რა სერიოზულ შეხვედრებზე იმყოფებოდა გერმანიაში მარიამ ჩაჩხიანი და რა ბედი ეწია მის გოგონების კვარტეტს – „პომადას“
„როცა ამ პროექტში შევედი, გამარჯვებაზე ხუთი პროცენტით ვფიქრობდი, ნაკლებად მქონდა იმედი. დათოს გუნდში ისეთი ძლიერი ბავშვები ვიყავით, ვერ გამოარჩევდი, ვინ ვის სჯობდა. გარდა ამისა, სხვა მწვრთნელების ბავშვებიც არანაკლებ ძლიერები იყვნენ. პირველ ლაივზე, როდესაც დათომ გადამარჩინა, მივხვდი, რომ მან ჩემში ის პოტენციალი დაინახა, რომელიც ფინალისტს გამოადგებოდა. სწორედ მაშინ დავფიქრდი ჩემს შესაძლებლობებზე და უფრო შემართებით დავიწყე ბრძოლა, რადგან, ძალიან მინდოდა გამარჯვება. ეს წუთები დაუვიწყარია, თუმცა, მძიმე მომენტებიც იყო. ამ დროს გამარჯვების ფაქტს აღარ განიხილავ, უფრო მეტს ფიქრობ: რომ არ გავიმარჯო, მერე რა იქნება, ხომ არ დავყრი ფარ-ხმალს, – ანუ, ასეთ წვრილმანებზე იწყებ ფიქრს”... – ეს სიტყვები მარიამ ჩაჩხიანს ეკუთვნის, რომელიც იანვარში „ახალი ხმის“ გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ ნახევარ წელიწადზე მეტი გავიდა და მარიამის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ცოტა ხნის წინ ის „შალვა რამიშვილის შოუშიც“ გამოჩნდა და მომავალში უცხოეთშიც გეგმავს მუსიკალური კარიერის გაგრძელებას.
მარიამ ჩაჩხიანი: „ვოისის“ მოგების შემდეგ გადმომცეს ამსტერდამის საგზური, სადაც ზაფხულის დასაწყისში გავემგზავრე. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ დავესწარი ჰოლანდიის „ვოისის“ ბრმა ქასთინგების ჩაწერას. გაოგნებული დავრჩი, ისეთი მაღალი დონეა; ყველაფერი საუკეთესოდ არის გაკეთებული. მომინდა, კიდევ ერთხელ ხომ არ გამოვიდე „ვოისზე“-მეთქი, ოღონდ, უცხოეთში. თუ რომელიმე კონკურსში მივიღებ მონაწილეობას, ეს უცხოეთში მოხდება – საქართველოში თითქმის ამოვწურე ყველაფერი. ამსტერდამში დათო და ანნა იმედაშვილებთან ერთად ვიყავი.
– პირველად იყავი?
– არა, პირველად 2007 წელს ჩავედი, როდესაც პირველი საბავშვო „ევროვიზია“ ჩატარდა. ტრიო გვქონდა მე, ჩემს დას და ნინი გველესიანს. 12 კაცს შორის მოვხვდით, საკმაოდ წარმატებულად გამოვედით. რადგან „ევროვიზიისთვის“ შევიკრიბეთ, მერე აღარ გაგვიგრძელებია. ასე რომ, ამსტერდამში მეორედ ვიყავი. ძალიან კარგი ქალაქია: სრული თავისუფლება გაქვს და განტვირთვისთვის იქ ჩასვლა ყველაზე კარგი წამალია. დაახლოებით ერთი კვირა ვიყავი, დავდიოდით აქეთ-იქით, მუზეუმებში, კარგად ვერთობოდით. შემდეგ გერმანიაში ვიყავი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
– რა გეგმები გაქვს?
– სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მქონდა შეხვედრები. უბრალოდ, ჯერჯერობით ამის შესახებ ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ვიტყვი, რომ მუსიკალურ კარიერას უკავშირდება. თვითონ ვაგვარებ ყველაფერს, ეს საქმე არავის ეხება, მხოლოდ მე.
– შეიძლება, გერმანიაში გაგრძელდეს შენი კარიერა?
– დიახ, შეიძლება, თუმცა, ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცი, რა იქნება. ღმერთმა ქნას, რომ დიდხანს გაგრძელდეს ყველაფერი, მაგრამ, ახლა ზუსტად არ ვიცი დეტალები, ჯერ მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რაც მთავარია, მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს. მას შემდეგ, რაც საქართველოში დავბრუნდი, სხვადასხვა კონცერტში მომიწია მონაწილეობის მიღება, მიხარია, რომ დასაქმებული ვარ.
– „შალვა რამიშვილის შოუშიც“ დაიწყე მუშაობა.
