საშიში ნიჭი
მერი ჯოისი იმ წვეულებაზე შემთხვევით აღმოჩნდა და ძალიან ნანობდა ამას. ჩარლზ გრინის – მაღალი, ჭრელთვალება, სიმპათიური მამაკაცის მზერა თითქმის მაშინვე იგრძნო. მერი მოკრძალებული ქალიშვილი იყო და, რადგან იცოდა მისის გრინის არსებობის შესახებაც, უხერხულობამ დისკომფორტი შეუქმნა. კაცი თვალს არ აშორებდა და, როცა სთხოვეს, ჰიპნოზის სეანსი ჩაეტარებინა, მან დახმარება მერის სთხოვა. ქალიშვილი დაიბნა, მაგრამ დათანხმდა, თუმცა, არ იცოდა, ცნობისმოყვარეობა იყო ამაში დამნაშავე თუ მამაკაცი მაინც მოეწონა. თვითონ ჰიპნოზის არასდროს სჯეროდა. ფიქრობდა, როგორ უნდა დავემორჩილო ვიღაცის ბრძანებებს და, რამდენჯერმე ნათქვამით – „დაიძინე“ – საღათას ძილს მივეცეო... მაგრამ, თვალები თავისით დაეხუჭა, თუმცა, მგრძნობელობა არ დაუკარგავს. ესმოდა მაყურებლების აღტაცებული შეძახილები და ჩარლზ გრინის მონოტონური ბრძანებები... რა თქმა უნდა, იცოდა, რომ იქ არანაირი ჭურჭელი არ ეწყო, მაგრამ მაგიდა მაინც „აალაგა“, „იატაკი მოწმინდა“, მერე „კლავიატურაზე“ ტექსტის აკრეფა დაიწყო... რომ გამოფხიზლდა, პირველად ჩარლზის ვნებით ანთებულით ვალები დაინახა.
– უსიამოვნო იყო, ხომ? – მზრუნველობით ჰკითხა კაცმა და ცხელი ხელისგული მხარზე დაადო. ქალიშვილი გაწითლდა და უსიტყვოდ დაუქნია თავი.
– შენ კიდევ ყველაფერი არ იცი. მე შენ აზრების გაგების ნიჭი გადმოგეცი. ახლა ერთ ტალღაზე ვართ. მიხვდები, რაზე ვფიქრობ მე, ზუსტად ისე, როგორც მე ვხვდები შენს ნააზრევს. თუ მოინდომებ, ახლა აუცილებლად გაიგებ, რაზე ვფიქრობ, – კაცმა სულ ახლოს მიუტანა სახესთან ტუჩები და ეს სიტყვები ჩურჩულით წარმოთქვა. ჩარლზ გრინი ძალიან სიმპათიური იყო და მერის სუნთქვაც კი შეეკრა.
– ამას არ სჭირდება ჰიპნოზი და ტელეპათია. გინდათ, რომ მაკოცოთ, – ჩაილაპარაკა მორიდებით და გაწილთდა.
– ზუსტად გამოიცანით, აკი გეუბნებოდით... მოგწონვარ, პატარავ?
– ჰო, მაგრამ, მე იმასაც ვფიქრობ, რომ თქვენ ცოლი გყავთ...
– ცოლი? ჰა, ჰა, ჰა, ძალიან სასაცილოა!.. ცოლი...
