გახსნის თუ არა რუსეთი მეორე ფრონტს საქართველოში და ნიშნავს თუ არა უელსის სამიტის გადაწყვეტილება მარადიულ სიყვარულსა და ერთგულებას პასპორტში შტამპის გარეშე
„ნატოს“ უელსის სამიტიც დასრულდა და „ოქროს ხუთეულშიც“ გადავინაცვლეთ, თუმცა წევრობას ხელი კვლავაც ვერ გამოვკარით, ოღონდ სასწავლო ცენტრის გახსნის პირობა მივიღეთ. მეორე მხრივ, ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს საკუთარი მოსახლეობისთვის იმის თქმის საფუძველი მიეცა, რომ „ნატომ“ რუსეთ-ინდოეთ-ჩინეთის მოკავშირეობის შიშით აღმოსავლეთით გაფართოება ვერ გაბედა. მიიღო თუ არა საქართველომ უსაფრთხოების მეტ-ნაკლები გარანტიები უელსის სამიტის შედეგების გათვალისწინებით და გაგვიწევს თუ არა ჯეროვან დახმარებას რეალური საფრთხის არსებობის შემთხვევაში? – საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ მიღწევებს თუ მიუღწეველს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე განგვიმარტავს.
– შეიძლება, ვივარაუდოთ, რუსეთის განცხადების საპასუხოდ, რომ არ დაუშვებს თავის სამხრეთ საზღვრებთან „ნატოს“ გაფართოებას, „ნატომ“ ტაქტიკური სვლით უპასუხა და აპირებს, წევრობის გარეშეც აღმოუჩინოს დახმარება თავის მოკავშირე საქართველოს ისე, რომ არ დაარქვას ამას წევრობა?
– პოლიტიკოსები, რომლებიც არც ოფიციალურ „ნატოს“ და არც ოფიციალურ ვაშინგტონს არ წარმოადგენენ, მაგრამ ძალიან გავლენიანები არიან იმავე „ნატოსა“ და ვაშინგტონში, გაცილებით რეალურად აფასებენ დღეს საქართველოს პოზიციებს დასავლეთში და იმ მცირე შანსებს, რომლებიც დასავლეთის მხრიდან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით შეიძლება არსებობდეს. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ დღეს არც ამერიკას და არც „ნატოს“ არ აქვს იმის რესურსი, რომ ოდნავ მაინც რეალური ბერკეტები შეუქმნას საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის. უელსის სამიტს ერთადერთი რეალური მიზანი ჰქონდა – შეეფასებინა „ნატოს“ რესურსები, რამდენად შეუძლია მას ახლად მიღებული წევრების დაცვა და რამდენად არის მზად, შექმნილ ვითარებაში ოპერატიულად აამოქმედოს თავისივე წესდების მეხუთე, ყველაზე...
– ჩვენთვის ყველაზე სასურველი მუხლი.
– ყველასთვის სასურველი მუხლი, იმიტომ რომ ამ სამიტამდე რამდენიმე ხნით ადრე ამერიკულ პრესაში გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი ანალიტიკური მასალები უკრაინის კრიზისის კონტექსტში, რომ „ნატოს“ არ ჰყავს ისეთი სწრაფი რეაგირების ნაწილები, რომლებიც შეძლებენ არათუ „ნატოს“ მოკავშირეების, არამედ, „ნატოს“ წევრი ქვეყნების დაცვას იმავე რუსეთის აგრესიისგან – საუბარი იყო ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთზე. ამასთან, იმ ქვეყნებმაც, რომლებიც დღემდე ნეიტრალური სტატუსით სარგებლობენ, დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიმუშაონ თავდაცვისა და უსაფრთხოების რეალური გარანტიები.
– გიორგი თავდგირიძემ ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ მივიღეთ რეალობა, როდესაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ აქვს საფრთხეზე მყისიერად რეაგირების საშუალება, ხოლო, თუ დაიწყებს თავისი სამხედრო ძალების გადაწყობას ამისთვის, ამას რუსეთი აღიქვამს, როგორც ომის დაწყების საფრთხეს. არის ეს ჩიხი?
