კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წაართვეს ქალებმა მამაკაცებს სამუშაო ადგილები და რატომ აღმოჩნდა კაცი სოციალურად კასტრირებული

რაკი გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენი თანამემამულე მამაკაცების უმეტესობა დეპრესიაში ჩავარდა, ოჯახის რჩენის ფუნქცია თავიანთ თავზე ქალბატონებმა აიღეს (შესაძლოა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ქალმა ვერ მისცა საკუთარ თავს დეპრესიაში ჩავარდნის ფუფუნების უფლება). შემდეგ ისეც მოხდა, რომ დედების უმეტესობა უცხო ქვეყნებში გაემგზავრა სამუშაოდ, შვილები კი მათ გარეშე, თუმცა, მატერიალურად მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილები გაიზარდნენ; იმასაც მოვესწარით, რომ, რიგ შემთხვევებში, მამაკაცებმა ქალის ფუნქცია იტვირთეს – ფულსაც ართმევენ თავიანთ დასაქმებულ მეუღლეებს და შვილებსა და სახლსაც უცვლიან. იმასაც ამბობენ, რომ უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველი ქალები მაშინაც კი უგზავნიან თავიანთ ყოფილ ქმრებს ფულს, თუკი თავად ახალ ოჯახს ქმნიან ახალ საცხოვრებელ ადგილას. რატომ გახანგრძლივდა როლების გაცვლის პერიოდი და რა სირთულეებს გამოიწვევს ქალების მიერ კაცის, კაცების მიერ კი ქალის ფუნქციის შესრულების ეს არცთუ ბუნებრივი პროცესი?  – თემას ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად განვიხილავთ.

– თუკი გასული საუკუნის 90-იან წლებში ქალის მიერ მამაკაცის როლის აღებას უფრო ჰქონდა რეალური საფუძველი, ეს, რატომღაც, გაგრძელდა დღესაც და, აწ უკვე მამაკაცების ნაწილმა შეითავსა ტრადიციულად ქალის ფუნქციები. რამდენად ბუნებრივია ეს პროცესი და რა არის ამის მიზეზი?
– თქვენ ახსენეთ სიტყვა „ბუნებრივი”. ცხადია, ეს მთლად ბუნებრივი არ არის, თუ ბუნებრივს დავარქმევთ მამაკაცისა და ქალის საუკუნეების განმავლობაში განმტკიცებულ ქცევის რეპერტუარს. საუკუნეების განმავლობაში ასეთი მოდელი იყო: მამაკაცი იყო სიძლიერის გამოხატულება, ოჯახის მფარველი, გარე სამყაროს განაგებდა, მოჰქონდა შემოსავალი, ნანადირევი, ომში მიდიოდა; ქალი იყო ოჯახის შიგნით, სამზარეულოს მართავდა და უპირველესი საკითხი იყო შვილების აღზრდა. ეს ვითარება ბუნებრივადაც შეესაბამებოდა მამაკაცის არა მარტო სოციალურ როლს, არამედ მის ბიოლოგიურ არსებასაც. ის, რაც ახლა მოხდა ჩვენთან –  როლების გადანაცვლება, როდესაც მამაკაცი შინ დარჩა, ქალი კი გარეთ გავიდა, მათ შორის, ქვეყნის გარეთაც, შემოსავალი მას შემოაქვს და კაცი პასიურ არსებად რჩება, –  ალბათ, თავისებური ანომალიაა.
– ეს მარტო ჩვენი თავისებურებაა თუ ზოგადი ტენდენციაა და ჩვენთან, ამ მხრივ, განსაკუთრებული არაფერი ხდება?
– კაცობრიობამ გაიარა სხვადასხვა ეპოქა –  მონათმფლობელობა, ფეოდალიზმი, როდესაც მმართველი და წამყვანი იყო მამაკაცის როლი; შემდეგ წამოვიდა  ინდუსტრიალიზაციის ეპოქა. ჩვენს ეპოქაში მამაკაცი და ქალი გათანაბრდნენ. გაჩნდა საქმიანობის სფეროები, როდესაც მათი შესრულება თანაბარი წარმატებით შეუძლია ქალსაც და მამაკაცსაც და, რიგ შემთხვევებში –  ქალს უკეთესად. ამდენად, დღევანდელობას ჰქვია „შრომის დანაწილების ეპოქა,” როდესაც დასაქმების სფეროში ქალისა და მამაკაცის როლი გათანაბრდა, მოიმატა დასაქმების ისეთმა სახეობებმა, სადაც არ აქვს მნიშვნელობა, დასაქმებული ქალია თუ კაცი. თუმცა მამაკაცს რჩება დომინანტური როლი, მაგალითად, მენეჯმენტი მას აბარია უმეტესად, მაგრამ წამოვიდა ქალის ემანსიპაციის ტალღა, რის გამოც დღეს შრომით ბაზარზე ქალისა და მამაკაცის როლი ერთგვარად გათანაბრებულია.
