმილი, ბინძური, უზნეო პროვოკაცია. პირველად რომ გავიგე, სასცილოდაც არ მეყო. როდესაც ისეთი სააგენტოები გიკავშირდებიან, როგორიც „პრესა ჯი” და „ზონანიუსია,” უნდა იცოდე, რომ უკვე რაღაც პროვოკაციული მასალა მზადდება. იმ დროს მთელი ოჯახი აჭარაში ვიყავით. როცა დამირეკეს და მკითხეს,  ვუთხარი: ახლა აქ არის ჩემი შვილი, ჩემ გვერდით-მეთქი.
– ამაზეც ხომ თქვეს, როცა რაღაც საქმეში ეკა ბესელიას შვილის სახელი გაჟღერდება, ის არასდროს არ არის თბილისში, ხელს აფარებს თავის შვილსო.     
– ეს არ არის სიმართლე. „ხელს აფარებს” რას ნიშნავს?! აბა, რა უნდა ვქნა, დედამ უნდა გაწიროს თავისი უდანაშაულო შვილი და ეს იქნება მორალური გამართლება?! ჯერ, პირველ ყოვლისა, დედა ხარ და მერე ხარ პოლიტიკოსი. ხომ გახსნეს ის ფირები, რაღა უნდათ? მე ვარ ყველაზე მკაცრი განმსჯელი მისი ქცევის, მაგრამ, როდესაც ის ხვდება დარტყმის ქვეშ ჩემ გამო, ვალდებული ვარ, დავიცვა. რატი არ არის ის ადამიანი, რომელიც ბოროტებას ჩაიდენს. თქვენ არ იცით, როგორი კეთილი ბუნების ბიჭია, სულ სხვას იცავს, სულ მთხოვს – იმას უჭირს, ამას უჭირს და დავეხმარო, სხვებს პატრონობს. ამას ვერ ავუკრძალავ, იმიტომ, რომ თვითონ ვცხოვრობ ასე. 
– ახლა ჩიორა თაქთაქიშვილზე უნდა გკითხოთ და არ გაგეცინოთ. ბოლო კადრები რომ ვნახე, კომიკური იყო – ერთ-ერთ საკომიტეტო სხდომაზე მან თქვენთან კამათით დატოვა დარბაზი, თქვენ კი თქვით, სამკურნალოა ეს არანორმალურიო. როცა ერთმანეთს ხვდებით, ისე, კამერების გარეშე, არ ელაპარაკებით?     
– არ მიმაჩნია, რომ ის ყოველთვის არის პასუხის ღირსი, თუმცა, ის არის მოადგილე. მის ადგილას, არ ვიქნებოდი მოადგილე, რადგან, სარგებლობდე ამ კომფორტით და, ამ დროს, არ ასრულებდე არანაირ მოვალებას, ცოტა უხერხულია. კომუნიკაცია მასთან არ მაქვს, მაგრამ, მას როცა აქვს, პირად ურთიერთობებში გარწმუნებთ თავაზიანია, უბრალოდ, კამერებთან სჭირდება ხოლმე ეს როლი.   
– საქართველოში, ალბათ, არავინ არ არის ისეთი პოპულარული, როგორც თქვენ. ოცდაოთხი საათი ეკრანზე გხედავთ; სულ მძაფრ განცხადებებს აკეთებთ ხან ვისი და ხან ვისი მისამართით; თითქოს ყოველთვის ყველა კითხვაზე გაქვთ პასუხი; გამოირჩევით ორატორობის საოცარი ნიჭით... ცოტა ასტროლოგიური შესავალივით გამომივიდა, მაგრამ, საზოგადოებასაც აინტერესებს თქვენზე ყველაფერი – ვინ არის ეკა ბესელია პოლიტიკის მიღმა, ცხოვრების რა გზა გამოიარა, რა უხარია, რა სწყინს...           
