როგორი „მამა” გამოდგა გიორგი ვარდოსანიძე ცოლის ნაჩუქარი სიურპრიზისთვის და რატომ ვერ გაბედა მოსწავლის ნაჩუქარი „ბოთეს” სახლში მიყვანა სალომე ჭაჭუამ
მოცეკვავე სალომე ჭაჭუას ცხოველები ბავშვობიდან უყვარს, თუმცა, მათ მიყვანას სახლში დედა უშლიდა. ახლა კი, რაც გათხოვდა და ქმართან ერთად ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, ოცნება აისრულა და უსაყვარლესი ჰასკის ჯიშის ძაღლი იყიდა. მართალია, დროებით მასთან განშორება მოუწია, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, სპეციალისტის მიერ გაწვრთნილ ბუბუს სულ მალე დააბრუნებს სახლში და, ისიც, გაზრდილი და ჭკუაში ჩავარდნილი, შესაბამისად მოიქცევა.
სალომე ჭაჭუა: ყველანაირი ცხოველი და ფრინველი მიყვარს, თუმცა, სახლში არასდროს მყოლია. დედას ბავშვობაში ძაღლმა უკბინა და იმ დღის შემდეგ ცხოველის სახლში ყოლის წინააღმდეგია, მე კი სულ მინდოდა, პატარა ცუგა მყოლოდა. არ დამავიწყდება, ჩემმა მოსწავლემ მაჩუქა უსაყვარლესი და ულამაზესი კოკერ-სპანიელის ლეკვი, „ბოთე” დავარქვი. მაგრამ, დედაჩემისთვის რომ სახლში მიმეყვანა, გადაირეოდა და, ამიტომ, „თელას” სტუდიაში ვზრდიდით.
– ახლა, უსაყვალესი და ულამაზესი, თეთრი და ცისფერთვალება ხასკის ჯიშის ძაღლი რომ გყავს, დედას აღარ ეშინია?
– სანამ გავთხოვდებოდი, ვერ მიმყავდა სახლში ძაღლი, თორემ, ახლა მე და გიორგი ცალკე ვცხოვრობთ და, ეს ულამაზესი და უსაყვარლესი ძაღლი ჩვენი ოჯახის წევრია. სხვათა შორის, მე პატარა, ფუმფულა, „ბოს“ ჯიშის ძაღლის ყოლა მინდოდა, მაგრამ, გიორგიმ თავი გაიგიჟა – ჰასკი მინდაო და, ჩუმად გადავწყვიტე, სიურპრიზი გამეკეთებინა და ვალენტინობის დღეს ვაჩუქე.
– თეთრი ჰასკის მოძებნა საქართველოში არ გაგიჭირდა? თან, მგონი, საკმაოდ ძვირი ღირს.
