კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

მერაბს ელდა ეცა. სიმწრის ოფლმა დაასხა და ბუცხრიკიძეს ჰკითხა:

– კაპიტანმა ჯიბუტმა თუ იცის ბეშქენაძეების ამბავი? – ჯიბუტი პირადად მერაბმა დანიშნა სამი კვირის წინ თავისი განყოფილების უფროსად ქუთაისში.

– იცის, ბატონო მერაბ და მალხაზ ჯიბუტიც დაჟინებით მირჩევდა, რომ არც საქმე აღმეძრა და არც სამხილი წამომეღო თბილისში.

„ესე იგი, ჯიბუტში შევცდი“, – გაიფიქრა გამწარებულმა მერაბ გამრეკელმა და ბუცხრიკიძეს უთხრა:

– მძიმე დანაშაული რომ არ მიჩქმალე და სწორად და პატიოსნად მოიქეცი, ქების ღირსი ხარ. მაგრამ, თავი რატომ დააჩაგვრინე კუტუბიძეს და ხმა არ ამოიღე?

– გაჩუმება არც მიფიქრია, ბატონო მერაბ და ბალისტიკოსის დასკვნას ველოდები. პატაკი კი უკვე მზად მაქვს, სადაც ყველაფერი დაწვრილებით აღვწერე. გივი სახვაძემ უნდა დამირეკოს და როგორც კი თბილისში ჩამოვალ დასკვნისთვის, პატაკსა და დასკვნას მინისტრის კანცელარიაში დავტოვებ, – მიუგო ბუცხრიკიძემ გამრეკელს.

– ეგ სულ სხვა საქმეა. რამდენი წლის ხარ, ლეიტენანტო?

– ოცდასამის, ბატონო მერაბ.

– რა გაქვს დამთავრებული?

– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე ორი წლის წინ. ექვსთვიანი პრაქტიკა თბილისში გავიარე. წელიწად-ნახევარი სამტრედიაში ვიმუშავე გამომძიებლად და მეორე თვეა, ქუთაისში ვარ.

მერაბი წამით ჩაფიქრდა. შემდეგ კოტეს თვალი ჩაუკრა და ბუცხრიკიძეს უთხრა:

– ჩათვალე, რომ შენ ამ წუთიდან ორგანიზებულ დანაშაულთა მებრძოლი განყოფილების, ქუთაისის ქვედანაყოფის უფროსი ხარ, მალხაზ ჯიბუტს კი ვათავისუფლებ.

– რა ბრძანეთ, ბატონო მერაბ? – იკითხა ბუცხრიკიძემ.

– რაც გაიგე, ის ვბრძანე – ჯიბუტის ადგილზე გნიშნავ და არ მოგესმა. მაგრამ, არ უნდა შემარცხვინო ჯიბუტივით, – უთხრა მერაბმა ნოე ბუცხრიკიძეს და დაამატა, – სამსახურში რამდენ ხანში შეგიძლია მიხვიდე.

– მაქსიმუმ ნახევარ საათში.

– მაშინ, ასე ვქნათ. ახლა ჯიბუტს დავურეკავ და ვეტყვი, რომ ხელი არ შეგიშალოს. შენ კი საიმედო, გამოცდილი ოპერები წაიყვანე, ჯემალ ბეშქენაძე აიყვანეთ და თავის ძმას გვერდით მიუსვით, თან არავინ გააკაროთ ჩემს ჩამოსვლამდე. გასაგებია?

– გასაგებია, ბატონო მერაბ.

– ნოე, ავტომობილის მართვა თუ შეგიძლია?

– შემიძლია. მართვის მოწმობაც მაქვს.

– ხვალ დილით ახალთახალ „ვოლგას“ ჩამოგიყვანენ.

– თქვენ როდის ჩამობრძანდებით?

– დღესვე.

– კარგი, ბატონო მერაბ. ახლავე წავალ სამსახურში და თქვენს ბრძანებას შევასრულებ. გელოდებით.

– ნოე, ფრთხილად იმოქმედეთ.

– დარდი ნუ გაქვთ, ბატონო მერაბ. არ შეგარცხვენთ. ნახვამდის.

– აბა, თქვენ იცით, ნოე. მალე შევხვდებით. ნახვამდის, – მიუგო მერაბმა ნოე ბუცხრიკიძეს. ყურმილი აპარატზე დადო და კოტე სოხაძეს უთხრა:

– ალბათ, ყველაფერს მიხვდი, ხომ?

– რამდონიას ეხაზება, იმ მექრთამეს. მასეა? – გაეცინა სოხაძეს.

– რა, ღირსი არ არის? კარგა ხანია, მინისტრი კბილებს ილესავს და მიზეზს ვერ პოულობდა. მე ახლა გენერალთან შევალ და ყველაფერს მოვუყვები. შემდეგ კი ქუთაისში გავემგზავრები. ფანტომზე გასვლის შანსია და ბეშქენაძეები პირადად უნდა დავკითხო.

– ჯიბუტს არ ურეკავ? – შეახსენა კოტემ მერაბს.

– ჯერ მინისტრს დაველაპარაკები, – მიუგო მერაბმა და კაბინეტიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.

– ხომ მშვიდობაა, მერაბ? – ჰკითხა გენერალმა გამრეკელს, რომელსაც სულ რაღაც ორი საათის წინ კარგა ხანს ელაპარაკა კაბინეტში.