– მე ბევრი დრამატული და რთული პერიოდი მაქვს გამოვლილი. რატი 16 წლის იყო, როდესაც პირველად გავხდი დეპუტატი (წინა მოწვევის პარლამენტში). მაშინ მე არ შევედი იმ პარლამენტში, მანდატზე უარი ვთქვი, თუმცა,  ვიცოდი, რომ ამით ჩემს ოჯახს კიდევ უფრო მძიმე დარტყმის ქვეშ ვაყენებდი.  ზუსტად რამდენიმე დღეში პოლიციაში დაიბარეს რატი და წაუყენეს ბრალი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის – მეზობლის ბიჭს გამოექომაგა, რომელსაც დაცვის თანამშრომლები სცემდნენ „ტოფიტა” კანფეტის მოპარვის გამო. ეს პოლიტიკური დევნა გაგრძელდა ორი წელი. რატის სკოლა არ დაამთავრებინეს. როდესაც შეწყდა ძებნა მის მიმართ, მერე ჩამოვიდა და მეორედ გაიარა მეთორმეტე კლასი. ორი წლის განმავლობაში იყო გაცემული მისი დაპატიმრების ბრძანება, რამდენიმე დღე საპატიმროში ჰყავდათ; ჩემი ძმა მძევალი იყო – წელიწადი ჰყავდათ დაჭერილი. ყოველკვირა მივდიოდი ჩემს ძმასთან ციხეში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს იყო ფსიქოლოგიური გამოცდა, პირდაპირი ტერორი ჩემს ფსიქიკაზე, გავუძლებდი თუ არა (მაშინ ქუჩაში ვიდექი, ოპოზიიციის ერთ-ერთი ლიდერი ვიყავი). ჩემს თავს ვუთხარი, თუ ვერ გავუძლებდი, საერთოდ წავიდოდი პოლიტიკიდან. ვფიქრობდი რა ბედნიერება იქნებოდა, პირადად მე მიმეღო ეს დარტყმები და ჩემი შვილი და ძმა არ მენახა ამ მდგომარეობაში. მაგრამ, რომ ვნახე, თვითონ ბიჭებიც ძალიან პრინციპულად და მყარად იყვნენ, უფრო მეტი ძალა მომეცა. მე ეს ჯოჯოხეთი ამათ ხელში გადავიტანე და ამაზე მძიმე დღეები რაღა უნდა გავიარო, გამოწრთობილი ვარ ბრძოლაში.
– რას განიცდიდა ამ დროს ეკა ბესელია, როგორ ცხოვრობდით ის პერიოდი?
– შინაგანად რას განვიცდიდი, ამის გადმოცემა არ შემიძლია, მაგრამ გარეგნულად ამას არ ვიმჩნევდი. ვიყავი ერთის ადვოკატი, მეორის წარმომადგენელი, თან, ქუჩაში ვიდექი (მაშინ 9 აპრილის აქციები იყო), პარლამენტის წინ. არც ერთი დღით არ შემიწყვეტია ბრძოლა, არც ერთი წამით არ დამიხევია უკან. მეხვეწებოდნენ, საპროცესო შეთანხმებაზე დავთანხმებულიყავი. პროკურორი, რომელიც მაშინ გამოდიოდა ამ საქმეზე, როგორც ერთ-ერთი ბედნიერი შემსრულებელი, დღესაც მუშაობს პროკურორად და ის მოსამართლეებიც, რომლებიც დავალებებს ასრულებდნენ... არავის ვუსურვებ, მსგავსი რამ გამოსცადოს ოჯახის წევრებზე, მაგრამ, მე ეს გავიარე.
– ძალიან თამამი, ხისტი და უშიშარი ხართ. ეს უფრო, ხევსურის ბუნებაა, ვიდრე მეგრელის. ეს ხასიათი მერე შეიძინეთ თუ თანდაყოლილია?      
