ეძიე კაცი
– მერე, რა გითხრა?
– მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. მე ეს უკვე გადავწყვიტე და აღარაფერი შეიცვლება.
– იქნებ, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყავი? იცოდე, მერე შეიძლება ინანო, მაგრამ, უკვე გვიან იქნება. შენ უყვარხარ შენს ცოლს.
– შენ რა იცი, ვუყვარვარ თუ არა, ასე ხუთწუთიანი ცეკვის დროს ისეთი რა ამოიკითხე მის თვალებში, რომ შუამავლობა დაიწყე? და, საერთოდ, ვერ გავიგე, ექსტრასენსი ხარ თუ ერთი შეხედვით გრძნობ, რას ფიქრობს და რას გრძნობს ადამიანი? – გაღიზიანდა რეზო.
– ექსტრასენსი არა, ფსიქოლოგი ვარ პროფესიით და ფსიქოთერაპიაც შევისწავლე თავის დროზე – ოდესღაც ეს დარგი ძალიან მაინტერესებდა და საკმაოდ კარგად დავეუფლე. სულ რამდენიმე წელია, რაც ეს საქმე მივატოვე, მაგრამ, ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას, სუფთა სპორტული ინტერესის და, კიდევ, ერთგვარი ნოსტალგიის გამო, ხშირად ვიყენებ ცხოვრებაში. ისე კი, მენდე, ძალიან იშვიათად ვცდები ხოლმე.
– კარგი, ვთქვათ, გენდე, ამით რა შეიცვლება?
– არ ვიცი, მაგრამ, კარგს იზამ, ერთხელ მაინც თუ იცეკვებ შენს ცოლთან ერთად, მით უმეტეს, რომ მთელი საღამოს განმავლობაში ერთმანეთისთვის თვალი არ მოგიშორებიათ, თუ, რა თქმა უნდა, ამით შენს ტურფას არ განარისხებ.
– ვიცეკვო?
– ჰო, რა მოხდა, არ იცი ცეკვა?
– ცეკვა როგორ არ ვიცი, ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე დავდიოდი.
– მარტო ქართულ ცეკვებს გასწავლიდნენ?
– იქ – მარტო ქართულს, მაგრამ, ქორწილის წინ ცოტა ხანს ვიარეთ მე და ნათიამ მასწავლებელთან და იმან გვასწავლა „ვალსი” და კიდევ ერთი-ორი რაღაც, ქორწილში რომ გვეცეკვა – აქ ეს მოდაში შემოვიდა. მაგრამ, იმდენი ხანია...
– არავითარი „მაგრამ“. მითხარი, რომელი ცეკვა გირჩევნია და მუსიკოსებს ვთხოვ, ის დაუკრან – მინდა, რომ შენს ცოლთან იცეკვო. თან, ვატყობ, რომ ეს შენც გინდა... – მაგრამ, ტომასს თხოვნა აღარ დასჭირდა – დამთავრებული არ ჰქონდა წინადადება, რომ რომელიღაც „ტანგოს” ცეცხლოვანი მელოდია გაისმა და რეზომ უცბად იგრძნო, როგორ ჩაჰკიდა ხელი ვიღაც ქალმა, როგორ აეკრა მთელი სხეულით და დარბაზის შუაგულისკენ გაიტაცა. ქალისგან ისეთი ვნება მოდიოდა, რეზო, რომელმაც მოგვიანებით აღიქვა, რომ ეს ქალი ნათია იყო, უნებურად აჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ „ტანგო” ცხოვრებაში არ უცეკვია. ნათიას არ აინტერესებდა, უშვებდა თუ არა შეცდომებს, მაგრამ, მთელი არსებით იყო შესული ცეკვაში, ანთებული თვალებით შესცქეროდა გაოგნებულ ქმარს სახეში და, კაცმა იგრძნო, რომ ნათია იქ, ამდენი ხალხის თვალწინ, მთლიანად სთავაზობდა საკუთარ თავს და ამის არ რცხვენოდა.
