როგორ გადაიზარდა სალომე გოგიაშვილის ბავშვის ნათლობა ქორწილში და რატომ რცხვენოდა მას სამშობიაროდ საავადმყოფოში მისვლა
ცოტა ხნის წინ სალომე გოგიაშვილი მესამე შვილის დედა გახდა და ულამაზესი ქორწილიც გადაიხადა, რომლის ნახვის საშუალება მაყურებელსაც მიეცა. მართალია, თავიდან მხოლოდ ბავშვის ნათლობას გეგმავდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ქორწილი გამოუვიდა.
გასაგები მიზეზების გამო, სალომე აქტიურ საქმიანობას ჩამოშორებულია და, ძირითადად, დროს ბავშვებს უთმობს, თუმცა, ზაფხულის დასრულებასთან ერთად, გეგმავს, საქმიანობასაც დაუბრუნდეს. მისი სამომავლო გეგმები დიზაინს უკავშირდება. ტელევიზიას რაც შეეხება, „იმედში” დაბრუნებას ამ ხელმძვანელობის პირობებში არ აპირებს, სხვა საინტერესო შემოთავაზებას კი სიამოვნებით დათანხმდება, რადგან, ეს სფერო ძალიან უყვარს.
– სალომე, ზაფხული როგორ გაატარეთ?
– ზაფხული ძალიან კარგად გავატარე, იმიტომ რომ ოჯახთან ერთადაც დავისვენე და ცალკე – მეუღლესთან ერთადაც. საკმაოდ დიდხნიანი დასვენება გამოგვივიდა და მართლა ფანტასტიკური იყო.
– პატარას შესახებ გვიამბეთ, როგორი ბავშვია?
– მართლა ძალიან კარგი ბავშვია, დიდი კაცივით დაისვენა ჩვენთან ერთად. ხშირად მეკითხებიან, როგორ გავრისკე ასეთი პატარას წაყვანა დასასვენებლად, მაგრამ აქ დატოვებას და ყოველ ხუთ წუთში ტელეფონზე რეკვას, მერჩივნა, თან წამეყვანა. ირაკლი ახლა 7 თვის ხდება. რომ დაიბადა, კოპიო მამამისი იყო, ახლა კი ცოტათი მეც დამემსგავსა. ძალიან საყვარელი ბავშვია. დაბადების ფოტოებს რომ ვუყურებ, ვახოს ვეკითხები ხოლმე: „ახლა ეს ლამაზია?“ მე ძალიან მესაყვარლება, მაგრამ, ალბათ, ყველა დედას ასეთი დამოკიდებულება აქვს თავისი შვილის მიმართ.
– იმის მიუხედავად, რომ ეს თქვენთვის პირველი შვილი არ არის, მშობიარობის მაინც ძალიან გეშინოდათ.
– ასე იყო, მაგრამ, ცხრა თვე საკმარისია იმისთვის, რომ ეს შიში გაქრეს. ბოლოს ისე იღლები ორსულობისგან, ერთი სული გაქვს, როდის გააჩენ. ისე მინდოდა მალე გამეჩინა, ათჯერ ვიყავი მისული საავადმყოფოში – მეგონა, მშობიარობა დამეწყო, მაგრამ, ათჯერვე უკან გამომაბრუნეს (იცინის). ბოლოს, როცა მართლა დადგა ამის დრო, საავადმყოფოში მისვლის მრცხვენოდა. ღვთის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა – სულ აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგი ექიმი მყავდა.
– ბავშვებს როგორი დამოკიდებულება აქვთ უმცროსი ძმის მიმართ?
– გიჟდებიან. მაშკა როგორც შვილს, ისე ეფერება, სულ ხელში ჰყავს და აქეთ-იქით აპროწიალებს. ბავშვობაში ერთი თოჯინა მყავდა და ყველგან დავაპროწიალებდი. ახლა მის დანახვაზე ჩემი თავი მახსენდება. ბიჭი უფრო ეჭვიანობდა, როცა ირაკლი გაჩნდა. ახლა რომ ვუყურებ, მართლა სასწაულია, 6 წლის ბავშვი ისე იქცევა, როგორც დიდი – პატარა ურტყამს, თმებს წიწკნის, უწივის, ეს კი დიდი კაცივით ყველაფერს ითმენს და მერე ეფერება. სამივენი ძალიან თბილები არიან და ეს ძალიან მომწონს. მინდა, რომ ყოველთვის გვერდში ედგნენ ერთმანეთს. მაღაზიაში რომელიმესთან ერთად რომ ვარ და ის თავისთვის კანფეტს აიღებს, გამორიცხულია, რომ კიდევ ორი არ აიღოს. რომ მიკითხავს, სამი ცალი რად გინდა-მეთქი, მეუბნება, მარტო მე ვერ შევჭამო. ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
– თქვენ და ვახოს ერთმანეთის შვილებთან როგორი დამოკიდებულება გავქთ?
