ადამი და ევა
პირადი, მაგრამ საერთო...
რატომ ეშინიათ ქალებს პირადი სივრცის? – ანუ, იმის, რომ ქმარმაც და თავადაც, ერთად ცხოვრების დროს რაღაც თავისთვის დაიტოვოს. „ერთ სულ და ერთ ხორც ყოფნა“ ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს შესწევთ უნარი, იცხოვრონ და იარსებონ პარტნიორით. ხედავდნენ იმას, რასაც ის ხედავს... ესმოდეთ ის, რაც მას ესმის... მოსწონდეთ ის, რაც მოსწონს იმას და ასე შემდეგ. ყველას ვერ ექნება აღმატებული და ზეჰარმონიული ურთიერთობა. ამას არც მხოლოდ სიყვარული ყოფნის. უბრალოდ, არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა ადამიანები ჭეშმარიტად ერთმანეთისთვის იბადებიან. ისინი ბუნებრივად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ცდილობენ, ყველგან და ყოველთვის იყვნენ ერთად. სხვანაირად, უბრალოდ, ვერც წარმოუდგენიათ. თუ ასეთი მოთხოვნილება არ გაქვთ, სულაც არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი არ გიყვართ. ზოგჯერ სიყვარულს ჰაერი სჭირდება, რომ ალი გაძლიერდეს და ახალი ძალით იფეთქოს „ცეცხლმა“. ხშირ შემთხვევაში, როცა თუნდაც ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანები დიდ დროს ატარებენ ერთად, ჩნდება საშიშროება მოწყენისა. ურთიერთობას ეს ნამდვილად არ წაადგება. არაფერია იმაში ცუდი, თუ მეუღლეებს საკუთარი ინტერესები ექნებათ და მეგობრების პირადი წრე ეყოლებათ. ოჯახის ჰარმონიულობა ამით არ დაირღვევა. პირიქით, თუ პირადი თავისუფლება სწორად იქნება გაგებული და აღქმული, მხოლოდ წაადგება.
ისე არა, როგორც ყოველთვის...
გინდათ, ურთიერთობა საყვარელ მეორე ნახევართან იმაზე უკეთესი გქონდეთ, ვიდრე რეალურად გაქვთ? – ძალიან კარგია, რომ ასეთი სურვილი უკვე გაგიჩნდათ, მაგრამ, იცით კი, რა უნდა გააკეთოთ?! არცთუ იშვიათად, ვიწყებთ ძალიან სასიკეთო განზრახვით – შევცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ, მაგრამ, ან უარესობისკენ მივდივართ, ან ყველაფერი ისევ ისე რჩება. ძალიან დიდი შანსი არსებობს იმისაც, რომ ურთიერთობა მკვეთრად გაგიფუჭდეთ.
ხშირად მამაკაცს საერთოდ არ ესმის, თუკი ადრე ცოლს ისეთი მოსწონდა, როგორიც ის არის, მერე რატომღა გაუჩნდა პრეტენზიები; რატომ საყვედურობს ისეთი ჩვევებისა და საქციელის გამო, რომლებიც ადრე მას, პირიქით, ახალისებდა. თუკი შეყვარებულობის პერიოდში მისაღები იყო ეს ყველაფერი, ახლა რა შეიცვალა?!
ზოგადად, ამის გამო ჩუმად განაწყენება და გაბუტვა არაფრის მომცემია. მამაკაცი არ იფიქრებს და, რომც იფიქროს, მაინც ვერ მიხვდება, რა გეწყინათ და რამ გაგაბრაზათ. რას იზამთ – კაცები ძალიან უყურადღებოები არიან, ან, არ არიან ისეთი ყურადღებიანები, როგორებიც ჩვენ გვინდა, რომ იყვნენ. ერთი სიტყვით, სანამ სერიოზულად გადაწყვეტთ პარტნიორთან ურთიერთობას, მანამდე კარგად დააკვირდით – ხომ არ აქვს ისეთი თვისება, რომელსაც მერე ვერ შეეგუებით. გახსოვდეთ, ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არ არის მარტივი და მარტო სიყვარული ამას ვერ მოერევა; საჭიროა კეთილგონიერებაც, მოთმინებაც, ტაქტიც და, ზოგჯერ – სულ ცოტა ეშმაკობა...
