ფლორის სამყაროში
კითხვა: გამძლეა თუ არა სოლია და როგორ პირობებში ხარობს ის უკეთ?
პასუხი: სოლია გამძლე მცენარეა და 2-3 გრადუს ტემპერატურასაც იტანს. მოსწონს მზის გულზე ყოფნა. ზაფხულში საკმარისია ოთახის ნორმალური ტემპერატურა. ზაფხულობით მიწა ტენიანი უნდა იყოს, ხოლო ზამთარში, როცა ტემპერატურა დაბალია, მორწყვაც უნდა შეამციროთ. ორ კვირაში ერთხელ ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ. დიდი მცენარე კარგად უნდა გასხლათ და გაზაფხულზე გადარგოთ, რათა კომპაქტურობა და სიჯანსაღე შეინარჩუნოს. მისთვის უკეთესია, თუ საკიდ კალათში მოათავსებთ და ზამთრის ბაღში დადგამთ.
კითხვა: როგორ სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო სედუმი?
პასუხი: ეს მცენარე საკმაოდ იოლი მოსავლელია. თუ გსურთ, რომ კომპაქტურობა შეინარჩუნოს, დადგით მზის გულზე. ზამთარში კარგი განათება სჭირდება. მოსწონს ოთახის ტემპერატურა მთელი წლის განამავლობაში. იტანს გრილ ზამთარს, ოღონდ არანაკლებ 10 გრადუსისა.
კითხვა: ხშირად თუ სჭირდება პტერისს მორწყვა?
პასუხი: ცხელ ზაფხულში მცენარეს მაღალი ტენიანობა სჭირდება, ზრდის პერიოდშიც არ უნდა მოაკლოთ ტენი. დაბალ ტემპერატურაზე მორწყვა ოდნავ შეამცირეთ, ოღონდ ნიადაგს ძალიან ნუ გამოაშრობთ. მიწა ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. სითბოში მცენარე ქოთნით სველკენჭებიან ლანგარზე დადგით, რათა მაღალი ტენიანობა შეუნარჩუნოთ. დანამეთ რეგულარულად და ტენისთვის სააბაზანოში დადგით.
კითხვა: როგორ მოვუარო კალას ზრდის პერიოდში?
პასუხი: აქტიური ზრდის დროს, მიწა ტენიანი უნდა იყოს, დაყვავილების შემდეგ კი – მშრალი. ზრდის პერიოდში, როცა მცენარე გაფოთლილია, კაშკაშა სინათლეში დადგით და ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. დაყვავილების შემდეგ თანდათან გააშრეთ და დამჭკნარი ფოთლები მოაშორეთ, ხოლო მიძინებული ბოლქვი მშრალად შეინახეთ. გადარგეთ ზამთარში ან ადრიან გაზაფხულზე და ფოთლების ზრდასთან ერთად, მორწყვასაც უმატეთ.
კითხვა: სად შეიძლება, ბროწეულის გახარება?
პასუხი: თუ თქვენ საჭმელად ვარგის ბროწეულს გულისხმობთ, მაშინ აუცილებლად ბაღში უნდა გაახაროთ. ოთახში გაზრდილი დეკორატიული ბროწეული პატარა ნაყოფს ისხამს და არ იჭმევა. შეგიძლიათ, დეკორატიული ბროწეული ზამთრის ბაღში გაახაროთ.
კითხვა: რთულია თუ არა ცირტომიუმის გაზრდა?
პასუხი: ცირტომიუმი ნაკლებად ჭირვეული მცენარეა. მისთვის მთავარია, სინათლე და წყალი არ მოაკლოთ. ზრდის დროს ნიადაგი ტენიანი უნდა ჰქონდეს, ზამთარში კი მიწის შეშრობას დაელოდეთ. რამდენიმე კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით.
კითხვა: როგორ ეგუება იაპონური არალია ზამთარს?
პასუხი: იაპონური არალია იოლი მოსავლელი მცენარეა. ის კარგად იტანს ზამთრის სიცივეს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ოთახის არალია არ ყვავის. მხოლოდ მოზრდილმა არალიამ შეიძლება იყვავილოს თეთრი ყვავილებით.