მაიორი ყველაფერს დაწვრილებით მოუყვა გენერალს და ბოლოს უთხრა:

– ჯიბუტში შევცდი და გავათავისუფლე. მის მაგივრად კი, ეს პატარა ბიჭი დავნიშნე. ახლავე ქუთაისში მივემგზავრები, რომ ბეშქენაძეები პირადად დავკითხო და გავარკვიო, ვინ იყო ის გაქცეული ყაჩაღი, ვინც ამ წყეული „მაკაროვიდან“ გაისროლა. თქვენთან კი, თხოვნა მაქვს, დომენტი კუტუბიძეს დაურეკოთ და უთხრათ, რომ ნოე ბუცხრიკიძეს ხელი არ შეუშალოს ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობაში.

– მდაა, – ქუთაისში იმზე მეტი ბარდაგი ყოფილა, ვიდრე მეგონა. დადგა რამდონიას, მაგ მექრთამის აღსასრულის ჟამი და ამას ახლა მისი სიმამრიც კი ვერ უშველის, – თქვა მინისტრმა, სპეცკავშირის ტელეფონის ყურმილს დასწვდა და იკითხა:

– პოდპოლკოვნიკი დომენტი კუტუბიძე სად ბრძანდება?

წესით, სპეცკავშირის ტელეფონისთვის თავად კუტუბიძეს უნდა ეპასუხა და გენერალმა იმიტომ იკითხა სამმართველოს უფროსი, რომ ყურმილში ქალის ხმა მოესმა, რომელმაც მინისტრს ჰკითხა:

– საიდან რეკავ?

ახალგაზრდა, ტუტრუცანა ქალი კუტუბიძის მდივანი იყო. მასავით პროვინციულად მეტყველებდა და მდივნობას დომენტის საყვარლობასაც უთავსებდა. იმ მომენტში კი, იმიტომ იმყოფებოდა კუტუბიძის კაბინეტში, რომ მეორე ფუნქცია შეესრულებინა და მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი ელოდებოდა სააბაზანო ოთახში შხაპის მისაღებად შესულ დომენტი კუტუბიძეს.

გენერალი ჯერ იმან გააღიზიანა, რომ ტელეფონს სხვამ უპასუხა. შემდეგ ამ იდიოტურმა – „საიდან რეკავო“ და აფეთქდა:

– საიდან და საიქიოდან, შე კრეტინო! ჩქარა რამდონია მოათრიე აქ. მინისტრი ვარ მე!

ტუტრუცანა სააბაზანოში შევარდა და პირსახოცშემოხვეულ კუტუბიძეს უთხრა:

– ვინცხა, მინისტრი ვარო, ამბობს და იგინება. რამდონია მოათრიეო.

კუტუბიძე თოვლივით გათეთრდა და სააბაზანოდან გველნაკბენივით გამოვარდა. გზაში პირსახოცი გასძვრა, მაგრამ მისი აღება არც უცდია. ტელეფონთან დედიშობილამ მიირბინა და უპასუხა:

– გისმენთ, ბატონო მინისტრო.

– პოდპოლკოვნიკო კუ-ტუ-ბი-ძე, – დამარცვლით თქვა გენერალმა, – ამ წუთიდან შენ და კაპიტანი მალხაზ ჯიბუტი, ასევე გამომძიებელი ხოშტარია გათავისუფლებულები ხართ თანამდებობიდან. ახლა მანდ ლეიტენანტი ნოე ბუცხრიკიძე მოვა და ხელი არ შეუშალო მუშაობაში. მან თვითონ იცის, რაც უნდა გააკეთოს. მალე მერაბ გამრეკელიც ჩამოვა და დანარჩენს მისგან გაიგებთ.

– რა დავაშ... – თქვა დედიშობილა პოდპოლკოვნიკმა. გენერალმა მას სიტყვა გააწყვეტინა და უთხრა:

– რამდონია, შე მექრთამე. ინტრიგების ხლართვა არ გაბედო, ღმერთი არ გაგიწყრეს. გაგდებას არ გაკმარებ იცოდე. თავსაც დაიღუპავ და იმ შენს მფარველსაც გამოსჭრი ყელს! გასაგებია?

– გასაგებია, – ამოილუღლუღა დედიშობილა პოდპოლკოვნიკმა და ყურმილი აპარატზე დადო.

– საიდან რეკავდა? – გაიმეორა ტუტრუცანა მდივანმა ყოვლად უადგილო, იდიოტური ფრაზა და რამდონიას თვალები დაუჟუჟუნა.

დედიშობილა კუტუბიძეს მთელი სხეული წამოეჭარხლა და მდივანს დაჭრილი დათვის ხმით უღრიალა:

– გაეთრიე აქედან, შე სოფლელო ბოზო!

შეშინებული ტუტრუცანა კაბინეტიდან გავარდა. კუტუბიძე კი ტელეფონს დასწვდა და სიმამრთან დარეკვა დააპირა, მაგრამ მინისტრის მუქარა გაახსენდა. შეეშინდა და გადაიფიქრა. ბოლოს სკამზე დაეშვა და მხრებში ჩარგო თავი...