გაექეცით კონფლიქტს
მოსაზრება იმის შესახებ, რომ შეყვარებული ადამიანები არასდროს ჩხუბობენ, ჩვეულებრივი მითია, თანაც, საკმაოდ საშიში მითი. ნებისმიერ წყვილს შორის ჩნდება უთანხმოება და დაძაბულობა – ეს გარდაუვალია. განა არსებობს ადამიანი, რომელიც არ ღიზიანდება და არ გამოხატავს ემოციას საჯაროდ? ასევე, არსებობს და ყოველთვის იარსებებს ინტერესთა კონფლიქტიც. ეს არ არის პრობლემა, არც კამათია ტრაგედია და, ბოლოს და ბოლოს, არც ჩხუბი. საშიში არის მცდელობა, ყველა საშუალებით გაექცე ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, მცდელობა თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული, რადგან, რეალობას ჯერ ვერავინ გაჰქცევია. პრობლემას სხვანაირად უნდა მიუდგეთ. დაიხსომეთ, რომ უარყოფითი ემოციები გარეთ უნდა გამოუშვათ, მათი დაგროვება გაცილებით უარესია – უფრო ძლიერდება და ურთიერთობას მომავალში მაინც გააფუჭებს; ნერვულ სისტემას რომ დააზიანებს – ეს კიდევ ცალკე თემაა. გეწყინათ? პირდაპირ უთხარით ამის შესახებ. მუდმივად იგნორირება წყენისა, ერთ დიდ, სერიოზულ სკანდალამდე მიგიყვანთ, ან, მოხდება ის, რომ ერთ დროს საყვარელი მამაკაცი მუდმივად გაგაღიზიანებთ, უმნიშვნელო წვრილმანიც კი გამოგიყვანთ მოთმინებიდან და ყოველდღიური ჩხუბი გარანტირებული გექნებათ.
წყენის გამოხატვა თუნდაც იმიტომ არის საჭირო, რომ სიტუაცია გამოასწოროთ, მაგრამ, ამ გამოხატვასაც აქვს თავისი დაუწერელი კანონები: ეს უნდა გააკეთოთ მშვიდად, აგრესიული ტონის, შეურაცხმყოფელი სიტყვების გარეშე; წუწუნიც არ გამოგადგებათ. ზოგადად, რთულია, ადამიანი უკვე გამჯდარ ჩვევას გადააჩვიო და ხელი ააღებინო თუნდაც ელემენტარულ ახირებაზე, მაგრამ, ნელ-ნელა და მოთმინებით, ასევე კორექტული მეთოდებით, ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
ენდე, მაგრამ, არა ყოველთვის!
ზედმეტი გულუბრყვილობა არ ვარგა. თუ ვინმეს მეტისმეტად მიამიტი ჰგონიხართ, ეს ცუდია, ამიტომ, არ მიიღოთ კომპლიმენტად, საწყენი უფროა და ეს უნდა გააცნობიეროთ. დაიწყეთ საკუთარ თავზე მუშაობა: არ დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც გეტყვიან. სხვათა შორის, „ყველაფერში” კომპლიმენტებიც იგულისხმება. მოუსმინეთ, გაუღიმეთ და... არ დაიჯეროთ! რაშია პრობლემა? ხშირად, ერთი შეხედვით საკმაოდ უწყინარი ფრაზა, შეიძლება, ძალიან ნეგატიურად აისახოს თქვენს ფსიქიკაზე, მარტივად რომ ვთქვათ, დაგაკომპლექსოთ. „უი, როგორ არ გიხდება ეს კაბა, მსუქანს გაჩენს“. „მოკლე კაბა შენთვის არ არის, საყვარელო“, – შეიძლება, არც ერთი არ შეესაბამებოდეს სიმართლეს, არც მეორე. თქვენ კი იდარდებთ და ძალიან დაკომპლექსდებით.
