სტალინი მტრების ნაშრომებს გულდასმით ეცნობოდა და მათ წიგნებს ცალკე კარადაში ინახავდა
როცა სტალინი გარდაიცვალა, მისი პირადი ბიბლიოთეკა 20 ათას წიგნს შეადგენდა. რამდენიმე ასეული წიგნი, რომლებიც სხვადასხვა დროს ბიბლიოთეკიდან იყო გამოტანილი, ადრინდელ პატრონებს დაუბრუნეს. 11 ათასი წიგნი მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროდან ლენინის სახელობის ბიბლიოთეკის კუთვნილება გახდა. 1 500 ნაშრომი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტს გადასცეს, დაახლოებით 500 – აგიტპუნქტსა და საშეფო სკოლას, 400 წიგნი კი – ძირითადად, მისი შვილების ძველი სახელმძღვანელოები, უბრალოდ, გადაყარეს. ზოგიც უკვალოდ დაიკარგა. ის წიგნები, რომლებიც 30-იანი წლების დასაწყისიდან მასობრივი ტირაჟით გამოდიოდა, და, ამდენად, საბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელის ცხოვრების შემსწავლელთათვის დიდ ინტერესს არ შეადგენდა, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციას გადაეცა.
დარჩა დაახლოებით 5,5 ათასი წიგნი, ასე ვთქვათ, ის ნაშრომები, რომლებიც სტალინს თავისი სიცოცხლის ამა თუ იმ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს გახლავთ სხვადასხვა ლექსიკონი და ენციკლოპედია, მათ შორის, რევოლუციამდელი გამოცემებიც; დალის პოპულარული ლექსიკონი, გრანატის ენციკლოპედია, პავლოვსკის გერმანულ-რუსული ლექსიკონი, 1917 წლის შემდეგ გამოცემულთაგან – დიდი და მცირე საბჭოთა ენციკლოპედიები, სრული გერმანულ-რუსული ლექსიკონი, სამხედრო, პედაგოგიკური, სამედიცინო და სხვა ენციკლოპედიები.
ამჯერად არ შევჩერდებით მხატვრულ ლიტერატურაზე. სტალინის დამოკიდებულება ამა თუ იმ დიდი მწერლისადმი ხომ კარგად არის ცნობილი, ამჯერად ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ერთი „კარადა“, სადაც სტალინის მტრების (ხშირ შემთხვევაში, ყოფილი მოკავშირეების) ნაშრომებია თავმოყრილი. ისინი კი საკმაოდ მრავალრიცხოვანნი იყვნენ. დიახ, სტალინს პირად ბიბლიოთეკაში ჰქონდა გრიგორი ზინოვიევის სამოცდაათზე მეტი, დაახლოებით სამოც-სამოცი – ლევ ტროცკის, ლევ კამენევისა და ნიკოლაი ბუხარინის ნაშრომი; 25 – ალექსი რიკოვს ეკუთვნოდა. მათი უმეტესობა, რომ იტყვიან, საგულდაგულოდ იყო შესწავლილი, ფერადი (წითელი და ლურჯი) ფანქრით შენიშვნებით აჭრელებული. ოდესღაც ასევე აჭრელებდა გვერდებს კარლ მარქსი, რომელიც წიგნებს „თავის მონებს“ ეძახდა. რაც შეეხება სტალინის უშუალო მასწავლებელს – ლენინს, მას ასეთი ჩვეულება არ ჰქონია.
გასაგებია, რომ ამ ავტორების წიგნების შენახვას მსოფლიოს მეექვსედის ვერც ერთი მოქალაქე ვერ გაბედავდა, სტალინს კი ისინი არ ავიწყდებოდა. კითხულობდა, ეკამათებოდა კარგა ხნის წინ მოუსავლეთში წასულებს... მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც კი, ხანდაზმული სტალინი ნამდვილ საგონებელში აგდებდა თავის მუდმივ თანამოსაუბრეებს – მოლოტოვს, ვოროშილოვს, კაგანოვიჩსა და სხვებს (რომლებიც ოდესღაც მისი თანამებრძოლები იყვნენ), შემდეგი კი თანდათანობით უბრალო კარის კაცებად იქცნენ), როცა ბუხარინს თითქოს მეგობრული ტონით მოიხსენიებდა: მე და ნიკოლაი ივანოვიჩი... რა თქმა უნდა, თანამოსაუბრეებმა აღარც კი იცოდნენ, თავი როგორ დაეჭირათ.