მინისტრმა რომ ყურმილი დადო, მაიორს უთხრა:

– ახლავე გაემგზავრე ქუთაისში და გაარკვიე, რა ხდება. რამდონიას, იმ მექრთამეს, უკვე წერტილი დაესვა და ჩემგან გადაეცი: თუ უნდა, თავი მხრებზე შევარჩინო, მილიციიდან საკუთარი ნებით წავიდეს და განცხადება გამოგატანოს. ახალ სამმართველოს უფროსს თბილისიდან ორ-სამ დღეში გავუგზავნი. უფრო სწორად, მე თვითონ ჩავუყვან. აბა, შენ იცი. კარგ სიახლეებს ველოდები შენგან.

მინისტრისგან გამოსულმა გამრეკელმა, თავის კაბინეტში შეიარა. ტაბელური იარაღი აიღო და ქუთაისში გაემგზავრა. რიკოთამდე სწრაფად იარა. უღელტეხილზე კი ცოტა შეყოვნდა, რადგან საგზაო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და საცობი იყო წარმოქმნილი. ქუთაისში რომ შევიდა, საღამოს შვიდი საათი სრულდებოდა. წვიმდა და მთელი დღის ნასიცხარ ქალაქს ორთქლი ასდიოდა.

ქალაქის შესასვლელთან კაპიუშონწამოხურული „გაის“ ინსპექტორი იდგა, ხელში ზოლიანი ჯოხი ეჭირა, თითქმის ყველა მანქანას აჩერებდა და მძღოლებს ფულს სძალავდა. ავტომოყვარულები მას მანქანიდან გადმოუსვლელად უტენიდნენ ჯიბეში დაჭმუჭნულ სამმანეთიანებს და ირონიული ღიმილით აგრძელებდნენ გზას. ინსპექტორმა მერაბსაც დაუქნია ჯოხი. გამრეკელმა კი არ გაუჩერა, რადგან მოძრაობის წესი არ დაურღვევია, თანაც ძალიან ეჩქარებოდა.

„სამი მანეთის გადახდა თუ არ გინდა, ათჯერ მეტს აგაფცქვნი“, – გაიფიქრა „შეურაცხყოფილმა“ მილიციელმა. „მოსკვიჩში“ ჩახტა და მერაბ გამრეკელის „ვოლგას“ დაედევნა.

მაიორმა ისეთი მანევრებით იარა, რომ საგზაო მოძრაობის ერთი წესიც არ დაურღვევია. მან არც მდევარს მისცა საშუალება, მისთვის გზა გადაეკეტა. გამრეკელმა ბოლო მონაკვეთი გაიარა. „ვოლგა“ მილიციის სამმართველოს შენობასთან გააჩერა და მანქანიდან მშვიდად გადმოვიდა.

ძლიერი წვიმის მიუხედავად, შენობის წინ რამდენიმე ოფიცერი იდგა და მერაბს ელოდებოდნენ. მილიციის სამმართველოში უმალვე გავარდა ხმა, – რამდონია მოხსნეს და თბილისიდან მინისტრმა „თავისი კაცი“ გამოგზავნა რევიზიისთვისო. ამ ხმებს ნოე ბუცხრიკიძის დაბრუნება და ოპერჯგუფთან ერთად ბეშქენაძის ასაყვანად წასვლაც დაემთხვა. ამიტომ, დამფრთხალი განყოფილების უფროსები წვიმაში ილუმპებოდნენ და გულისხეთქებით ელოდნენ „მინისტრის კაცს“.

– დედა, ბოშო, ნუნუკია, რაფრა დამიღრიალა რამდონიამ, თუ იცი?! ვინცხა მინისტრმა დოურეკა თბილისიდან და გონია, ხსნიან მაგ უბედურს, – უთხრა ტუტრუცანამ სამძებროს უფროსის მდივანს, ნუნუკიას, რომელიც ტუტრუცანას არაფრით ჩამოუვარდებოდა და ისიც მდივნობასა და საყვარლობას ერთმანეთს უთავსებდა.

ნუნუკიამ თავისი კოლეგის მონათხრობი სამძებროს უფროსს უამბო. მან კი ოფიცრები დარაზმა და „მინისტრის კაცის“ დასახვედრად თავსხმა წვიმაში დაამწკრივა. თავად ფანჯრიდან იყურებოდა, სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა და გონებაში ალაგებდა, თუ რა ეთქვა „რევიზორისთვის“.

„ვოლგიდან“ გადმოსული კაცი რომ დაინახეს, მიხვდნენ, ვინც იყო და გალუმპული ოფიცრები მერაბის შესახვედრად დაიძრნენ. ამ დროს „გაიშნიკმაც“ შემოუხვია. გამრეკელს „მოსკვიჩი“ წინ ჩაუყენა. მანქანიდან გადმოხტა. მერაბს მაჯაში ხელი ჩაავლო და თვალების ბრიალით შეუღრინა:

– სა მირბოდი, თუ იცი? გეგონა, გამექცეოდი? „პრავა“ და „ტეხპასპორტი“ მომეცი ჩქარა! მე შენ გიჩვენებ, როგორ უნდა დაუმორჩილებლობა და ავარიული მდგომარეობის შექმნა ქალაქში. „ლიშენიაზე“ გაგიშვებ, „ლიშენიაზე“ და მილიონიც რომ გადეიხადო, აფერი გიშველის.

– სამმანეთიანი რომ მოგცე, არ გამიშვებ? – სარკასტულად ჰკითხა მერაბმა „გაიშნიკს“, თან მაჯა გაითავისუფლა.