მეორე ვარიანტი: ბოლომდე საკუთარი თავის ნდობაც არ შეიძლება. თუ პარტნიორს ზედმეტად ენდობით, იმედგაცრუება თითქმის გარდაუვალია. არავინ გეუბნებათ, რომ უკან სდიოთ და მისი ყოველი ნაბიჯი ამოწმოთ, მაგრამ, ზოგჯერ აუცილებელია, რაღაც-რაღაცეებში კარგად დარწმუნდეთ. იყავით ყურადღებიანი: დაუკვირდით სიტყვებს; უყურეთ ადამიანს თვალებში და „გაშიფრეთ“ მისი გამომეტყველება – რატომ უნდა იყოთ მოტყუებული?! მოსაუბრის მიმიკაც საკმაოდ ბევრის მთქმელია. ადამიანებს, სამწუხაროდ, არ უჭირთ ტყუილის თქმა, მაშინ, როცა ეს სჭირდებათ. არ არის აუცილებელი, ფსიქოლოგი იყო, რომ ეს ტყუილი „აღმოაჩინო.” მთავარია, ბრმად არავის ენდო და საკუთარ თავს გულუბრყვილობა რეცეპტივით არ გამოუწერო.
გაიცანი ადამიანები
თუ მეზობელი ყოველ შეხვედრაზე თავაზიანად გიღიმით და გულითადად გესალმებათ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ გამო წყალში გადავარდება. ამიტომ, ნამდვილად არ ღირს, ფული დაუფიქრებლად ასესხოთ. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ადამიანზე, რომელიც, დიდი ხანი არ არის, რაც გაიცანით. გამოსაცდელი ვადა ყველას და ყველაფერს სჭირდება, ურთიერთობასაც და, მით უფრო, ადამიანებს – ჩვენ ხომ ჩვეულებრივი მოკვდავები ვართ, ჩვენი ნაკლოვანებებითა და შეცდომებით. „გამოსაცდელ ვადაში“ ცუდი არაფერია. ნდობას დამსახურება სჭირდება, დამსახურებას კი – საკმაო დრო, თუმცა, შეიძლება, დროით მოპოვებული ნდობა ერთ წუთში ნამსხვრევებად იქცეს. თუ მამაკაცი გიმტკიცებთ, რომ შეყვარებულია თქვენზე, როგორ ლამაზ და გულში ჩამწვდომ სიტყვებსაც არ უნდა გეუბნებოდეთ, ადვილად ნუ დაუჯერებთ. მიაქციეთ ყურადღება იმას, რამდენად ხშირად ინტერესდება თქვენი პრობლემებით, გულწრფელია თუ არა ის ამ დროს, როგორი თანაგრძნობა და თანადგომა შეუძლია... ზოგს საერთოდ არ ეხერხება ლამაზი სიტყვების თქმა, მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძლიერი სიყვარულის უნარი არ აქვს ან ერთგულება არ შეუძლია.
აუცილებლად დააკვირდით იმასაც, ახარებს თუ არა მას თქვენი წარმატებები; შემოგყურებთ თუ არა აღტაცებული მზერით საუბრისას; გისმენთ თუ არა ყურადღებით, როცა რაღაც პრობლემაზე ან წუხილზე ესაუბრებით – ამ ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ვიღაც გულს გვტკენს, ჩვენ კი ვწუწუნებთ, რომ მივეცით ყველაფერი, რისი მიცემაც შეგვეძლო, მაგრამ მან ეს არ დააფასა. რატომ არ ვფიქრობთ მანამ, სანამ ამას გავაკეთებთ – აქვს კი მას დაფასების უნარი საერთოდ?!