ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები
მიხეილ ამილახვარმა ყირიმის ომის დაწყების დროს მშობლებს უთხრა:
– დედავ, ინგლისელები მოდიან, იმათი ენა უნდა ვისწავლოო.
– რატომ აქამდე არ ისწავლე, შვილო, თუ ასე გინდოდა?
– აბა, რა ვიცოდი, რომ ისინი მოვიდოდნენ.
– რუსები რომ აქ იყვნენ, ხომ იცოდი, რუსული რატომ არ ისწავლე თუ ასე მარჯვე იყავიო, – მიუგო გულნაკლულმა მშობელმა.
***
ერთი რუსი მოხელე, რომელიც ვორონცოვის დროს კავკასიაში მსახურობდა, ათი წლის შემდეგ კვლავ ჩამოვიდა თბილისში. დიდი ზამთარი იყო, მთელი ორი კვირა გზა კავკასიის მთებზე თოვლს შეეკრა და რუსეთის ფოსტა ვერ გადმოდიოდა.
– მე, – თქვა თურმე მოხელემ, – ვარანცოვის დროს ვმსახურობდი აქ და კარგად ვიცოდი აქაურობაო. ახლა ჩამოვედი ხელმეორედ და, ჩემდა სასიხარულოდ, ვერც კი მიცვნია ქვეყანა, კავკასია შორს წასულა, ძლიერ შორსაო...
– მართალია, ისე შორს, რომ ორი კვირაა, ფოსტა მოსდევს და ვერ მოსწევიაო, – უთხრა თურმე პასუხად გენერალმა ედლინსკიმ.
***
ერთხელ ტანმორჩილი კაცი ამბობდა ერთ ტანმაღალ კაცზე: ისეთს გულზე მომიყვანა, რომ კინაღამ გავარტყიო... და თუ არ გავარტყი, მარტო იმისთვის, რომ...
– ახლო სკამი არ იყო, რომ ზედ შემდგარიყავიო, – დაუმატა აკაკიმ.
***
მწერალ იონა მეუნარგიას აკაკი გულწრფელად დიდ პატივს სცემდა, მაგრამ რადგან გენერალ გრიგოლ ორბელიანის მეგობარი იყო ხშირად ხდებოდა მისი ოხუნჯობის საგანი.
– იონა ჩამოსულა ქალაქში, – უთხრა დავით ერისთავმა აკაკის.
– რომელ გენერალს ჩამოჰყვა, თუ იციო, – იკითხა აკაკიმ.