„გაიშნიკი“ ისე აღგზნებული იყო, რომ ვერც გალუმპულ ოფიცრებს ხედავდა, რომლებიც თავსხმა წვიმაში გაქვავებულები იდგნენ და „ტრიოშნიკა“ უკვე გამოტირებული ჰყავდათ და ვერც იმას ამჩნევდა, რომ მილიციის სამმართველოს შენობის წინ იმყოფებოდა.

„ტრიოშნიკა“ ანუ „სამმანეთა“, ავტოინსპექტორს იმის გამო შეარქვეს, რომ ყოჩაღი მებაჟესავით ქალაქში შემსვლელ ყველა მძღოლს სამ მანეთს ართმევდა და ეუბნებოდა:  „ტრიოშნიკი“ გადეიხადე, ძამია, „ტრიოშნიკიო“...

რვაკლასდამთავრებულ „ტრიოშნიკას“, ავტოინსპექციაში მუშაობის თხუთმეტწლიანი სტაჟი ჰქონდა და ერთ დროს რამდონიას მეწყვილეც კი იყო. მართალია, შემდეგ რამდონია „თლა უფროსი“ გახდა, ბევრი ფული იშოვა და თავს აღარ უყადრებდა ყოფილ მეწყვილეს, მაგრამ არც „ტრიოშნიკა“ ემდუროდა ბედს. სამ-სამ მანეთობით, მან სამი ორსართულიანი სახლი წამოჭიმა ქუთაისში. ყოველ წელს მანქანას იცვლიდა და ერთი ქალიშვილი სამედიცინო ინსტიტუტში მოაწყო, ვაჟი კი – „გეპეიში“, ავტოსაინჟინროზე, საიდანაც უკვე „დიპლომიანი გაიშნიკები“ გამოდიოდნენ. ამიტომ, თავი ღირსეულ კაცად მიაჩნდა. ვერ აიტანა „ვინცხა შავვოლგიანის“ ურჩობა და მერაბს ხელმეორედ წაატანა ხელი... გამრეკელმა ავტოინსპექტორს მარჯვენა ჰაერში გაუშეშა. შემდეგ, მისივე ხელი დაჭმუჭნული სამმანეთიანებით გატენილ ჯიბეზე გააკვრევინა და ფულები გადმოაყრევინა. მეორე ხელით კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის წიგნაკი თვალებზე ააფარა, ხელის კვრით გზიდან ჩამოიშორა და მილიციის სამმართველოს შენობაში შევიდა... გალუმპულები, ერთრიგად დაწყობილები, მორჩილი ცხვრებივით უკან გაჰყვნენ „მინისტრის კაცს“...

ნოე ბუცხრიკიძე დარცხვენილი შეხვდა მერაბ გამრეკელს და უთხრა:

– თქვენი ნდობა ვერ გავამართლე, ბატონო მერაბ. ჯემალ ბეშქენაძე ვერ ავიყვანეთ.

– გაგექცათ?

– არა. მიმალვაშია. კუტუბიძემ რომ გაუშვა, იმ დღეს წასულა სახლიდან.

– რა შენი ბრალია. მისი ძმა ხომ აქ გყავთ?

– დიახ. ჯიმშერ ბეშქენაძე ერთადგილიან საკანში გვყავს გამომწყვდეული.

– დაკითხვაზე ამოიყვანეთ, – უბრძანა მერაბმა ბუცხრიკიძეს და მაგიდასთან მოკალათდა.

ოციოდე წლის ჯიმშერ ბეშქენაძე „მაგარი ბიჭის“ როლს თამაშობდა და გამრეკელის შეკითხვებს ზიზღნარევი სახით, „ძერზკად“ პასუხობდა. სხვა, მერაბის ადგილზე, კარგა ხნის წინ „წაუთაქებდა“ და ტონს შეაცვლევინებდა, მაიორი კი მოთმინებით, თანმიმდევრულად განაგრძობდა დაკითხვას. ძალის გამოუყენებლად ცდილობდა „კერკეტი კაკლის“ გატეხას.

რამდენიმე თავბრუდამხვევი მანევრის შემდეგ, როდესაც პატიმარი „მომწიფდა“, მერაბმა ჯიმშერ ბეშქენაძეს ექსპერტიზის დასკვნა დაუდო წინ და უთხრა:

– გაეცანით.

ჯიმშერ ბეშქენაძემ ყურადღებით წაიკითხა გივი სახვაძის დასკვნა და გამრეკელს ჰკითხა:

– რა გინდა თქვა, რომ მილიციელი სოხუმში მე მოვკალი?

– არავითარ შემთხვევაში, – თავი გააქნია მაიორმა, – დარწმუნებული ვარ, რომ კაკაჩიების დაყაჩაღების მცდელობა თქვენი პირველი საქმე იყო. კარგია, რომ წარუმატებლად დამთავრდა. ისიც კი შემიძლია, რომ პირობითად გაგათავისუფლოთ. მაგრამ... – გამრეკელმა ხელები გაშალა, შემდეგ სიგარეტი გააბოლა, პაუზა აიღო. პატიმარს თვალი თვალში გაუყარა და მის რეაქციას დაელოდა.

– რა, მაგრამ? – ჰკითხა ბეშქენაძემ.

– რა და თქვენს ძმას საფრთხე ემუქრება. თუ, რა თქმა უნდა, ცოცხალია და უკვე არ მოკლეს.