– სხვათა შორის, ძალიან გამიჭირდა და ძალიან ბევრი ვეძებე. ძლივს ვიშოვე და 200 დოლარად ვიყიდე. არ დამავიწყდება, ბოლოს რომ ვიკამათეთ – მე ბო მინდა და მე ჰასკიო და, არ ელოდა ჩემგან გიორგი, თუ მის ოცნებას ავახდენდი და ვუყიდიდი. სატელევიზიო შოუში ვიყავით „ვალენტინობას” მიწვეულები და ვიფიქრე, პირდაპირ ეთერში გავუკეთებ სიურპრიზს-მეთქი. ვეკითხებით: აბა, გიორგი, ყველაზე მეტად რა გინდა, ამ დღეს რომ გაჩუქონო და, გვიპასუხა – დანაო. კიდევ ვკითხეთ: აბა, კიდევ რა გინდაო და, ვერა და ვერ ვათქმევინეთ ძაღლიო (იცინის), არადა, ბუბუ კართან ელოდებოდა. ბოლოს, რომ შემოუყვანეს და დაინახა, კინაღამ გაგიჟდა. რას წარმოიდგენდა, იმ დღის ჩხუბის შემდეგ – მე ბო მინდა და მე ჰასკიო, ასეთ სიურპრიზს თუ გავუკეთებდი. სახლში რომ მივიყვანეთ, ორი დღე ტიროდა ბუბუ და გიორგი გიჟს ჰგავდა – ახლა ამას გადავაგდებო (იცინის), მაგრამ, როგორც კი მე ავიყვანდი ხელში, ეგრევე ჩუმდებოდა და, ამაზე გიორგი სულ გადაირია – იეჭვიანა. ბუბუ სამი კვირის იყო, პირველად რომ ვნახე: ბურთივით მრგვალი, თეთრი და ცისფერთვალება ისეთი ლამაზი იყო, მაშინვე შემიყვარდა (იცინის). ბევრი არ გვიფიქრია, ჩვენს გოგოს, ბუბუ დავარქვით და ისეთი ცელქი და რთული აღსაზრდელი გამოდგა, რომ მწვრთნელთან გვყავს გაშვილებული. წარმოიდგინეთ, ჯოხს რომ გადავუგდებდით და ვეტყოდით, მოიტანეო, შეურაცხყოფად მიაჩნდა, იბუზებოდა, იბუტებოდა და სამი დღე მის შემორიგებას ვცდილობდით (იცინის). ძალიან ამაყი და გრაციოზულია და ახლა მწვრთნელი ასწავლის, როგორ მოიქცეს და დაგვიჯეროს. ბევრს გაუკვირდება, მაგრამ, ადამიანივით ესმის ყველაფერი და შესაბამისი რეაქციებიც აქვს.
– ახლა რამხელაა ბუბუ და ვისი გვარი უწერია პასპორტში?
– პასპორტი ჩვენ ავუღეთ. ახლა ბუბუ 6 თვისაა და ვარდოსანიძის გვარს ატარებს, ერთი სიტყვით, მამიკოს გოგოა (იცინის). ორი თვეა, უჩვენოდ არის და როგორ დარბის და დახტის. რომ ვნახულობთ, ისე უხარია, უნდა ნახოთ, ყოველკვირა მივდივართ მე და გიორგი მის სანახავად, ვასეირნებთ და ვეფერებით, მაგრამ, რომ ვემშვიდობებით და მოვდივართ, გვეტირება, საწყლად წკმუტუნებს. თავიდან, მწვრთნელთან რომ მივიყვანეთ ცხოველების სასტუმროში, ისეთი არანორმალური და მაიმუნია, რომ სუფრა შეჭამა და გადასხმები დასჭირდა. სახლშიც ასეთი იყო – ფეხსაცმელებს გვიღრღნიდა. დივანზე ბალიშები გვიდევს, აძვრებოდა და იმას ჭამდა, მარტო როცა რჩებოდა სახლში. ცოტა რომ წამოიზარდა, სახლიდან რომ გავდიოდით, აივანზე ვტოვებდით. არ დამავიწყდება, ერთ დღესაც, სახლში მივედი და ჩემი ბოტასი ისეთი დაღრღნილ-შეჭმული დამახვედრა, გაბრაზებულმა მეორეც მივუგდე – აჰა, ესეც დააყოლე-მეთქი (იცინის). გიორგის თავის სახლში „დვარნიაშკა” ანუ, უჯიშო ძაღლი ჰყავს, მაგრამ, მაგარ „ვიდზეა” და ედი ჰქვია. მაგარი ავია და, რაც კი შრამი აქვს გიორგის, სულ ედის დამსახურებაა. გიორგი დღესაც არ მიშვებს ახლოს ედისთან, რომ არ დამკბინოს. მართალია, არ მახსოვს, ცხოველი ჩემკენ საკბენად გამოწეულიყო, მაგრამ, ხომ გაგიგიათ, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. თუმცა, ახლა გამახსენდა, პატარა რომ ვიყავი, სოფელში ვარიას დავედევნე და მამალმა ისეთი ჩამინისკარტა, რომ მახსენდება, ახლაც მტკივა თავი (იცინის). ბუბუმაც რომ ღრენა დაუწყო თავიდან, ამბობდა, ესეც თუ ედის დაემსგავსა, გავაგდებ სახლიდანო; მე კი არც მიღრენდა, პირიქით, მეხუტებოდა. დრო რომ გავიდა, გიორგისაც მიეჩვია, თან, მე დილით არ მეცალა, გიორგის გაჰყავდა გარეთ და, ალბათ, დრო სჭირდებოდა, რომ ამასაც მისჩვეოდა. ბუბუს თავისი ადგილი მივუჩუნეთ აივანზე და იქ ეძინა, თავის პატარა საწოლში. ახლა, სანამ სახლში დაბრუნდება, ახალ, დიდ სახლს ვუშენებთ აივანზე – ეს სიურპრიზია მისთვის და, იმედია, მოეწონება.
