ინტიმური საუბრები
მონობას არ ვაპირებ
ჩემი წერილით, ალბათ, ყველა ქართველი ქალის სატკივარს შევეხები. ზუსტად ვიცი, რომ ამ პრობლემას ამით მაინც ვერ გადავწყვეტ, მაგრამ, მაინც უნდა გამოვხატო აღშფოთება იმ ეგრეთ წოდებული „ქართული მენტალიტეტის“ მიმართ, რამაც ჩვენ, ქართველი ქალები (ყოველ შემთხვევაში, უმრავლესობა) რაღაც შეთხზული, გამოგონილი და, მე ვიტყოდი, უკანონოდ დამკვიდრებული ტრადიციის მონებად გვაქცია. ვგულისხმობ გათხოვილი, შვილებიანი ქალის უპირობო მორჩილებას ქმრის წინაშე.
ეს თემა ჩემს წერილში იმიტომ წამოვჭერი, რომ, პირადად მე, ორჯერ ვარ გათხოვილი და ორჯერვე გავშორდი ქმარს, რის გამოც, ჩემი უახლოესი ნათესავებით დაწყებული და მეზობელ-ნაცნობებით დამთავრებული, ყველა საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის ქალად განმიხილავს ხოლმე პირად საუბრებშიც და ამ განწყობას არც ჩემთან ფარავენ – ხან როგორ „შემეხუმრებიან“ ხოლმე ამ თემაზე და, ხან – როგორ. არადა, ყველას ხომ არ ჩამოვივლი და არ მოვუყუვები, რომელს რატომ გავეყარე. ვის უნდა ვუთხრა, ან, რატომ უნდა ვუთხრა, რომ პირველმა ქმარმა ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე გამაცნო ვიღაც გოგო, როგორც თავისი ძმაკაცის და და ბავშვობის მეგობარი, რომელიც მერე ძალიან დამიმეგობრდა და ერთ-ერთ მეჯვარედაც წამომყვა და, რომელიც, მისი საყვარელი ყოფილა. ეს კიდევ არაფერი, იმ გოგომ შვილიც გაუჩინა, ჩემი მშობიარობიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ. ეს ყველაფერი რომ გავიგე, არ ვაპატიე და ბავშვიანად წამოვედი სახლიდან. დედაჩემით დაწყებული, ყველა იმას ჩამჩიჩინებდა, რომ ამის გამო ოჯახი არ უნდა დამენგრია; რომ ბავშვს მამა სჭირდებოდა; რომ განათხოვარ ქალს ადვილად შეიძლება გაუტყდეს სახელი და ასე შემდეგ. კარგი, ვთქვათ, ჩამეყლაპა ეს შეურაცხყოფა და არ გავშორებოდი „ოჯახის შენარჩუნების“ სახელით... ვინ უნდა მომეტყუებინა, საკუთარი თავი?! ან, რა ოჯახია ის ოჯახი, რომელშიც ცოლი და ქმარი ერთნი არ არიან? ისე გამოდის, რომ ჩემს ქმარს, მაპატიეთ და, ბოზებში უნდა ეგულავა, ყველა პუტანკასთან შვილები ეკეთებინა, მე კი, იმათგან მოსულს, დაღლილსა და გამოფიტულს, მხიარულად უნდა დავხვედროდი, ფეხები დამეთბილა და მომევლო?! ან, რაში სჭირდება ჩემს შვილს ასეთი მამა, რას ისწავლიდა მისგან, ღალატსა და აფერისტობას?! უკაცრავად და, ისიც ფეხებზე მკიდია, რას მომიგონებენ როგორც ქმარგაყრილ ქალს, უსაქმური და ჭორიკანა მეზობლები. მე მინდა, ჩემი შვილი მშვიდ გარემოში გაიზარდოს; ხედავდეს, რომ მის ოჯახში სიყვარული და ურთიერთპატივისცემა სუფევს და თვითონაც ისწავლოს ეს. სხვათა შორის, რაც ერთმანეთს გავშორდით, ჩემს ქმარს სულ სამჯერ ჰყავს ბავშვი ნანახი, იმ პუტანკასთან გაჩენილ შვილს კი თან ჰყვება. მართალია, ის ქალი ცოლად არ შეურთავს (ალბათ, იმიტომ, რომ დედამისი არ უშვებს სახლში), მაგრამ, სხვა მხრივ, არაფერს აკლებს არც დედას და არც შვილს. ერთმა მითხრა, ეტყობა, შენ არ უყვარდი, იმაზე კი დღემდე გიჟდებაო. თუ მე არ ვუყვარდი და იმაზე აბოდებდა, რატომ შემირთო, დავაძალე თუ ავეკიდე?