ბეშქენაძე მერაბის სიტყვებმა დააბნია. ჩაფიქრდა და ცდილობდა, მათ არსს ჩასწვდომოდა. ბოლოს ირონიული, ნაძალადევი ღიმილით უთხრა მერაბს:

– რატომ? რა დააშავა ისეთი, ან ვინ უნდა მოკლას ჯემალი?

მერაბ გამრეკელი იშვიათად იყენებდა ტყუილს. ამჯერად დრო არ ითმენდა და ამიტომ გააკეთა ასეთი სვლა. მან უჯრიდან ცელოფნის პარკში ჩადებული, დალუქული, „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ამოიღო. ბეშქენაძეს წინ დაუდო და უთხრა:

– ამის პატრონი მხოლოდ ყაჩაღობის მცდელობას და პროჟექტორის ჩალეწვას აღიარებს. მილიციელის მკვლელობის საქმეში კი თქვენს ძმას ადებს ხელს. ასე ამბობს, – მან ესროლაო. ახლა ხვდებით, თუ რატომ ემუქრება ჯემალ ბეშქენაძეს საფრთხე? – ჰკითხა მერაბმა პატიმარს. გონზე მოსვლა არ აცალა, ისე გააგრძელა, – იმიტომ, რომ მისი რეციდივისტი ძმაკაცები თქვენს ძმას მოკლავენ. ცხედარს გადამალავენ და ჯემალ ბეშქენაძეს დაბრალდება ეს მკვლელობა. იარაღს განმეორებით ექსპერტიზაზე ვაგზავნი და იმედია, მასზე თქვენი ძმის ბრალის დამადასტურებელი არანაირი კვალი არ აღმოჩნდება. თქვენი ძმა რომ აქ იყოს, უსაფრთხოდაც იქნებოდა და თავის უდანაშაულობასაც უფრო ადვილად დაამტკიცებდა. სამწუხაროა, რომ ვერ ვიპოვეთ.

ჯიმშერ ბეშქენაძეს თვალები აენთო და ზიზღნარევი სახით იკითხა.

– დაურ ბუთბა მილიციელის მკვლელობას ჯემალს ტენის?

მერაბის სვლამ გაამართლა. ჯიმშერ ბეშქენაძეს მიმალული ყაჩაღის სახელი წამოაცდენინა. დაურ ბუთბას სახელის ხსენებას მერაბი არ ელოდა და ელდა ეცა, მაგრამ, არ შეიმჩნია და პატიმარს მიუგო.

– დიახ. მასეა. ის მადარდებს, რომ თქვენს ძმას, ჩვენზე ადრე, ბუთბას კაციჭამია ბიჭებმა არ მიაგნონ და არ მოკლან. თქვენი ძმის ბედი თქვენს ხელთაა. თუ დაგვაჭერინებთ, პირობას გაძლევთ, მინიმალურ სასჯელს მიუსჯიან და ამქვეყნად ვერავინ შეიტყობს, მათ შორის ვერც თქვენი ძმა, რომ მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია თქვენ მოგვაწოდეთ, – მერაბმა ნოე ბუცხრიკიძეზე მიანიშნა პატიმარს, – ეს ეცოდინება ლეიტენანტს, მე და თქვენ.

– ძმის ჩაშვებას მთხოვთ?! – ხმას აუწია ჯიმშერ ბეშქენაძემ. მაიორმა კი მშვიდად მიუგო:

– მხოლოდ მის გადარჩენას.

– გამორიცხულია. მე ჩამშვები არ ვარ.

– სამწუხაროა. ისევ ჩვენ მოგვიწევს წვალება, მაგრამ თქვენს ძმას რომ რამე დაემართოს, საკუთარ თავს დააბრალეთ. ახლა კი შეგიძლიათ, საკანში დაბრუნდეთ.

– აკი, პირობითით გაგიშვებო? – ირონიანარევი ზიზღით თქვა პატიმარმა, – მილიციელის სიტყვა გახვრეტილი კაპიკიც არ ღირს.

– ცდებით, ბეშქენაძე. მე თქვენ ყველა შემთხვევაში გაგათავისუფლებთ პირობით, მაგრამ, ახლა არა. მოგვიანებით.

– ძმას რომ ჩავუშვებ, მერე, ხომ?

– მისი ადგილსამყოფელიც რომ მიგვითითოთ, ახლა მაინც არ გაგიშვებთ.

– რატომ?

– ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შეიძლება, მოგვატყუოთ და თვითონ სცადოთ თქვენი ძმის გაფრთხილება. ამას კი, შეიძლება, გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვეს. ასეთი რამ არც ჩვენ გვაწყობს და არც თქვენ. ეს აწყობს ბუთბას და მის წისქვილზე წყალს არ დავასხამ. მან რომ თქვენც მოგიშოროთ, ამ საქმეში მარტო დარჩება. ყველაფერს თქვენ გადაგაბრალებთ და ხელიდან დასხლტომის მეტი შანსი ექნება. ამიტომ, ჩვენ ჯერ თქვენს ძმას დავიჭერთ, თუ, რა თქმა უნდა, ის ცოცხალია. შემდეგ ბუთბა და თქვენი ძმა ციხეში ჩაჯდებიან, როგორც ამ საქმის მთავარი ფიგურანტები. თქვენ კი პირობით სასჯელს მიიღებთ და გარეთ დარჩებით. ხოლო, თუ თქვენი ძმა მოკლულია, მაინც გაგათავისუფლებთ, მაგრამ მოგვიანებით. ჯერ ბუთბას გავუშვებ ციხეში, იმედია, უმაღლეს სასჯელზე, რადგან არ მგონია, მილიციელი თქვენი ძმის მოკლული იყოს. თქვენ კი, ამ შემთხვევაშიც გარეთ გამოხვალთ. თუმცა, შეეგუებით კი იმ გარემოებას, რომ ძმის გადარჩენა შეგეძლოთ და ასეთი რამ არ გააკეთეთ? დაბრუნდით საკანში. დრო არ ითმენს და თქვენი ძმის ძებნა უნდა განვაგრძო. იქნებ გამიმართლოს და ცოცხალს მივაგნო.