ტომასის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია აღფრთოვანებულ მაყურებლებს შორის მდგარი ახალგაზრდა ქალის გაავებული მზერა და ბოროტად მოწკურული ტუჩები. მაშინვე იცნო – ის ქალი იყო, ვისაც ცოტა ხნის წინ რეზო ფანჯარასთან ელაპარაკებოდა და ვისთანაც აპირებდა წასვლას ამ საღამოს შემდეგ. ტომასმა ორი ფუჟერი შამპანურით შეავსო, ღიმილით მიუახლოვდა ქალს, ფუჟერი მიაწოდა და გაეცნო:
– მე ტომასი ვარ, თქვენი ამერიკელი პარტნიორი, თქვენ რა გქვიათ?
ქალმა მექანიკურად გამოართვა სასმისი, მაგრამ მოცეკვავეებისთვის თვალი არ მოუშორებია.
– ინგლისურად ლაპარაკობთ? – არ მოეშვა ტომასი.
– ისე, საშუალოდ. რა გნებავთ? – უკმაყოფილოდ მიუგდო პასუხი ქალმა.
– თქვენი გაცნობა მინდა. რა გქვიათ?
– ირმა, – ტომასის ახალი ნაცნობი ისევ ვერ აშორებდა თვალს ნათიასა და რეზოს ცეკვას.
– მართლაც კარგად ასრულებენ „ტანგოს”. ხომ ხედავთ, მათ მერე ვეღარავინ გაბედა, ეცეკვა და ყველა აღფრთოვანებული შესცქერის.
– დიდი არაფერი, ბევრ შეცდომას უშვებენ, – ტუჩი აიბზუა ირმამ.
– მაგას არ აქვს მნიშვნელობა, ტანგოში მთავარი გრძნობაა – ვნება, ლტოლვა, სიყვარული. საერთოდ, ტანგო ხელოვნებაში გამოხატული სექსია და, ასეთი ლამაზი სექსი ფილმებშიც კი არ მინახავს, ეტყობა, ძალიან უყვართ ერთმანეთი, – უთხრა ტომასმა ირმას და ოდნავაც არ უგრძნია სინდისის ქენჯნა, რომ ასე თამამად და დაუკითხავად ჩაერია პრაქტიკულად უცხო ადამიანების პირად ცხოვრებაში.
ირმამ გაბოროტებით შეხედა ამ არამკითხე ამერიკელს, ფუჟერი ხელში მიაჩეჩა და გაგულისებული სახით გაეცალა. ამ დროს ტომასმა ახალგაზრდა ქალი დაინახა, რომელსაც პატარა ვიდეოკამერა მისკენ ჰქონდა მიმართული და იღიმებოდა, შემდეგ კი უცბად შებრუნდა და თავის ობიექტივში მოცეკვავე წყვილი მოაქცია.
„რა ლამაზი ქალია, ეტყობა, რომელიღაც ტელევიზიიდან ჰყავთ ჟურნალისტი მოწვეული“, – გაიფიქრა ტომასმა და თვითონაც გახედა მოცეკვავეებს, რომლებიც მონუსხულებივით შესცქეროდნენ ერთმანეთს და გარშემო ვეღარავის ამჩნევდნენ; მერე ისევ ჟურნალისტისკენ მობრუნდა, მაგრამ, იქ აღარავინ იდგა. „ნეტავი, სად გაქრა?” – გაიფიქრა ტომასმა და დარბაზი მოათვალიერა თუმცა, ქალი ვეღარ დაინახა.
მუსიკა შეწყდა თუ არა, წყვილმაც შეწყვიტა ცეკვა და აპლოდისმენტები და აღფრთოვანების შეძახილები გაისმა. ცეკვა ისე დაასრულეს, ვნებაატანილებს ერთმანეთისთვის სიტყვაც კი არ უთქვამთ და, მხოლოდ ახლა, როცა ოდნავ გამოერკვა, რეზომ გადაწყვიტა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ეთქვა ცოლისთვის, მაგრამ, სანამ გუნებაში ფრაზა ჩამოაყალიბა, ნათია მის გვერდით აღარ იდგა. თვალი მოავლო დარბაზს და დაინახა, რომ ის გასასვლელისკენ მიდიოდა ძალიან სწრაფი ნაბიჯით, უკან კი თითქმის სირბილით მიჰყვებოდა სპორტულად ჩაცმული ქალი და, ეძახდა, მოიცადეო.
