როგორ ვხარჯოთ ბენზინი ეკონომიურად
სიჩქარეების სწორად გადართვის შესახებ გვესაუბრება პროფესიონალი მძღოლი მევლუდ მელაძე:
– სიჩქარეების სწორად გადართვა ნიშნავს, რომ მანქანა არ ავაძიგძიგოთ და ჩვენი მგზავრი არ შევაწუხოთ. ჩვეულებრივი სვლისას, როცა არ ვჩქარობთ, სიჩქარე შემდეგნაირად უნდა მოვუმატოთ: სიჩქარის გადართვისას „ცეპლენიას“ ვაჭერთ ფეხს და ისე გადავრთავთ. შემდეგ „ცეპლენიის“ პედალს ნაზად ავუშვებთ ფეხს და მხოლოდ ამის მერე ვაჭერთ გაზს. ანუ, „ცეპლენიას“ ფეხი უნდა „ააპარო“ მკვეთრი მოძრაობის გარეშე.
– ამ დროს მანქანა, თითქოს, ანელებს მოძრაობას.
– ესე იგი, არასწორად გადართე. თუ სწორად გადართე, არ შეანელებს სვლას. ვთქვათ, მეორე სიჩქარით მიდიხარ და მესამეში გადაგაქვს – გადართვისას, ძრავას ბრუნი უნდა ჩამოვიდეს იქამდე, საიდანაც მესამე სიჩქარე იწყებს ათვლას.
– ტახომეტრითაც შეიძლება ამის კონტროლი?
– არა. ეს უნდა ვიგრძნოთ და ისე გავაკონტროლოთ. ტახომეტრს შეგვიძლია, შემდეგ შევავლოთ თვალი, თორემ ამით კონტროლი შეუძლებელია. პრინციპი ასეთია: „ცეპლენიას“ ფეხი გაუშვი – გაზი „შეაპარე“. მაგრამ, თუ აჩქარება და გასწრება გინდა, შემდეგნაირად იქცევი – არც ერთ შემთხვევაში, როგორი დარწმუნებულიც უნდა იყო, რომ გასასწრებად დრო გეყოფა, იმავე სიჩქარით და უბრალოდ, გაზის პედალზე ფეხის დაწოლით, არ უნდა შეასრულო ეს მანევრი. ძალიან ხშირად უშვებენ ამ შეცდომას მძღოლები. ვთქვათ, მოძრაობენ მეოთხე სიჩქარით და იმავე სიჩქარით იწყებენ გასწრებას, ძრავა კი ვერ ახერხებს სიჩქარის აკრეფას და ძალიან ბევრი დრო იკარგება. ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ; თუ მიდიხართ მეოთხე სიჩქარით ქალაქში, მაგალითად, საათში 50-60 კილომეტრი სიჩქარით, გასწრების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მეოთხედან მეორე სიჩქარეც კი გამოიყენოთ. ეს არ ეხება სატვირთო ავტომობილებს, მათთვის მეორე სიჩქარე არაფერია, მსუბუქ ავტომობილებზე სიჩქარის მეოთხედან მეორეში ან მეოთხედან მესამეში გადატანა კი, მკვეთრად ააჩქარებს მანქანას და შეძლებთ, დაასრულოთ გასწრების მანევი. ამ შემთხვევაში, როგორ ცვლით სიჩქარეს, ძალიან მნიშვნელოვანია დროის თვალსაზრისით და ჩვენი „ინდიკატორისთვისაც“. მოდებას თიშავთ, რაც შეიძლება სწრაფად გადაგყავთ დაბალ სიჩქარეში მანქანა და რაც მთავარია, გაზს მანამდე აწვებით, სანამ „ცეპლენიას“ ფეხს აუშვებთ. ეს წამის მეასედში უნდა მოხდეს. გაზზე ფეხის მიჭერით, ძრავას ბრუნი ეზრდება, რის შედეგადაც, მანქანა თითქოს წინ გავარდება, ანუ გაზმა ოდნავ უნდა დაასწროს „ცეპლენიიდან“ ფეხის აშვებას. იგივე უნდა გააკეთოთ, აღმართზე ასვლისას და ყოველთვის, როცა აჩქარება გინდათ.
– ჩვეულებრივად მოძრაობისას რა სიხშირით უნდა ვცვალოთ სიჩქარეები?
– როდესაც ჩქარა სიარული არ გინდათ და თან გსურთ ეკონომიურად იაროთ, შეგიძლიათ, სიჩქარეები მალ-მალე ცვალოთ. ანუ, პირველიდან მეორეში, მეორედან მესამეში გადასართავად საჭირო არ არის, მანქანა აბღუილოთ და ტანჯოთ. ჩვეულებრივ რეჟიმში, ავტომობილს დაძრავთ თუ არა, მაშინვე უნდა გადართოთ მეორე სიჩქარეში. მეორე სიჩქარე შეძლებს მის წინ წაწევას. ამის შემდეგ კი შესაძლებელია, მესამეში გადართოთ. ამ დროს თქვენ ძალიან დიდ ეკონომიას აკეთებთ. ვთქვათ, ავტომობილი ას კილომეტრზე „სვამს“ ექვს ლიტრ ბენზინს, თუ ამ მანძილს მხოლოდ პირველი სიჩქარით გაივლით, მაშინ 22 ლიტრ ბენზინს დახარჯავს. ხშირად გამიგია, რომ წუწუნებენ, ჩემი მანქანა ნაკლებს უნდა წვავდეს და მეტს წვავსო. ეს იმაზეა დამოკიდებული, სწორად გადართავთ თუ არა სიჩქარეს. თუ თქვენს ავტომობილს აქვს ეკონომეტრი, ამის გაკონტროლებას ადვილად შეძლებთ. ზოგი ამბობს, რომ მეხუთე სიჩქარეში არ გადართოთ, სანამ მანქანა საათში 100 კილომეტრს არ განავითარებსო – ეს აზრი მცდარია. თუ ავტომობილი ერევა, მაშინვე შეგიძლიათ, სიჩქარის შეცვლა. სიჩქარის შეცვლა შესაძლებელია მაშინაც კი, როცა საათში 60 კილომეტრი სიჩქარით მიდიხართ. ამ შემთხვევაში, ეკონომიურად ივლით. ასევე, დაღმართზე ჩასვლისას, როცა აჩქარებული მანქანის შენელება გინდათ, რაც შეიძლება ნელა, გაწელვით უნდა აუშვათ ფეხი „ცეპლენიას“, ოღონდ მას შემდეგ, რაც მოდების წერტილს იპოვით.
ზოგჯერ უკუსვლის სიჩქარეში რთავენ მაშინ, როცა ავტომობილი წინ მიდის. ეს კატეგორიულად არ შეიძლება. თუ ავტომობილი ოდნავ მაინც მიდის წინ, არამც და არამც არ უნდა ჩააგდოთ უკუსვლით სიჩქარეში. სასურველია, გაჩერებული მანქანა ჯერ პირველ სიჩქარეში ჩართოთ და ამის მერე გადართოთ უკუსვლის სიჩქარეში.