ჯიმშერ ბეშქენაძემ ისეთი ზეწოლა მიიღო მერაბისგან, რომ ლოგიკური განსჯის უნარი დაკარგა. ამიტომ თავი ჩაღუნა და მძიმედ თქვა:

– ჯემალი საფიჩხიაზე იმალება, სევასტი ბაბუხადიასთან. პირობა პირობაა. სიტყვა არ დაძრათ მასთან, რომ ეს მე გითხარით. მაინც ჩაშვებად ჩამითვლის და არ მაპატიებს. მე კი მის მეტი არავინ მყავს ამქვეყნად და იმიტომ გაჭერინებთ, არ მინდა, იმ კაციჭამია ბუთბას შეეწიროს.

– თქვენ თვითონ არავისთან წამოგცდეთ. ჩვენ კი კრინტსაც არ დავძრავთ, – მიუგო მერაბმა ჯიმშერ ბეშქენაძეს. პატიმარი ბადრაგს გაატანა და ნოე ბუცხრიკიძეს უთხრა:

– სევასტი ბაბუხადია ვინ არის?

– მებუფეტეა. რკინიგზის სადგურზე მუშაობს. ადრე აფერისტობაზე მოიხადა სასჯელი და მარტო ცხოვრობს საფიჩხიაზე.

– იცნობ?

– დიახ.

– ის თუ გიცნობს.

– დიახ. ისიც მიცნობს.

– წადი ახლა და შენი ხელქვეითები შეკრიბე აქ.

– ჩემი ხელქვეითები? – გაუკვირდა ლეიტენანტს.

– რა გიკვირს, ნოე. ხომ გითხარი, რომ ჯიბუტის ადგილზე გნიშნავ-მეთქი. ჯიბუტსაც უხმე. მაგრამ, რაც აქ მოხდა, სიტყვაც არავისთან დაგცდეს. გასაგებია?

– გასაგებია, ბატონო მერაბ, – მიუგო მაიორს ბუცხრიკიძემ და გავიდა.

გამრეკელმა ცელოფნის დალუქული პაკეტიდან პისტოლეტი ამოიღო. მჭიდი გაუკეთა და ქამარში გაირჭო. პაკეტი კი სანაგვეში ჩააგდო და ჩაფიქრდა. ხუთიოდე წუთის შემდეგ კაბინეტში ოცდაათი მილიციელი შემოვიდა, რომლებსაც ნოე ბუცხრიკიძე შემოუძღვა. მათ შორის იყო მალხაზ ჯიბუტიც. ის თავჩაღუნული იდგა კუთხეში და მაიორს თვალს ვერ უსწორებდა.

– მეგობრებო, – დღეიდან თქვენს განყოფილებას ლეიტენანტი ნოე ბუცხრიკიძე უხელმძღვანელებს. ჯიბუტი კი გათავისუფლებულია. დროებით კადრების განყოფილებაში გადადის და მასთან მოგვიანებით მექნება საუბარი, – თქვა გამრეკელმა და ჯიბუტს უთხრა:

– შეგიძლიათ, სახლში წახვიდეთ. იარაღი და პირადობის მოწმობა მორიგეს ჩააბარეთ. მოგვიანებით გამოგიძახებთ.

ჯიბუტი რომ წავიდა, მერაბმა თქვა:

– ერთმანეთი მოგვიანებით გავიცნოთ. დრო არ ითმენს და პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ხუთ-ხუთ კაცად განაწილდით და მზად იყავით. მე და ნოე გავდივართ. უკან რომ დავბრუნდებით, დანარჩენს შემდეგ შეიტყობთ. ერთი ოპერაცია უნდა ჩავატაროთ და სიტყვა არავისთან დაგცდეთ. ახლა კი თქვენს ოთახებში დაბრუნდით და დაგველოდეთ.

ოპერები გავიდნენ. ცოტა ხანში მერაბმა და ნოემაც დატოვეს მილიციის სამმართველოს შენობა. გარეთ რომ გადიოდნენ, მერაბმა სამორიგეო ოთახისკენ გაიხედა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს მოჰკრა თვალი, რომლებიც „გაიშნიკ“ „ტრიოშნიკას“ თავზე წამოდგომოდნენ და ასულიერებდნენ. „ტრიოშნიკა“ მას შემდეგ გახდა ცუდად, როცა შეიტყო, რომ „ვინცხა შავვოლგიანი“ „მინისტრის კაცი“ იყო და სამმართველოს მორიგემ სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

მაიორმა „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა და მის გვერდით მჯდომ ბუცხრიკიძეს უთხრა:

– ხომ ხვდები, სად მივდივართ?

– ალბათ, სადგურზე, სევასტი ბაბუხადიასთან.

