რატომ ამოაჭრევინა ჯაბა იოსელიანმა ქირურგს ნაწლავი ციხის საავადმყოფოში და ვის ამოუგდო მან ცალი თვალი
„...ხშირად ამბობენ: ჩვენ, ალბათ, დიდი ცოდვა გვაქვს ღვთის წინაშე, ასე რომ ისჯება ქართველი ხალხი. ამას კიდევ ვარაუდი სჭირდება? 70 წელს ვცხოვრობდით უღმერთოდ – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მერე კი მოვინანიეთ ჩვენი მამა-პაპისა და საკუთარი ცოდვები? შემწყნარებლობის, ერთიანობის, ურთიერთპატივისცემის მაგივრად, ჰუმანური არაფერი შევისისხლხორცეთ. 1990 წლის 19 მარტს „მხედრიონის” მიერ ჩატარებულმა მიტევებისა და ურთიერთშემწყნარებლობის ხალხმრავალმა აქციამ არავითარი გაგრძელება არ პოვა. ეგ კი არა, გია აბესაძის გმირულმა აქტმა – დაპირისპირებისა და შიდამტრობის საპროტესტოდ თავის დაწვამ, უყურადღებოდ ჩაიარა – თითქოს, ქორწილიდან მომავალი მთვრალი ხრამში გადაიჩეხა”...
ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ის არ მოსწონდა და, ალბათ, არც გარდაცვლილის ხსენება ესიამოვნებათ, თუმცა, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც იგი ძალიან საინტერესო პიროვნება იყო, თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე. მართლაც, თუ კაცს ახლოს არ იცნობ, ძნელია მასზე ზოგადი შთაბეჭდილებებით საუბარი. ჯაბა იოსელიანი თავად გაგაცნობთ ახლოდან საკუთარ თავს, მაგრამ, არა „მხედრიონისა” და პოლიტიკური გადმოსახედიდან. მაშ ასე, მწერლისა და დრამატურგის, ჯაბა იოსელიანის მოგონებებში გაცოცხლებული ყველაზე ცხელი, ციხის ცხოვრების შიდა კადრები:
„... მახსენდება ჩელიაბინსკის ციხე. 1950 წელი. კამერაში შემოდიან რიგით ჩხრეკაზე და მართმევენ ჩემი მომავალი მეუღლის ფოტოსურათს. ეს უკანონობაა – პატიმარს უფლება აქვს, ჰქონდეს ახლობლების სურათი. ყველა კამერაში ჰკიდია ხის ჩარჩოში ჩასმული „პრავილა” – თვით შინაგან საქმეთა მინისტრის, ბერიას მიერ დამტკიცებული წესები... პროტესტს ვაცხადებ. კარს მიჯახუნებენ და მაგინებენ. ვიწყებ ბრახუნს. ცოტა ხნის შემდეგ გავყავარ რეჟიმის უფროსს ოთახში. „რატომ ხულიგნობ?” „მე ვითხოვ იმას, რაც წესით მერგება.” „რაც გერგება, ყველაფერი დიდ ქვაბში დევს.” „პრავილა” აქაც კიდია, აი, – ვეუბნები, – ეს ხომ კანონია... კიდევ არ იღებს თავს, რაღაცას წერს და დოქტორალურად მეუბნება: „კანონი კანონია, მაგრამ, ჩვენ კიდევ ინსტრუქციები გვაქვს.” მერე, თუ ის ინსტრუქციები მე მეხება, რატომ არ ჩაწერეთ ამ წესებში. მე ხომ უნდა ვიცოდე, რა შეიძლება და რა – არა? წამაკითხეთ!”
იქვე მდგარ კორპუსის უფროსს აწვდის ქაღალდს – „წაუკითხე!” კორპუსის უფროსი კითხულობს: „კამერაში ხულიგნური გამოხდომისთვის და ზედამხედველებთან უცენზურო შეპასუხებისთვის 10 დღით გადაიყვანეთ კარცერის რეჟიმზე”. ეგრევე მესევიან სამი ზედამხედველი და კორპუსის უფროსი და მიმაჩაქჩაქებენ სარდაფში, სადაც კარცერებია განლაგებული. ვაცხადებ სასიკვდილო შიმშილობას. ვითხოვ ზედამხედველ პროკურორს. 9 დღე მშიერი და მწყურვალი, სიცივეში, ცემენტის იატაკზე ვაგდივარ, კაციშვილი არ მაკითხავს, მხოლოდ დილ-დილაობით, პურის დარიგების დროს აღებენ კარში დატანებულ „კარმუშკას” და მეკითხებიან: „პურს აიღებ?” „არა!” – ვპასუხობ.
