ჭეშმარიტი სარწმუნოება
ღვთისმოყვარე ჰონორატი
წმიდა გრიგოლ დიოლოღოსის
მონათხრობი
სამნიის ოლქში (იტალია) ცხოვრობდა კაცი, რომელსაც ჰყავდა შვილი, სახელად ჰონორატი. ყრმობიდანვე თავშეკავებული ცხოვრებისადმი სიყვარულმა ბავშვი ზეციური სამშობლოსადმი მისწრაფებით აღაგზნო. იგი ამაო საუბრებს განრიდებული სხეულს თავშეკავებით წვრთნიდა.
ერთხელ მისმა მშობლებმა ნადიმი გამართეს. სხვადასხვა ნუგბარს შორის, ხორციც იყო მომზადებული, მაგრამ ჰონორატმა ხორცის მიღება არ ისურვა. მშობლებმა ის გაამასხარავეს: „ჭამე. ნუთუ ფიქრობ, რომ წავალთ და შენთვის ამ მთებში თევზს დავიჭერთ?“ ეს იმიტომ თქვეს, რომ იმ მხარეში, თევზი საერთოდ არ მოიპოვებოდა. ამტყდარ სიცილ-ხარხარში მსახური წყლის მოსატანად გაგზავნეს... ჭურჭელში კი, რომლითაც მან წყალი მოიტანა, თევზი აღმოჩნდა. სახლში დაბრუნებულმა მსახურმა ყველა სტუმრის თვალწინ გადმოაქცია წყალი, რომელშიც თევზი დაცურავდა, თანაც, ისეთი ზომის, რომ ჰონორატს საჭმლად მთელი დღე ეყოფოდა. ყველა გაოგნდა. ჰონორატის მშობლებიც იძულებული გახდნენ, ხუმრობა შეეწყვიტათ. მოზარდის თავშეკავება, რომელიც მანამდე დასაცინი იყო, პატივსაცემი გახდა და სასწაულებრივად გაჩენილმა თევზმა ღვთის ყრმა დაცინვისგან იხსნა.
უფრო და უფრო ვრცელდებოდა ხმა ჰონორატის ღვთივსათნო ცხოვრებაზე. მას მოგვიანებით უფლება მისცეს ერთ-ერთ ადგილზე, რომელსაც ფუნდს უწოდებდნენ, მონასტერი დაეარსებინა, სადაც იგი თითქმის 200-მდე განდეგილის ხელმძღვანელი გახდა.
ერთხელ მონასტრის თავზე დაკიდებული მთიდან უზარმაზარი კლდე მოწყდა. კლდე მთის ფერდობზე დაეშვა. მონასტერს დანგრევა, ძმებს კი განადგურება ელოდათ. ეს რომ წმიდა მამა ჰონორატმა დაინახა, მაშინვე მაცხოვარს მოუხმო და მომწყდარ კლდეს ჯვარი გამოსახა. კლდე კი, რომელიც მონასტერს უახლოვდებოდა, მყისვე ციცაბოზე გაჩერდა.
დღემდე შეუძლია ნახოს იქ მისულმა მნახველმა კლდის ეს უზარმაზარი ლოდი, რომელიც ისეა დაკიდებული, თითქოს, ეს-ესაა, უნდა ჩამოვარდესო.
წარმართთაგან მოკვდინებული ორმოცი გლეხი
ერთხელ წარმართებმა ორმოცი გლეხი ჩაიგდეს ტყვედ და მათ ნაკერპავი საჭმლის მიღება აიძულეს. როცა გლეხები მტკიცედ აღუდგნენ წინ ბოროტს და არ მოისურვეს, ბილწ საკვებს შეხებოდნენ, წარმართები მათ სიკვდილით დაემუქრნენ.
ტყვეებმა მარადიული ცხოვრება ამჯობინეს მიწიერსა და დროებითს, ბოლომდე უფლის ერთგულნი დარჩნენ და ამგვარი სიმტკიცისთვის წარმართთაგან სიკვდილით დაისაჯნენ. ამ ადამიანებმა, აკრძალული საკვების მიღებით, შემოქმედის შეურაცხყოფას სიკვდილი არჩიეს და ჭეშმარიტებისთვის ნამდვილი მოწამენი შეიქნენ.