როგორ შევიცნოთ, შევცვალოთ და განვავითაროთ საკუთარი თავი, რომ მომავალში უკეთესი ცხოვრება შევიქმნათ
ასტროლოგია გვეხმარება ჩავწვდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს და მივაგნოთ წარმატების მოპოვების გზებს. როგორც ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი ამბობს, ყველამ უნდა იცოდეს პირადი ჰოროსკოპი, რათა ღრმად შეიცნოს საკუთარი პიროვნება, გააცნობიეროს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მოახერხოს მატერიალურ სამყაროში რეალიზება და შეასრულოს თავისი კარმული მისია.
თორნიკე ბიძინაშვილი: ყველა ადამიანი იმსახურებს ბედნიერებას, თუმცა, სამწუხაროდ, უამრავი შეჭირვებული და დანაღვლიანებული ადამიანი დადის ჩვენ გარშემო. ასტროლოგიაში არსებობს წესები და კანონები, რომლებიც ჩვენს კეთილდღეობაზე აგებს პასუხს და მათი გათვალისწინებით მეტად იღბლიანები და წარმატებულები ვხდებით. მაგალითად, ქარსა და წყალს უდიდესი ენერგია აქვს, რაც დადებითი აურით გვავსებს, გვეხმარება, ცხოვრებას ოპტიმისტური თვალით შევხედოთ და ჩვენ ირგვლივ ჰარმონიული ენერგიის, წყლისა და ჰაერის მსგავსი ნაკადი შევქმნათ. ბევრს არ სჯერა, მაგრამ, ასტროლოგია იძლევა რჩევებს ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად და სულიერი ჰარმონიის მისაღწევად. აქვე მოგაწვდით რამდენიმე მარტივ რჩევას, რაც საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების დანახვასა და შეგრძნებაში დაგეხმარებათ:
1. ჩაიხედეთ გულში და იყავით მართალი თქვენს თავთან – ეს ერთადერთი გზაა, შეიცნოთ, შეცვალოთ და განავითაროთ საკუთარი თავი.
2. მხრებში გასწორდით, გაშალეთ ხელისგულები, დახუჭეთ თვალები, კონცენტრირდით თქვენს „მე“-ზე, გაეთიშეთ გარესამყაროს ყველა გამოხატულებას და ასწიეთ ხელები მაღლა, თითქოს ელით, რომ ვიღაცამ უნდა აგწიოთ – ეს საჭიროა სამყაროსთან ერთიანობის შესაგრძნობად.
3. წარმოიდგინეთ თქვენი გულიდან, ფილტვებიდან და ხელისგულებიდან გასული ენერგია, რომელიც ეხება და გასცდება ყველაფერს, რაც გზაზე შეხვდება.
4. თქვენი შინაგანი ენერგია გაგზავნეთ თქვენი სხეულიდან სამყაროს ყველაზე მაღალ, მიუწვდომელ ადგილებში.
5. ხმამაღლა გაიმეორეთ სიტყვები: „მე მზად ვარ ნებისმიერი სახის დადებითი ცვლილებისთვის“.
მთავარია, გჯეროდეთ ამის. გახსოვდეთ, რომ, რისიც გჯერათ, ის ახდება და იმას დაგიბრუნებთ სამყარო; გჯეროდეთ, რომ, შეგიძლიათ, გახდეთ გაცილებით უკეთესები, დაინახოთ სამყარო ჰარმონიულად და იცხოვროთ ჰარმონიაში; შეიცნოთ მისი ჰარმონიულობა უფრო ღრმად და დატკბეთ მისით; გჯეროდეთ და იყავით მზად ცვილებებისთვის უკეთესობისკენ.
– რომ ამბობენ, კუთხეში დაჯდომა არ შეიძლება, ამან გაუთხოვრობა იცისო; ან, გაბზარულ სარკეში ჩახედვით ბედს ითარსავო – ეს ასტროლოგიასთან რა კავშირშია?