– სწორია. ახლა ჩვენ მაგ ბაბუხადიას დაველაპარაკებით და შევიტყობთ, რა ხდება. გამორიცხული არაა, რომ ჯემალ ბეშქენაძესთან ერთად, იქ დაურ ბუთბაც იმყოფებოდეს. ეს კი ძალიან საშიშია და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ბუთბა პირწავარდნილი ბოროტმოქმედია, ნამდვილი კაციჭამია და არ დაგვნებდება.

– ბატონო მერაბ, თქვენ არ უთხარით ჯიმშერ ბეშქენაძეს, ბუთბა დავიჭირეთო?

– დავიჭირეთო, არ მითქვამს, მაგრამ, ასე გამოვიდა. ბუთბას დაჭერა არც ისე იოლია, მაგრამ, შეიძლება, გაგვიმართლოს, – ღიმილით მიუგო მერაბმა ლეიტენანტს და „ვოლგა“ გააჩერა.

მაიორი „ვოლგიდან“ გადმოვიდა. ნოე მანქანაში დატოვა და რკინიგზის სადგურის შენობაში შევიდა. ბუფეტთან ბევრი ხალხი ირეოდა, თეთრ ხალათში გამოწყობილი სევასტი ბაბუხადია კი მკვირცხლად ემსახურებოდა კლიენტებს. მერაბი დახლთან მივიდა და რიგში ჩადგა, თან მებუფეტეს აკვირდებოდა.

„რას ინებებ, ძამა, კალბასი გვაქვს, სასისკი, ოსტრი, სალათა, მჟავე, შემწვარი ქათამი, ყველი – იმერული, სულგუნი, პივა, ჩაციებული პოლ ლიტრა... – ყველას ერთი და იმავეს უმეორებდა მებუფეტე, თან მლიქვნელურად იღრიჭებოდა და, რაც მთავარია, კლიენტებს სამმაგ საფასურს ახდევინებდა.

მებუფეტეს, მლიქვნელური ღიმილი სახეზე შეეყინა და თვალები გაუშტერდა, შემდეგ შეტრიალდა და თავის დამხმარეს გასძახა:

– ბონდოია, მოი აგერ. ათი წუთით უნდა გევიდე და შემცვალე! მოემსახურე კლიენტებს და არ მოატყუო, იცოდე!

დევივით ბონდოია ზანტად გამობაჯბაჯდა  სამზარეულოდან და დახლთან  დადგა. სევასტი ბაბუხადიამ კი თეთრი ხალათი გაიძრო, დახლიდან გამოვიდა და მოსაცდელი დარბაზის კუთხისკენ გაემართა. მერაბი უკან გაჰყვა მებუფეტეს. ბაბუხადია ჟურნალ-გაზეთების დაკეტილ კიოსკთან მივიდა და სიბნელეში მდგარ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც სახე არ უჩანდა, ქაღალდის ხვეული გადასცა, შემდეგ სამიოდე წუთი ელაპარაკა და უკან დაბრუნდა. მაიორი სკამზე ჩამოჯდა და ახალგაზრდას უთვალთვალებდა. ახალგაზრდა კაცმა ხვეული შარვლის ჯიბეში შეინახა, მერე სიგარეტს მოუკიდა და, სახე რომ გაუნათდა, მერაბს ის ეცნო და გაიფიქრა: „ნამდვილად ჯემალ ბეშქენაძეა. ძალიან ჰგავს თავის უმცროს ძმას. კიდევ კარგი, რომ ჯერ აქ მოვედით. როგორც ჩანს, რაღაც მოხდა და გამგზავრებას აპირებს, ბაბუხადიას კი ფული გამოართვა. გამორიცხული არ არის, შორიახლო დაურ ბუთბაც იმყოფებოდეს, ეს კი ძალიან საშიშია და სიფრთხილე მმართებს“.

ახალგაზრდა მოსაცდელი დარბაზიდან ბაქანზე გავიდა და ქუთაისი-თბილისის მატარებლისკენ გაემართა. შემადგენლობა პირველ ლიანდაგზე იდგა და ოცი წუთის შემდეგ უნდა გასულიყო. მერაბს დისტანცია ეჭირა და ახალგაზრდას ათიოდე მეტრის დაშორებით მიჰყვებოდა. „ობიექტმა“ მეშვიდე ვაგონი გაიარა. კიბესთან შეჩერდა და სიგარეტი გადააგდო, შემდეგ გაიხედ-გამოიხედა და კუპირებულ ვაგონში ავიდა. მაიორმა იარაღი გაისწორა და ახალგაზრდას აჰყვა. „ობიექტი“ მეექვსე კუპეში შევიდა, მერაბიც უკან შეჰყვა და დაბნეულ ახალგაზრდას მოჰკრა თვალი. ის აქეთ-იქით იყურებოდა, თითქოს ვიღაცას ეძებსო. მერაბი რომ დაინახა, არ ესიამიოვნა.

– გამარჯობა, ძამა, თბილისში მიემგზავრები? – ჰკითხა მაიორმა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მის წინ ძებნილი ჯემალ ბეშქენაძე იჯდა.

– შენც თბილისში მიდიხარ? – კითხვითვე უპასუხა ჯემალ ბეშქენაძემ მერაბს.