იმ საღამოს მეტი არაფერი მომხდარა. მერი წამოვიდა და აფორიაქებული დიდხანს ფიქრობდა ჩარლზეც და ტელეპათიაზეც. მერე შემთხვევით კიდევ შეხვდნენ ერთმანეთს. კაცმა მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა, ხოლო შემდეგ მერიმ მისის გრინიც ნახა. ჟურნალის ფურცლებზე ხშირად ბეჭდავდნენ ამ ელეგანტური, მოდური ქალბატონის ფოტოებს, ამიტომ, მისი ცნობა არ გასჭირვებია. მისის გრინი რესტორნის ღია ვერანდაზე იჯდა ვიღაც კაცთან ერთად და ისე იქცეოდა, როგორც გათხოვილი ქალი მოიქცევა ძალიან საყვარელ ქმართან. ტელეპათიის „შეტევა“ იყო ეს თუ, მერი, უბრალოდ, ლოგიკით მიხვდა, მაგრამ, ფაქტია, რომ მაშინვე მისტერ გრინზე იფიქრა და ეჭვი არ შეჰპარვია იმაში, რომ კაცმა ცოლის ღალატის შესახებ იცოდა... ორი დღის შემდეგ, საღამოს, მის სახლში ტელეფონი აწკრიალდა... ჩარლზ გრინი ურეკავდა:
– მე მას მოვკლავ, მერი, აუცილებლად მოვკლავ და, შენ იცი, რატომაც. ის იმსახურებს სიკვდილს. შენ კი ძალიან საყვარელი ხარ. რატომღაც, დარწმუნებული ვარ, ერთად ვიქნებით მე და შენ... ერთად ვიქნებით. მაგრამ, ჯერ ის უნდა მოვკლა, მოღალატე ძუკნა!..
მერიმ ამოიოხრა და ყურმილი დაკიდა. ეს აშკარად აღარ იყო არც ხილვა და არც აზრების წაკითხვის ტელეპათიური უნარი, თუმცა, სერიოზულად მაშინ შეეშინდა, როცა რამდენიმე დღის შემდეგ „დღის ქრონიკებში“ მისის გრინის მკვლელობის შესახებ წაიკითხა. „ქრონიკა“ იუწყებოდა, რომ გაურკვეველმა „ჯიპმა“ ქალს თავის სახლის წინ დაარტყა ისე ძლიერად, რომ ადგილზევე მოკლა. მერისთვის მაშინვე ნათელი გახდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელი. თითქოს ჩარლზის ხმაც გარკვევით ჩაესმა: „მე ის მოვკალი... დავსაჯე ღალატისთვის...“
ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაჩერდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეშინოდა, პოლიციაში მაინც წავიდა. გამომძიებელმა დაუფარავი ირონიით მოისმინა.
– ქალიშვილო, რამე ფაქტი გაქვთ? – ჰკითხა გულგრილად.
მერი შეცბა:
– არა, არანაირი ფაქტი, მაგრამ მე ვიცი, მკვლელი ის არის.
– სისულელეა... მანქანაც შევამოწმეთ და მისი ალიბიც. რკინის ალიბი აქვს მისტერ გრინს – სეანსს ატარებდა ერთ ძალიან წარჩინებულ ოჯახში, ზუსტად იმ დროს, როცა ავარია მოხდა. როგორ გგონიათ, მისტერ გრინისგან არ დავიწყეთ ძებნა?! მაგრამ, გეუბნებით, უამრავი მოწმე ადასტურებს მის ყოფნას იმ ოჯახში. თქვენი ხათრით, კიდევ ერთ მოწმეს შევეკითხებით, კარგი?
მერი მიხვდა, რომ პოლიციელი დასცინოდა. ამოიოხრა, გამოემშვიდობა გამომძიებელს და წამოვიდა. იმავე საღამოს ტელეფონმა დარეკა.
– მერი, ეს რა ჩაიდინე? – ჩარლის იდუმალი, თითქოს არაამქვეყნიური ხმა ჰქონდა.
ქალიშვილს სისხლი გაეყინა ძარღვებში.
– მერი, მერი... პოლიციაში რატომ წახვედი? ამით ყველაფერი გააფუჭე. მე კი შენ მიმართ სერიოზული მიზნები მქონდა. ჩვენ ხომ ასე კარგად ვუგებდით ერთმანეთს... ახლა კი...