ახალგაზრდა ვარ, ილუზიები საბჭოთა ჰუმანურ საზოგადოებაზე ჯერ კიდევ მთლად არ გამქრალა... ერთი დღეღა მაკლია და კარცერიდან საერთო კამერაში გადამიყვანენ. ფეხზე ვეღარ ვდგები, თავბრუ მეხვევა. ვანგარიშობ, რამდენი სისხლი აქვს დალეული ამ მაიორს – რეჟიმის უფროსს. მე ხომ, სულ ცოტა, 4-5 კილო დავიკელი. აქედან სუფთა სისხლი რამდენი იქნება? – დავუშვათ, ორასი გრამი... ახლა, დღეში რამდენი კაცია ჩემისთანა – დიდი ციხეა, უზარმაზარი, სულ ცოტა ათი კაცი. ესე იგი, ათ დღეში ორი ლიტრი. თვეში 6 ლიტრი ადამიანის სისხლი გააშრო ანუ დალია ამ ვამპირმა. მეცხრე დღეს მოდის ექიმი: „თუ შიმშილობას გააგრძელებ, ხელოვნურ კვებაზე უნდა გადაგიყვანო, თუ არა და, ახალავე წახვალ კამერაში.” იქვე მდგარი „კეთილი” ზედამხედველი მირჩევს: „რად გინდა, თავს რომ იწამებ? მაინც ვერაფერს მიაღწევ. ადი ახლა კამერაში და მორჩი”... სუსტია მაინც ადამიანი. უცებ წარმოვიდგინე კამერა, ბევრი ხალხი, თუთუნი, პური, სითბო, ცხელი კერძი... არადა, მართლაც, ვის რას დაუმტკიცებ. ათი დღე ხვალ ისედაც გადის. ასე სამარცხვინოდ ვთანხმდები. გუნებაში ერთი სანუგეშო, თავის გასამართლებელი მოწოდება მიტრიალებს: „ჯაბა, არ დაივიწყო, არ დაივიწყო!..” აკი დავივიწყე და, აჰა, „კაგებეს” ხელახლა ვაშენებ!.. ვაკეთებ იმას, რის წინააღმდეგაც მთელი ცხოვრება ერთპიროვნულად ვიბრძოდი. ადამიანი ყველა შემთხვევაში თავს იმართლებს საკუთარი თავის წინაშეც კი. არა უშავს, ეს „კაგებე” დემოკრატიულ პრინციპებზე იმუშავებს...
...1958 წლის 240 დღე კარცერში გავატარეთ, ესე იგი, თითქმის შვიდი თვე ულოგინო ცემენტის იატაკსა და 300 გრამ შავ პურზე ვიყავით; 80 დღე ვიშიმშილეთ, სიკვდილის კარიბჭესთან რამდენჯერმე გადაგვიჭირეს „დასამშვიდებელი პერანგი,” რამდენიმე ათეული საათი კი გალურჯებამდე მოჭერილ ხელბორკილებში გვამყოფეს და, ეს ყველაფერი – ერთ წელიწადში. მე, 183 სანტიმეტრი სიმაღლის კაცი, 54 კილოგრამს ვიწონიდი, როცა ჩემი ნორმალური წონა 90 კილოგრამი იყო. ბოლოს და ბოლოს, ორი წლის შემდეგ მოგვეშვნენ როგორც ელემენტებს, რომლებსაც არ სურთ, დაადგნენ გამოსწორების გზას, თუმცა, ეს კიდევ ერთ სასამართლო პროცესად და დამატებითი სასჯელის მიღებად დამიჯდა. ჩემი 25 წლის პატიმრობის ვადის ათვლა ხელახლა დაიწყო, ვინაიდან, ჩემს ერთ-ერთ მტანჯველს, კორპუსის უფროსს, შეპირებული შევუსრულე – ცალი თვალი ამოვუგდე. ყველაფერმა ამან, რაღა თქმა უნდა, ფიზიკურის გარდა, ფსიქიკური დანახარჯებიც მოიტანა – დამჩემდა