გრიგორი ზინოვიევი (ნამდვილი გვარი რადომილსკი სხვა ვერსიით – აპფელბაუმი) სხვა უამრავ ამბავთან ერთად, სტალინს განსაკუთრებით იმიტომ აღიზიანებდა, რომ საკუთარ თავს ის მარქსიზმის დიდ მცოდნედ მიიჩნევდა (ესაა მიზეზი ზინოვიევის წიგნების ესოდენი სიმრავლისა). თავის დროზე ზინოვიევი იყო ლენინთან. ციურიხში ემიგრაციის დროს მისი უახლოესი მრჩევლისა და თითქმის პირადი მდივნის როლსაც კი ასრულებდა, რუსეთში გერმანიის სკანდალური გავლით მასთან ერთად დაბრუნდა (სტალინი ამ დროს ციმბირში იმყოფებოდა). როცა პერსპექტივაში ლენინის მემკვიდრეობის საკითხი დადგა, ამ მხრივ, ზინოვიევი ძირითად მეტოქედ ლევ ტროცკის (ბრონშტაინს) მიიჩნევდა. ამით აიხსნება ზინოვიევისა და მისი მუდმივი მოკავშირის, ლევ კამენევის (ნამდვილი გვარი როზენფელდი) დაახლოება სტალინთან, ეგრეთ წოდებული ტრიუმვირატის ჩამოყალიბება ტროცკის წინააღმდეგ. რევოლუციის შემდგომ წლებში ზინოვიევს მართლაც დიდი გავლენა ჰქონდა. ის იყო კომუნისტური ინტერნაციონალის თავმჯდომარე. დესპოტურად მართავდა პეტროგრადს, სადაც ინტელიგენციის ნამდვილი „ტოტალური ტერორი“ მოაწყო. დახვრიტეს გამოჩენილი პოეტი ნიკოლაი გუმილიოვი. ცნობილი მწერალი ალექსანდრ ამფითეატროვი დიდი რისკის ფასად ნავით გაიქცა ფინეთში, ხოლო ევროპული სახელის მქონე მწერლები – დიმიტრი მერეჟკოვსკი და მისი მეუღლე ზინაიდა გიპიუსი კონტრაბანდისტის დახმარებით გადავიდნენ პოლონეთში. დგებოდა ცნობილი „აგარაკების“ სოლოვკისა და კოლიმას დრო, იმ კოლიმასი, სადაც, თუ ტუსაღების ცნობილი სიმღერის ავტორს დავესესხებით, „12 თვე ზამთარია, დანარჩენი კი ზაფხული“. ამ ტერორთან თვით მაქსიმ გორკიმაც კი ვერაფერი გააწყო (ლეონმა, მართალია, შენიღბული ფორმით, ზინოვიევს დაუჭირა მხარი) და მოუხდა ხანგრძლივი ემიგრაცია... სორენტოში (იტალია) ამ ემიგრაციასთან დაკავშირებით, თუმცა სულ სხვა დროსა და პირობებში, უკვე დიდი მხედართმთავრის, ლეონიდ ბრეჟნევის ზეობის წლებში, გვახსენდება ცნობილი მწერლის ვიქტორ ნეკრასოვის ხუმრობა, უწინ ციმბირში ასახლებდნენ, ახლა კი – პარიზში.
დღეისთვის შეიძლება, უცნაურადაც ჟღერდეს, მაგრამ ზინოვიევი და კამენევი ერთხანს სტალინს თავიანთ უმცროს პარტნიორად თვლიდნენ, რაც მათ დიდ პოლიტიკურ ალღოზე არ მეტყველებს. სწორედ ისინი დაეხმარნენ მას პარტიის გენერალური მდივნის პოსტის მიღებაში, და გასაგებია, მწარედ მოტყუვდნენ.