– რატომ მაქვს ეს სითამამე?! შინაგანი თავისუფლების ხარისხი მაქვს მაღალი და ამიტომ. 17 წლიდან უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ვარ ჩართული; არასდროს შემშინებია, არასდროს მორალური კომპრომისი არ დამიშვია პრინციპებთან. ადამიანის ხასიათი ყალიბდება მთელი ბავშვობის პერიოდში და მეც ასე ჩამომიყალიბდა ხასიათი. 17 წლის ბავშვმა დავიწყე უნივერსიტეტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. 1989 წელს სწორედ მე ვხელმძღვანელობდი იმ ცნობილ გამოსვლებს – საპროტესტო აქციას სამი თვის განმავლობაში, რომელიც აბიტურიენტებმა წამოიწყეს და მას შემდეგ სულ ასე ბრძოლით მოვდივარ; ვიდრე საგანმანათლებლო სისტემაში არ მოვახდინეთ რევოლუცია, არ შევეშვი. დამოუკიდებლად ვდგამდი ნაბიჯებს; ყოველთვის ვიყავი უფლებადამცველი და არასდროს წავსულვარ ზნეობასთან კომპრომისზე. ჩემს საქმიანობაში არ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომლის გამოც ვიღაცამ, შეიძლება, მორალის ენაზე მელაპარაკოს. არ ვამბობ, რომ არასდროს დამიშვია შეცდომები და პირად ურთიერთობებში ანგელოზი ვარ-მეთქი, მაგრამ... შემდეგ, პოლიტიკაში, აქაც დიდი დარტყმები მივიღე და ბოლომდე ვიბრძოდი. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც თანამდებობას ან სტატუსს ეპოტინება, არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის ეს თანმდებობა, გარდა პასუხისმგებლობისა და ტვირთისა. ჩემი შინაგანი თავისუფლება და ღირსება ყველაფერს მირჩევნია. ოცდაოთხი საათი ვმუშაობ, რადგან, მინდა, მეტი სიკეთის გაკეთება მოვასწრო.
– ისეთი ძლიერი ქალი ხართ, სულ მგონია, რომ თქვენთვვის გადაულახავი წინააღმდეგობები და ბარიერები არ არსებობს.  
– სულ ვხვდები ამ ბარიერებს და ეს კამპანიაც ამის ნაწილია, იგივე სოციალურ ქსელში, რომელშიც აქტიური არ ვარ. მიყვებიან, რომ პერსონალური თავდასხმები მოდის, ავრცელებენ ათას ჭორსა და სიბინძურეს, მაგრამ, არ ვრეაგირებ, იმიტომ რომ, კონკრეტული ფაქტი არ არსებობს, როცა შეიძლება, რომ თავის სამართლებელი მქონდეს. დღეში ასობით შეტყობინებას ვიღებ ტელეფონში, დაწყებული ზოგადასკაცობრიო პრობლემებით, დამთავრებული ერთი კონკრეტული ისტორიით; ათას მადლობას მიხდიან. დღისით რომ ვერ ვასწრებ ყველას წაკითხვას, ღამით, ძილის წინ, არ არსებობს, ყველა ესემესი არ წავიკითო და შუაღამისას ვიწყებ მესიჯობას. მე მგონი, გადავრიე ხალხი, სამ საათზე, ოთხ საათზე რომ მისდით ჩემი ესემესები.
– თქვენი ქმარი არ ეჭვიანობს ღამის 3 საათზე რომ მესიჯობთ?
– პირადზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ, მოდი, ზოგადად ვიტყვი, რომ ახლა ვცხოვრობ დამოუკიდებელ რეჟიმში, ამიტომ, არავინ მყავს გამკონტროლებელი, ვის ვწერ ღამე ესემესებს – ამ მხრივ თავისუფლება მაქვს.  
– არის რამე ისეთი, რაც გინდათ, რომ თქვათ მაგრამ, ვერ ამბობთ? ალბათ, მიმიხვდით, რაზეც გეკითხებით.