ქრონიკული უძილობა... არ ვიცი, ღირს კი სიცოცხლის გაგრძელება? მერვე წელია, ვზივარ და კიდევ 25 წინ მაქვს. კითხვითაც ვეღარაფერს ვკითხულობ. რაც ჩემ ირგვლივ ხდება, აღარ მაინტერესებს... ცხონებული დედაჩემი თბილისში ჩამოსულ ხრუშჩოვს დადარაჯებია და წყნეთის გზაზე, თურმე, მანქანას გადაუდგა. ხრუშჩოვს შეუმჩნევია და უკითხავს: „რა უნდა მაგ მოხუცებულს?” დედაჩემს არზა ჰქონია ხელში, რომლითაც ციხიდან ციხეში ჩემს გადაყვანას თხოულობდა. სწორედ იმ დღეს შევარდნაძესაც ქაღალდი ეჭირა ხელში, სადაც მისასალმებელი სიტყვა ეწერა საქართველოს ახალგაზრდობის სახელით: „ნაშ დოროგოი ნიკიტა სერგეევიჩ”... არ ვიცი, მოეწონა თუ არა საქართველოს კომკავშირის „ცეკას“ მდივნის სიტყვა, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში, ხრუშჩოვმა „დიდსულოვნება” გამოიჩინა და თხოვნას დაადო დამაკმაყოფილებელი რეზოლუცია; ხოლო, მაგარი ის იყო, რომ, ადგილობრივი „ჩეკა” წელიწად-ნახევარი აჯანჯლებდა თვით ხრუშჩოვის განკარგულების შესრულებას, ვიდრე საქმეში არ ჩაერთნენ სერგო ზაქარიაძე, ბესო ჟღენტი და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები. ბოლოს, როგორც იქნა, ნოვოჩერკასკის დაკეტილი ციხიდან თბილისის დაკეტილ ციხეში გადმომიყვანეს. საქართველოში ჩემი ყოფნა მალე კვლავ პრობლემა გახდა, რადგან, ციხის რეჟიმის დამთავრების შემდეგ, ჩემი მოსათავსებელი ადგილი არ აღმოჩნდა ჩემი ტიტულის – „განსაკუთრებით საშიში რეციდივისტის” გამო. საქართველოში ასეთი „კლიენტი” პირველი ვიყავი და, არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. როგორც იქნა, გადაწყვიტეს, გავეშვი რუსთავის ტუბერკულოზური საავადმყოფოს ტუბზონაში, რომელიც სულ მალე ქსანში გადავიდა. ტუბზონაში მაშინ სასჯელს იხდიდა, ასე ვთქვათ, ქურდული ელიტა... ბანაკში არეულ-დარეული სიტუაცია დამხვდა, ქურდები ერთმანეთს მტრობდნენ და ეს სხვა პატიმრებზეც მოქმედებდა; ნებისმიერი გადაწყვეტილება მატერიალური გამორჩენით იზომებოდა, საერთო ფულის შემოსავალ-გასავლის კონტროლს კი ვერავინ ბედავდა. ზონაში ღია ბატონობის განუკითხავი ცხოვრება მიმდინარეობდა. ვისაც შეეძლო, სხვა ზონაზე გარბოდა. ვინც ვერ შეეგუა სამართლიან, წესიერ ცხოვრებას, ზოგს ყურები მოეხა, ზოგს სხვა ლაგერში მოუხდა გადაბარგება... ფული რომ გაუჩნდათ, დაიწყეს ზონაში სასმლის შემოტანა, დროდადრო ჩუმად ქალებიც მოჰყავდათ, ზოგმა ნარკოტიკების გაყიდვა-მოხმარებას მიჰყო ხელი... ეს ყველაფერი, რასაკვირველია ფარულად ხდებოდა...