– ჩიხი არ არის, თუმცა „ნატო“ დღეს არის ყველაზე სუსტი თავისი არსებობის განმავლობაში. რაც შეეხება იმას, თუ რა მიიღო უელსის სამიტზე საქართველომ: ეს არის მირაჟი, რომელიც ნახევარი ნაბიჯითაც კი არ გვაახლოებს „ნატოს“. საკითხი იდგა არა საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, არამედ იმაზე, რომ აშშ-ს არ დაეკარგა დანარჩენი ნაწილის თვალში ხიბლი, რომლის მთავარი მდგენელია, რომ „ნატოს“ შეეძლოს თავისი პარტნიორი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვა ამა თუ იმ რეგიონული აგრესორისგან. ერთადერთი კონკრეტიკა, რაც საქართველომ მიიღო „ნატოს“ სამიტზე, არის სასწავლო ცენტრის გახსნა, უფრო ზუსტად, ის, თუ რა შინაარსი ჩაიდება იმ სასწავლო ცენტრში და ეს მართლაც შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი. სხვა მხრივ, ეს არსი მირაჟი, რომელიც საქართველოს ხათრით კი არ გამოძერწა „ნატომ“, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი იმიჯი გადაერჩინა მოკავშირეების თვალში.
– როდისმე ჰქონია „ნატოსთან“ ურთიერთობაში საქართველოს არამირაჟული მიღწევები?
– „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2008 წლამდე, თითქოს რეალობასთან ახლოს იყო „ნატოში“ გაწევრიანების პერსპექტივა, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს მხოლოდ პიარი ყოფილიყო.
– რა პერსპექტივა ეხსნება „ნატოს“ სასწავლო ცენტრის გახსნით საქართველოს?
– ამ ქარტეხილებიან ეპოქაში შეიძლება საქართველომ მნიშვნელოვანი ფუნქცია შეიძინოს „ნატოს“ ახალი სასწავლო ცენტრის გამოყენებით. ეს უკავშირდება მოწოდებას გლობალური კოალიციის შექმნისკენ, რაც სულ ახლახან ითქვა კერის პირით. საუბარია ერაყსა და სირიაში სულ უფრო გაძლიერებულ საფრთხეზე, სადაც უკვე შეიქმნა პირველი ტერორისტული სახელმწიფო, რომლებიც ხალიფატის შექმნისკენ ისწაფვიან და ჰქონდათ კიდეც რამდენჯერმე ზღვისკენ გაჭრის მცდელობა. მათ გასულ კვირას გაავრცელეს მუქარა, რომელიც უშუალოდ კავკასიას ეხება. ისინი ამბობენ, რომ მათი მიზანია, გაწმინდონ ჩეჩნეთი და კავკასია. ამდენად, ამ ძალასთან ბრძოლა საერთო ინეტერესია, რაც, შესაძლოა, საქართველოსთვის ერთგვარი უსაფრთხოების ფარი აღმოჩნდეს.
– ფარი, ანუ რუსეთ-ამერიკის ინტერესთა დამთხვევა?
– დიახ, ზუსტად ამაზეა საუბარი, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამაა, რაც, ფაქტობრივად, დიდწილად განსაზღვრავს უკრაინის კონფლიქტის ბედსაც. ამ ტერორისტულ ორგანიზაციას მთელი მსოფლიო აღიარებს ნომერ პირველ საფრთხედ, მათ შორის, არაბეთიც. ყველა ამბობს, რომ ეს არის საფრთხე, რომელსაც უნდა დაექვემდებაროს დანარჩენ მსოფლიოში მიმდინარე ყველა კონფლიქტი და ამერიკულ თუ ევროპულ პრესაში არაერთი მოსაზრება ჩნდება, რომ სასწრაფოდ უნდა დარეგულირდეს ან დაკონსერვდეს უკრაინის კონფლიქტი, რომ იყოს რუსეთის ამ კოალიციაში ჩართვის საშუალება.