– იმდენი ფაქტი ვიცი, იმდენი ისტორია მაქვს  შემონახული უკანონობის, სისაძაგლის, ძალადობის – იმ ადამიანების, ვისაც მანამდეც ვიცნობდი, ვიდრე ოპოზიციაში ვიქნებოდი... დიდ ნაწილს მე თვითონ ვიცავდი. როდესაც ვსაუბრობ ამ ფაქტებზე, ამის დასაბუთებაც შემიძლია, უნიკალური არქივი მაქვს. ამის დროც მოვა, როდესაც მემუარებს გამოვცემ. მე რომ ვყოფილიყავი ბუნებით კომფორმისტი, ვიქნებოდი ერთ-ერთი ყველაზე უზრუნველყოფილი ადამიანი, რომელსაც არაფრის პრობლემა არ ექნებოდა. ყველაზე ახლოს მე ვიყავი მაგ პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ, პირველი დავუპირისპირდი, იმიტომ, რომ მიუღებელი იყო ის მეთოდები, რა მეთოდებითაც ისინი იქცეოდნენ და მართავდნენ ქვეყანას.
– დიდ ნაწილს ვიცავდიო, ჩვენც გვითხარით, ვისაც არ გვახსოვს. ვის და რატომ იცავდით? 
– როდესაც ოპოზიციაში იყო სააკაშვილი, მაშინ ბევრი მისი თანაგუნდელის მიმართ – კეზერაშვილის, კირკიტაძის, ოქრუაშვილის, თარგამაძის და სხვების – აღძრული იყო სისიხლის სამართლის საქმეები. მაშინ მე ადვოკატი ვიყავი, მაღალი ნდობის მანდატი  მქონდა და ჩემთან მოდიოდნენ კონსულტაციებისთვის, მაგრამ როდესაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, ანუ, 2004 წლიდან, ღიად დავუპირისპირდი მათ უკანონო პოლიტიკას. ახლა „ნაციონალებს” რომ ჰკითხოთ ჩემზე, წითელი აქვთ ანთებული, იმიტომ რომ, შეურიგებელი პოზიცია მაქვს. მათ რომ ვუყვარდე და მაქებდნენ, მაშინ ჩემს თავს შევხედავდი ეჭვის თვალით – რამე ხომ არ დამემართა-მეთქი.     
– რთული არ არის, როდესაც არ გაქვს მშვიდი ცხოვრება და სულ დაძაბული ხარ?    
– ძალიან რთულია, მაგრამ, აი, ეს არის პიროვნული თავისუფლება. ვიყავი უშიშარი და ძალიან რომანტიკული – ყველაფერს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი და ამაღლებული ტონუსით. მიმაჩნდა, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია თუ შეგიძლია, რომ იბრძოლო, ყოველთვის მიაღწევ მიზანს, თუკი მართალი ხარ. ვიბრძოდი და ვაღწევდი კიდეც ამას. ორი გზის გასაყარზე რომ დამაყენო, ერთი მოკლე რომ იყოს, მეორე კი – რთული და წინააღმდეგობრივი, წავალ წინააღმდეგობრივი გზით, რადგან, მორალურად ის უფრო მაძლიერებს. პრინციპებთან უკან არ ვიხევ, მე ჩემი „მეობრივი” კოდექსი მაქვს და იმით ვცხოვრობ; გავუძლებ იმ ტკივილს და უკან არ დავიხევ, რადგან, მერე დამამძიმებს ის ჩემი კომპრომისი. რა უნდა დავთმო, უფრო ღირებული რა არის – ყოფითი რაღაც? მე არ ვარ მატერიალისტი, არ ვარ ადამიანი, რომელიც კონკრეტული ნივთებითა და ქონებით არის ბედნიერი. მე ვარ ბედნიერი, როდესაც შემიძლია, ადამიანს სიკეთე გავუკეთო 
– მართალია, პირადზე საუბარი არ გსიამოვნებთ, მაგრამ, მაინც მინდა, ის პერიოდიც გაიხსენოთ, თბილისში რომ ჩამოხვედით და გათხოვდით, მერე კი ქმარს, რატის მამას, დაშორდით. ესეც ხომ თქვენი ცხოვრებაა, მოგვიყევით.  
