როგორ ახდენს ზურა ყაზიშვილი იოგის დახმარებით ადამიანის ორგანიზმში „რევოლუციას“ და რის სათხოვნელად მიდიან მასთან თბილისელი გოგონები
ბოლო პერიოდში საქართველოში იოგაში ვარჯიში საკმაოდ პოპულარული გახდა, განსაკუთრებით კი – გოგონებში, რადგან, იოგა არა მხოლოდ გარეგნობაზე, არამედ, ადამიანის შინაგან მდგომარეობაზეც დადებითად მოქმედებს. დღეს იოგას მასწავლებლებს შორის განსაკუთრებული პოპულარულობით ზურა ყაზიშვილი სარგებლობს, რომელიც მიცკევიჩის ¹29-ში მდებარე სალონ „4U-ში” მუშაობს. მისი მოსწავლეების სიაში არაერთი ცნობილი ქართველია, რომლებიც ზურას რეკომენდაციებს ასრულებენ.
ზურა ყაზიშვილი: საკმაოდ აქტიური ბავშვობა მქონდა. იმ დროს დენი და ინტერნეტი არ იყო, კომპიუტერი იშვიათობას წარმოადგენდა, ამიტომ, სხვა გასართობი არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ ქუჩაში ვყოფილიყავით. მაშინ პარკური არ იყო გავრცელებული, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, მეგობრებმა მის შესახებ არაფერი ვიცოდით, თუმცა მსგავს რაღაცას ვაკეთებდით: ავტოფარეხიდან ავტოფარეხზე გადავდიოდით, ხიდან ხეზე დავძვრებოდით. ცოტა ხანს კარატეზეც დავდიოდი, მოგვიანებით ძიუდოზეც შევედი, შემდეგ კიგ-ბოქსინგზე, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერს ერთბაშად შევეშვი. გარდატეხის ასაკი მძიმედ გადავიტანე – ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა, თან, ცხოვრების აქტიური წესიდან უცებ პასიურზე გადავერთე: ვჭამდი ბევრს, ერთ ადგილას ვიჯექი და ამან გამოიწვია ის, რომ მოვიმატე წონაში; შემდეგ ორივე ფეხზე დამემართა მენისკი, ამას დაერთო ნევროზიც, რის ფონზეც შიშები დამეწყო – აბსოლუტურად ყველაფრის მეშინოდა, რაც ადამიანისთვის ხიფათს წარმოადგენდა ან არ წარმოადგენდა... თარიღიც კი მახსოვს – 2003 წლის 21 სექტემბერი იყო, როდესაც მეგობარმა მითხრა, წამოდი, იოგა ვივარჯიშოთო. თვითონ ხერხემლის გამრუდება ჰქონდა, პრობლემა გამოისწორა და შემდეგ შეეშვა. იმ დროს ბევრი არაფერი გამეგონა იოგაზე, ვიცოდი მხოლოდ ის, რომ, რატომღაც ეწინააღმდეგება რელიგიას და, კიდევ, უცნაური ტიპები არიან, რომლებიც სხედან და ზმუიან, რაღაც ბგერებს გამოთქვამენ. ვთქვი: მოდი, ვცდი-მეთქი და ვცადე. დავიწყე სიარული იუზა გოგავასთან. ექვს თვეში უნდა გვესწავლა ვარჯიშების გარკვეული რაოდენობა. მოკლედ კარგი მოსწავლეები გამოვდექით და უფრო მეტი ვისწავლეთ. როგორც აღვნიშნე, ადრე სპორტის სხვადასხვა სახეობაზე დავდიოდი და ვერც ერთს ვერ შევეგუე. იოგაზე როგორც კი