ძირს მყრალი კაპიტალიზმი!
ანუ „დამზადებულია სსრკ-ში“!
რადგან უკრაინის კრიზისს გადაჭრა არ უჩანს, იმას გარდა, რომ თვალსა და ხელს შუა დაილია, მორიდებული სანქციებით ბრძოლა გრძელდება (მორიდებული, ვინაიდან, ჯერჯერობით მისი სიმწვავე მხოლოდ ევროკავშირის პატარ-პატარა სახელმწიფოებმა იგრძნეს და კიდევ რფ-ის გაჭირვებულმა მოსახლეობამ).
თუმცა სანქციებდაწესებულმა, მას შემდეგ, რაც სურსათის იმპორტის პრობლემა „გადაჭრა“ (რფს-ს აფხაზეთი მოამრაგებს სოფლის მეურნეობის პროდუქციით – ), საპასუხო ნაბიჯებიც მოამზადა. სახელდობრ, რფ-ის პრ. ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს, დააწესოს აკრძალვა ავტომანქანების იმპორტსა და ზოგიერთი სახეობის ტანსაცმელზე (იმის გათვალისწინებით, რომ საბაჟო კავშირის ქვეყნებში უკვე აიკრძალა ქალის მაქმანებიანი საცვლები, ის კი ვიცით დანამდვილებით, რომ მაქმანებიანების უცხოელ მწარმოებლებს რფ-ის ბაზარი საგულდაგულოდ ჩაეკეტათ).
კერძოდ, ბ-ნი ბელოუსოვი განმარტავს, რომ „არასასოფლოსამეურნეო პროდუქციის დიდი ჩამონათვალია, რითაც, ევროპელი პარტნიორები იმაზე მეტად არიან ჩვენზე დამოკიდებულები, ვიდრე ჩვენ – მათზე. მაგალითად, მეორადი ავტომანქანები, მსუბუქი მრეწველობის საქონელი, რის წარმოებაც ჩვენც შეგვიძლია (შეუძლიათ, აბა, არ შეუძლიათ?! ეჭვი მაქვს, თვით სსრკ-ის ხარისხის ნიშნით).
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ დასავლეთის ქვეყნებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის აკრძალვამ უკვე გამოიწვია რფ-ში ფასების ზრდა 20-30 პროცენტით, რუბლის ინფლაციამ კი თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ზემონახსენები ნაბიჯი აშკარად ლოგიკურია: აბა, სადღა დარჩებათ რიგით ოკუპანტებს ევროპული ტანსაცმლისა და ავტომანქანების შესაძენად ფული?!