– არ მიყვარს პირად თემებზე საუბარი, ეს ჩემი დაცული სივრცეა. რაც შემიძლია, ვთქვა, არის ის, რომ, თბილისში რომ ჩამოვედი, როგორც გითხარით, ვიყავი 17 წლის. ძალიან ტრადიციულ და ერთ-ერთ ცნობილ ოჯახში გავიზარდე სამეგრელოში, სენაკში. სტუდენტი გავხდი, ვცხოვრობდი ჯერ ნაქირავებ ბინაში, მერე სტუდქალაქში, მერე ისევ ქირით – მშობლებმა მიქირავეს ბინა. მერე გავთხოვდი. რატი რომ შემეძინა, მეორე კურსზე ვიყავი. ჩემი მეუღლეც სენაკიდან იყო, არც მას ჰქონდა ბინა და ყველა ერთად ვცხოვრობდით, ჩემი დაც ჩვენთან იყო. ასე რომ, ძალიან მიჭირდა თან სწავლა, თან – ბავშვი... მაგრამ, ესეც შეგნებულად გავაკეთე. შემეძლო, ბავშვი ბებია-ბაბუასთან დამეტოვებინა და არაფრის პრობლემა არ მექნებოდა, მაგრამ, აი, აქაც არ ვუღალატე ჩემს პრინციპებს. რთულად, მაგრამ, თვითონ გავზარდე რატი. ბევრი ტკივილი გადამიტანია როგორც დედას, როგორც ქალს, მაგრამ, როგორც ჩემმა მეგობარმა ნანა ჩაჩუამ მითხრა, ადამიანს განსაცდელი აძლიერებს და ზრდის. ახლა ვასწავლი ჩემს პატარა შვილს, ლიზიკოს, რომელიც 10 წლისაა და „ჩემი ოცნების გოგოს” ვეძახი, როგორ უნდა დაძლიოს წინააღმდეგობები. ქალს ბევრი სირთულე ხვდება ცხოვრებაში, მაგრამ, არ უნდა იტირო; უნდა იფიქრო, როგორ გადალახო და შენს თავში დაიწყო ამ ძალების ძიება. ამას ვეუბნებოდი ჩემს თავსაც. უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და ადვოკატობა დავიწყე, უკვე იმასაც  ვახერხებდი, რომ ჩემი ოჯახიც მერჩია და ჩემს დედმამიშვილებსაც დავხმარებოდი. 
– მემუარები ახსენეთ წეღან. მართლა აპირებთ წიგნის  დაწერას?
– მაქვს სურვილი, იმიტომ რომ, წერა ძალიან მიყვარს. შეიძლება, ერთი საინტერესო, ისტორიული პოლიტიკური „კარდიოგრამა” გამომივიდეს 
– რომ შეიძლებოდეს, რას შეცვლიდით სიამოვნებით?    
– სულ მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ამ კითხვაზე პასუხობენ, რომ არაფერს შეცვლიდა. როგორ შეიძლება, ადამიანმა იდეალურად იცხოვრო? შევცვლიდი იმ პერიოდს, როდესაც იძულებით აღმოვჩნდი პოლიტიკაში, ასევე, პირად ცხოვრებაში და ბევრ ტკივილს ავირიდებდი, რაც წარსულში მივიღე. საერთოდ, ყოველთვის იქ ვტრიალებდი, სადაც მთავარი პოლიტიკური მოვლენები ვითარდებოდა, ბევრი რაღაცის მომსწრე და მესაიდუმლე ვარ. რა თქმა, უნდა ის, რაც, ეთიკური თვალსაზრისით, უნდა დარჩეს ჩემში საიდუმლოდ, ბოლომდე დარჩება და, იმქვეყნად რომ წავალ, თან წავიღებ – მე, როგორც ადვოკატს, კონფიდენციალური ისტორიების შენახვის ვალდებულება მაკისრია.

скачать dle 11.3