„მია?! – გაუკვირდა რეზოს, – მიას აქ რა უნდა?“
მერე, ის იყო, დააპირა, დასწეოდა ცოლს, რომ, ვიღაცამ ჯერ ხელი მოჰკიდა მკლავზე, მერე კი ზურგზე მიეხუტა. რატომღაც, ეგონა, ნათია იყო, მაგრამ, რომ შებრუნდა, ირმა შერჩა ხელში, რომელიც აშკარად ნაძალადევად უღიმოდა და თან გამომცდელი მზერით შესცქეროდა თვალებში.
– დაიღალე? – ჰკითხა მოგონილი მზრუნველობით.
– არა, არც ისე.
– ძლივს სუნთქავ. წამოდი, ცოტა ხანს დავსხდეთ მაგიდასთან. თან ვილაპარაკოთ, თან დაისვენებ.
– ჰო, მაგრამ, ტომასი უნდა მოვძებნო. სასტუმროში მე უნდა მივიყვანო, – რეალობას დაუბრუნდა რეზო.
– და, მერე წავიდეთ, ხომ? – შეახსენა ირმამ.
– სად წავიდეთ? – უცბად ვერ გაიხსენა რეზომ.
– ჩემთან, – ირმამ წყენა და სიბრაზე ერთად გადაყლაპა.
– ჰო... – მექანიკურად დაეთანხმა რეზო, – მაგრამ, შეიძლება, დღეს ვერ მოვახერხო წამოსვლა.
– რატომ? – უცბად გაკაპასდა ირმა, – ერთმა ცეკვამ გული აგიჩქროლა?
რეზოს ჩხუბისა და ახსნა-განმარტების თავი აღარ ჰქონდა, ამიტომ, შეძლებისდაგვარად მშვიდად უპასუხა:
– ასეა თუ ისე, დღეს ჩვენი ქორწინების ათი წლისთავია და ნათიას ასე დამცირებაც არ მინდა. ამიტომ, ალბათ, უფრო ხვალ წამოვალ. ახლა კი ტომასი უნდა მოვძებნო, თან, გაგაცნობ კიდეც.
– უკვე გავიცანი, უფრო სწორად, თვითონ გამეცნო. დიდი მეტიჩარა ტიპია, ვერ ვიტან ასეთ კაცებს.
– რამე გითხრა? – დაინტერესდა რეზო.
– არაფერი, უბრალოდ, როგორც ყველა ამერიკელი, ზედმეტად დარწმუნებულია თავის თავში, – ირმამ საჭიროდ არ ჩათვალა, გაეგო მის საყვარელს, რა უთხრა ტომასმა.
– აი, ტომასიც! – დაიძახა უცებ რეზომ, რომელმაც თავისი ახალი მეგობარი ქალების გარემოცვაში დაინახა და გაეცინა: – თავის სტიქიაშია, მაგრამ, მაინც მომიწევს დაძახება.
– მე თვითონ მოგიყვან, – უთხრა ირმამ და ამერიკელისკენ ირონიული ღიმილით წავიდა: – მისტერ ტომას, თქვენთან საქმე აქვთ, – ქალმა ხელით ანიშნა რეზოსკენ.
ტომასმა მომხიბლავი ღიმილით მოუხადა ქალბატონებს ბოდიში, დაემშვიდობა და რეზოსკენ გაემართა, თან ხუმრობით საყვედურიც მიაყოლა:
– ის არ გეყო, რომ მთელი საღამო გვერდზე არ გამახედე და ყურები გამომიჭედე ლაპარაკით, ახლა გაარშიყებასაც აღარ მაცლი?
– ტომას, ჩემი აზრით, უკვე წასვლის დროა. ჩვენ ახლა ჯერ ირმას მივაცილებთ სახლამდე, მერე კი შენ მიგიყვან სასტუმროში.
ამ სიტყვების გაგონებაზე ირმა უსიამოვნოდ შეიშმუშნა, მაგრამ, არაფერი თქვა.
– რეზო, მენდობი? – ჰკითხა უცბად ტომასმა.
– გააჩნია, რაში, – უპასუხა რეზომ ღიმილით.