– ერთია გათანაბრება და მეორე –  როლების გაცვლა.
– ჩვენს შემთხვევაში მოხდა სოციალური კატასტროფები, სოციალური მიწისძვრები. იყო რაღაც სისტემა  – კომუნისტური –  მკაცრად რეგლამენტირებული საზოგადოება, რომლის სათავეში მამაკაცი იდგა და ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი ამოიყირავდა და დაინგრა: ეკონომიკა გაჩანაგდა, სამუშაო ბაზარი გაქრა.
– მე ასე ვიტყოდი, გაქრა კაცებისთვის გარანტირებული სამუშაო ბაზარი.
– საბჭოთა კავშირის ლიკვიდაციამ, ამავე დროს, გამოიწვია ის, რომ მთელი ინდუსტრიული მექანიზმი ჩაითვალა ძველად და დაიწყო მისი გაყიდვა და გატანა ჯართად, ანუ, ქვეყანა გაჯართდა –  ყველაფერთან ერთად, ტექნოლოგიური თვითლიკვიდაცია მოხდა. ქარხნები აღარ არებობდა და ფული ჰქონდა მას, ვინც მოახერხა გაყიდვა ჯართის თუ ოჯახის. იმ სიტუაციაში, როდესაც ყველაფერი განადგურდა, მამაკაცის ადგილი დაიკარგა. ქარხნებში უფრო მეტი მამაკაცი იყო დასაქმებული, ვიდრე ქალი და მამაკაცი გახდა კასტრირებული. სისტემის ნგრევამ მამაკაცს მოუწყო სოციალური კასტრაცია და, როდესაც დაიწყო ბრძოლა თვითგადარჩენისთვის, ქალმა დაინახა, რომ, თუ გააკეთებდა იმას, რაც შეეძლო, მოუვლიდა ბავშვს ან მოხუცს, დასაქმდებოდა. ამიტომ, ჩვენი ქალები მოეფინენ დასავლეთის სამყაროს და კანონიერად აკეთებდნენ ფულს. მამაკაცები კი, იმის გამო, რომ მათი ადგილი არ იყო შრომით ბაზარზე, ჩაებნენ კრიმინალში. აქ ამის ადგილიც არ იყო –  ვისთვის რა უნდა მოეპარათ?! და, თუ ადრე ფირალად ტყეში გავარდებოდა კაცი და სამართლიანობისთვის მაინც იბრძოდა, ყაჩაღი საქართველოში მაინც ორმაგი ფიგურა იყო –  ღარიბს აძლევდა და მდიდარს ართმევდა, ესენი გაცვივდნენ იმიტომ, რომ აქ არაფერი იყო მოსაპარი.
– მაგრამ სქემა იგივეა: ქართველი კაცი ოცდამეერთე საუკუნეში დასავლეთში გავარდა იმიტომ, რომ მდიდარს წაართვას და აქ თავის ღარიბ ოჯახს გამოუგზავნოს. ისინი ხომ იქ ქურდობით ნაშოვნ ფულს აქ გზავნიან?
– დიახ. კაცების დიდი ნაწილი გაცვივდა რუსეთში, იქაც მათი ბიზნესი დაკავშირებული იყო კრიმინალთან; გაცვივდნენ ქალებიც და საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში შემოტანილი ფული არჩენდა.
– ფულადი გზავნილები წლების განმავლობაში არის ვალუტის შემოდინების წყაროც, რაც ამყარებს ჩვენს ლარს, იმას გარდა, რომ ამ გზით სახელმწიფოს უმსუბუქდება თავისი მოქალაქეების რჩენა.
