ვინ სთხოვს ქართულ კლუბებში ათუკა ედიშერაშვილს მუსიკის გათიშვასა და სადღეგრძელოს წარმოთქმას და როგორია გართობა დიჯეისთვის
ქართველმა დიჯეიმ, ათუკა ედიშერაშვილმა, ზუსტად ერთი წლის წინ, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე – „მოვიდა კორონა“, რომელიც იბიცაზე გაიმართა და რომელშიც 25 ქვეყნის საუკეთესო დიჯეი იღებდა მონაწილეობას, მესამე საპრიზო ადგილი აიღო. ეს ძალიან სერიოზული მუსიკალური ფესტივალია და, აღსანიშნავია, რომ საქართველო მასში პირველად იღებდა მონაწილეობას. უყურადღებობას ათუკა არც მანამდე უჩიოდა, მაგრამ, ბუნებრივია, ამ წარმატების შემდეგ მასზე მოთხოვნა სერიოზულად გაიზარდა – დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დიჯეია და ძალიან ბევრ ღონისძიებაში, ივენთსა თუ ფესტივალში იღებს მონაწილეობას.
– ახლახან დაბრუნდი ანაკლიიდან. „კაზანტიპზე“ რას გვეტყვი?
– იქ, როგორც სტუმარი, ისე ვიყავი წასული, არ დამიკრავს. მომეწონა – ადგილიც კარგად ჰქონდათ გაკეთებული და მუსიკა იდეალური იყო. ერთადერთი ნაკლი – ხალხის ნაკლებობა იყო.
– ორგანიზატორების მხრიდან აქცენტი ელექტრონულ მუსიკაზე კეთდებოდა. როგორც დიჯეი, როგორ შეაფასებდი ფესტივალს ამ თვალსაზრისით?
– მუსიკალური თვალსაზრისით, მართლა ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო გაკეთებული, მსოფლიოს საუკეთესო არტისტები იყვნენ ჩამოყვანილები.
– ვიცი, რომ დიჯეების მსოფლიო კონკურსზე ერთი წლის წინ მესამე ადგილი აიღე, ამის შესახებ მოგვიყევი.
– ეს კონკურსი ტარდება ყოველ წელიწადს. სამწუხაროდ, წელს შეიცვალა სახე და სხვა ფორმატით ტარდება. ეს იყო „მოვიდა კორონას“ ფესტივალი და მასში 25 ქვეყნის დიჯეი იღებდა მონაწილეობას. გაიმართა იბიცაზე. სამი საპრიზო ადგილი იყო და მე მესამე ადგილი ავიღე. ასეთ გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. ძალიან სერიოზული ფესტივალია, იქ მოხვედრა და დაკვრაც კი ბევრს ნიშნავს. ადგილიც დიდ გავლენას ახდენს მუსიკოსზე. მართლა სასწაული რაღაცეები ხდებოდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო და, ზუსტად ვიცი, ისეთ ემოციებს, როგორიც ამ გამარჯვებამ მომიტანა, დიდხანს ვეღარ მივიღებ.
– საქართველოს მანამდე არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული?
– მანამდე საერთოდ არ მონაწილეობდა საქართველო ამ კონკურსში, ეს იყო პირველი შემთხვევა. ჩვენი ქვეყნის შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ და სხვადასხვა ქვეყანაში ერეოდათ. მაგრამ, ყველას დავაზეპირებინე საქართველოს სახელი.
– ამ კონკურსამდე იყო შიდა შესარჩევი ტური საქართველოში...
– შიდა შესარჩევი ტური სამი ნაწილისგან შედგებოდა: პირველი იყო ინტერნეტკონკურსი, რომლის შემდეგაც 20 დიჯეი გადიოდა მეორე ტურში; იქ ხდებოდა ნახევარსაათიანი სეტის დაკვრა და ამის შემდეგ 5 მონაწილე გადადიოდა ფინალურ ნაწილში. ამ 5 მუსიკოსს შორის მე გავიმარჯვე და გავემგზავრე იბიცაზე.
– ქართველ დიჯეებს შორის დიდი კონკურენცია იყო?