– მაშინ, მოდი, ასე მოვიქცეთ: მე ჯერ არ დავღლილვარ, თან, მთლიანად გამოვფხიზლდი და ძალიან მინდა, ქალაქში ფეხით გავისეირნო. თუკი მანდობ, მე გავაცილებ ირმას, შენ კი ძალიან მოგეკიდა სასმელი და სახლში წადი, დილამდე გამოიძინე.
რეზო უცებ ჩასწვდა ტომასის ჩანაფიქრს, გაუკვირდა ამ უცხო ადამიანის ასეთი მიხვედრილობა და კაცური თანადგომა და გულში მადლიერება იგრძნო, მაგრამ, მაშინვე მაინც არ დაეთანხმა:
– ჯერ ერთი, არ ვიცი, უნდა თუ არა ეს ირმას, თანაც, არ მინდა, რომ ღამით მარტომ იარო – რა ვიცი, ვინმე არანორმალურს არ გადაეყარო.
– ირმას ისე გავართობ, ნამდვილად არ ინანებს; რაც შეეხება მარტო სიარულს, არ მომიწევს – ირმას სახლთანვე გავაჩერებ ტაქსის და სასტუმრომდე ის მიმიყვანს, – დაამშვიდა ტომასმა, – ირმა, ხომ მომცემთ უფლებას, მე მიგაცილოთ სახლამდე?
ირმას სხვა გზა არ ჰქონდა, უკმაყოფილო სახით დაეთანხმა და რეზოს მკაცრად გახედა, თუმცა, უცხო კაცთან მაინც არ იკადრა სცენების მოწყობა, მხოლოდ ორი სიტყვა მიუგდო საყვარელს – იცოდე, გელოდებიო, – და გასასვლელისკენ გაემართა.
ხალხი უკვე იშლებოდა. ტომასი ყველას დაემშვიდობა და ირმა შენობიდან გაიყვანა.
***
მიას ნელა მიჰყავდა მანქანა და თან სახეზე აკვირდებოდა დაქალს, რომელიც აჩქარებით სუნთქავდა და ხმას არ იღებდა.
– ცუდად ხომ არ ხარ? – ჰკითხა შეშინებულმა.
– პირიქით, ასე კარგად დიდი ხანია, არ ვყოფილვარ, – გაეცინა ნათიას, – მგონი, გამოვაფხიზლე ჩემი ქმარი, მაგრამ, ჯერ სად არის, ჯერ კიდევ არ იცის, რა ელის, – თქვა აღგზნებით და უცბად ნერვიული სიცილი აუტყდა. მერე ცოტა დამშვიდდა და მიას ძალიან სერიოზულად ჰკითხა: – აბა, როგორი ვიყავი? ოღონდ, არ მომატყუო, მართალი მითხარი, მე ძალიან მჭირდება სიმართლე.
– სუპერ, სუპერქალი იყავი! მეც კი ვერ წარმოვიდგენდი, ასე თუ გამოგივიდოდა! – აღფრთოვანებით შესძახა მიამ.
– შენ რა ქენი, მთელი საღამო გადაიღე?
– არა, მხოლოდ ის ეპიზოდები, რომლებიც შენ და რეზოს გეხებათ, – გაეცინა მიას, – შენ არ იცი, რა მაქვს ჩაფიქრებული.
– რა? – შეეშინდა ნათიას.
– რა და, მე ამ მასალას ამაღამვე დავამუშავებ, დავამონტაჟებ, მერე ფლეშკაზე გადავწერ და შენს პატივცემულ მეუღლეს მივართმევ საჩუქრად.
– რის აღსანიშნავად?
– თქვენი ქორწინების ათი წლისთავის აღსანიშნავად. ვითომ მე არაფერი ვიცი თქვენი უსიამოვნების შესახებ და ძალიან ბუნებრივი გამოვა.
– რა ვიცი, როგორც გინდა, ისე მოიქეცი, – ცოტა ხნის ორჭოფობის შემდეგ დაეთანხმა ნათია და ამასობაში სახლსაც მიადგნენ.
– მე არ ამოვალ, დღეს აღარ ვარ საჭირო. აბა, შენ იცი, ჭკვიანად იყავი და უკან არაფერზე დაიხიო, – გაამხნევა მიამ სადარბაზოს კართან მისული დაქალი და მანქანა ადგილიდან დაძრა.
