სწავლა პარლამენტართა
„ნუ გედარდების სხდომაზედ დეპუტატის წკეპლის ცემით კივილი“
თუკი აქამომდე ჩვენს მანდატურებს, რაღა ჩვენს, ჩვენი ხალხის რჩეულების, საქმე მხოლოდ პარლამენტის სხდომებზე თუ გამოუჩნდებოდათ – რამეთუ შეხლა-შემოხლა არცთუ უცხო ხილია ქართული საკანონმდებლო ცხოვრებისთვის (თუმცა ჯერჯერობით „ჩემპიონად“ კვლავაც აკაკი ბობოხიძე რჩება – ოღონდ მისი ჟინი, ვაი რომ, განელდა, რადგან ახლა, როცა უმცირესობაშია, ისეც ვეღარ ათამაშებს კუნთებს, როგორც იმ „ტკბილ“ დროს, როდესაც უმრავლესობას წარმოადგენდა) – მათი მკლავის ძალა ბიუროს სხდომაზეც გამხდარა საჭირო.
სახელდობრ, გასულ კვირას, პარლამენტის თავმჯდომარე ერთობ გააცხარა დეპუტატების გაუთავებელმა საუბარმა. არადა, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ბ-ნი უსუფაშვილი საორგანიზაციო საკითხებს განმარტავდა, ხოლო ხალხის რჩეულები თოფაძე და ოქრიაშვილი ერთმანეთს ემუსაიფებოდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ყურები საფუძვლიანად დაეძაბათ.
რაკი თავმჯდომარის მოწოდებამ არ გაჭრა (სმენა იყოს და გაგონებაო! – დეპუტატებს კი ყურიც არ შეუბერტყავთ), ბ-ნმა უსუფაშვილმა მანდატურებს უხმო საშველად. მომყავს ციტატა: „თქვენ (იგულისხმებიან მანდატურები) დასაჯდომად არ შემოსულხართ. თუ პატივისცემა არ აქვთ ხალხის, ავიღოთ ჯოხი და ამით ვიმუშაოთ“.
მართალია, ჯერჯერობით მანდატურებს ჯოხები არ ჩაუბამთ დეპუტატთა აღზრდის კეთილშობილურ საქმეში, თუმცა, თუ პარლამენტის თავმჯდომარის ამ მოწოდებით ვიმსჯელებთ, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ამიერიდან „სწავლა პარლამენტართა“ გულისხმობს შემდეგს: „ნუ გედარდების სხდომაზედ დეპუტატის წკეპლის ცემით კივილი“. –