– რა თქმა უნდა, კონკურენცია დიდი იყო. თუმცა, გაცილებით დიდი იყო იბიცაზე. იქ 25 ქვეყნის საუკეთესო დიჯეი გამოდიოდა. თან, ამ პროცესს ნერვიულობაც ახლდა. გამიმართლა კიდეც – ცოტა იღბალი, ცოტა ნიჭი და ასე მივაღწიე წარმატებას.
– ამის შემდეგ მაიამიში, მუსიკალურ ფესიტვალზე უნდა წასულიყავი. ალბათ, დიდი მოლოდინი გქონდა. რა მიიღე შედეგად?
– მაიამიში 20 მარტს გავემგზავრე და იქ ორი კვირა დავყავი. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალია, რომელიც ელექტრონული მუსიკის სფეროში ტარდება. იქ მივიღე შემოთავაზება, რომ ყოველწლიურად ჩავიდე ხოლმე ამ ფესტივალზე. მომავალ წელს თუ ჩატარდება, აუცილებლად გავემგზავრები.
– ქართველ დიჯეებზე რას იტყვი?
– დიჯეებით, ჩემი აზრით, ბევრ ევროპულ ქვეყანაზე წინ ვართ. ძალიან ბევრი კარგი დიჯეი გვყავს. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და, რომ შევადარო, ჩვენთან უფრო ხარისხიანი ელექტრონული მუსიკაა, ბევრად უფრო კარგ გზას ვადგავართ.
– ქართველ მსმენელზე რას ფიქრობ?
– მსმენელის ნაკლებობას არ ვუჩივით. უბრალოდ, ამ სფეროს უფრო მეტად განვითარება სჭირდება და ამას ქვეყანამ უნდა შეუწყოს ხელი. ხალხი ერთ ადგილას არის გაჩერებული, არადა, წინსვლაა საჭირო. ზოგადად, ელექტრონული მუსიკა მსოფლიოში უფრო აქტუალური გახდა, კონკურენციაც გაიზარდა და, შესაბამისად, ხარისხიც დაიხვეწა. მსმენელიც საკმაოდ გემოვნებიანი და დახვეწილია და, დაინტერესების შემთხვევაში, მეც ვურჩევ ხოლმე კარგ მუსიკას. თუმცა, სასაცილო სიტუაციებიც ხშირია. ბევრჯერ, კლუბში დაკვრის დროს, მოსულა მსმენელი და თურქული სიმღერა მოუთხოვია ფულის სანაცვლოდ. ბევრი ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს კლუბისა და რესტორნის მუსიკასა და სიტუაციას. ჰგონიათ, რომ, შეიძლება დიჯეისთან მისვლა, ფულის გადახდა და სასურველი მუსიკის შეკვეთა. ბევრს არც ერიდება, პირდაპირ მოაჭრიან, ფულს დაგიდებენ და გეუბნებიან: „ჯიგარო, ერთი ეს დამიკარი!“... „ვაგონი მიჰქრის არ გაქვთ?“... ერთხელ, ერთი კაცი მოვიდა, თანხა დამიდო და მეუბნება: ცოტა ხნით მუსიკა საერთოდ გამორთე, სადღეგრძელო უნდა ვთქვაო (იცინის).
– თქვენი რეაქცია როგორია ასეთ დროს?
– ასეთი რაღაცეები ხშოირად ხდება და ყოველთვის ვცდილობ, აგრესიული არ ვიყო და თავაზიანად ავუხსნა, რომ ეს არ არის ის ადგილი, სადაც მუსიკის შეკვეთაა შესაძლებელი; რომ აქ კონკრეტული მუსიკის მოსასმენად მოდიან, შეკვეთებისა და სადღეგრძელოების ადგილი კი რესტორანშია. ასეთი ადამიანების უმრავლესობა მაშინვე ტოვებს ხოლმე ბარს.
– ამჟამად რა სიახლეები გაქვთ თქვენი მსმენელისთვის?