მეორე ქმარს რაც შეეხება, იმასთან სხვა პრობლემა შემექმნა. თითქოს ცუდი ადამიანი არ იყო, მეც და ჩემს შვილსაც ნორმალურად გვექცეოდა, ვერც ძუნწობას დავაბრალებ, მაგრამ, რომ მეგონა, სწორედ ეს არის ის კაცი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი-მეთქი, ასე არ აღმოჩნდა. თუ სადმე მივდიოდით, ყველგან მხიარული იყო, აქტიური, მღეროდა, ცეკვავდა, ხუმრობდა, სახლში კი, ისე გავიდოდა მთელი დღე, შეიძლება, ერთი სიტყვაც კი არ ეთქვა ჩემთვის. არც ჩემსას მეკითხებოდა, არც თავისას მიყვებოდა. საკმაოდ გვიან მივხვდი, რომ არაფერი საერთო არ გვქონდა – არც ინტერესები, არც ხასიათი, უბრალოდ, ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით და არ ვჩხუბობდით. თუ სახლიდან გავიდოდა, არც თვითონ მეუბნებოდა, სად მიდიოდა და არც მეკითხებოდა, სად მიდიხარ ან სად იყავიო. ძალიან ბევრი ვეცადე, რომ დავახლოებოდით ერთმანეთს, მაგრამ, პირდაპირ მითხრა – მე ასეთი ვარ და, თუ ჩემთან ცხოვრება გინდა, უნდა შეეგუოო. მე კი ვერ შევეგუე და, ერთ დღესაც, დავსვი და ვუთხარი: ან რაღაც უნდა შევცვალოთ ჩვენს ურთიერთობაში, ან უნდა დავშორდეთ, რადგან, ძალიან მიჭირს ასე ცხოვრება; ამ სახლში სამადლოდ შემოხიზნულ უცხო ადამიანად ვგრძნობ თავს და მეტი აღარ შემიძლია-მეთქი.
თუ აღარ შეგიძლია, წადი, მე არ გაკავებო, – მიპასუხა და კომპიუტერს მიუჯდა. არც კი შეწუხებულა ჩემი მდგომარეობით.
მშობლებთან რომ დავბრუნდი, ორივე გადაირია. მამაჩემმა კი პირდაპირ მომახალა: ქუჩის ქალი გამიზრდიხარ! შენ ჩემს სახლში არ იცხოვრებ, სადაც გინდა, იქ წადიო. იმ დღესვე წავედი მეგობართან დროებით (ცხადია, ბავშვიანად), რამდენიმე დღეში კი ბინა ვიქირავე და ახლა ცალკე ვცხოვრობ. ხანდახან დედა მოდის ხოლმე მამაჩემის ჩუმად და ბავშვს იტოვებს, როცა სამსახურიდან მაგვიანდება.
მართალია, ორჯერ დამენგრა ოჯახი და ვერ ავაწყვე პირადი ცხოვრება, მაგრამ, გაცილებით უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე ჩემი მამიდაშვილი, რომელიც, ვითომ სიყვარულით გათხოვდა, მაგრამ, მისი ქმარიც საკმაოდ უჟმური და რეგვენი აღმოჩნდა – სამი წლის წინ შეუღლდნენ და, როგორც ვიცი, პრაქტიკულად აღარ აქვთ ინტიმური ურთიერთობა, იმდენად ვეღარ იტანენ ერთმანეთს, თუმცა, მაინც ერთად არიან – ოჯახს ხომ არ დაანგრევენ ისეთი „სისულელის” გამო, რასაც სიყვარული, ერთგულება და ურთიერთგაგება ჰქვია?! თან, ის ბიჭი ერთი პერიოდი საკმაოდ ცუდ წრეში იყო ჩავარდნილი და იმ წუმპიდან ცოლმა ამოიყვანა დიდი ბრძოლის შედეგად, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ახლა ქმარს ვეღარ იტანს, თუმცა, მაინც არ შორდება – „კარგ ოჯახობანას“ თამაშობენ. სამაგიეროდ, მთელი ჩვენი სანათესაო აქებს თაკოს – ხედავ, რა ქალი გამოდგა? ქმარიც კაცად აქცია და ოჯახიც შეინარჩუნაო. ის კი არავის აინტერესებს, თვითონ თაკო რას გრძნობს, რას განიცდის, რა სტკივა.
ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს, მე კი ნამდვილად არ ვაპირებ მუნჯი მონის როლის მორგებას – თუ კიდევ გავთხოვდი და ისევ ვერ შევეწყვე ქმარს, იმასაც გავეყრები და, სულ არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის ჩემზე.
ნეკო, 26 წლის.