ეს საფრთხე ყველას თავისი რაკურსით ეხება: მაგალითად, ევროპული ქვეყნები განგაშის ზარს შემოჰკრავენ იმის გამო, რომ ევროპის ძალიან ბევრი, ათასობით მოქალაქეა დღეს ამ ტერორისტულ ორგანიზაციაში და, არავინ იცის, როდესაც ისინი დაბრუნდებიან თავიანთ ევროპულ სამშობლოებში, როგორ იმოქმედებს ეს ევროპული ცხოვრების წესზე და რა მექანიზმები აქვს დღეს დემოკრატიულ საწყისებზე მცხოვრებ ევროპას მათ გასანეიტრალებად. ჩნდება ისეთი მოსაზრებაც, რომ დემოკრატია არ არის ის წყობა, რომელიც ტერორისტებს გაუმკლავდება, ამიტომ მათთვის ეს გაცილებით რეალური საფრთხეა, ვიდრე უკრაინა, თუმცა უკრაინაც ყურის ძირშია. რაც მთავარია, ეს საფრთხეა რუსეთისთვის, რადგან, ცნობილია, რომ ამ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერშიფი თითქმის მთლიანად ჩრდილო კავკასიელებითაა დაკომპლექტებული. მათი უკან დაბრუნება მიანიშნებს უმართავი პროცესების დაწყებაზე, მაგრამ, არანაკლებ საყურადღებოა ის განცხადება, რომელიც ამ ტერორისტულმა ორგანიზაციამ გააკეთა – ჩეჩნეთისა და კავკასიის გაწმენდა. მათ სახელს უკავშირდება სულისშემძვრელი ისტორიები, როდესაც, უბრალოდ, გაანადგურეს მთელი სოფლები იმიტომ, რომ მათ არ მიიღეს სუნიზმი. სწორედ ამას გულისხმობენ ისინი „გაწმენდაში“ – არაერთმორწმუნეებისგან იმ ტერიტორიების გაწმენდას, რომლებსაც დაიკავებენ. ამდენად, ეს არის ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე სასტიკი მოვლენა. შესაბამისად, ეს საფრთხე აერთიანებს ევროპასა და ამერიკას, არაბულ სამყაროსა და ირანს. და, თუკი ამ თემამ გააერთიანა ამერიკისა და ირანის ინტერესები, რატომ არ შეიძლება, გააერთიანოს ამერიკისა და რუსეთის ინტერესები საქართველოში და ამ სასწავლო ბაზას ჰქონდეს ანტიტერორისტული და დაზვერვითი ფუნქცია, რომელიც ამ ურთულეს რეგიონში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის და მათი ნეიტრალიზაციის ზომებს დაგეგმავს?! ესეც საკმარისია იმის დასტურად, თუ რა პოტენციალი აქვს საქართველოს, იქცეს არა დაპირისპირების, არამედ ინტერესთა თანხვედრის ეპიცენტრად.
– „ნატო“ უკრაინას გამოუყოფს 15 მილიონ ევროს, რაც დაცინვის ტოლფასია და, როდესაც რასმუსენი ლაპარაკობდა მოკავშირეების თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე, მას ჩამონათვალში, მოლდოვასა და საქართველოს გვერდით, არც კი უხენებია უკრაინა. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამ პოტენციალურ სტრატეგიულ მიზანს – რუსეთის ჩაბმას მოკავშირედ ახალ ტერორისტულ ძალასთან ბრძოლაში – შეეწირა უკრაინა?
– ძნელი სათქმელია, თუმცა, არც ევროპა და არც ამერიკა ცალ-ცალკე და არც მათ მიერ შექმნილი რეგიონული წარმონაქმნები – „ნატო“ და ევროკავშირი – მზად არ აღმოჩნდნენ უკრაინის პროცესში აქტიურად ჩასართველად, არ ვგულისხმობ საბრძოლო ჩართვას და რუსეთთან დაპირისპირებას. ის დამოკიდებულება, რასაც ევროპა და ამერიკა უკრაინის მიმართ იჩენენ, არის ცინიზმი და მეტი არაფერი.
– მე დავამატებდი – აღმაშფოთებელი.
– რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, საქართველოსგან განსხვავებით, რომელიც შორს არის ანალიზისა და სტრატეგიული ხედვებისა და დაგეგმვისგან, ამერიკასა და ევროპას ეს არ ეშლებათ და თავად ვარ მომსწრე, თუ რამდენი ხნით ადრე განიხილება და იწერება სავარაუდო სცენარები. ამდენად, მათ უნდა გაეთვალათ, როგორი შედეგი მოჰყვებოდა უკრაინის სწრაფვას ევროკავშირისკენ და რა პროცესების საწყისი აღმოჩნდებოდა უკრაინისთვის. თუკი მზად არ იყვნენ, უკრაინა მიეღოთ საკუთარი სხეულის ორგანულ ნაწილად, ეს მათი მხრიდან არის ერთგვარი დანაშაული უკრაინელი ხალხის წინაშე.
– 2008-შიც ასე არ იყო ეს?
– ვერ ვიტყოდი, პირდაპირ ანალოგიაზე ვერ ვისაუბრებთ.
– მე დამოკიდებულება ვიგულისხმე.