– იმის თქმა მინდა, რომ, რადგან აქ დასაქმება ნულზე დაჯდა, ადამიანები გაიკრიფნენ: ქალები –  მომვლელებად, კაცები –  ზოგი წესიერ, ზოგი უწესო ბიზნესში და საქართველოს მოსახლეობას არჩენენ. ქვეყნიდან წასულთა შორის ბევრია ქალი, შესაბამისად, ეს აისახა შიდა ოჯახურ ურთიერთობებში: ადრე კაცს ებარა ოჯახი, ახლა ქალს აბარია. ახლა, თუ გადავხედავთ მათ, ვინც აქ დარჩა და გარედან არავინ ამარაგებს, საინტერესო სურათია: დასაქმების სფეროში ქალებმა იყოჩაღეს და, იმავდროულად, მამაკაცს შიდა ბაზარზეც დაემართა კასტრაცია, მათი ადგილი აღარ დარჩა შრომის ბაზარზე, ქალებმა დაისაკუთრეს ბევრი სამუშაო ადგილი. მაგალითად, ელიავას ბაზრობაზე კაცები ჭარბობენ, ქალი ცოტაა, ოღონდ, მათ საქმეში ვერსად ნახავთ კომპიუტერს; მაგრამ, გამოსცდით ელიავას და შედით რომელიმე ოფისში: ნახავთ, რომ დგას 30 კომპიუტერი, რომლებთანაც, მომუშავეებიდან 70 პროცენტი ქალია, ანუ, იმ შრომას, რაც დაკავშირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ქალი უფრო მისწვდა. ბანკებშიც ძირითადად ქალები გვხვდებიან, კაცი ცოტაა. შესაბამისად, ამ შრომით ბაზარზე ამგვარ სფეროებში დასაქმდნენ ქალები და ხელფასებსაც ისინი იღებენ. დასაქმებულთა შორის ქალის წილი უფრო მეტია, რასაც მე ვხედავ.
– სტატისტიკითაც ასეა, უბრალოდ, მამაკაცების საშუალო ხელფასი უფრო მაღალია დაქირავებით დასაქმებულებს შორის.
– ამდენად, ქალზე გადავიდა მარჩენლის ტრადიციული როლი.
– რა შეიძლება, ამან გამოიწვიოს, საბოლოოდ? ცხადია, კაცებს ბავშვებს ვერ გავაჩენინებთ, ანუ, ბიოლოგიურად, ქალი რჩება ქალად, მაგრამ უწევს შეასრულოს კაცის ფუნქცია. ეს ანომალიური მდგომარეობა სად მიგვიყვანს?
– მიჭირს პასუხის გაცემა, რადგან თქვენ ჩამოაყალიბეთ შეხედულება და არა კითხვა. შექმნილი ვითარება არ შეესაბამება ტრადიციულ საზოგადოებას, ეს ახალი ვითარებაა სქესთა შორის ურთიერთობაში. ავიღოთ ისეთი სფეროები, როგორიცაა მეცნიერება –  იქ ადრე კაცები იყვნენ, ახლა ქალები არიან. რამდენიმე შეზღუდული სფერო რჩება, სადაც მამაკაცი დომინანტობს: ბიზნესი და ვაჭრობის სფერო, რომლის ნიმუშია ელიავას ბაზრობა ან მანქანების იმპორტი და, მეორე –  პოლიტიკა.
– დასავლეთის მოთხოვნაა პოლიტიკურ პარტიებში გენდერული ბალანსის დაცვა, შესაბამისად, წესით, იქაც შემცირდება კაცებისთვის სამუშაო ადგილები.
– დიდი ცდუნებაა იმისა, რომ, როდესაც ვაჟი იზრდება, ორად გაყოს თავისი თავი: ან წავიდეს ბიზნესში, ან წავიდეს პოლიტიკაში და სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს, რომ, მაგალითად, წავიდეს მედიცინაში, განათლების სფეროში და ასე შემდეგ. მე ფსიქოლოგი ვარ. მართალია, ფსიქოლოგიის კორიფეები სულ მამაკაცები იყვნენ, მაგრამ, ფსიქოლოგების უმეტესობა ქალია და ასეა ძალიან ბევრ დარგში. ასევე, ტურიზმის ბიზნესში ქალებს უკავიათ წამყვანი პოზიციები. საერთოდ, რაც კაცობრიობა წარმოიშვა, ომია გაჩაღებული სქესთა შორის. მე მთლად ამის მომხრე არ ვარ, ეს არ არის ომი, ალბათ, ერთგვარად, ძველი ტრადიციების მსხვრევაა, მაგრამ, შრომით ბაზარს თუ გადახედავთ, იქ მამაკაცები და ქალები ერთმანეთს ეჯახებიან კონკურენციის მხრივ.
