ვინ ეძებს მამას ესტონეთიდან თბილისში და რატომ დაკარგა ერთმანეთი მამა-შვილმა
32 წლის კრისტელი ეძებს 58 წლის ნიკო გაბუნიას.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს – 58 წლის ნიკო (ან ნიკოლოზ) გაბუნიას. ჩემი მშობლები ერთმანეთს ჩემი დაბადების შემდეგ მალევე დაშორდნენ და მამაჩემი თავის სამშობლოში, საქართველოში დაბრუნდა. მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, რადგან, ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ის ბოლოს ვნახე. მთელი ჩემი ცხოვრება მამის პოვნასა და მის გაცნობაზე ვოცნებობ. გთხოვთ, დამეხმარეთ მის მოძებნაში. თავად მე ესტონეთში ვცხოვრობ და დამოუკიდებლად მამას ვერ ვპოულობ. მაქვს მისი ერთადერთი სურათი, რომელზეც მე და მამა ვართ. იმედია, ის გამომეხმაურება და თქვენი დახმარებით ჩვენ ვიპოვით ერთმანეთს.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია პირველად ჩემი ესტონელი მეგობრის, ესტონური „ჟდი მენიას“ რედაქტორისგან, ირის სალურისგან შევიტყვე. ესტონური სამძებრო სამსახური აქტიურად ეძებს ნიკო გაბუნიას, რომელსაც ესტონეთში ჰყავს შვილი, სახელად – კრისტელი. მათ მე მთხოვეს დახმარება. იმედი მაქვს, ნიკო (ნიკოლოზ) გაბუნია საქართველოში იმყოფება და ის ჩვენ დაგვიკავშირდება. ჩემს ესტონელ კოლეგებს ძალიან უნდათ, რომ, ნიკოს პოვნის შემთხვევაში, მამა-შვილი ერთმანეთს შეახვედრონ.
– კრისტელ, გვიამბე შენი ისტორია – როგორ ან რა მიზეზით დაკარგეთ ერთმანეთი მამა-შვილმა?
– ჩემმა დედ-მამამ ერთმანეთი ესტონეთში გაიცნო. როგორც დედისგან ვიცი, მამაჩემი მაშინ ესტონეთში ჯარში მსახურობდა და სწორედ ამ პერიოდში გაიცნო დედა. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და, შედეგად, 1982 წლის იანვარში, მე დავიბადე. სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მამა ისევ საქართელოში დაბრუნდა და მას შემდეგ ჩვენ ერთმანეთი აღარ გვინახავს. ჩემს დედ-მამას რამდენიმე ხანს ჰქონდა მიმოწერა, მაგრამ შემდგომ წერილებიც შეწყდა და ჩვენ არაფერი ვიცით მის შესახებ. იმ მისამართზე, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი, წერილები აღარ მიდის, უფრო სწორად, უკან გვიბრუნნდება პასუხით, რომ მოცემულ მისამართზე ეს ადამიანი აღარ ცხოვრობს.
– კიდევ რა იცით მამის შესახებ?
– სამწუხაროდ, ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ მისი დაბადების თარიღი – ის დაბადებულია 1956 წლის 2 მაისს. ასევე, ვიცი, რომ, იმ პერიოდში, როდესაც ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, მამა თბილისში ცხოვრობდა. სხვა ინფორმაცია მის შესახებ მე არ გამაჩნია და, იმედია, რომ, ის, რაც ვიცი, რამეში მაინც გამოგადგებათ. მამას დიდი ხანია ვეძებ. დამოუკიდებლად მხოლოდ იმის გაგება შევძელი, რომ თითქოს ის ცხოვრობს საქართელოში, ახუთში (მაგრამ, არ ვიცი, რამდენად სწორია ეს დასახელება. არც ის ვიცი, ქალაქია ეს თუ სოფელი).
– ესე იგი, შენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია შემოწმებული არ გაქვს. ის თუ იცი, აქვს თუ არა მამაშენს ოჯახი და ჰყავს თუ არა შვილები?
– მამის შესახებ მეტი არაფერი ვიცი და, დიდი იმედი მაქვს, რომ მის პოვნაში თქვენ დამეხმარებით. სავარაუდოდ, მამას აქვს თავისი ოჯახი და შვილებიც ეყოლება, ანუ, მე მყავს ნახევარდაძმები და ძალიან მინდა მათი გაცნობაც. მამას პოვნის შემთხვევაში, თუკი მათ ენდომებათ ჩემთან დაკავშირება, ამას არაფერი აჯობებს.
– მამას რა ხერხებით ეძებდით?
– რა ხერხს არ მივმართე, მაგრამ, უშედეგოდ. არც იმ ინფორმაციის სისწორეში ვარ დარწმუნებული, რომელიც თითქოსდა გავარკვიე, ანუ, არსებობს თუ არა საქართელოში ასეთი სოფელი ან ქალაქი, სახელწოდებით – ახუთი? რამდენიმე ხნის წინ მე დავუკავშირდი ესტონურ სამძებრო სამსახურს, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთის პოვნაში ეხმარებიან და მათგან გავიგე, რომ თქვენ არაერთ ადამიანს დახმარებიხართ ახლობლისა თუ ნათესავის პოვნაში და მეც იმედი მომეცა.
– მამის პოვნის შემთხვევაში, აპირებ თუ არა მასთან შეხვედრას და სად ისურვებდი ამის გაკეთებას?
– მამის პოვნის შემთხვევაში, მისი ნახვის დიდი სურვილი მექნებოდა და, თუკი მასაც იგივე ენდომება, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევეცდებით, ვნახოთ ერთმანეთი. ჩემთვის სულერთია, ჩვენი შეხვედრა სად და როგორ მოხდება, მთავარია, მოხდეს. რა თქმა უნდა, მამაჩემის სამშობლო ძალიან მაინტერესებს – მე არასდროს ვყოფილვარ საქართველოში, მაგრამ, ძალიან მიყვარს თქვენი ქვეყანა. ჩემს ძარღვებშიც ხომ ქართული სისხლი ჩქეფს და, ალბათ, ესეც თამაშობს გარკვეულ როლს საქართველოს სიყვარულში.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.