როდის არ უნდა დაემსგავსოს ქალი გაქცეულ ქათამს, მაგდა ჯოხაძის აზრით და რატომ არ ტოვებს მას ბედნიერების შეგრძნება
როგორც ჩანს, იუმორი ჯოხაძეების საგვარეულო ნიჭია. ანრის „ხუმრობები“ ყველამ კარგად ვიცით; ცნობილია დედის, რუსუდან ჩხაიძის იუმორიც, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მაგდა ჯოხაძე არც ერთს არ ჩამოუვარდება. მასთან ინტერვიუ „ზინგერის“ საკერავი მანქანისა და „ბელას“ საფირმო ტორტის თანხლებით ჩავწერე. ინტერვიუს ბოლოს, ღამის 2 საათზე, მისი სამი მეგობარი 80 ხინკლით შემოგვიერთდა.
– შენს დანახვაზე ფილმი „სიყვარული ყველას უნდა“ გამახსენდა – მაყვალა სამკერვალო ფაბრიკიდან.
– კერვა ჩემი ჰობია. ცოტა ხანში ჩემი მეგობრები მოვლენ, ხინკლებს მოიტანენ და მერე ყარაულაშვილი ქეთოც გაგახსენდება.
– ინტერვიუში როგორი იმიჯი გინდა შეგიქმნა – ჭრა-კერვის კურსდამთავრებული ბაბუცაანთ მაყვალა თუ კონსერვატორიის სტუდენტი ეკატერინე ბერიძე?
– რა პრობლემაა, ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ისე გააკეთე, როგორც შენ და შენს საქმეს გაწყობთ.
– ჩემს საქმეს ჰაეროვანი ქალი-რესპონდენტი სჭირდება.
– მთლად გედის ბუმბულად ნუ მაქცევ და დანარჩენი – კი ბატონო (იცინის).
– არ გიყვარს გედის ბუმბულის ბალიშზე ძილი?
– ყველას რომ უყვარს და უნდა მასზე ძილი, სწორედ მაგ კონტექსტში ვიგულისხმე.
– ქალებიც ხომ იქით მიილტვით, რომ ყველასთვის სასურველები იყოთ?
– სასურველი უნდა იყო, ოღონდ, მთლად გაქცეულ ქათამს არ უნდა დაემსგავსო – მამალს რომ გაურბის და თან ფიქრობს, ნეტავი, სწრაფად ხომ არ გავრბივარო.
– ყველაზე მეტად როდის აქვს ქალს სიმსუბუქის შეგრძნება?
– როცა ზევიდან არ აწვებიან (იცინის). ბედნიერების შეგრძნება არასდროს მტოვებს, არ აქვს მნიშვნელობა, რითია ეს გამოწვეული – მამაკაცისგან მიღებული ქათინაურით თუ გემრიელი კერძის მომზადებით, როცა კიდევ ერთი ულუფის დამატებას გთხოვენ.
– გურმანი ხარ?
– მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, გურმანიც ვარ და, უფრო მეტად მიყვარს, როცა ჩემს ნახელავს მიირთმევენ.
– სახლში ორი დიასახლისი ხართ – ქალბატონი რუსიკო და შენ. სამზარეულოში ერთმანეთს ხელს არ უშლით?
– შესწორება: დიასახლისი დედაჩემია, მე კი – დროებით შემოკედლებული მზარეული (იცინის). რამდენიმე კვირაა, დედა სახლში არ არის და, შესაბამისად, მის მაგივრად მე მიწევს ყველაფრის კეთება, მაგრამ, როცა ის სახლშია, ფეხი-ფეხზე გადადებული ვზივარ.
– თუმცა, შვილების მოვლა მთლიანად საკუთარ თავზე გაქვს აღებული.