ნათიამ სასწრაფოდ აირბინა კიბეები. ბინაში შევიდა თუ არა, მაშინვე შხაპი მიიღო, ოღონდ ისე, რომ მაკიაჟი არ წაშლოდა. მერე თავისი ყველაზე სექსუალური ღამის პიჟამა ჩაიცვა და ზემოდან აბრეშუმის ხალათი მოიცვა. ამ ყველაფერმა ცოტა მოთენთა და ძილი მოჰგვარა, მაგრამ, ახლა არაფრით არ შეიძლებოდა დაძინება; ამიტომ, სასწრაფოდ მოიდუღა მაგარი ყავა, ბარიდან კონიაკი გამოიღო, სიგარეტიც მოიმარაგა და სავარძელში მოკალათდა.
ზუსტად არ იცოდა, მოვიდოდა თუ არა რეზო, რადგან, ჩანთა თავისი ნივთებით დილასვე ჩადო მანქანაში, მაგრამ, გული უგრძნობდა, რომ მათი ათწლიანი ცოლქმრობა „ტანგოთი” არ უნდა დამთავრებულიყო. ძალიან არ უნდოდა, რომ ასე მომხდარიყო, რადგან, როლში შეჭრილს, კიდევ ერთი „პენალტის“ დარტყმა ჰქონდა გადაწყვეტილი.
ქმრის მოლოდინში თითქმის ნახევარი ბოთლი კონიაკის დალევა და რამდენიმე ღერი სიგარეტის მოწევა მოასწრო. სასმელი საკმაოდ მოეკიდა და, მეორე ფინჯანი ყავის მიუხედავად, მაინც ჩათვლიმა, მაგრამ, უცებ კარის გაღების ხმა გაიგონა და შიშისგან კინაღამ გული გაუსკდა.
– ვინ არის? – იყვირა და სავარძლიდან წამოხტა, მაგრამ, დაბარბაცდა და კინაღამ წაიქცა.
– მე ვარ, ნუ გეშინია, – ხელი შეაშველა ოთახში შემოსულმა რეზომ, – კარი ღია დაგრჩენია.
– რატომ მოხვედი? – ქალი ცდილობდა, გულგრილი ტონი შეენარჩუნებინა, თუმცა, აშკარად არ გამოსდიოდა.
– რაღაც დამრჩა, – უაზროდ უპასუხა რეზომ, ცოლი ისევ სავარძელში ჩასვა და გაკვირვებულმა ჰკითხა: – შენ რა, სახლშიც დალიე?
– უფრო სწორად? – კითხვაზე პასუხი არ გაუცია, ისე ჩაეკითხა ქალი და დააზუსტა, – ანუ, რატომ დაბრუნდი?
– კარგი, სიმართლეს გეტყვი – დასამშვიდობებლად მოვედი. მაპატიე, ასე რომ გამოვიდა.
– უკვე გაპატიე, – ნათიამ სიგარეტს მოუკიდა და რგოლები ჭერისკენ გაუშვა.
– ბავშვს რას ეტყვი?
– რამეს მოვიფიქრებ, ნუ ნერვიულობ.
– ჰო, შენი იმედი მაქვს, – რეზო უხერხული ნაბიჯით გაემართა კარისკენ, მერე ნათიასკენ მობრუნდა და ჩუმი ხმით ჰკითხა: – კარამდე არ გამაცილებ?
– აუცილებლად დღეს უნდა წახვიდე? – წამოსცდა ნათიას და მაშინვე ენაზე იკბინა, რადგან, გადაწყვეტილი ჰქონდა, არ ეთხოვა დარჩენა – არ უნდოდა, საცოდავ, მიტოვებულ ცოლს დამსგავსებოდა, რომელიც მოღალატე ქმარს კალთებს აგლეჯს, არ დამტოვოო.
– ჰო, უნდა წავიდე... თავს გაუფრთხილდი, – ჩაილაპარაკა რეზომ და კარი გამოაღო.
– ნახვამდის, – თქვა ნათიამ და დაბნეულობისგან ხელი გაუწოდა, თითქოს სტუმარს ემშვიდობებოდა.
