უცნობი რობინ უილიამსი
მსოფლიო კინომოყვარულებს ძალიან დასწყვიტა გული ყველასთვის საყვარელი მსახიობის, რობინ უილიამსის გარდაცვალებამ. ნიჭიერი მსახიობი ოდნავ მოჭუტული, კეთილი, ცისფერი თვალებით დიდ სითბოს გამოსცემდა და, ალბათ, კიდევ არაერთხელ მიანიჭებდა სიამოვნებას ახალი როლებით, თუნდაც, პატარებს, ისევე, როგორც მის მიერ განსახიერებული მისის დაუდფაიერი, რობოტი და მრავალი სხვა... თუმცა, არავინ იცის, რა ხდებოდა მის გულში, როდესაც სიცოცხლეს ეთხოვებოდა.
ბავშვობაში რობინ უილიამსი ძალიან მსუქანი იყო. სწორედ მაშინ დაიწყო პატარა რობინმა სხვადასხვა ხმით ლაპარაკი, რომ ოდნავ მაინც დაეფარა თავისი მარტოსულობა.
სანამ მსახიობი გახდებოდა, ის ქუჩის მიმი იყო.
1974 წელს, როდესაც როლზე სინჯავდნენ, „მორკი და მინდის“ რეჟისორმა ჰარი მარშალმა სთხოვა, სკამზე დამჯდარიყო. რობინი მაშინვე თავით დაერჭო სკამზე და... მარშალმა ყოველგვარი სასინჯი გადაღების გარეშე აიყვანა, თან, განაცხადა კიდეც, რომ უილიამსი იყო ერთადერთი უცხოპლანეტელი, რომელსაც ოდესმე შეხვედრია.
„შინდლერის სიის“ გადაღების დროს სტივენ სპილბერგს საშინელი დეპრესია ჰქონდა. რობინ უილიამსი მას ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე ურეკავდა და ხუმრობებით ართობდა. სპილბერგმა, თავის მხრივ, ტელეფონს დინამიკები მიუერთა, რომ რობინის ხუმრობებით გადამღები ჯგუფის მსახიობებიც გაეხალისებინა
ანიმაციურ ფილმ „ალადინში“ ჯინის გახმოვანებისთვის რობინ უილიამსს მხოლოდ 75 000 დოლარი გადაუხადეს 200-მილიონიანი შემოსავლიდან და მადლობის გამოსახატავად პიკასოს ნახატი აჩუქეს.
მსახიობი რობინ უილიამსი 5-ჯერ იყო ერაყში, ავღანეთში კი 6-ჯერ – ჯარისკაცების გასართობად.
რობინს ისე უყვარდა ვიდეოთამაშები, რომ, „ზელდას ლეგენდების“ მიხედვით, თავის ქალიშვილს პრინცესას სახელი – ზელდა დაარქვა.
რობინ უილიამსი ბოლო დროს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე იყო დამოკიდებული. როდესაც სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდა, იხუმრა: საავადმყოფო სპეციალურად ავირჩიე მეღვინეობის ოლქში – სათადარიგო ვარიანტი აქვეაო...