– ნებისმიერი კუთხე – მაგიდის, კარადის, ოთახის თუ სხვა, იღებს მთელი ოთახის ნეგატიურ ენერგიას და, შესაბამისად, მას მიიღებს ის, ვინც კუთხეში მოხვდება. სახლის კუთხე არის სახლის ენერგოვამპირი – ის ართმევს ადამიანს ენერგიას. რაც შეეხება სარკეს, მავნებელია არა მარტო გაბზარულ, გატეხილ ან მოზაიკურ სარკეში, არამედ, მსუბუქად მოხატულში ჩახედვაც კი. სარკე, რომელიც ირეკლავს ადამიანს უბრუნებს მას დანაწევრებულ გამოსახულებას, რაც, პირველ ყოვლისა, ცუდად მოქმედებს ენერგეტიკაზე და ქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს. ასევეა, კარი – ეს არის ადგილი, რომელიც ყოფს ორ სამყაროს, სახლისა და გარესამყაროს „ჩემად“ და სხვისად“. ნივთების ენერგიაც, შიგნით და გარეთ სხვადასხვაა. გაურკვეველი ადგილიდან ადამიანთან ენრგეტიკული კონტაქტი ტოვებს გაურკვეველ ემოციას ქვეცნობიერშიც. ამიტომ, როცა მეგობარი ზღურბლიდან გემშვიდობება, არაა კარგი.
– გამიგია, რომ, ზოგადად, ადამიანის აურა აგებს ბევრ საკითხზე პასუხს და, თუ ის დაბინძურებულია, რაც გარემო პირობების შესაბამისად ხდება, მაშინ პრობლემები და ავადმყოფობებიც იჩენს თავს. ისიც გამიგია, რომ აურის გაწმენდა წყლით შეიძლება. სწორია თუ არა ეს მოსაზრება და როგორ უნდა შევძლოთ აურის გაწმენდა?
– თუ რატომ ავადმყოფობს ადამიანი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია; სამაგიეროდ, ნათელია ერთი რამ: სულიერი წონასწორობა და ჰარმონიული გარემო აღადგენს შერყეულ ჯანმრთელობას. გაიხედეთ ფანჯარაში: რას ხედავთ? პარკს, ბავშვების სათამაშო მოედანს? – ესე იგი, გაგიმართლათ. მაგრამ, თუ თქვენი ფანჯრის წინ საავადმყოფო ან სასაფლაოა, მაშინ, რაღაც უნდა იღონოთ. თუ უახლოეს მომავალში ბინის შეცვლას არ აპირებთ, ეცადეთ, შეასუსტოთ და გაანეიტრალოთ ცუდი გარემო: ფანჯარაზე ახალი, კუბოკრული შტორები დაკიდეთ, რაფაზე კი ხასხასა წითელყვავილებიანი ქოთნები დადგით. სახლში კარგი გარემოს შესანარჩუნებლად, პირველ ყოვლისა, უნდა გადაყაროთ ყველა ის ნივთი, რომლებიც არ გჭირდებათ ან არ გსიამოვნებთ; იქონიეთ მცენარეები, ოღონდ, განათავსეთ ისინი სწორად, ასტროლოგიური წესების გათვალისწინებით. ჯანმრთელობის გაუარესება მაშინაა მოსალოდნელი, თუ ბინას, რომელიც ვინმესგან იყიდეთ, ძველი პატრონები „ახსოვს”. ამიტომ, გირჩევთ, ასეთი ბინა გადასვლამდე გაწმინდოთ და დროდადრო „განბანოთ”.
– ბინის „განბანა“ როგორღა ხდება?
– ერთ ვედრა წყალში გახსენით რამდენიმე წვეთი ვარდის წყალი და გაწმინდეთ კარი, ფანჯრის რაფები და ავეჯის ზედაპირი. თუ ბინას ხშირად გაანიავებთ და დაალაგებთ, ნეგატიური ენერგიისგან განიწმინდება. ასევე, სახლებში არსებობს ზონები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ნაწილზეა პასუხისმგებელი:. ჯანმრთელობის სექტორი აღმოსავლეთით მდებარეობს, ასე რომ, უპირველესად, წესრიგი იქ დაამყარეთ. ეს ხის სექტორია, ამიტომ, რაც მეტ ხის ნივთს, ცოცხალ ყვავილებსა და მწვანე დეტალს შეჰმატებთ ბინის ამ კუთხეს, უკეთესია. აქვე განალაგეთ აკვარიუმები, პეიზაჟიანი და მარინისტული სურათები. სექტორის გაძლიერება სიმბოლური ნივთებითაც შეიძლება. ტრადიციის თანახმად, ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე მოაქვს წეროს, ირემს, ატამს, ფიჭვს და, რა თქმა უნდა – ბამბუკს. ყველა ეს ნივთი ავადმყოფობას აგაცილებთ თავიდან. გარდა ამისა, ერიდეთ მახვილ კუთხეებს, ეგრეთ წოდებულ გამოშვერილ კონსტრუქციებს, მით უფრო, თუ ის თქვენკენაა მომართული. ასეთებია: თაროები, სტელაჟები, კოჭები და ასე შემდეგ. ეცადეთ, ოჯახში ყველა ნივთს მომრგვალებული კუთხე ჰქონდეს.
