ვინ გააუქმა ძველ რომში ბავშვთა მსხვერპლშეწირვა და რით შეცვალა ეს ტრადიცია
სატურნალიებზე, გარდა მოვალეების სიკვდილით დასჯისა, რომაელები ღმერთს კიდევ ერთ ადამიანს სწირავდნენ მსხვერპლად. დღესასწაულისთვის ისინი ეგრეთ წოდებულ „სატურნალიის მეფეს” ირჩევდნენ, რომელსაც კვირის ბოლოს რიტუალურად კლავდნენ. „მეფე“ შეიძლება ყოფილიყო დამნაშავედ მიჩნეული მონა ან ბოროტმოქმედი, ანუ ადამიანი, რომელიც, როგორც დამნაშავე, ასე თუ ისე, მაინც სიკვდილით უნდა დაესაჯათ. ამიტომ, ამ ტრადიციამ საკმაოდ დიდხანს იარსება, იმ დრომდეც კი, როდესაც ადამიანების მსხვერპლშეწირვა უკვე დიდი ხნის წინ იყო სიმბოლურით შეცვლილი. შემდგომში ეს მსხვერპლიც სიმბოლურით შეცვალეს: სატურნალიის დროს, რომაელები წილისყრით ირჩევდნენ თავისუფალი მოქალაქეებიდან სამასხარაო „მეფეს,“ რომელიც დღესასწაულის წარმმართველი ხდებოდა, იძლეოდა თავშესაქცევ, გასართობ განკარგულებებს, მაგრამ, რიტუალის დამთავრების შემდეგ ცოცხალი და ჯანმრთელი რჩებოდა.
სატურნალიის დღეებში რომაელებს კიდევ ერთი ტრადიცია ჰქონდათ – ერთმანეთისთვის საჩუქრის მირთმევა. თავისთავად, ეს ჩვეულება სავსებით ბუნებრივია ნებისმიერი დღესასწაულისთვის, მაგრამ, საინტერესოა, რომ სატურნალიის საჩუქრებიდან ერთ-ერთი გამორჩეული იყო ტერაკოტასგან (გამომწვარი წითელი თიხისგან) გამოძერწილი ადამიანის ფიგურები. თვით რომაელები, ალბათ, არ ფიქრობდნენ, თუ საიდან იღებდა სათავეს ეს ტრადიცია, მაგრამ, მეცნიერები სატურნალიის ამ „სუვენირებში” ადამიანთა მსხვერპლშეწირვის გახსენებას ხედავენ.
მაგრამ, სისხლისღვრის შემცვლელი რა საშუალებაც არ უნდა გამოეგონებინათ რომაელებს, ძველი ტრადიცია უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა. „სატურნალიის მეფის“ მსხვერპლად შეწირვის ბოლო შემთხვევა აღწერილია ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში. ეს მოხდა ქალაქ დუროსტორუმში, იმპერიის ქვემო მეზიის პროვინციაში (დღევანდელი სილისტრა – ბულგარეთში). ფრეზერი ასე აღწერს ამ შემთხვევას:
„რომაელი ჯარისკაცები ქვემო მეზიის ქალაქ დუროსტორუმში ყოველ წელს ასე ზეიმობდნენ სატურნალიის დღესასწაულს: ზეიმის დაწყებამდე 30 დღით ადრე, ისინი წილისყრით არჩევდნენ ახალგაზრდა და ლამაზ ადამიანს, რომელსაც, სატურნის მისამსგავსებლად, სამეფო ტანსაცმლით მოსავდნენ. ასეთი ჩაცმულობით და ჯარისკაცების დიდი ჯგუფის თანხლებით, ის ქალაქის ქუჩებში დასეირნობდა. მას სრული უფლება ჰქონდა მინიჭებული, თავისი გრძნობითი ლტოლვა თუ ნებისმიერი სასიამოვნო სურვილი დაეკმაყოფილებინა, თუნდაც ეს სურვილი სამარცხვინო და სულმდაბლური ყოფილიყო. ამ „რჩეულის” მხიარული მმართველობა იყო ხანმოკლე და ტრაგიკულად მთავრდებოდა: ოცდაათდღიანი ვადის დამთავრებისას, სატურნის დღესასწაულის წინა დღეს, მას ყელს გამოსჭრიდნენ იმ ღმერთის სამსხვერპლოზე, რომელსაც ის განასახიერებდა.
ჩვენი წელთაღრიცხვის 303 წელს, წილისყრით, იქნა შერჩეული ქრისტიანი ჯარისკაცი ლაზია, რომელმაც უარი განაცხადა წარმართული ღმერთის როლის შესრულებასა და სიცოცხლის ბოლო დღეებისთვის გახრწნილებით ჩირქის მოცხებაზე. ლაზიას ქედუხრელი გადაწყვეტილება ვერც მუქარით და ვერც მეთაურის, ოფიცერ ბასის მიერ დარწმუნების მცდელობით შეაცვლევინეს, და, როგორც სკურპულოზური სიზუსტით გვამცნობს ქრისტიანი წამებულის ცხოვრება, ხუთშაბათს, ნოემბრის მეოცე დღეს, მთვარის კალენდრის 24-ე დღეს, ოთხ საათზე, მას თავი მოჰკვეთა ჯარისკაცმა იოანემ“.