ზინოვიევის ნაშრომებთან ერთად, სტალინი ყურადღებით კითხულობდა კამენევის წიგნებსა და წერილებსაც. ეს გასაგებია. კამენევი, რომელიც ავადმყოფ ლენინს დროებით ცვლიდა სახკომსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე და მიჰყავდა მთავრობის სხდომები, საერთოდ უმიზნებდა ამ თანამდებობას, მაგრამ... წარმოშობით ის „მუშათა არისტოკრატიის“ წრიდან (მამამისი მემანქანედ მუშაობდა) იყო, ერთხანს თბილისის გიმნაზიაში სწავლობდა, დაუპირისპირდა თავის ცოლის ძმას. ტროცკი თავს დიდ თეორეტიკოსად არ მიიჩნევდა, თუმცა წერდა, რომ მასაც უყვარდა... კიდევ უფრო უყვარდა ლენინის სხვა მოწაფეებისგან განსხვავებით, მდიდრული ცხოვრება.
სტალინი გაეცნო ლევ ტროცკის ერთეულ ნაშრომს, ამათგან რვას ფანქრით შენიშვნაც მიაწერა. მას გასაგებია, ის ფაქტი დააინტერესებდა, რომ ტროცკიმ ემიგრაციაში დაწერა თავისი მტრის ორტომიანი ბიოგრაფია – „სტალინი“. ეს წიგნი უცხოეთში ბევრმა წაიკითხა, საბჭოთა კავშირში კი არავინ, ცხადია, მისი მთავარი გმირის გარდა. დღეისთვის რომ ვინმემ აიღოს და ერთმანეთს შეადაროს სტალინის ოფიციალური ბიოგრაფია (რომლის თუ მთლად ავტორი არა, „პასუხისმგებელი რედაქტორი“ მაინც თვითონ არის) და ტროცკის ეს წიგნი, იქ საერთოს ვერაფერს ნახავს. პირველი სრულიად აპოლოგეტური ნაშრომია, მეორე – განდიდების ცდა. ტროცკის გამოჩენილი პუბლიცისტის სახელი ჰქონდა, მისი ბიოგრაფი – ისააკ დოიჩერი არჩევს უამრავ მის ნაშრომს, მაგრამ არა „სტალინს“, რომელიც თუმცა გარკვეული თვალსაზრისით საინტერესოა, მაგრამ მეტისმეტად არაობიექტური და სუსტია. თავი რომ დავანებოთ სტალინის დახასიათებას, მისი ღირსება-ნაკლოვანებების განსჯას, ნაშრომის დონეზე თვალნათლივ მეტყველებს თუნდაც ასეთი ფრაზა: „ქართველები ყველაზე გაუნათლებელი ხალხია ამიერკავკასიაში“. ამ წიგნით, როგორც ცნობილია, ტროცკიმ განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს და მისი მოსპობა დროის საკითხიღა გახდა.
იმ პიროვნებებს შორის, რომელთაც ლენინის მემკვიდრეობის მეტ-ნაკლები პრეტენზია ჰქონდათ, ალექსი რიკოვი, ეტყობა, ყველაზე უფერულია. იდეოლოგიის სფეროში მას სხვა „მემკვიდრეებისგან“ განსხვავებით, ნაკლები „ღვაწლი“ მიუძღოდა, რაც სათანადოდ აისახა კიდეც სტალინის ბიბლიოთეკის შესაბამის კარადაში. რიკოვი გარკვეულ პერიოდში სტალინის პოლიტიკური მოკავშირე, ენაბლუ და ალკოჰოლიკი, უფრო დემოკრატიული ფიგურა იყო. თუმცა, ლენინის დროსაც ჰქონდა სახალხო კომისრის „რანგი“, შემდეგ კი თვითონ ლენინიც შეცვალა სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე.