მაიორმა პასუხის გაცემა დააპირა, რომ ამ დროს კუპეში ბუზღუნით შემოვიდა შუა ხნის გამცილებელი, იქ მყოფები შეათვალიერა და უთხრა:

– თუ თქვენც გაქცევას აპირებთ, ბიძიკოებო, დროზე მითხარით, რომ გევიწიო, თვარა, ის შობელძაღლი რაკეტასავით გამოვარდა წეხან აქიდან და ისე დემეჯახა, რომ, მგონია, ყველა ნეკნი გამიტეხა. გიჟი იყო ვინცხა...

გამცილებლის სიტყვებზე ჯემალ ბეშკენაძეს სახე აელეწა, რაც მერაბს არ გამოჰპარვია, მაგრამ, არ შეიმჩნია და გამცილებელს ღიმილით ჰკითხა:

– ვინ გაწყენინა, უფროსო, ვინ გიჟს გადაეყარე ამ ღამით?

– ვინ, ბუჯო, და, ვინცხა ზდაროვი ბიჭი იყო; ასე, ხუთი-ექვსი წლით შენზე ვზროსლი იქნებოდა. იჯდა აქ და ფანჯარაში იყურებოდა. ორჯერ გავუარ-გამოვუარე. ბილეთი მაჩვენე-თქვა, რომ ვუთხარი, ვინცხას ველოდები და იმას აქვსო, – ასე მითხრა, მერე მეექვსე ვაგონში გადევედი რევზიორთან, რაცხა საქმიზა და, უკან რომ გადმევედი, ის გიჟი არ დემეტაკა ტამბურში? მე წამაქცია, თვითონ კი უკანა კარი გააღო, გადახტა და გეიქცა. გეგონებოდა, მოსაკლავად მოსდევენო. გადარეული იყო ნამდვილად.

– ჩვენ ნორმალურები ვართ, უფროსო, – მიუგო მერაბმა გამცილებელს და ბეშქენაძეს თვალი ჩაუკრა, – არა, ძამა?

– კი, ჭკვიანები ვართ, – ნაძალადევი ღიმილით მიუგო ბეშქენაძემ მაიორს. შემდეგ სიგარეტი ამოიღო და წამოდგა, გარეთ რომ გასულიყო.

– არ გაინძრე! – უბრძანა მერაბმა ბეშქენაძეს და პისტოლეტი მიუშვირა, შემდეგ კი გაოცებისგან პირდაღებულ გამცილებელს მიუბრუნდა:

– ბაწარი თუ გაქვს, უფროსო?

– ბაწარი რად მინდა, რა, თავს კი არ ვიხრჩობ? – ინერციით მიუგო გამცილებელმა.

– მაშინ, ქამარი შეიხსენი და მომეცი.

გამცილებელმა შარვლიდან ტყავის ქამარი მოიხსნა, მერაბს მისცა, თან დააყოლა:

– ჯერ იყო და, იმ გიჟმა კიღამ სული ამომართვა. ახლა, აი ფიშტოიანი კაცი ქამარს მთხოვს. სიზმარში ვარ, მგონია და, შეიძლება, მონღოლებიც კი შემოვიდნენ ქუთაისში ცხენებით.

მაიორმა ხელები უკან გადაუგრიხა ბეშქენაძეს და გამცილებლის ტყავის ქამრით საიმედოდ შეუკრა. შემდეგ გამცილებელს მიუბრუნდა და უთხრა:

– ცხადში ხართ, ბატონო. ძებნილი დავაკავე და ქამარს მალე დაგიბრუნებთ. თქვენ ის მითხარით, იმ კაცს, თქვენ რომ დაგეჯახათ, მარჯვენა ლოყაზე იარა ჰქონდა?

– რაის იარა, შრამი?

– დიახ.

– კი, შრამი ჰქონდა, – მიუგო გამცილებელმა და დაამატა, – როსღა დამიბრუნებ ქამარს. გავდივართ უკვე.

მატარებელი ნელა დაიძრა. მერაბმა მუხრუჭი გადასწია და გააჩერა, შემდეგ გაკოჭილი ბეშქენაძე წამოაყენა, თან გამცილებელს უთხრა:

– ჩემთან ერთად უნდა წამობრძანდეთ.

– სად უნდა წამევიდე. რეისში ვარ და, ვაგონი რომ დავტოვო,  პროპკასავით გამისვრიან სამსახურიდან! – აღშფოთდა გამცილებელი.

– ხელსაც ვერ გახლებენ, წამობრძანდით! – მიუგო მერაბმა და ჯერ გამცილებელს ანიშნა, გადიო, შემდეგ კი გაკოჭილ ბეშქენაძეს ჩაავლო ხელი და უკან მიჰყვა.

ბაქანზე მათ მატარებლის უფროსი შეხვდათ, რომელიც გაცეცხლებული ეტაკა გამცილებელს: 

– კაკოია, ბუჯო, სა მიხვალ, სულ თლა გაგიჟდი? მაი სტოპ-კრანი ვინ ჩამოწია, ციხეში გინდა გიკრან თავი? მთვრალი ხარ, ბუჯო?

– რაის მთვრალი, ვინ გაცალა დალევა! – მიუგო გამცილებელმა მატარებლის უფროსს და გზა განაგრძო.

– სა მიხვალ, კაკოია, გადეირიე? – მიაძახა მეშვიდე ვაგონის გამცილებელს თვალებგადმოკარკლულმა მატარებლის უფროსმა და უკან დადევნება სცადა, მაგრამ, ის მერაბმა გააჩერა და ყველაფერი აუხსნა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3