რეზომ მექანიკურად ჩამოართვა ხელი და ლოყაზე კოცნა დაუპირა, მაგრამ, როგორც კი შეეხო, ნათიამ მის ტუჩებს ტუჩები შეაგება და გაგიჟებულმა დაუწყო კოცნა.
– კარგი, დაწყნარდი, გთხოვ, – ეუბნებოდა რეზო და საკმაოდ უძლურად ცდილობდა, მოეშორებინა კისერზე შემოჭდობილი ცოლის ხელები, მაგრამ, უნებურად, თვითონაც კოცნითვე პასუხობდა და ვეღარ შორდებოდა.
– არა, გთხოვ, უკანასკნელი თხოვნა მაქვს შენთან, – ნიავივით ჩუმად ჩასჩურჩულა ქმარს სასმლით და ვნებით მთვრალმა ნათიამ, – ეს ერთი ღამეც გაატარე ჩემთან, უკანასკნელი ღამე... ხანდახან მაინც რომ გაგახსენდე ხოლმე... აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავით ერთად... გთხოვ, ხვალ დილითვე წადი, ოღონდ ამაღამ ჩემთან დარჩი... ეს შენი გამოსათხოვარი საჩუქარი იქნება – დღეს ხომ ჩვენი იუბილეა... ბავშვს გეფიცები, ოდესმე კიდევ თუ გთხოვო ჩემთან დარჩენა...
ამ ხვევნა-კოცნაში, ნათიას მცდელობით თუ თავისთავად, პიჟამაზე შემოცმული აბრეშუმის ხალათი მხრებიდან ჩამოუცურდა და რეზომ თავის წინ მდგარი ცოლი დაინახა – გამჭვირვალე პიჟამით, თითქმის მთლიანად შიშველი, აწეწილი თმითა და ვნებისგან მიბნედილი თვალებით და... ვეღარ გაუძლო – ჯერ იქვე, ღია კარის წინ დაუკოცნა მთელი სახე, ყელი და მკერდი, მერე ხელში აიტაცა და, ისე ფრთხილად გაიყვანა საწოლ ოთახში, თითქოს ფაიფურის თოჯინა ეჭირა და გატეხის ეშინოდა; მერე ნელა დააწვინა საწოლზე და თვითონაც სასწრაფოდ გაიხადა ტანსაცმელი.
... რეზომ ვერ გაიგო, როგორ დაათენდათ თავზე. ასეთი ღამე არასდროს ჰქონია; ცხოვრებაში არც ერთ ქალთან არ განუცდია ასეთი ბედნიერება, მათ შორის, არც თვითონ ნათიასთან, მაშინაც კი, როცა სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. მაშინ თვითონ იყო ხოლმე რეჟისორიც და დირიჟორიც, ახლა კი საზღვარი არ ჰქონდა ნათიას ვნებასა და ფანტაზიას და ისიც მთლიანად აჰყვა და დაემორჩილა.
მზე უკვე ამოსული იყო, როცა ჩათვლიმა. არ ახსოვს, რამდენ ხანს ეძინა, მაგრამ, თვალი რომ გაახილა, ნათია საწოლში აღარ დახვდა. სამზარეულოში გავიდა, რომ ცივი წყალი დაელია. გულში ფიქრობდა, სამზარეულოში შესულს, ცოლი ისევ კისერზე ჩამოეკიდებოდა, ალერსით დაახრჩობდა და ამისთვის შეემზადა კიდეც, მაგრამ, ისეთი სურათი დახვდა, გაოცებისგან ხმა ვეღარ ამოიღო: ჩაცმულ-დახურული და წასასვლელად გამზადებული ნათია სერიოზული სახით იჯდა მაგიდასთან და ყავას სვამდა – წუხანდელი ვნების ნიშანწყალიც კი აღარ ეტყობოდა.
– ადექი? – მშვიდად შეხედა ქმარს, – ყავა თუ გინდა, თვითონ მოიდუღე და დალიე, მე სამსახურში მეჩქარება. თუ კიდევ რამე გაქვს წასაღები, ახლავე წაიღე, რომ მერე ყოველდღე არ ირბინო წინ და უკან. კარგს იზამ, გასაღებსაც თუ დატოვებ – აღარ დაგჭირდება. ბავშვის ნახვა როცა მოგინდება, დამირეკავ და ისე მოხვალ.