– ვახოს ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს ჩემს შვილებთან. ჩემს შვილზე ხშირად უკითხავთ მისთვის, შენი ბიჭიაო? და ისიც ჩვეულებრივ ეუბნება: „ჰო, ჩემი შვილია“. ვახოს უკვე დიდი შვილები ჰყავს. მე არ მაქვს პრეტენზია, რომ დედასავით ვუყვარდე, მათ დედა ჰყავთ, მაგრამ, მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს.
– პატარასთან მიმართებაში როგორია ვახო, მის მოვლაში თუ გეხმარებათ?
– ძალიან მეხმარება. რაც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო ღვინდები. თუ ადრეულ ასაკში ქუჩა და მეგობრები გირჩევნია, ახლა ვახოს ეს მომენტები აღარ აქვს. სამსახურიდან რომ მოდის, მთელ დროს ბავშვთან ატარებს, აძინებს კიდეც. ყოველთვის, როცა ირაკლი რამე ახალს გააკეთებს და ვახო ამას შენიშნავს, გახარებული გამოდის და მეუბნება: იცი, რა გააკეთა? ვიცი, – ვეუბნები მე (იცინის).
– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, ასათიანზე დამაწვინეთ, თუ კიდევ ერთხელ გავთხოვდიო. რა გააკეთა ვახომ ისეთი, რომ ეს გადაწყვეტილება შეგაცვლევინათ?
– ის გააკეთა, რომ, ხომ ხედავ, ასათიანზე აღარ მინდება დაწოლა (იცინის). სულ ამას ვამბობ: „არადროს არ თქვა – „არასდროს“. იმ მომენტში ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ კიდევ ერთხელ ვენდობოდი ვინმეს. ვახომ მოახერხა და მოიპოვა ჩემი ნდობაც, ჩემი სიყვარულიც, პატივისცემაც და აბსოლუტურად ყველაფერი. ის რომ თავიდანვე გვერდით მყოლოდა, ჩემი ცხოვრება სხვანაირი იქნებოდა. მაგრამ, ალბათ, საჭირო იყო, ეს ყველაფერი გამომევლო იმისთვის, რომ ვყოფილიყავი, როგორც ვახო ამბობს – იდეალური ცოლი. თუმცა თავიდანვე რომ მას შევხვედროდი, შესაძლოა, ასეთი იდეალური მომენტები არც მქონოდა. ახლა ორივეს გვაქვს გამოცდილება და კარგად ვიცით, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად რაღაცეების დათმობა და ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევაა საჭირო.
– თქვენი ქორწილის თანაზიარი, ფაქტობრივად, მაყურებელიც იყო. ეს იდეა საიდან მოგივიდათ?
– ეს ჩემი იდეა არ ყოფილა. „პროფილის“ პროდიუსერი, ნიკა ხაჩიძე, ჩემი დიდი ხნის მეგობარია და, ბუნებრივია, ქორწილში დავპატიჟე. შემომთავაზა, იქნებ, თან, გადაგვეღოო. უარი ვუთხარი, რადგან, ვახოს ასეთი რაღაცეები არ უყვარს. თანაც, არ მინდოდა, ამით გაღიზიანება გამომეწვია საზოგადოებაში. იმიტომ კი არა, რომ ნიკაში არ ვარ დარწმუნებული, უბრალოდ, მეშინოდა, როგორი გამოვიდოდა საყურებლად. ნიკამ მითხრა, მე თუ მენდობი, ხომ იცი, რომ ცუდს არ გავაკეთებ; ისეთი იქნება, როგორიც შენ გინდაო და, დიდი ხვეწნის შემდეგ ვახოც დავითანხმე. ვუთხარი, რომ მხოლოდ ორ წუთს გადაიღებდნენ და წავიდოდნენ. გადაცემასაც კი ჯუჯღუნით უყურა, მაგრამ, ბოლოს მოეწონა და ვუთხარი, აწი უარი აღარ მითხრა-მეთქი და, ამიტომ, მგონი, შემდეგში ყველაფერზე დამთანხმდება.
– საქორწილო კაბა როგორ შეარჩიეთ და, ზოგადად, როგორი სამზადისი გქონდათ ცერემონიალისთვის?
– ჩვენ ქორწილის გადახდას არ ვაპირებდით, ბავშვის ნათლობა გვინდოდა. მეგობართან ერთად შევიარე საქორწილო კაბების მაღაზიაში. საპატარძლო კაბის ჩაცმას არ ვაპირებდი, უბრალოდ, რამე გამორჩეული კაბა მინდოდა. იქ იმდენად ლამაზი კაბები და კარგი მომსახურე პერსონალი დამხვდა, რომ ჩემი „შებმა“ მოახერხეს (იცინის). კაბის მასშტაბები ნელ-ნელა გავზარდე და, საბოლოო ჯამში, სადედოფლო კაბა გამოვიდა. ვახომ სულ საქორწილო კაბები რომ დაინახა – რას აკეთებ, ქორწილს იხდიო? – მე ვუთხარი, ასე გამოდის-მეთქი. მე ნათლობაში მყავს ხალხი დაპატიჟებულიო. ასე იყო, სტუმრების ნახევარი, ვისი გაფრთხილებაც მოვასწარი, ქორწილში მოვიდა, ნახევარი კი – ნათლობაში. სამზადისს რაც შეეხება, ამით დიდად არ დავღლილვარ, კახა მიქიაშვილსა და ჯაბა კილაძეს ჩავაბარე ეს ყველაფერი და გავწყვიტე წელში – სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. წამყვანები იყვნენ, მღეროდნენ, სტუმრებიც მათ მიიღეს და აბსოლუტურად ყველაფერი მათ გააკეთეს. ფანტასტიკური იყო, ასეთი მეგობრები უნდა გყავდეს. ფეხი-ფეხგადადებული ვიყავი და არაფერზე არ ვნერვიულობდი. მხოლოდ ერთხელ მივედი კაბის მოსაზომად და ერთხელ შევხვდი კახასა და ჯაბას, დამთანხმდნენ დახმარებაზე და სულ ეს იყო ჩემი სამზადისი.
– კიდევ ერთი შვილის გაჩენას თუ გეგმავთ?
– ჩვეულებრივი გიჟი ვარ ჯერჯერობით. როცა წარმოვიდგენ, რომ შესაძლოა, კიდევ ერთხელ დავფეხმძიმდე, მართლა შეიძლება, გავაფრინო. დაახლოებით ექვსი თვის წინ ვიმშობიარე, ჯერ ბოლომდე კარგად არ ვარ. ჯერჯერობით ნამდვილად ვარიდებ თავს ამაზე ფიქრს, მაგრამ, თუ ღმერთმა კიდევ მოგვცა ეს ბედნიერება, მე არასდროს ბავშვს არ მოვიშორებ. მერამდენეც არ უნდა იყოს, თუ დავფეხმძიმდები, აუცილებლად გავაჩენ, თუმცა, მერე როგორი ვიქნები, არ ვიცი (იცინის), თან, კიდევ ერთი გოგო მინდა.
– ეკრანზე აქტიური პიროვნება ჩანხართ, მაგრამ საინტერესოა, როგორი ხართ კადრს მიღმა?
– სახლში ძალიან მარტივი ადამიანი ვარ, ყველანაირ ხასიათს ვეწყობი. ზოგადად, შინაგანად მოწესრიგებული ადამიანი ვარ. ისეთი დღის რეჟიმი მაქვს, არასდროს ვიცი, როდის დამჭირდება სახლიდან გასვლა ბავშვების გამო. ამიტომ, ყოველთვის ფორმაში ყოფნა მიყვარს და სულ ამის გამო მაშაყირებენ. კბილის ჯაგრისის გვერდით უდევს ლაინერიო. მართლაც, რა დროსაც არ უნდა მოხვიდე, სულ დახატული ვზივარ. ჩემი ქმარიც მაგაზე დამცინოდა. ორსულად რომ ვიყავი, ბოლო თვეებში არსად გასვლა არ მინდოდა და დროის უმეტეს ნაწილს სახლში ვატარებდი, მაგრამ, მაინც ყოველთვის გამოპრანჭული და დახატული ვიჯექი. ვახო იცინოდა – სერიალებში რომ არის, მოქმედება სახლში ხდება, მაგრამ, სულ დახატულები არიან, შენც ასე ხარო (იცინის).
ჩემს გოგოსაც სულ ვეუბნები, რომ ყოველთვის ფორმაში უნდა იყოს. ქუჩაში მოწესრიგებულ ადამიანს რომ ხედავ, მოგწონს და სურვილი გიჩნდება, მიჰბაძო.
– გასაგები მიზეზების გამო აქტიურად ვეღარ საქმიანობთ, რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი ტაიმაუტი?
– იცით, რა არის? რამე სერიოზული წინადადება რომ წამოვიდეს, დავთანხმდები. დილიდან საღამომდე გრაფიკით მუშაობასაც შევძლებ – წლების განმავლობაში ვმუშაობდი ასე და შვილებს უჩემობა არ უგრძნიათ, ყოველთვის ვახერხებდი მათთვის დროის გამონახვას. ხუთი წუთიც რომ მქონოდა თავისუფალი, სახლში მოვიდოდი და ბავშვებს ვეთამაშებოდი.
– თუ არ ვცდები, ტელევიზიაში დაბრუნებას აღარ აპირებთ და დიზაინის განხრით გეგმავთ ბიზნესის წამოწყებას...
– აუცილებლად. იდეები მაქვს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ განცხადებით დიზაინერებს გამოწვევას ვუცხადებ – აი, მოვდივარ და კარგად იყავით-მეთქი; არა, რა სისულელეა! ეს, უბრალოდ, ჩემი სურვილია და არ მინდა წლების შემდეგ სინანულის გრძნობა დამრჩეს განუხორციელებელი სურვილების გამო. ახლა უკვე დავიწყებ ამაზე ზრუნვას.
ტელევიზიას რაც შეეხება, სად დავბრუნდე, თორემ, სიამოვნებით. „იმედში“ ნამდვილად არ დავბრუნდები ამ ხელმძღვანელობის პირობებში. სხვა ტელევიზიებისგან თუ მივიღებ შემოთავაზებებს, დავთანხმდები, რადგან, ტელევიზია არის ის სფერო, რომელიც იმდენად მიყვარს, რომ იქ მუშაობით არ ვიღლები.