დაბოლოს, სტალინის მეტოქეთა და მტრების „კარადაში“ სათანადო ადგილი ნიკოლაი ბუხარინის ნაშრომებს უკავია. ბუხარინს ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა თეორეტიკოსისა და მარქსიზმის მცოდნის სახელი, რაც სტალინისთვის განსაკუთრებით უსიამოვნო უნდა ყოფილიყო. ამიტომ, ბუხარინის ნაშრომები საგულდაგულოდ არის შესწავლილი. 4 მათგანს ფანქრით მინაწერებიც ახლავს. რა გამოადგებოდა მას ბუხარინის წინააღმდეგ? უპირველეს ყოვლისა, ლენინის ნაშრომები, რომლებსაც სტალინი ცალკე კარადაში ინახავდა. ბოლშევიკური სახელმწიფოს შემქმნელი მარქსის მოციქულ ბუხარინს ხან „პარტიის სიყვარულს“ უწოდებდა, ხან მასთან შეხლა-შემოხლა ჰქონდა. თვით ბუხარინს, არც ისე ახალგაზრდა კაცს, ყოველთვის ახასიათებდა რაღაცა ამჩატება. როგორც ცნობილი ბელგიელი სოციალისტი მე-2 ინტერნაციონალის ერთ-ერთი ლიდერი ემილ ვანდერველდე იგონებდა: 1922 წელს მოსკოვში მენშევიკების პროცესზე დასასწრებად ჩამოვიდა. ბელორუსიის ვაგზალზე, მას დახვდა ბრბო (რა თქმა უნდა, ყოველივე ეს წინასწარ იყო მოწყობილი), რომელიც მხცოვან სოციალისტს ყიჟინითა და სტვენით გაუმასპინძლდა. როგორი იყო ვანდერველდეს გაკვირვება, როცა ბრბოში ბუხარინი იცნო (პოლიტბიუროს წევრი!), რომელიც გატაცებით უსტვენდა! მოგვიანებით, ბუხარინმა დიდი როლი ითამაშა ტროცკის წინააღმდეგ ბრძოლაში (ტროცკი თავის ავტობიოგრაფიაში „ჩემი ცხოვრება“ მას „უბედურ ბუხარინს“ უწოდებს). გარკვეულ პერიოდში სტალინის უახლოესი მოკავშირე იყო, თუმცა ევროპელი ისტორიკოსები აშკარად აჭარბებენ, როცა 1927-1929 წლებს „სტალინისა და ბუხარინის დუუმვირატს“ უწოდებენ. როგორ წარმოვიდგინოთ კაცი „დუუმვირის“ როლში, რომლის თითოეულ ნაბიჯსაც უშიშროების სამსახურის (იმ წლებში მას „გეეპეუ“ ერქვა) თანამშრომლები აკონტროლებდნენ და მისი საიდუმლო შეხვედრა უკვე დამხობილ კამენევთან, სტალინისთვის მაშინვე ცნობილი გახცდა. ასე იყო მოგვიანებითაც, როცა ბუხარინმა პარიზში იმოგზაურა. ის, რომ სტალინის უშუალო მტრების მემკვიდრეობა წითელი და ლურჯი ფერის ფანქრებით, შენიშვნებითაა აჭრელებული, რა თქმა უნდა, გარკვეულ წარმოდგენას ქმნის იმ მძაფრ პოლიტიკურ ბრძოლაზე, რომლებიც ბოლშევიკურ სახელმწიფოში მიმდინარეობდა. ყოველივე ეს საინტერესოა დღესაც, როცა იმ სისხლიანი წლებიდან, არც ისე დიდი დრო გავიდა. ქვეყნდება უამრავი ნაშრომი, რომელთა პუბლიკაციაც ადრე, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო. დღეს ხომ სტალინს ორნაირად აფასებენ – როგორც „ხალხთა ბელადს“ და მეორე მხრივ, კაცს, რომელმაც მისი მასწავლებლის, ლენინის მსგავსად, „მძიმე დაღი დაასვა მეოცე საუკუნეს“ (დიმიტრი ვოლკოგონოვი). ერთი სიტყვით, დღესაც სტალინს მრავალი მომხრეც ჰყავს და მოწინააღმდეგეც. ცნობილმა სატირიკოსმა მწერალმა იგორ გუბერმანმა ახალი მონსტრიც კი შექმნა, რომელსაც „ადოლფ ბესარიონის ძე ულიანოვი“ უწოდა.
კიდევ ბევრი რამ არის საინტერესო სტალინის ბიბლიოთეკის სხვა კარადებში.
კარლო ცქიტიშვილის მასალების მიხედვით