– ნათია... მე გადავიფიქრე, არსად აღარ მივდივარ, შენთან მინდა დარჩენა...
– მე რომ აღარ მინდა?! – უპასუხა ნათიამ და გაიცინა.
– ახლა მივხვდი, რომ შენ მიყვარხარ, – განაგრძო რეზომ, თუმცა, ნათიას მოკლე და ირონიულმა პასუხმა ძალიან გააკვირვა, რადგან, ვერ წარმოიდგენდა, ნათიასგან ოდესმე ამას თუ გაიგონებდა.
– მეც ახლა მივხვდი, რომ აღარ მიყვარხარ, – უკვე სერიოზულად უთხრა ცოლმა, – უფრო სწორად, წეღან, ყავას რომ ვადუღებდი, მაშინ.
– აღარ გიყვარვარ?! – გაოცებისგან ძლივს ამოიხრიალა რეზომ, – აბა, ის რა იყო?
– რა – „ის“? – ვითომ ვერ მიხვდა ქალი.
– ის ყველაფერი, წუ... წუხელ, – ენა დაება რეზოს.
– ის ყველაფერი იყო მამაკაცს მონატრებული ნასვამი ქალის მოზღვავებული ვნებათაღელვა, პლუს, უარყოფილი და დამცირებული ცოლის სურვილი, დაუმტკიცოს მოღალატე ქმარს, რომ ის ასეთი ცოლის ღირსი არ არის, – ფიზიკის რომელიღაც კანონივით ჩამოურაკრაკა ნათიამ და ნიშნისმოგებით გაუღიმა.
– და შენ ეს შესანიშნავად გამოგივიდა, მაგრამ, მაინც გთხოვ, მაპატიე. გემუდარები, დავივიწყოთ, რაც იყო და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. შენ მეტი არც ერთი ქალი არ მინდა. თან, წუხელ მივხვდი, რომ შენც ისევ გიყვარვარ, თანაც, უფრო მეტად.
– მოგჩვენებია. ეს მხოლოდ სექსი იყო, მეტი არაფერი, – ნათია მაინც ანერვიულდა და სიგარეტს მოუკიდა.
– დავრჩები, გთხოვ, – რეზო მზად იყო, ყველანაირად დაემცირებინა თავი, ოღონდ კი გამეხებული ცოლის გული მოეგო. რატომღაც, ეგონა, რომ ნათია ქალურად ჭირვეულობდა და ბოლოს მაინც შეურიგდებოდა, მაგრამ, მისდა გასაკვირად, ასე არ მოხდა.
– მერე, ირმა?! – დასცინა ცოლმა.
– გადაიტანს როგორმე. მე შენ მინდიხარ.
– მე რომ არ მინდიხარ?! შენ წარმოიდგინე, შენი დანახვაც კი აღარ მინდა. კარგად იყავი და, რაც უფრო იშვიათად დამენახვები, მით უფრო უკეთესი იქნება, – ნათია წამოდგა, ჩანთა და ქურთუკი აიღო და ისე გავიდა ბინიდან, უკან აღარ მოუხედავს.
რეზო კარგა ხანს ვერ გამოერკვა გაოგნებისგან – ვერასდროს წარმოიდგენდა იმას, რაც მოხდა. იმასაც მიხვდა, რომ ნათიას მართლა აღარ უყვარდა და აღარ უნდოდა მასთან ცხოვრება – ეს, რომ იტყვიან, კანითაც იგრძნო და მის თვალებშიც ამოიკითხა. უცებ ტომასის სიტყვები გაახსენდა: თუ გინდა, რომ გაიგო, რას ფიქრობს ადამიანი, თვალებში უნდა ჩახედო და კარგად დააკვირდეო. აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. გარშემო უმწეოდ მიიხედ-მოიხედა და იგრძნო – უცბად ისეთი უცხო გახდა ბინა, რომელშიც ათი წელი გაატარა ცოლ-შვილთან ერთად, რომ, უხერხულად შეიშმუშნა, თითქოს სხვის ბინაში შემოვიდა ჩუმად და ახლა ეშინოდა, მოულოდნელად სახლის პატრონი არ დასდგომოდა თავზე. ცოტა ხანს ასე იდგა, მერე მომენტალურად გამოფხიზლდა, თითქმის სირბილით გავიდა საწოლ ოთახში, ჩაიცვა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა.