– რა თქმა უნდა. უკრაინაში მიმდინარე პროცესები არის პირდაპირი გაგრძელება დასავლეთის იმ დამოკიდებულების, რაც მან საქართველოს მიმართ გამოამჟღავნა 2008-ში. აი, ეს გულარხეინი დამოკიდებულება და საფრთხის გადადება, როგორც ევროპა და ამერიკა უდგება საქართველოს და ახლა უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, კარგს არაფერს მოუტანს არც ამერიკას და არც ევროპას. გასაგებია ისლამური საფრთხე, მაგრამ, არანაკლებ საფრთხედ შეიძლება, იქცეს ევროპისთვის რუსეთი, რომელიც, სულ მინიმუმ, თუ ეკონომიკურად არ გაანეიტრალეს, „მადა ჭამაში მოდის” პრინციპით მოქმედებს და ხვალ და ზეგ მისი აგრესიის ობიექტები, არ არის გამორიცხული, ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნებიც აღმოჩნდნენ.
– წლების წინათ, 2008 თუ 2009 წელს, მიხაილ ლეონტიევმა ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა, რუსეთთან ერთად გაერთიანებაში შეიძლება აღმოჩდნეს დღეს „ნატოსა” და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიო. გამეცინა, მაგრამ, რაღაც, პროცესებმა ძალიან სწრაფად დაიწყო ამისკენ სვლა.
– გაერთიანების რა გითხრათ, მაგრამ, გააჩნია, რა იქნება კოალიციის ფასი. იმიტომ ვამბობ, საქართველო უნდა იყოს აქტიური ამ პროცესში, რადგან, ღმერთმა ასეთი შანსი გამოუჩინა. სხვაგვარად, ის შეიძლება აღმოჩნდეს გასაცვლელი მონეტა, რომელსაც ძალიან მარტივად გააყოლებენ ხელს ამ საერთაშორისო გარიგებების პროცესში, მაგრამ, თუ ის იქნება აქტიური და თავის თავს დაინახავს იმ კუთხით, რაზეც მე ვისაუბრე, მას აქვს შანსი, მინიმუმ, უდანაკარგოდ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან და, მაქსიმუმ, მიიღოს ბენეფიტები საკუთარი პოლიტიკური მომავლისთვის.
– იმავე უკრაინასთან მიმართებაში ხომ არ იკვეთება, რომ მაინც იყო მხარეებს შორის რაღაც ტიპის ცინიკური გარიგება, მთლად ასე უბრძოლველად ხომ არ დაუბრუნებდნენ რუსეთს?
– არავინ იცის, რა გამოჩნდება 10 წლის შემდეგ უკრაინაში დღეს დატრიალებული ტრაგედიის რეალურ საბაბად, მაგრამ ამ ეტაპზე გამოვრიცხავ სცენარს, რომ რუსეთს აჩუქეს უკრაინა მისი რაღაც მხარდაჭერის სანაცვლოდ, რადგან, ისლამური საფრთხე რუსეთისთვისაც საფრთხეა და მას არანაკლებ სჭირდება ამ კოალიციაში ყოფნა ამ საფრთხის გასანეიტრალებლად, ამიტომ, აქ სხვა ტიპის წინასწარ გარიგებას რუსეთთან, რასაც უკრიანა ზვარაკად შეეწირა, გამოვრიცხავ.
– ამ სიტუაციაში, როდესაც რუსეთმაც დაინახა თვალნათლივ, რომ არანაირი ქმედითი დახმარების აღმომჩენი არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოკავშირეებისთვის, იმის იმედად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთს, უბრალოდ, არ ეყოფა რესურსი უკრაინასთან და ჩვენთან საბრძოლველად, ხალიფატისგან მომავალი საფრთხე დაგვიცავს თუ რიგში გარდაუვლად ვდგავართ უკრაინის შემდეგ?
– რუსეთისგან ასეთი მონსტრის შექმნას არ ვემხრობი, მისი რესურსი არ არის უსაზღვრო და ის რამდენიმე ფრონტზე ბრძოლას ვერ დაიწყებს. უკრაინასთან ბრძოლში გაჭედილ რუსეთს, რომ შეეცადოს კიდეც, ძალიან გაუჭირდება საკუთარი რესურსის დაქსაქსვა სხვადასხვა ფრონტზე. ვიმეორებ, ეს არ არის აპოკალიფსური სიტუაცია, ამ სიტუაციაში რუსეთს, შესაძლოა, როგორც პარტნიორი უფრო აინტერესებდე, ვიდრე, როგორც მის მიერ დაპყრობილი სივრცის ნაწილი, რომელიც აუცილებლად თავის ტკივილი იქნება მისთვის.