მერი მიხვდა, ეს რასაც ნიშნავდა. ვერავინ დაეხმარებოდა, ჩარლზი მასაც მოკლავდა. სასწრაფოდ უნდა წასულიყო ქალაქიდან, თანაც ისე, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა. ღამის ავტობუსით პატარა ქალაქ ხორტვეიში ჩავიდა და ამავე სახელწოდების ოტელში გაჩერდა. გადაწყვიტა, მაშინვე დაწოლილიყო დასაძინებლად და არაფერზე ეფიქრა, რადგან, მაინც ეშინოდა, რომ ჩარლზ გრინს შეეძლო მისი ფიქრების ამოცნობა და ამით ადგილმდებარეობის განსაზღვრა, სადაც ის იმყოფებოდა. მერი იმასაც მიხვდა, როგორ გაიკეთა გრინმა ალიბი – მან დრო „მოიპარა“. ჰიპნოზის საშუალებით დაარწმუნა მის სეანსზე დასასწრებად შეკრებილები, რომ ნახევარი საათით ადრე იყო. სინამდვილეში კი ცოლს მანქანით დაეჯახა, მერე მანქანა შეცვალა და სეანსზე ისე მივიდა. მერი ეჭვობდა, რომ მანქანა მისის გრინის საყვარლის შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩარლზი ამით ორ კურდღელს კლავდა – ცოლსაც იშორებდა თავიდან და მის საყვარელსაც ელექტროსკამზე უშვებდა... აი, მისი ვინაობა რომ მაინც სცოდნოდა, კიდევ შეძლებდა პოლიციის დარწმუნებას ჩარლზ გრინის დანაშაულში... უცებ მოეჩვენა, რომ მარტო არ იყო – თითქოს ოტელის ფანჯრის წინ მამაკაცის გრძელი ლანდიც დაინახა. ბევრი არ უფიქრია, წამოხტა, სასწრაფოდ ჩაიცვა და ოტელიდან უკანა ეზოში გავიდა. იმის იქით უკვე ტყე იწყებოდა და გზაც მიხვეულ-მოხვეული იყო. მერი უკანმოუხედავად გარბოდა. უცებ გარკვევით გაიგონა მანქანის მოტორის ღმუილი და შორს ორი ანთებული ფარიც დაინახა. საეჭვო აღარაფერი იყო – ჩარლზი მოსდევდა. მერის ერჩივნა, ტყეში დაკარგულიყო და იქ ყოფილიყო დილამდე, ვიდრე ჩარლზს მისთვის მანქანით გადაევლო... გარბოდა ძალების დაუზოგავად, შორს, ხეებსა და ბუჩქებს მიღმა. ქინძისთავისოდენად მანათობელი წერტილი გამოჩნდა. მერის იმედი მიეცა, რომ იქ დახმარებას იპოვიდა. მანქანის ხმა სულ უფრო ძლიერდებოდა და უნდა ეჩქარა... მანქანის ფარები ლამის უკვე თვალს ჭრიდა და, უცებ, მერიმ დაინახა, რომ წყალსატევს მიადგა, რომელზეც რაღაც ხიდის მსგავსი იყო გადებული... ბევრი არ უფიქრია, ხიდზე აირბინა და ჩარლზმაც შემოაგელვა მანქანა... მერიმ ისკუპა და წყალში ჩახტა. ცურვა იცოდა, თუმცა, ამასაც არ ჰქონდა მნიშვნელობა – ბორბლების ქვეშ მოხვედრას ყველაფერი ჯობდა. უცებ მოულოდნელი რამ მოხდა: ხიდი სულაც არ აღმოჩნდა ხიდი, ეს მხოლოდ ხის მოკლე მისადგომი იყო... მანქანა დგაფუნით გადავარდა წყალში და პირდაპირ ცხვირით იწყო ჩაძირვა... მერი სანაპირომდე მიცურდა. უკან მიხედვა არ უნდოდა, თუმცა, გრძნობდა, რომ ჩარლზი მოკვდა – მისგან აღარ მიდიოდა „იმპულსები“, რაც მას ასე აშფოთებდა...