– რა თქმა უნდა, შვილები ჩემი სუსტი წერტილია. ჩემი თვალსაწიერი მხოლოდ მათ გარშემო ტრიალებს და, მადლობელი ვარ, რომ ასეთი კარგები მყვანან. დამოუკიდებლები არიან, თუმცა, ჩემს აზრს ყოველთვის ითვალისწინებენ. არ ვარ მომხრე, შვილები კაბის კალთაზე ჰყავდეს მშობელს გამოკერებული 65 წლამდე. მათ ცხოვრებაში თავიანთი არჩევანი აქვთ. მე პატივს სცვემ მათ არჩევანს. თუ ცხოვრებაში რომელიმე რამე საკითხში შეფერხდება, იციან, რომ დედა გვერდში ჰყავთ. ისე, სერიოზულობა იქით იყოს და, აწი ისინი აქეთ თუ მომივლიან. მარიამ ხარაძე უკვე მესამე კურსზეა, ჟურნალისტიკას ეუფლება და მალე შენი კონკურენტი კოლეგა იქნება; ბიჭს რაც შეეხება, გიორგის თეატრალურში უნდოდა ჩაბარება, მაგრამ, მისაღებ გამოცდაზე ჩაიჭრა და მომავალ წელს აპირებს, ისევ სცადოს ბედი.
– ამ დროს ბიძა რას უკეთებს?
– ანრის იმედი ჩემს არც ერთ შვილს არ უნდა ჰქონდეს, ორივემ თავისით უნდა მიაღწიოს წარმატებას პროფესიაში, როგორც ეს ჩვენ მოვახერხეთ და, მით უმეტეს – ანრიმ. მაგ საკითხზე გიორგიმ ოჯახი კატეგორიულად გაგვაფრთხილა, რომ არ ჩავრეულიყავით. ახლა აღარ არის ის დრო, ვიღაცეები რაღაცეების ხარჯზე სადღაც რომ ხვდებოდნენ. ნაგვის ურნის სწორად აღებას და დაცლასაც კი სწავლა სჭირდება.
– შესაძლოა, ბოლომდე ვერ დაგეთანხმო, მაგრამ, უპრიანი იქნება, ახლა თუ გკითხა: თავად რა განათლება გაქვს მიღებული?
– პროფესიით ვოკალისტი გახლავართ. მყავს მოსწავლეები, ვემსახურები ჩემს საყვარელ საქმეს და ამით ბედნიერი ვარ.
– შენ პროექტ „ერთი-ერთში“ ვოკალის ერთ-ერთი პედაგოგი იყავი. რას ფიქრობ ამ პროექტის შესახებ?
– ძალიან კარგი პროექტია, პირველივე სეზონიდან კარგი რეიტინგი აჩვენა. მე და ეფრემ შანელი პირველი სეზონის ვოკალის პედაგოგები გახლდით. აღარაფერს ვამბობ ვიჟაზისტებზე და იმ ძვირფას მომღერლებსა და მსახიობებზე, რომლებითაც იყო დაკომპლექტებული პირველი სეზონი. გადაცემა ტიტანურ შრომას მოითხოვს, სცენის მუშით დაწყებული, რეჟისორით დამთავრებული.
– საერთაშორისო საბავშვო კონკურსს მართლა აკეთებ?
– არა, ეს ჯერ იდეის დონეზეა და, არ ვიცი, რა გამოვა; თანაც მე მხოლოდ მუსიკალური ხელმძღვანელი ვიქნები. ერთი, რისი თქმაც შემიძლია, ისაა, რომ, თუ ფესტივალი შედგა, იმით იქნება განსხვავებული, რომ ყველა მონაწილისთვის სავალდებულო იქნება ერთი ქართული სიმღერის შესრულება.
– აბსოლუტური სმენა და შესანიშნავი ვოკალი გაქვს. როგორც წესი, ჩვენთან კატებსაც კი უჩნდებათ მარტის თვეში მომღერლობაზე პრეტენზია და „ყვავი ჩხიკვის მამიდას“ გამონახავენ ხოლმე, რომ ვინმეს დახმარებით სცენაზე დადგნენ. შენ რატომ არ იყენებ შანსს?
