2014 წლის ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერები მსოფლიო ფეხბურთში
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში არაერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, ყველაზე აქტიურები სატრანსფერო ბაზარზე კვლავ ორი ესპანური გრანდი – „ბარსელონა” და „რეალი” და, ასევე, ინგლისის პრემიერლიგის ტოპ-კლუბები იყვნენ.
გთავაზობთ 2014 წლის ზაფხულის ათ ყველაზე ხმაურიან ტრანსფერს.
ლუის სუარესი
ურუგვაელი სუპერვარსკვლავი „ბარსელონამ” „ლივერპულიდან” დაახლოებით 70 მილიონ ევროდ გადაიბირა. ოფიციალურად ტრანსფერის შესახებ მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. სუარესმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა კატალონიურ გრანდთან და, მისი თქმით, უდიდესი ოცნება აუსრულდა, რადგან, ის ბავშვობიდან ოცნებობდა ესპანეთში თამაშსა და ცხოვრებაზე.
ხამეს როდრიგესი
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და აღმოჩენა, 23 წლის კოლუმბიელი ვუნდერკინდი, „რეალმა” ფრანგული „მონაკოდან” დაახლოებით 80 მილიონ ევროდ შეიძინა. ხამესმა ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა მადრიდულ კლუბთან და ხელფასის სახით წელიწადში 7 მილიონამდე ევროს მიიღებს.
ტონი კროოსი
გერმანელი მსოფლიო ჩემპიონის, ტონი კროოსის ტრანსფერი „რეალს” 25-30 მილიონამდე ევრო დაუჯდა. „ბაიერნის” ექსფეხბურთელმა ექვსწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონამდე დოლარი ექნება. კროოსის ტრანსფერი ერთ-ერთ ყველაზე მოულოდნელ ტრანსფერად დასახელდა, რადგან, „ბაიერნისთვის” ის უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.
ალექსის სანჩესი
ჩილელი ფორვარდის ტრანსფერი „არსენალს” 44 მილიონი ევრო დაუჯდა. „ბარსელონის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი იდეალურად მოერგო არსენ ვენგერის სათამაშო სტილს და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, რამაც ის უკვე აქცია ლონდონელი ქომაგებისთვის საყვარელ ფეხბურთელად.
სესკ ფაბრეგასი
„ბარსელონის” კიდევ ერთი ფეხბურთელი გახდა ლონდონური კლუბის, თუმცა ამჯერად „ჩელსის” წევრი. სესკ ფაბრეგასმა არჩევანი „არისტოკრატების” სასარგებლოდ გააკეთა და აბრამოვიჩის გუნდთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის მისვლით, ჟოზე მაურინიოს გაწვრთნილი „ჩელსი” საგრძნობლად გაძლიერდა.
დიეგო კოსტა
ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი ბომბარდირი დიეგო კოსტა ასევე რომან აბრამოვიჩის გუნდის წევრი გახდა. ლონდონელებმა კოსტას სანაცვლოდ მადრიდის „ატლეტიკოს” 38 მილიონი ევრო გადაუხადეს. კოსტა მალევე იქცა „სტემფორდ ბრიჯის” ტრიბუნების გმირად, რადგან, პრემიერლიგაში ჯერჯერობით გოლის გარეშე არ დაუტოვებია მოედანი.
ანხელ დი მარია
„მანჩესტერ იუნაიტედის” ამ ზაფხულს განხორციელებული ტრანსფერებიდან ეს ერთ-ერთი გამორჩეულია – არგენტინელ გარემარბ ანხელ დი მარიაში „რეალმა” 59,7 მილიონი გირვანქა სტერლინგი მიიღო, რაც პრემიერლიგისთვის სარეკორდო თანხაა.
დავიდ ლუიზი
ბრაზილიელი დავიდ ლუიზი ამ მომენტისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მცველია, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენმა” ლონდონის „ჩელსის,” სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით 45-50 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა. დავიდ ლუიზი ჟოზე მაურინიოს გეგმებში არ შედიოდა და ის საკმაოდ სარფიანად გაყიდეს.
მარიო ბალოტელი
სკანდალურად ცნობილი მარიო ბალოტელი ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა, ამჯერად – „ლივერპულში”, სადაც მას ლუის სუარესის შეცვლა მოუწევს. „მილანში” გატარებული არცთუ წარმატებული სეზონის შემდეგ, ის შეეცდება, დაამტკიცოს, რომ კვლავ ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად.
რადამელ ფალკაო
ეს 2014 წლის ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი და, ამავე დროს, საინტერესო ტრანსფერია. „მონაკოს” კოლუმბიელ გოლეადორს ფეხბურთის ქომაგები „რეალში” ან „იუვენტუსში” ელოდნენ, თუმცა, ფალკაო „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, სადაც, უეინ რუნისთან და რობინ ვან პერსისთან ერთად, მძლავრ თავდასხმის ხაზს შექმნის.