შევედი, ელემენტარული „ხის პოზა“ გავაკეთე (ცალ ფეხზე დგახარ და მეორე ფეხი შეკეცილი გაქვს, მიდებული გაქვს იმ ფეხზე, რომელზეც დგახარ, ხელები კი მაღლა გაქვს აწეული) და ამ დროს ჩემში რაღაც მოხდა – ძალიან შემიყვარდა. „ხის პოზა” წონასწორობის ყველაზე მარტივი ვარჯიშია, რომლის დროსაც ხერხემალი უნდა გეჭიროს სწორად, იწელებოდე და ამ დროს ცოტათი მხარბეჭიც ვარჯიშდება. გარდა იმისა, რომ მენისკი მქონდა, ძალიან მოუქნელიც ვიყავი, ელემენტარულ „მეომრის პოზასაც“ ვერ ვაკეთებდი, რომლის დროსაც მუხლებზე დგები და შემდეგ ტერფებზე ჯდები. მუხლები ისე მტკიოდა, ვერ ვჯდებოდი და ვერ ვაკეთებდი. ეს პოზა კარგია მუხლებისა და ტერფების მოქნილობისთვის, მას სხვადასხვა ვარიაცია აქვს სხვადასხვა დანიშნულებით, მაგრამ, ყველაზე მარტივსაც ვერ ვაკეთებდი, ძალიან მიჭირდა. თუმცა, ორი თვის შემდეგ საოპერაციო მენისკი მთლიანად გამიქრა და მე ეს „მეომრის პოზის“ დამსახურებად მიმაჩნია. ისე რთულად მქონდა საქმე, ქუჩაში რომ გავდიოდი, მუხლები მეკეცებოდა და ვეცემოდი; კიბეებზე დაუხმარებლად ვერ ავდიოდი; მუდმივად მტკიოდა მუხლები. უკვე სპეციალისტს ვეძებდი ოპერაციისთვის, მაგრამ, ერთ დღესაც, აღმოჩნდა, რომ საერთოდ აღარ მტკიოდა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნერვები დამიწყნარდა, ნევროზიც გაქრა და ჩემი შიშებიც. დაახლოებით ორ წელიწადში არაფრის აღარ მეშინოდა – არც სიკვდილის, არც სიცოცხლის, არც კონფლიქტის, არც მიწისძვრის, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გიჟად და გადარეულად ვიქეცი, უბრალოდ, გააზრებულად უშიშარი გავხდი. ფრთხილი ვარ, უბრალოდ გაუცნობიერებელი შიში აღარ არსებობს ჩემთვის და ეს ყველაფერი იოგას დამსახურებაა. სანამ იოგას ბოლომდე მოვირგებდი, ყველა ვარჯიშს ვაკეთებდი, რაც მასწავლებელმა მასწავლა – ამას დღეში ხუთი საათი მაინც მიჰქონდა. ერთ წელიწადში ვაკეთებდი ყველაზე რთულ ასანებს, რაც კი არსებობს, თან გართულებული ფორმით. ჩემმა ვარჯიშებმა ტრანსფორმაცია განიცადა და სულ სხვანაირი ვარჯიშები მივიღე. ცოტა შემეშინდა, მეგონა, გავცდი იოგას. როდესაც კომპიუტერი ვიყიდე, პირველი სწორედ იოგას ვარჯიშები მოვიძიე და, აღმოჩნდა, რომ იმას, რასაც მე ვაკეთებდი თურმე, სხვებიც აკეთებდნენ; იმასაც მივხვდი, რომ იოგა ჩემნაირი მოკვდავების გამოგონილია და არა ღმერთ შივასი, რომელსაც მის გამოგონებას მიაწერენ.
– იოგა ბევრ რამეში ეხმარება ადამიანს, ამიტომაც მთელ მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია და ბევრი ადამიანისთვის ცხოვრების წესია.
