კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა „აღორძინების“ პარტიული სიის მეშვეობით პარლამენტში მოხვედრილი ფსიქოლოგი მაია ნადირაძე „ნაციონალური“ უმრავლესობის ლიდერი 5 წელიწადში მილიონ ლარზე მეტი ანაზღაურებით

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აწ უკვე სტაჟიანი (6 წელი) წევრი მაია ნადირაძე 1961 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება თსუ-ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მიიღო (1983 წელს დაამთავრა). მისი შრომითი საქმიანობა 1984 წელს დაიწყო ტექნიკური ესთეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1985 წელს გადავიდა დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, სადაც უფროს ლაბორანტად 1987 წლამდე იმუშავა. პარალელურად, 1986-1990 წლებში 53-ე სკოლის პედაგოგიც იყო. 1991-1999 წლებში გახლდათ, როგორც განათლების სამინისტროს გამოყენებითი ფსიქოლოგიის რესპუბლიკური სამეცნიერო ცენტრის მეცნიერი-თანამშრომელი, ასევე, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ პრეს-მდივანი. 1999 წლიდან 2008 წლის ჩათვლით ორი მოწვევის პარლამენტის წევრობაც მოასწრო: შევიდა საარჩევნო ბლოკ „აღორძინების“ პარტიული სიით, დაასრულა – „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით. იყო „ნაციონალური“ უმრავლესობის ლიდერი, რის შემდეგაც მარეგულირებელი კომისიის წევრად დაინიშნა და დღემდე ტკბილად ირგებს მარეგულირებლის წევრის მშვიდსა და ფრიად ჯიბესავსე ცხოვრებას.
რაკი მთელი 10 წელი კანონშემოქმედებას შეალია, მისი პირველი დეკლარაციაც 1999 წლით თარიღდება, რომელშიც ის ოჯახის წევრებად მიუთითებს: მეუღლე ზურა ჩიკვილაძესა და ორ ქალიშვილს – ნუცა ბათიაშვილსა და თამარ ჩიკვილაძეს. იმხანად მაია ნადირაძეს ერთი საცხოვრებელი ბინა ჰქონდა თბილისში, ზურა ჩიკვილაძეს კი – მშენებარე. დეკლარაციის იმ ფორმაში შემოსავლები მითითებული არ არის, არც ზურა ჩიკვილაძის სამუშაო ადგილი, რაც გვაფიქრებინებს, რომ 1998 წელს ის უმუშევარი იყო. 2000 წლის დეკლარაციით, ზურა ჩიკვილაძე კვლავ უმუშევარია, ხოლო მაია ნადირაძემ, როგორც პარლამენტის წევრმა, 1999 წლის განმავლობაში 1 850 ლარი აიღო. 2001 წლით დეკლარაციით, 2000 წელს ზურა ჩიკვილაძე დასაქმებულა „ომეგა მოტორსში“ მენეჯერად და 2 000 ლარიც მიუღია. მაია ნადირაძის პარლამენტარის წლიურ ხელფასს კი 5 930 ლარი შეუდგენია. 2001 წელს ზურა ჩიკვილაძეს 4 000 ლარად ავტომანქანა შეუძენია, თუმცა მის მენეჯერულ წლიურ ხელფასს ამჯერად 1 620 ლარი შეუდგენია, ხოლო მაია ნადირაძისას – 8 100 ლარი. 2002 წელს ზურა ჩიკვილაძე თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მაია ნადირაძემ კი, ხელფასის სახით, 2002 წლის განმავლობაში 9 060 ლარი აიღო. იგივე იყო მისი საპარლამენტო შემოსავალი 2003 წელსაც, ხოლო მისი მეუღლის წლიურმა შემოსავალმა ახალ თანამდებობაზე 3 300 ლარი შეადგინა. 2004 წელს ზურა ჩიკვილაძე უკვე მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსია,  მისი ანაზღაურება იმ წელს 3 700 ლარს შეადგენდა, მისი პარლამენტარი მეუღლის – 15 795 ლარს. 2005 წლის განმავლობაში ზურა ჩიკვილაძემ, როგორც მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა 27 500 ლარი  აიღო, ხოლო მაია ნადირაძემ – 26 400 ლარი. იმ წელს სარემონტო სამუშაოებში ცოლ-ქმარმა ერთობლივად 15 000 ლარი დახარჯა. 2006 წელს ზურაბ ჩიკვილაძე შპს MGZ პროექტების პარტნიორი და  შპს ვესტ-ექსპერსის გენერალური დირექტორი გახდა. დირექტორობამ მას 24 000 აშშ დოლარი მოუტანა, ნადირაძეს კი, პარლამენტარობამ, 36 000 ლარი.
2007 წელს ზურაბ ჩიკვილაძე „იუ ბი სის“ ბიზნესკონსულტანტად დასაქმდა და მისმა წლიურმა ანაზღაურებამ კვლავ 24 000 აშშ დოლარი შეადგინა,  მაია ნადირაძის საპარლამენტომ – 38 669 ლარი. 2009 წლის დეკლარაციაში ოჯახის წევრთა ჩამონათვალში მაია ნადირაძე მიუთითებს ქალიშვილს, თამარ ჩიკვილაძეს და სიძესაც და იმასაც, რომ 2008 წელს ზურაბ ჩიკვილაძეს ორი ავტომანქანა ჰყავდა –  2001 წლის „ლენდ-როვერ“ და 2007 წლის „გოლფ 5.“  2008 წლიდან ქ-ნი ნადირაძე უკვე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრია, ამიტომ მან, როგორც პარლამენტარმა, ოთხ თვეში 9 667 ლარი აიღო, დარჩენილ თვეებში კი, როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრმა – 46 077 ლარი. ოჯახში სხვა ყველა უმუშევარი ჰყავდა: მეუღლეც, ქალიშვილიც და სიძეც. 2009 წელს მაია ნადირაძე ცხოვრობს დედასთან, ქალიშვილთან და სიძესთან ერთად; მათი ერთადერთი საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე – 198 კვ. მ. ფართობის, რომლის მესაკუთრეც მაია ნადირაძეა. ასევე, დასაქმებულა მისი სიძე – ვაჟა კაკაბაძე, კონტროლის პალატაში, სპეციალისტად და 2009 წლის განმავლობაში ხელფასად 9 600 ლარიც აუღია, თავად მაია ნადირაძის წლიურ სახელფასო შემოსავალს კი 195 000 ლარი შეუდგენია. იმ წელს ქ-ნ ნადირაძეს ბინის რემონტი 15 000 ლარი დაუჯდა, შვილებს კი 45 000 ლარით დაეხმარა. 2010 წელს მაია ნადირაძის წლიურმა ანაზღაურებამ 148 775 ლარი შეადგინა. 2011 წელს – 279 000 ლარი აიღო (თუმცა იქვე მიუთითებს, რომ ქველმოქმედებაზე 9 000 ლარი დახარჯა). 2012-ში – 265 050 ლარი (ქველმოქმედებისთვის ამჯერად 10 000 ლარი გაუმეტებია). სავარაუდოდ, ამ თანხის ფარგლებშია მის მიერ 2013 წლის განმავლობაში მიღებული სახელფასო ანაზღაურებაც.
ცნობისთვის: ქ-ნ ნადირაძეს თავის მიერ შევსებულ დეკლარაციაში საკუთარი სამუშაო ადგილის (ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისია) სახელწოდება სწორად აქვს მითითებული 2009 და 2010 წლის დეკლარაციებში, 2911, 2012 და 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში კი მას სამუშაო ადგილად კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია აქვს მითითებული.

скачать dle 11.3