– როდესაც შენ და გიორგი ერთად ხართ, ბუბუ არ ეჭვიანობს?
– ადრე, პატარა რომ იყო, ეჭვიანობის გრძნობა არ ჰქონდა, ახლა კი უკვე გაზრდილი დაბრუნდება ჩვენი გოგო სახლში და როგორ იქნება ამ მხრივ საქმე, ჯერ არ ვიცით (იცინის). ხომ ამბობენ, ცხოველები თავის პატრონებს ემსგავსებიანო? მეც მჯერა ამის და ვაკვირდებოდი ბუბუს, იქნებ მსგავსება ვიპოვო-მეთქი, მაგრამ, ოთხი თვის იყო, რომ მივაბარეთ მწვრთნელს და ამას ვერ ვამჩნევდი. ახლა, რომ დაბრუნდება სახლში, კარგად დავაკვირდები და, იმედია, აღმოვაჩენ მსგავსებას (იცინის).
– მართალია, შენი გოგო ჯერ პატარაა, მაგრამ, გათხოვების დრო რომ მოუვა, საქმროს თავად შეურჩევ?
– რასაკვრიველია! ჩემი გოგო სამეფო ჯიშის ძაღლია და, მინდა, ჩემი სიძეც ასეთივე წმინდა, სამეფო ჯიშის იყოს. როგორც გითხარით, ბუბუ ძალიან ცელქია და არ გვიჯერებს. რომ გვაგიჟებს, გიორგის ვეუბნები, ხომ გინდოდა ჰასკი, ჰოდა, შენ მოუარე-მეთქი (იცინის). გიორგი კარგი მამა გამოდგა – ისე აბანავებს, ასეირნებს და უვლის ბუბუს, როგორც ნამდვილ შვილს უვლიან. ჩვენს გოგოს ძალიან უყვარს ბანაობა და, ტბაზე რომ წავიყვანეთ, იმდენი იცურავა და იყვინთავა, ძლივს მოვწყვიტეთ წყალს. ბუბუ ბუნებით ძალიან თბილია, უყვარს სტუმრები, განსაკუთრებით კი – გიორგის ერთი მეგობარი, რომელსაც ქერა თმა და ცისფერი თვალები აქვს. მას რომ დაინახავს, ახტება და გვერდიდან აღარ შორდება. ვეხუმრებით ხოლმე – ეტყობა, მსგავსება ნახა და ამიტომ მოიწევს შენკენო (იცინის). რომ ვიცოდე, ბუბუ არ იეჭვიანებს, სიამოვნებით ვიყიდდი ბოს ჯიშის ძაღლს და გავზრდიდი ჩემს ჭკუაზე. ვნახოთ, იქნებ, დედმამიშვილისთვის შევამზადო ჩემი გოგო და ოჯახური იდილია კიდევ უფრო გავამყარო (იცინის).