– უპირველს ყოვლისა, იოგა ადამიანს ფიზიკურად გარდაქმნის. მისი სხეული, ფაქტობრივად, განიცდის მუტაციას, უზარმაზარ ტრანსფორმაციას, იცვლება ყველაფერი: სახსრები, კანი, მყესები, კუნთების მოყვანილობა, ძვლის ფორმაც კი. ერთადერთი სირთულე სისტემატურობის შენარჩუნებაა, რასაც დიდი ძალისხმევა და ნებისყოფა სჭირდება. რაც მთავარია, იოგას ვარჯიშს ყოველთვის მოჰყვება სიამოვნება, თუმცა, შეიძლება, ვიღაცამ ვერ მიიღოს ეს სიამოვნება; ამიტომაც, ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები: როცა ვარჯიშობთ, ნებისმიერი პოზა გააკეთეთ ტკივილის შეგრძნებამდე. რაღაც დონეზე ტკივილი უნდა იყოს, მაგრამ, იოგა ტანჯვასთან და თვითგვემასთან არ უნდა ასოცირდებოდეს. ყველა ვარჯიში სიამოვნებისა და ტკივილის ზღვარზე უნდა კეთდებოდეს – სწორედ ამ დროს ხდება პროგრესი. მაგრამ, როცა გტკივა, მაშინ ორგანიზმში ისეთი ნივთიერებები გამოიყოფა, რომელიც მოქნილობის განვითარებას უშლის ხელს. ჩვენი ანატომია, ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ სტრესი უნდა იყოს ერთი მესამედი, დასვენებაც – ერთი მესამედი და სიამოვნებაც ერთი მესამედი; ასეა როგორც ფიზიკურში, ასევე მენტალურში. სტრესიც აუცილებელია, რადგან, ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი შინაგანი პროცესები მიმდინარეობს. საჭიროა დასვენებაც – პასიური მდგომარეობა ჩვენი ტვინისთვის, ისევე, როგორც სიხარული, ბედნიერება, რომელსაც აუცილებლად უნდა განვიცდიდეთ.
– ძალიან ბევრი მოსწავლე გყავს. როგორია შენი მეთოდი? ალბათ, მათ ყოველთვის უხსნი, რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ ასანს.
– იოგას სხვადასხვა მიზნები აქვს და, შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა სახის იოგა: არის ფიზიკური ვარჯიშები, სუნთქვითი, გონებრივი ვარჯიშები, ასევე, შემეცნებითი იოგა. საბოლოო ჯამში, ყველას მაინც ჯანმრთელობისკენ, ბედნიერებისკენ და თავისუფლებისკენ მივყავართ. გარდა ამისა, არსებობს იოგასადმი სხვადასხვა დამოკიდებულება, მათ შორის ერთ-ერთია ევროპული დამოკიდებულება, რომელიც დღეს თბილისში ბევრ ცენტრშია გადმოტანილი და რასაც არ ვეთანხმებით არც მე და არც ჩემი მეგობრები. სუფთა მარკეტინგული გათვლაა: შეხვალ, ივარჯიშებ ერთი საათი, შემდეგ გამოგიშვებენ; მერე შედის სხვა ჯგუფი, მასაც ავარჯიშებენ, მერე უშვებენ და ასე გრძელდება. ინსტრუქტორი დგას, აკეთებს რაღაცას და ჯგუფი ისე იმეორებს, არც კი იციან, რომელი პოზა რისთვის არის კარგი, ანუ, გაუცნობიერებლად ვარჯიშობენ. არ შეიძლება, იოგაში ივარჯიშო და არ იცოდე, რისთვის, რატომ ვარჯიშობ, რისთვის არის საჭირო. ამიტომ, ნებისმიერ პოზას გაცნობიერებული უნდა აკეთებდე, შენს სხეულს ბოლომდე უნდა გრძნობდე, იქ უნდა იყო იმ მომენტში და არა სხვაგან. აი, ასეთ დროს იძლევა იოგა მაქსიმალურ ეფექტს და, თან, ამ დროს ვიზუალიზაცია ხდება. ამ ყველაფერთან ერთად, ვარჯიში რეალურად მოქმედებს და ამას ემატება „პლაცებოს ეფექტი“, რაც უდიდეს გავლენას ახდენს გამოჯანმრთელებაზე ან იმაზე, თუ რა შეგრძნებები გაქვს იმ დროს. ასე რომ, იოგაში ყველაფერი წინასწარ უნდა გავიაზროთ, ორგანიზმს მობილიზაცია უნდა გავუკეთოთ და გავაგებინოთ, რას ვითხოვთ მისგან. ანუ, რა მოძრაობაც გონებით ხდება, ის უნდა მოხდეს ფიზიკურადაც. როცა ფიზიკურად ვარჯიშობ და გონებით სხვა რამეს აკეთებ, ამ დროს ტკივილიც მეტია, ისევე, როგორც არასასიამოვნო შეგრძნებები. იოგა არ არის რაღაცის შეძენა, ის იმის გახსნაა, რაც ჩვენშია. ის რაც ერთ ადამიანს აქვს, სხვა ადამიანებსაც აქვთ; ერთს თუ რაღაც შეუძლია, სხვებსაც შეუძლიათ. მაგრამ, როდესაც რამეს ვერ აკეთებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ეს შესაძლებლობები დაბლოკილია. იოგა კი ბლოკების ახსნის მეთოდიკაა, ანუ მთელი პროცესი არის არა ახლის შეძენა, არამედ, ამ ბლოკების ახსნა და იმის განვითარება, რაც ადამიანში დევს. ვარჯიშის დროს, თამაშ-თამაშში, სასიამოვნოდ ავითარებ შენს ჯანმრთელობას, მოქნილობას, კონცენტრაციის უნარს; მშვიდდება გონება და ადამიანი რეალურად თავისუფალი ხდება. არაფერზე აღარ არის დამოკიდებული: არც მატერიალურზე, არც არამატერიალურზე, არავის სურვილებზე, ბოლომდე თავისუფალია. ვეღარ გაშინებენ, ვეღარ გიბრძანებენ, ვეღარ გაიძულებენ... ყველანაირი მექანიზმი, რომელიც სოციუმის, სახელმწიფოს მიერ ადამიანის სამართვად არის შექმნილი, ქრება, აღარ მოქმედებს და ჰარმონიული და თავისუფალი ხდები. თან, ეს ყველაფერი ბუნებრივად მიმდინარეობს, მაგრამ, ბევრს ეს არ აინტერესებს, რადგან, იოგაზე ზოგი იმიტომ მოდის, რომ წონის კორექცია უნდა; ზოგმა არ იცის, რა უნდა მაგრამ, მაინც მოდის; ზოგი კი იმიტომ იწყებს ვარჯიშს, რომ მოდურია, რაც ბევრმა კომპონენტმა განაპირობა. პირველი არის ისეთი კატეგორია, რომელიც მართლმადიდებლობის, რელიგიის ჯიბრზე იწყებს იოგაზე სიარულს, რაც ჩემთვის ცოტა საეჭვო მიზეზია – ვიღაცის, ან რაღაცის ჯინაზე რამის კეთება არ არის მაინცდამაინც კარგი; მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ისინი, რომლებმაც გაიგეს, რომ წონის კორექციისთვის იოგა იდეალური ვარიანტია. მათ იციან, რომ ჯანმრთელობისთვისაც კარგია, თან, პარალელურად, კვების რეგულაციას სწავლობენ – ინსტრუქტორი ასწავლის სწორ კვებას და ვარჯიშს; მესამე: კულტურულად, ნელ-ნელა ვუახლოვდებით ევროპასა და ამერიკას – ევროპასა და ამერიკაში იოგა საკულტო თემაა.
– შენს მოსწავლეებში გოგონები ჭარბობენ, მათ შორის პროფესიონალი მოცეკვავეები.