...ერთ საღამოს აურზაური ატეხეს – გინდა თუ არა, მეზობელ კამერაში გაგვიშვითო. რაც კი ხელთ მოხვდათ, უბრახუნეს და უბრახუნეს კარს, შემდეგ „კარმუშკა” გაანგრიეს. მოვიდნენ უფროსები, მაგრამ, ვერაფრით ვერ დააწყნარეს. მე არ ვერევი. ეგენი, მგონი, ჩემს ჯინაზე უფრო იქცევიან ასე. უფროსობა წავიდა და რაღაც საეჭვო სიჩუმე ჩამოვარდა. ერთი საათის შემდეგ დერეფანში ატყდა ჩექმების ბრახუნი, სინათლე გამოირთო, შემოცვივდნენ დივიზიონის ჯარისკაცები და დაიწყო უმოწყალო ცემა-ტყეპა. დამესივნენ აქეთ-იქიდან. ვხედავ, ამათ ვერ გავუმკლავდები, ამიტომ, ერთ-ერთი ამოვირჩიე და ყრონტში ვტაცე ხელი – გამიშვით, თორემ, დავახრჩობ-მეთქი, – ვყვირი. უკნიდან რაღაც ჩამარტყეს თავში, ყვითელი ბრჭყვიალები აციმციმდნენ და გონება დავკარგე. როცა გამოვფხიზლდი, მთლად სველი ვეგდე კარცერში. ეტყობა, წყალი მასხეს და აქ ჩამომათრიეს. თავი გახეთქილი მაქვს. მივაბრახუნ-მოვაბრახუნე. კარცერის კამერებში, ყველგან, ჩვენი ნაცემი ხალხია. ესეც არ გვაკმარეს, საქმე აღძრეს და ბუნტის მოთავედ მე გამოვყავარ. კიდევ კარგი, ბიჭებმა ინამუსეს და ჩემზე ცუდი ჩვენება არ მისცეს... გათავისუფლებამდე ათი დღე დარჩა. უკვე გეგმებს ვადგენ, სად წავალ, პირველად ვისთან მივალ, ვინ უნდა ვნახო, სად გავჩერდე და... უცებ, ძილის წინ, მოდის მთავარი ზემდეგი და მეუბნება: ჩააბარე, რაც ჩასბარებელი გაქვს, გაემზადე, ხვალ დილიდან სასამართლოზე მიდიხარო. რის სასამართლოზე-მეთქი, – დამცეცხლა თავში. მოწმედ მიჰყავხარ, აქ იქნებ აღარც კი დაგაბრუნონო... იციან, რომ, როგორც მოწმე, ჩვენებას არ მივცემ და ორ წელს მომისჯიან. რა ვქნა? არ წახვალ და, ძალით წაგიყვანენ. სასწრაფოდ ავადმყოფობა უნდა მოვიგონო, მაგრამ, რა?! მომიხარშეს თამბაქო, ვსვამ, მწვანედ მაღებინებს, სიცხეს მაძლევს – 38 გრადუსი მაქვს. ვიწყებ ოხვრასა და ყვირილს, აპენდიციტის შეტევას ვიგონებ – ვუთხარი, მესამე შეტევაა-მეთქი. „როცა თადარიგს დაგიჭერენ, მაშინ არ მისცე რეაქცია, როცა აგიშვებენ, მაშინ იყვირე,” – მარიგებს ვალოდკა „მალაფეიკა” ჩემი მეგობარი. „ისე, სულ შენი ბრალია, ყველა მაიმუნს თავს უყადრებ. უნდა მოგეხია ყურები მაგ პარჩაკებისთვის და აქამდე არ მივიდოდა საქმე!” – იგინება ჩემი თანამოსაკნეების მისამართით. მოდის ექიმი. მე უფრო ხმამაღლა ვიწყებ ოხვრას. „არავითარი სასამართლო არ ვიცი, პასუხს მე ვაგებ. ახლავე გაამზადეთ ტრანსპორტი, საოპერაციოა. სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეთ”... ღამის ორ საათზე საოპერაციო მაგიდაზე ვწევარ მოკრუნჩხული და ვკვნესი. ვაითუ გადაიფიქრონ; მგონი, მე თვითონაც დავიჯერე, რომ სასტიკად მტკივა. ქირურგი თბილისსა და ბაქოში ნაცხოვრები გერმანელია, ორი ღერი ქართული იცის. ომის დროს გადმოუსახლებიათ და 8 წელი აქ გაატარა. გათავისუფლების შემდეგ წასასვლელი არსად ჰქონდა და დარჩა... ათი დღე მაქვს დარჩენილი და ახლა აქ უნდა მოვკვდე-მეთქი – თავს ვისაწყლებ. როგორც კი დანა დამადო, დავწყნარდი... „ახლა ცოტა გეტკინება, მოითმინე,” – მითხრა. კრინტს როგორ დავძრავ. ამოჭრა, მაჩვენებს პაპიროსის ხელა სუფთა ნაწლავს. „ეს რა არის, ბიჭო?” – მეკითხება ქართულად. ყველაფერს გულახდილად ვუყვები. იცინის: „გეთქვა და არ ამოგაჭრიდი, იქნებ კიდევ დაგჭირდეს, რა იცი”... ჰაი-ჰაი, რომ დამჭირდა და მერე რამდენჯერ, მაგრამ, სადღა იყო...“