მანქანა სადარბაზოს გვერდით ჰყავდა გაჩერებული. ჩაჯდა და სამსახურში წავიდა – ირმას დანახვაც არ შეეძლო. მთელი გზა იმაზე ფიქრობდა, როგორ შემოერიგებინა ცოლი, ვისთვის ეთხოვა ამ საქმეში დახმარება.
„მია! – გაახსენდა უცებ, – მია თუ მიშველის! ისიც იყო წუხელ წვეულებაზე, თანაც, ნათიას დაქალებიდან მია უფრო აქტიური ტიპია!“ – ამ ფიქრმა ოდნავ დაამშვიდა. მანქანა ავტოსადგომზე დააყენა და ოფისში შევიდა. ის იყო, თავის ოთახს მიუახლოვდა, რომ მია დაინახა. ისე გაუხარდა, რომ ეცა და გადაეხვია.
– რა გჭირს? – გაეცინა მიას.
– შენზე ვფიქრობდი და გამიხარდა, აქ რომ დამხვდი.
– ჰო, საიუბილეო საჩუქარი მოგიტანე, – უთხრა მიამ და „ფლეშკა“ გადასცა.
– ეს რა არის? – გაუკვირდა რეზოს.
– სახლში რომ მიხვალ, ჩართე და ნახავ.
– რომელ სახლში? ნათიამ, პრაქტიკულად, სახლიდან გამაგდო.
– რა?! – ყურებს არ დაუჯერა მიამ, – ნათიამ გაგაგდო თუ შენ აპირებდი წასვლას?!
– ვაპირებდი, თუმცა, ამ დილას გადავიფიქრე და ნათიას ვუთხარი, შენ მეტი არავინ მინდა, ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ-მეთქი, მაგრამ, მიპასუხა, აღარ მიყვარხარ, შენი დანახვაც აღარ მინდა და სულ კარგად ბრძანდებოდეო.
– აღარ მიყვარხარო?! – კიდევ უფრო გაუკვირდა მიას, – ჯერ კიდევ გუშინ ტიროდა ჩემთან ცხარე ცრემლით, ოღონდ არ მიმატოვოს და ყველაფერზე თვალს დავხუჭავო.
– ეგ გუშინ იყო, ახლა კი მართლა აღარ ვუყვარვარ, შევატყვე. მაგრამ, გული მიგრძნობს, შეიძლება, რომ ისევ შევუყვარდე, ოღონდ, ამაში შენ უნდა დამეხმარო. მხოლოდ შენი სჯერა, მხოლოდ შენ მოგისმენს. გთხოვ...
– მე? მე რა შემიძლია? – მიას გული აუჩუყა რეზოს სიტყვებმა, რადგან, იგრძნო, რომ იმ მომენტში ის აბსოლუტურად გულწრფელი იყო; ამიტომ, უცბად დაავიწყდა, რა ტკივილიც მიაყენა ამ კაცმა მის უახლოეს მეგობარს სულ ცოტა ხნის წინ და, ლამის თვალებზე ცრემლმომდგარმა უპასუხა: – კარგი, დაველაპარაკები. არ ვიცი, რა გამომივა, მაგრამ, შევეცდები, დაგეხმარო; თუმცა, რომ არ გითხრა, არ შემიძლია: ტრაკის თამაშისთვის თავი რომ დაგენებებინა და დაგეფასებინა ის ბედნიერება, რაც ღმერთმა გარგუნა, ახლა საქვითინოდ არ გაგიხდებოდა საქმე.
– მართალი ხარ. ყველაფერი მიწოდე, რაც გინდა, ოღონდ დამეხმარე, – მორჩილად უპასუხა რეზომ და საერთოდ არ სწყენია მიას საკმაოდ უზრდელი სიტყვები, რადგან, ჯერ ერთი, მიჩვეული იყო მისგან მსუბუქ ხულიგნურ ფრაზებს და, თანაც, გულში აღიარა, რომ ყველანაირი ლანძღვის ღირსი იყო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში