დაჩი დარჩია – კიდევ ერთი ნაადრევად შეწყვეტილი ლამაზი სიცოცხლე
დაჩი დარჩია, ბიჭი, რომელსაც მთელი ქალაქი იცნობდა და ყველას უყვარდა, 30 აგვისტოს, წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევ კრიმინალს ემსხვერპლა, რომლის მოქნეული დანა თბილისში დაჩის ურიცხვი მეგობრების სულს მოხვდა და ათასობით ადამიანი აატირა.
„ფეისბუქზე“ მისი ბოლო პოსტი ასეთია:
„ყოველდღიურად ვიღებ წერილებს.
ვკითხულობ-ვინახავ-ვკითხულობ-ვწვავ, მაგრამ მეხსიერება მაინც ინახავს...
ამდენი წერილი ავტორის გარეშე გინახავთ?
ერთ-ერთ წერილში ვიცანი ის დღე, როცა გვიხაროდა და ამის გარდაც გაჩნდა სხვადასხვა მიზეზი, ავტორად მხოლოდ შენ წარმომედგინე...
ფურცლებსაც შენი ოთახის სუნი აქვს და ახლა კი უკვე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ შენ ხარ...
ახლაც კი ზიხარ, წერ წერილებს, მერე ხევ, მერე ისევ წერ.
... და გზავნი უმისამართოდ.
P. S. ნუ სთხოვ წერილებს პატიებას... ისინი პოულობენ ადრესატს, რომელიც კითხულობს-ინახავს-კითხულობს-წვავს-ზოგჯერ ხევს, აქუცმაცებს, ფანჯარასთან დგას და... მის ეზოში შენი უმისამართო წერილების თოვლია.”
***
ვერიკო ტურაშვილი: „რა უნდა ვთქვა, არც კი ვიცი. ძალიან ცუდად ვარ. კიდევ ერთი გამორჩეული და კეთილი ადამიანი დააკლდა ყველას, ვინც იცნობდა დაჩის, თორემ, ის ნაძირლები კიდევ დიდხანს იცხოვრებენ და მოიხდიან ბევრ სასჯელს, რომ ამწარონ და აუბედურონ სხვები.”
ანრი ჯოხაძე: „დაჩი ჩემს ნაცნობ-მეგობრებს შორის ყველაზე გამორჩეული იყო თავისი სიკეთითა და პოზიტიური ენერგიით. ათ წელზე მეტია, ვიცნობ და, არ მახსოვს, ვინმეს ოდესმე ცუდი ეთქვას მასზე. ყველას გვეტკინა, ყველა ცუდ დღეში ჩავცვივდით.
დაჩის ამბავი რომ გავიგე, თავზარი დამეცა, საღამოს მეგობრები მოვიდნენ და ბევრ რამეს ვიხსენებდით. ამ დროს სრულიად ინსტინქტურად, უხალისოდ ავიღე რაღაც აკორდები როიალზე და მივხვდი, რომ მუსიკას ვწერდი. მეგობარს შევხედე და ორივემ ზუსტად ერთად ვთქვით, რომ ეს დაჩია. იმავე საღამოს დავწერე სიმღერა და ტექსტი, რომელიც მას მივუძღვენი და ორ დღეში ვიდეოვერსიაც მექნება მზად. ის იყო ძალიან ნიჭიერი ადამიანი. რა სფეროშიც არ უნდა ემოღვაწა, ყველგან მაგარი ტიპი იქნებოდა. დაჩის მკვლელობის შემდეგ ჩემთვის რაღაცეები გადაფასდა და, მეჩვენება, რომ სხვანაირად დავიწყე ფიქრი”.
პაატა თედიაშვილი: „რამდენიმე კვირის წინ დავასრულეთ ჩემს ახალ კლიპზე მუშაობა, რომელიც დაჩიმ გადაიღო. წლებია, დაჩის ვიცნობ და აქტიურად ვთანამშრომლობდით. ძალიან კომფორტული იყო მასთან მუშაობა და, არა მარტო სამუშაო პროცესი, არამედ, უბრალოდ, ჯდომა და რაღაც საკითხებზე მსჯელობა. მაგარი გურული იუმორი ჰქონდა და, ცუდ ხასიათზეც რომ ყოფილიყავი, ისე გაგამხიარულებდა, დაგავიწყებდა ყველაფერს. სხვათა შორის, პირველი კლიპი რომ გადამიღო, ფული არ მქონდა, არადა, ძალიან მინდოდა. შეიძლება ითქვას, საკუთარი ხარჯებით გამიკეთა ყველაფერი”.