– მე მაქვს ჩემი საქმე, რაც ძალიან მომწონს და მსიამოვნებს. მომღერალი აპლოდისმენტებით იღებს სიამოვნებას, პედაგოგი კი – მისი შედეგით. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩემი ოცნება საოპერო სცენაზე გამოსვლა იყო, მაგრამ, მიზეზთა გამო, იმ დროს იმ ადგილას ვერ აღმოვჩნდი, შესაბამისად, ესტრადა ჩემს ინტერესებში არასოდეს შედიოდა. რამდენჯერაც დასჭირდა ანრის პარტნიორი, იმდენჯერ გვერდში დავუდექი. ჩვენ დუეტების საერთაშორისო კონკურსზეც ვიყავით წასულები; რამდენიმე კონცერტზეც გვიმღერია დუეტში; „ევროვიზიაზე” მის ბექვოკალშიც ვიდექი, მაგრამ, ეს მისთვის გავაკეთე და არა საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად.
– მმართველი ქალი ხარ?
– ზოგჯერ საკუთარ ემოციებსაც ვერ ვმართავ, არათუ ვინმე ვმართო. მანქანის მართვასაც ახლა ვსწავლობ. რაც შეეხება მამაკაცებს, თუ ეს იგულისხმე, არ მიყვარს მამაკაცები, რომლებსაც მე ვმართავ; არ მიყვარს, როცა ყველაფერში მემორჩილებიან და ჩემზე არიან დამოკიდებულები. კაცს თავისი აზრი უნდა გააჩნდეს შინაგანად. აუცილებლად უნდა იყოს იმ მანდილოსანზე ძლიერი, ვისაც გვერდს უმშვენებს; რაღაც საკითხებში დამოუკიდებელი და პრინციპული უნდა იყოს, მაგრამ, პატივს უნდა სცემდეს არა მარტო ქალის, არამედ, ზოგადად, ადამიანების აზრს; თეთრზე თეთრს უნდა ამბობდეს, შავზე – შავს და, საერთოდ, არ მხიბლავს მამაკაცის ყავარჯენი ვიყო.
– გაქვს თუ არა რამე ფობია?
– ფრინველების შიში მაქვს, კოშმარები მემართება.
– იმედგაცრუებული ხარ თუ შეყვარებული?
– შეყვარებული, რადგან, მიყვარს სიცოცხლე; ვცდილობ, იმედი არაფერში გამიცრუვდეს. ბანალურია, მაგრამ, ყველაფერს ხომ თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს, არც მე ვარ გამონაკლისი და რაღაც ჩემთვისაც დამთავრებულია, სამწუხაროდ ან საბედნიეროდ. ძირითადად, ადამიანებს დასასრული გვაშინებს და იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, ღამეს მზიანი დღე რომ მოსდევს.
– მძიმე თემების განხილვას, ჯობია, შენი თმის ფერადოვნებაზე მომიყვე – ვინ შეგღება?
– მყავს ჩემი სტილისტი, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარია და იგივე ჩემი ოჯახის წევრია – თამო კობიაშვილი, რომელიც ზრუნავს ჩემი თმის ფერზე და ორი გადარეული ექსპერიმენტებს არ ვერიდებით. რაღაც პერიოდი შავი თმა მქონდა, მერე წითლად შევიღებე, მერე ისევ შავი მომენატრა და აი, შედეგიც. მგონი, ძალიან მიხდება.
– ისე, სულ მიკვირს, როგორ უძლებთ ოჯახის წევრები ანრის ასეთი გიჟური ცხოვრების რიტმს.
– იმიტომ, რომ მთელი ოჯახი გიჟურად ვცხოვრობთ. მუსიკა ჩვენი სიგიჟეა და, შესაბამისად, სიგიჟეა ჩვენი ცხოვრების სტილიც.
– ყველა სიკეთესთან ერთად, საკუთარ საძინებელში გააკეთე სტუდია. მთელი ღამე იმხელა დინამიკების ბრაგაბრუგი დისკომფორტს არ გიქმნის?
– დისკომფორტს სიჩუმე მიქმნის. იმ დღეს, გამთენიისას, სიჩუმემ გამაღვიძა და შეშინებული წამოვხტი (იცინის).