– იქ მამაკაცებიც ეჯახებიან ერთმანეთს. მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ნივთის ფუნქცია, მას არ აძლევდნენ სწავლის ნებას, არ ჰქონდათ ხმის უფლება, შეიძლება ითქვას, რომ, რაც დღეს ხდება, არის შურისძიება ქალების მხრიდან?
– ავიღოთ ისეთი მოაზროვნე, როგორიცაა ზიგმუნდ ფროიდი. მისი აზრით, მამაკაცში წამყვანი არის კასტრაციის შიში, არ დაკარგოს პოტენცია; ხოლო ქალის ძირითადი წარმმართველი ძალა არის ფალოსის დაუფლების სურვილი, ანუ გახდეს მამაკაცი; ესე იგი, თუ მამაკაცს ეშინია, დაკარგოს მამაკაცურობა, ქალი ესწრაფვის დაკარგოს ქალურობა და შეიძინოს მამაკაცურობა. ფროიდს თავისი მოწინააღმდეგები ჰყავს, მაგალითად, კარენ ჰორნი, ქალბატონი; ის ქალების უფლებებს იცავდა და ამბობდა, სულაც არ მივისწრაფით ქალები მამაკაცობისკენო და ასე შემდეგ, თუმცა, თავად საკმაოდ მამაკაცური ქალი იყო. ასე რომ, არსებობს შეხედულება, რომ ქალებს აქვთ გაკაცების ტენდენცია და კაცებს –  კაცობის დაკარგვის შიში. ფროიდის მიხედვით თუ შევაფასებთ, გენდერული წონასწორობის თეორიები ილტვიან, რომ ქალები გაუტოლდნენ მამაკაცს, მაგრამ გატოლება ნიშნავს, რომ მამაკაცს რაღაც უნდა ჩამოვაჭრათ და ამის ხარჯზე გაუტოლდეს მას ქალი, ანუ, რაღაცის ხარჯზე უნდა მოხდეს გატოლება.
– ვერ დაგეთანხმებით: მეც თუ განათლების უფლება მექნება, ამ გატოლებით მამაკაცს რატომ წავართმევ მამაკაცურობას? ვიქნებით განათლებულები ორივენი, რა დაშავდება ამით?
– მაშინ ის გეტყვის, შტანგა ასწიეო და, თუ დღეს 5 ქალია შტანგისტი, 200 და 300 უნდა იყოსო.
– შტანგა რატომ უნდა ავწიო ან სადაგმა კაცმა რატომ უნდა ასწიოს? მაგრამ განათლება მომცემს საშუალებას, მქონდეს ფული და მძიმე ჩანთა ვინმე სხვას ავაწევინო გარკვეულ საფასურად. ამით კაცს უფრო არ გამოვათავისუფლებ უსიამოვნო სამუშაოსგან?
–  ჩვენ ახლა უაზროდ ვიკამათებთ…
– ჩვენ მაინც არ ვიომოთ ამ ინტერვიუში.
– იმის თქმა მინდა, რომ ფროიდის ხედვა სწორი იყო, რადგან, ქალების სწრაფვა გაკაცებისთვის არსებობს და თუნდაც იმაშიც ჩანს, რომ ქალებმა დაიწყეს ფეხბურთის თამაში, ჭიდაობა, ანუ ქალმა მამაკაცის როლი აიღო, მათ შორის, სპორტშიც. მაგრამ აქ არის ტრაგედიის კომპონენტი, იმიტომ რომ, ქალისთვის იდეალი მაინც ქალურობაა, თუმცა, აი, ასეთი გენდერული თეორიები უბიძგებს ქალურობის დაკარგვისკენ. ქალი თუ ჩაერთვება მამაკაცურ მარათონში, ის ძალაუნებურად დაკარგავს ტრადიციულ ქალურ თვისებებს და შეიძენს გაკაცებული ქალის თვისებებს, რომლებიც, სხვათა შორის, ხიბლავთ ფემინურ კაცებს.

скачать dle 11.3