– ახლა ძალიან ხშირად ვუკრავ „მედუზაში“, ასევე, ნებისმიერ კლუბში, რომლიდანაც მომივა მოწვევა. ზაფხულში მქონდა ძალიან დატვირთული გრაფიკი – ბათუმში ვიყავი და რამდენიმე კლუბში ვუკრავდი. სიახლე საკმაოდ ბევრია. ცალკეც ვმუშაობ და ბენდთან ერთადაც. შეიძლება ითქვას, მთლიანად მუსიკით ვარ მოცული. ვაპირებ ევროპაში ტურნეს გაკეთებას. მაქვს რაღაც შემოთავაზებები; რაც, ისევ, და ისევ იბიცაზე დაკვრის შემდეგ წამოვიდა. რამდენიმე აგენტმა სხვადასხვა ქვეყანაში ტურნეების მოწყობა შემომთავაზა – ეს ყველაფერი სექტემბერ-ოქტომბერში იგეგმება. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ მუსიკალურად არ ვარ ბოლომდე ჩამოყალიბებული. დროსთან ერთად, მეტ რამეს ვსწავლობ. მუსიკალური განათლება მინდა გავიღრმავო. მუსიკოსისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ინსტრუმენტის შესწავლა, რომ ჟღერადობები მიიღო.
– ბენდ „თსუ-არტის” წევრი ხართ, რომელიც საზოგადოებამ „ნიჭიერის“ შემდეგ გაიცნო კარგად. შენ როდის შეუერთდი?
– მე მათ „ნიჭიერის“ შემდეგ შევუერთდი. გუნდში რაღაც ცვლილებები მოხდა და ამის შემდეგ მივედი. ცოტა სიახლეები შევიტანე და, ვფიქრობ, წინ წავედით. ხარისხი, რომელიც იყო, შევინარჩუნეთ. ორიგინალური ინსტრუმენტების შექმნას დღესაც ვცდილობთ, თუმცა, ეს მარტივი პროცესი არ არის – უცებ ვერ დაჯდები და ახალ ინსტრუმენტს ვერ შექმნი, მაგრამ, ახლის დამატებას და ძველის განახლებას ყოველთვის ვცდილობთ.
– თქვენი ბენდის და მარიკო ებრალიძის ერთობლივი პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. თუ აპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას?
– ეს თანამშრომლობა ცოტა ხნის წინ დავიწყეთ და დღესაც აქტიურად გრძელდება. ახლა ალბომზე ვმუშაობთ. ეს არის ელექტრონული მუსიკისა და მარიკოს ვოკალის სინთეზი, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მოუხდა ერთმანეთს.
– აქტიური საქმიანობის გამო, ალბათ, პირადი ცხოვრებისთვის ნაკლები დრო გრჩებათ.
– საქმეს დიდი დრო მიაქვს. შეყვარებული არ ვარ. ღამის ცხოვრებამ და ჩემმა დატვირთულმა გრაფიკმა ყველას ჩამომაშორა. სულ აქეთ-იქით მიწევს სირბილი და ნორმალური ურთიერთობისთვის დრო აღარ მრჩება. მეგობრებსაც მაშინ ვნახულობ, თუ ჩემთან მოდიან სტუმრად კლუბში.
– გასართობად კლუბში დადიან, რომელიც თქვენთვის სამუშაო გარემოა. საინტერესოა, როგორ ერთობა დიჯეი?
– ამაზე ხშირად ვხუმრობთ ხოლმე: დიჯეისთვის გართობა არის დასვენება და განტვირთვა სადმე, მშვიდ, წყნარ ადგილას. კვირაში ერთი-ორი დღე თუ მაქვს თავისუფალი, სულ ვცდილობ, სადმე წყნარ ადგილას წავიდე, სადაც მუსიკა ძალიან დაბალ ხმაზე იქნება და კარგად დავისვენებ. ხშირად მიწევს სამი-ოთხი ღამის გადაბმა და დილით დაძინება. სასიამოვნო არ არის, მაგრამ, რას ვიზამ, ასეთი პროფესია მაქვს. რამდენი წელია, ამ სფეროში ვარ და, თითქოს უკვე შევეჩვიე. ამის მიუხედავად, ჩემს საქმეზე ძალიან ვარ შეყვარებული და თავი სხვაგან ვერ წარმომიდგენია.