გვაქვს თუ არა სარისკო ზონები ვულკანური ამოფრქვევების თვალსაზრისით საქართველოში და შეუძლია თუ არა ადამიანს „ხელი შეუწყოს“ ვულკანის გააქტიურებას
დროსთან ერთად ბევრი რამ ვითარდება და წინ მიდის. ის, რაც ადრე გადაუჭრელი პრობლემა შეიძლებოდა ყოფილიყო, დღეს ძალიან მარტივად მოგვარდება. მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობს ისეთი პრობლემებიც, რომელთა წინაშე დღესაც უძლურნი ვართ. სტიქიური უბედურებები სწორედ ამგვარ საკითხთა რიგს მიეკუთვნება. ამ ბოლო დროს, გააქტიურდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი მყინვარწვერზე, არსებული ჩამქრალი ვულკანი აპირებდა გააქტიურებას და ყაზბეგის მოსახლეობა საფრთხეში იმყოფებოდა. ამ საკითხზე სასაუბროდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, გეოგრაფ გიორგი დვალაშვილს მივმართეთ.
– უპირველესად, გეტყვით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, აჟიოტაჟი მყინვარწვერის ტერიტორიიდან წამოსულმა ღვარცოფმა გამოიწვია. დაიწყეს საუბარი, რომ შეიძლებოდა, ვულკანს გაეღვიძა და ამოფრქვეულიყო. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ დღეისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი მოქმედი ვულკანი არ არის და მათი ამოფრქვევის საშიშროებაც არ არსებობს.
ჩვენ ვაწარმოებთ სხვადასხვა სახის დაკვირვებას. ვატარებთ გეოლოგიურ, სტატეგრაფიულ, გეოფიზიკურ კვლევებს და შემიძლია, გითხრათ, რომ ამ მხრივ საფრთხე ნამდვილად არ გვემუქრება. რაც შეეხება გეოლოგიურ წარსულს, საქართველოში ბევრ ადგილას არის დადასტურებული ვულკანური კერები, სადაც ხდებოდა ამოფრქვევა. განსაკუთრებით მდიდარია ამგვარი მოვლენების მიხედვით ჯავახეთისა და მყინვარწვერის მიდამოები. საქართველოს ტერიტორიაზე ვულკანიზმი ნამდვილად იყო, მაგრამ საკმაოდ დიდი ხნის წინ. ამოფრქვევა, რომელიც დაფიქსირებულია, როგორც ყველაზე ახალგაზრდა, არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გორისციხე-ცხენშეს ტერიტორიაზე. აქ გზა გაყავდათ და ამ პროცესში დაფიქსირდა მცენარე, რომელიც ვულკანური ამოფრქვევის შედეგად გაქვავდა. დადგინდა, რომ ეს იყო ყველაზე ახალგაზრდა ვულკანი, რომლის ასაკიც არის 7 000 წელი. 7 000 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ვულკანი არ გვქონია. მსოფლიოში დაახლოებით 800 მოქმედი ვულკანია და როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ვულკანის გააქტიურებას თან ახლავს სხვა პროცესებიც. ეს არის ცხელი წყლები, გეიზერები... მოვლენები, რომლებიც საქართველოში არ დასტურდება. შესაბამისად, ვერ ვიფიქრებთ, რომ რომელიმე ვულკანი გააქტიურებას აპირებს.
– გამოდის, რომ ვულკანური ამოფრქვევის საშიშროება ნამდვილად არ გვემუქრება.
– ნამდვილად შეიძლება ასე ვთქვათ. ჩვენ შეგვისწავლია ასეთი ადგილები, ვატარებთ ექსპედიციებს. კონკრეტულად, ყაზბეგიც რომ ავიღოთ, აქ არანაირი ნიშნები არ გვაქვს ასეთი პროგნოზისთვის. ამას მარტო მე არ ვამბობ. სხვა ქართველი მეცნიერებიც იგივეს ადასტურებენ. ვულკანური თვალსაზრისით, ნამდვილად უსაფრთხო გარემოში ვცხოვრობთ. ასე იქნება უახლოეს მომავალში. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კი რა იქნება, ამას ვერავინ გეტყვით.
– თუ არსებობს რაიმე ფაქტორი, რომელმაც შეიძლება, მისი გააქტიურება გამოიწვიოს?
– ვულკანი ისეთი მოვლენაა, რომელსაც ადამიანი ვერ გამოიწვევს. როგორ უხეშადაც არ უნდა ჩაერიოს ის გარემოში მიმდინარე პროცესებში, რა ცვლილებაც არ უნდა შეიტანოს მასში. უხეშად რომ ვთქვათ, რა დონეზეც არ უნდა გაანადგუროს ადამიანმა გარემო, ვულკანის გაღვიძებას მაინც ვერ გამოიწვევს. რადგან ვულკანური ამოფრქვევა არის მიწის ძალიან ღრმა ფენებში მიმდინარე პროცესების შედეგი, რომელზე ზემოქმედებისთვისაც ადამიანს არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.
სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა საქართველოში მომხდარ მიწისძვრას აფასებენ, როგორც ხელოვნურად გამოწვეულს. ესეც არ არის მართებული. ორივე მიწის სიღრმეში, ასეულობით და ათასეულობით მეტრზე მიმდინარე პროცესებია.
– ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ამოფრქვევები სად გვქონია?
– მასშტაბური ამოფრქვევები ბევრი ყოფილა საქართველოში. მაგალითად, ჯავახეთის ტერიტორიაზე, ფარავნის ტბა, რომელიც ყველაზე დიდი ტბაა, მისი ზედაპირის ფართობი 37 კვადრატული კილომეტრია, წარმოქმნა აბულ-სამსარის ქედიდან ჩამომავალმა ვულკანმა. ასევე, საღამოს ტბისა და ჯავახეთში არსებული კიდევ ბევრი სხვა ტბის წარმოშობა, სწორედ ვულკანმა გამოიწვია. მოკლედ, ამოფრქვევები იყო და საკმაოდ მასშტაბური, მაგრამ მილიონობით წლის წინ.
– თუ ასეთი უსაფრთხო გარემო გვაქვს ამ თვალსაზრისით, მაშინ რამ გამოიწვია ამ საკითხის გააქტიურება?
– მაისიდან დაიწყო საუბარი, რომ თითქოს მყინვარწვერზე ვულკანი აპირებს გააქტიურებას. აქ მოხდა უზარმაზარი ღვარცოფი, რომელიც, სამწუხაროდ, პრესამ მონათლა, როგორც მეწყერი. ეს არ იყო მეწყერი. ვიღაცეებმა კი ეს დააკავშირეს მყინვარწვერზე ვულკანის ამოფრქვევის საშიშროებას. ყაზბეგის მოსახლეობა ძალიან შეშინდა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვულკანი უნდა ამოიფრქვეს და ეს ხალხი, მთელი დასახლება, ლავის ქვეშ მოექცევა. საჭიროა, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ზემოთაც აღვნიშნე და კიდევ გავიმეორებ: საქართველოს ტერიტორიაზე, არც მყინვარწვერზე და არც სხვაგან, ვულკანური ამოფრქვევის საშიშროება არ არსებობს. ეს იყო ცრუ განგაში.