– ბიჭებიც არიან, თუმცა, გოგონები მეტნი არიან, რომლებიც, წონის კორექციისთვის მოდიან, ან, იმისთვის, რომ მოქნილები გახდნენ. ჩემთან დადიან მოცეკვავეებიც და ყველას თავისი მიზეზი აქვს. უცხოეთში პროფესიონალების ვარჯიშში ერთ-ერთი მთავარი ადგილი გაწელვებს უკავია, რაც ან ტანვარჯიშთან არის დაკავშირებული, ან – იოგასთან. ფეხბურთელები, კალათბურთელები, მოცეკვავეები, მსახიობები – ყველანი ვარჯიშობენ იოგას. როდესაც გოგონები მოდიან ჩემთან, მათ ძირითადად გაწელვები უნდათ, განსაკუთრებით კი – ფეხების მოქნილობა; ან, მოდიან და მეუბნებიან, ცეკვის ეს ილეთი მინდა გავაკეთოო და მერე მე იმის მიხედვით ვუნიშნავ ვარჯიშებს, რაც სჭირდებათ იმ ილეთის გასაკეთებლად, თუნდაც, მალე რომ ჩაჯდეს „შპაგატზე“. თუმცა, ძირითადად მაინც წონის კორექციისთვის მოდიან და მეკითხებიან, რამდენ ხანში დავიკლებო, მაგრამ, არ მეუბნებიან, რამდენის დაკლება უნდათ, რას ჭამენ. ბევრს უნდა, რომ ვუთხრა: ივარჯიშე იოგა და, რაც გინდა და რამდენიც გინდა ჭამე, მაინც დაიკლებ-მეთქი. მაგრამ, ასე არ არის. ვარჯიში 10 პროცენტია და კვება – 90. ამიტომაც, ვეუბნები ძირითად პრინციპებს: ეს არის განცალკევებული კვება, ანუ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ცალ-ცალკე მიღება და არა ერთმანეთში არევა. არავის არაფერს არ ვუკრძალავ – ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების მეთოდი. სასურველია, სულ მცირე, 40-ჯერ მაინც მოვიდნენ ვარჯიშზე – ეს არის სამი თვე. ამ 40 ვარჯიშის შემდეგ ხდება ორგანიზმში რაღაც ცვლილებები და, გრძნობენ, რომ აღარ სიამოვნებთ სიგარეტი; რომ, თურმე, ხორცი და სხვა ცხოველური საკვები ამძიმებთ და ისე აღარ სიამოვნებთ.
– რევოლუცია ხდება ადამიანის გონებაში.
– დიახ, ძირეული ცვლილებები ხდება და, იმ რეკომენდაციებს, რაც დასაწყისში ჰქონდათ, უკვე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აკეთებენ. ჩემი მეთოდის მიხედვით არავინ არის შეზღუდული: მოდიან მაშინ, როცა უნდათ; ვარჯიშობენ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს ვარჯიში სიამოვნებთ: 1 საათი ან მეტი, ზოგი 4 საათიც ვარჯიშობს, შესვენებების გამოკლებით – 3 საათი – ეს არ არის არანაირი საფრთხის შემცველი, ინდივიდუალურია, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს. ახალი რომ მოვა ვინმე, თავიდან ბოლომდე ვასწავლი ყველაფერს, ვუხსნი, რა ჰქვია ამ პოზას, რომელი კუნთები ეჭიმება. ჩემმა მოსწავლეებმა ყველაფერი იციან, რაც ვარჯიშს ეხება: რა უნდა შეცვალონ, როგორ უნდა გაართულონ, რა უნდა დაამატონ. ყველას თავისი ტემპი აქვს და ყველა ერთნაირად არ ვარჯიშობს. თუ სახეზე შევატყობ, რომ თავისუფლად აკეთებენ რამეს და ბედნიერი სახე აქვთ, მერე ცოტათი ვურთულებ პოზას.
– რომელია გოგონებში დღეს ყველაზე პოპულარული ასანები?
– ძირითადად ვაკეთებინებ ფეხის მოქნილობისა და ძალისმიერ ვარჯიშებს, რომ ფეხისა და დუნდულის ყველა კუნთი იჯდეს იქ, სადაც საჭიროა, სადაც ბუნებით არის ჩაფიქრებული; იქ, თავისთავად, საჭიროა პრესი, ზურგის კუნთის ვარჯიშები, რომ ხერხემალში გასწორდნენ, მკერდი წინ გამოვიდეს და მუცელი შიგნით შევიდეს. შედეგი მალე უნდათ, მაგრამ, ბევრს ავიწყდება, რომ ჯანმრთელობას წლების, თვეების განმავლობაში იფუჭებენ და მერე რამდენიმე თვეში უნდათ ყველაფრის აღდგენა. თუმცა, ჯანრთელობის აღდგენა უფრო მალე ხდება, ვიდრე დაზიანება, რადგან, ჩვენი შინაგანი არსება ამისკენ მიილტვის: უნდა, რომ იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.