ფრეზერი ამტკიცებს, რომ ამ მონათხრობს აფუძნებს გადმოცემები, „რომლის უტყუარობაში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ არსებობს“. ამასთანავე, ის წინააღმდეგობაში მოდის თავის მტკიცებასთან, რომ მისი ერთ-ერთი წყარო, მისი აღიარებით, „შესაძლოა, ოფიციალურ დოკუმენტებზეც კი იყოს დაფუძნებული“. ცნობილია, რომ ადამიანის მხსვერპლშეწირვა რომის სენატმა ჩვენი წელთარიცხვის 97 წელს აკრძალა. ეს გადაწყვეტილება არცთუ იშვიათად ირღვეოდა როგორც იმპერატორის თავნებობით, ასევე, იმ ფაქტით, რომ დამნაშავეთა სიკვდილით დასჯას კანონი განმარტავდა როგორც მსხვერპლშეწირვას და ხსნიდა იმით, რომ გლადიატორთა ორთაბრძოლები, არსებითად, დაკრძალვის რიტუალის ტრადიციის გაგრძელება იყო. მაგრამ, ძნელია წარმოიდგინო, რომ რომაელ ლეგიონერებს, სრულიად ოფიციალურ და ანგარიშვალდებულ პირებს, კანონის საწინააღმდეგოდ, ღია და რეგულარულად ჩაეტარებინათ თავისუფალი და უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლშეწირვა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მსხვერპლის შერჩევა ბრალდებულ ბოროტმოქმედთაგან ხდებოდა. ის ფაქტი, რომ რიგით „სატურნალიის მეფედ“ ქრისტიანი ჯარისკაცი იქნა შერჩეული, მხოლოდ ამტკიცებს ამ განზრახვას. 303 წელს ხომ მთელ იმპერიაში ქრისტიანებისგან არმიის გაწმენდის კამპანია მიმდინარეობდა, ხოლო, აღმოსავლეთის პროვინციების კეისარი გალერიუსი დაჟინებით მოითხოვდა ავგუსტუს დიოკლეტიანესგან კანონის გამოცემას ქრისტიანების მთლიანად განადგურების შესახებ (რასაც ის შეეცადა კიდეც, გამოსცა რა ოთხი შესაბამისი ედიქტი, მათ შორის სამი – 303 წელს და, ბოლო, ყველაზე საშინელი – 304 წელს; ამ ედიქტით უკლებლივ ყველა ქრისტიანს მსჯავრი ედებოდა, რათა წამების გზით ეთქმევინებინათ უარი თავიანთ აღმსარებლობაზე). ამრიგად, შესაძლებელია დავუშვათ, რომ ლეგიონერებმა „სატურნალიის მეფე“ აირჩიეს და სიკვდილით დასაჯერს ქრისტიანების დევნის ოფიციალური კამპანიის ფარგლებში.
***
რაც შეეხება მონაცვლეობითი მსხვერპლის საკითხს: დღესასწაულზე, რომელსაც „კომპიტალია” ეწოდებოდა, რომაელები ქალღმერთ მანიას სწირავდნენ შალის თოჯინებს. ეს გახლდათ გამოძახილი ძველი სისხლიანი ტრადიციისა, რომელიც შეცვლილი იყო ან მეფე ნუმას, ან კიდევ, ნახევრად მითიური ჰერკულესის მიერ. მანია დაკავშირებული იყო გარდაცვლილ წინაპართა განღმრთობილ სულებთან – მანებთან; ის იყო სახლის მფარველი ღმერთების – ლარების დედა, განაგებდა ოჯახურ (სახლის) კეთილდღეობას და, ამიტომ, ოჯახს ჰმართებდა თითოეული ჯანმრთელად მყოფი წევრის სახელზე გაეღო მსხვერპლი. მაგრამ, მიუხედავად დედობისა და ოჯახური სათნოებისადმი მისწრაფებისა, მანია იყო იტალიის ერთ-ერთი ყველაზე სისხლის მოყვარე ქალღმერთი: ოჯახის თითოეულ წევრზე იგი თითო ბავშვის თავს ითხოვდა მსხვერპლად. ეს ჩვეულება, რომელსაც რომაელები ასევე ორაკულს მიაწერდნენ (თითქოსდა ორაკულმა დაუწესა ეს ჩვეულება პელაზგებს), უხსოვარ დროს იქნა გაუქმებული და ბავშვები „ჩაანაცვლეს” შალის თოჯინებით. მაგრამ, მეექვსე საუკუნეში ეს ჩვეულება აღადგინა მეფე ტარკვინიუს ამაყმა, თუმცაღა, ტარკვინიუსი რომაელებში პოპულარობით არ სარგებლობდა: ხელისუფლება მან სიმამრის მკვლელობით ჩაიგდო ხელში და მისი მმართველობა სისასტიკესა და დესპოტიზმზე იყო დამყარებული. მან სისხლით მორწყა არა მარტო სამსხვერპლოები, არამედ, მთელი რომი. როდესაც ტარკვინიუსის ვაჟმა სახელი გაითქვა ლუკრეციუსზე სკანდალური ძალადობით, მეფე რომიდან განდევნეს. ამის შედეგად გაჩაღებული სამოქალაქო ომის გამო, რომაელებს მტკიცე ზიზღი აღეძრათ სამეფო ხელისუფლებისადმი, ჩამოაყალიბეს რესპუბლიკური მმართველობა და პირველ კონსულად საძულველი ტარკვინიუსების წინააღმდეგ მთავარი მებრძოლი – ლუციუს იუნიუს ბრუტუსი აირჩიეს.
კონსულად არჩევისთანავე, ბრუტუსმა გააუქმა ბავშვთა მსხვერპლშეწირვა და ბრძანა ბავშვთა თავები ხაშხაშის (ყაყაჩოს) თავებით შეეცვალათ.