– ასტროლოგიაში არსებობს ტერმინი „მოხეტიალე ვარსკვლავები“. რას ნიშნავს ეს და როგორ მოქმედებენ ისინი ჩვენზე?
– დიახ, ჩვენს ბინებს ხშირად „ესტუმრებიან” ხოლმე „მოხეტიალე ვარსკვლავები” და ისინი ყოველ წელს იცვლიან სექტორების მდებარეობას. მათ შორის არიან „კეთილი ვარსკვლავები”, რომლებსაც ბინის პატრონებისთვის ჯანმრთელობა და წარმატება მოაქვთ, მაგრამ, ზოგიერთი მტრულად არის განწყობილი ჩვენ მიმართ. ამიტომ, ყოველ წელს გადააადგილეთ ავეჯი. წელს ნეგატიური ვარსკვლავები აღმოსავლეთ და სამხრეთ სექტორებშია თავმოყრილი. თუ ამ მონაკვეთებში გაქვთ საძინებელი მოწყობილი, ეცადეთ, სხვა ადგილას გადაიტანოთ – ამით შეძლებთ „უსიამოვნო სტუმრების” გაუვნებელყოფას. ამ ვარსკვლავების სტიქია დედამიწაა, ესე იგი, სწორედ ის უნდა შეასუსტოთ. ზემოთ აღმოსავლეთ სექტორზე მოგახსენეთ, სადაც მთლიანად გადაჭრის ამ პრობლემას ხე – ის ხომ დედამიწას არღვევს. სამხრეთითაც ჯობია ხის სტიქიის გაძლიერება, თუმცა, ასეთ დროს თავი აარიდეთ წყალს – ნუ დადგამთ აკვარიუმებს, ხელოვნურ ჩანჩქერებს და ასე შემდეგ.
– ის, რომ ყველას თავისი ციური მკურნალი ჰყავს, როგორ გავიგოთ?
– ახლავე მოგახსენებთ. უძლიერესი ინსტრუმენტია ჯანმრთელობის ინდივიდუალურად გასაუმჯობესებელი „ციური მკურნალი”. ყველას თავისი „ციური მკურნალი” ჰყავს და ეს მის დაბადების დღეზეა დამოკიდებული. თავდაპირველად უნდა გამოთვალო საკუთარი რიცხვი, ეგრეთ წოდებული „გუა:” ამისთვის უნდა შეკრიბოთ დაბადების წლის ბოლო ორი ციფრი. თუ ორნიშნა ციფრს მიიღებთ, დაიყვანეთ ერთნიშნამდე, ანუ, ისინიც შეკრიბეთ. მამაკაცებმა მიღებული ციფრი უნდა გამოაკლონ 10-ს; ქალებმა კი მიუმატონ – 5-ს. შედეგი ისევ ერთნიშნა ციფრამდე დაიყვანეთ – სწორედ ეს იქნება თქვენი ციფრი. რა ციფრიც მიიღეთ, ის იქნება თქვენი ჯანმრთელობის წარმმართველი: 1 – აღმოსავლეთი; 2 – დასავლეთი; 3 – ჩრდილოეთი; 4 – სამხრეთი; 5 – დასავლეთი მამაკაცებისთვის და სამხრეთ-დასავლეთი ქალებისთვის. 6 – ჩრდილო-აღმოსავლეთი; 7 – სამხრეთ-დასავლეთი; 8 – ჩრდილო-დასავლეთი; 9 – სამხრეთ-აღმოსავლეთი. მიმართულების შერჩევა ძალზე მნიშვნელოვანია საწოლის დასადგმელად, თუნდაც დროებით. გირჩევთ, ავადმყოფობის დროს მაინც გადადგით საწოლი საჭირო სექტორში, „ციური მკურნალის” შესაბამისად.