– დიახ, დათო ფორჩხიძემ მიგვიყვანა მე და მარიამ პავლიაშვილი. ჩვენ ერთ გუნდში ვიყავით და კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, რაც ძალიან მიხარია. კონკურენცია არც „ახალ ხმაში“ მიგრძნია და არც, მით უმეტეს, ახლა. ადრეც ვმუშაობდი იუმორისტულ გადაცემაში „თქვენი შოუ“, გოგონების კვარტეტი გვქონდა – „პომადა“, მუსიკალურ სკეტჩებში გამოვდიოდით. სხვათა შორის, საკმაოდ წარმატებული ჯგუფი იყო. სახელი ერთ-ერთმა წევრმა დაარქვა და ჩვენც მოგვეწონა. რაც შეეხება „შალვა რამიშვილის შოუს“, როდესაც დათომ გვითხრა, იწყება ახალი შოუ, სადაც, შეიძლება, შენ და მარი იყოთო, ძალიან გამიხარდა. ამ ადამიანს არასდროს ვავიწყდები, მპატრონობს და მისი მადლობელი ვარ. რამდენჯერმე თქვა ჩემზე: ის არ არის უბრალო მონაწილე, ჩემი შვილიაო და, მართლაც ასეა, მიშვილა. მიხარია, რომ ასეთ ნიჭიერ ადამიანებთან ერთად მიწევს მუშაობა. ძალიან კარგი ბენდი გვყავს, ყველანი ძალიან მაგრები არიან. ყველაზე დიდ გამოცდილებას და, რაც მთავარია, სიამოვნებას, ვიღებ იმით, რომ ყველაფერი ცოცხლად ხდება.
– მახსოვს, „ახალ ხმაში“ ავტომობილი გაჩუქეს. აიღე მართვის მოწმობა?
– დიახ, მაჩუქეს. ჯერჯერობით არ ამიღია მართვის მოწმობა, ახლა ვცდილობ ავიღო, მაგრამ, არ ვიცი, გამომდის თუ არა. ავტომობილი კი მყავს, თუმცა, უპატრონოდ არის იმ მხრივ, რომ არ მაქვს მართვის მოწმობა. ავტომატიკის ტარება კი ვიცი, მაგრამ, მექანიკის – არა. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ შენი შრომით გაქვს მოგებული. ერთხელ ვატარე კიდეც, მაგრამ, იმის მერე აღარ გავკარებივარ. როცა ვაპირებ, თეორიას ჩავუჯდე, დრო არ მაქვს – უნივერსიტეტი, გადაცემა და, მოკლედ, ვერ მოვახერხე.
– მას შემდეგ, რაც „ვოისში“ გაიმარჯვე თითქმის ნახევარ წელზე მეტი გავიდა. ახლა, ამ გადასახედიდან, რას ფიქრობ, რა შეიცვალა კონკურსის შემდეგ შენს ცხოვრებაში?
– დღესაც, რომ ვფიქრობ, თითქოს უფრო მეტად „დავიქოქე“. ადრე ერთ ხაზზე ვიყავი გაჩერებული მანამ, სანამ „ვოისში“ გამოვიდოდი. უცხოეთში კი მიწევდა კონკურსებში მონაწილეობა, რაც დიდ გამოცდილება მაძლევდა, მაგრამ, ისეთი სტიმული, რაც „ვოისმა“ მომცა, არაფერს მოუცია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი, ამ პროექტში რომ მივიღე მონაწილეობა. რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობაც მომემატა, უფრო შრომისუნარინიც გავხდი. ზოგადად, საქართველოში, არ გვაქვს იმის პირობები, რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად გავაკეთოთ, მაგრამ, რაც შემიძლია, ვცდილობ. რაც მთავარია, დათო ფორჩხიძემ დამიწერა ახალი სიმღერა, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მაგარია: ტემპიანი, ამგდები, ხალისიანი, ენერგიული – ძალიან მომწონს. უკვე ჩავწერეთ, ამსტერდამშიც წავიღე ეს სიმღერა და გერმანიაშიც.
– იქ ვინმეს მოასმენინე?
– დიახ, გერმანიაში ძალიან კომპეტენტურ ხალხს მოვასმენინე, მუსიკოსებს, რომელთა აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. ცოცხლადაც შევასრულე რამდენიმე სიმღერა და, სიმართლე რომ გითხრათ, ვერ დამალეს აღფრთოვანება. გარდა ამისა, ორი სიმღერა მაქვს კიდევ მზად, ვმუშაობ. მოკლე პერიოდში, გვინდა, ორივე სიმღერა გავაკეთოთ. ერთ-ერთზე კლიპის გადაღებას ვაპირებთ, დავით გოგოხია გვეხმარება. მოკლედ, მუშაობის პროცესში ვარ ჩართული. ეს ორი სიმღერა უცხოელმა კომპოზიტორმა გვაჩუქა დავით გოგოხიას წყალობით. მუსიკასაც ეტყობა, რომ უცხოელის გაკეთებულია – ძალიან კარგია, თინეიჯერული, ყველას მოსწონს.
– ეს რაც კარიერას შეეხებოდა; რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? თაყვანისმცემლების რაოდენობა ხომ არ გაიზარდა კონკურსის შემდეგ – ეს ხშირად ხდება ხოლმე.
– ალბათ, კონკურსის შემდეგ გაიზარდა „მოთხოვნა” ჩემზე.
– შენი მოთხოვნებიც გაიზარდა?
– არა, ჩემი მოთხოვნები იგივე რჩება. ისეთი არავინ გამოჩენილა, ვისზეც შეიძლება, იმედები დავამყარო, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში გამოჩნდება.
– როგორი უნდა იყოს?
– აუცილებლად ჩემნაირი უნდა იყოს, სხვანაირს ვერ გავუძლებ. მე ყველა საკითხს იუმორით ვუდგები და ისიც ასე უნდა იყოს. ბევრი საერთო უნდა გვქონდეს, განსაკუთრებით – ინტერესები; უნდა ვგავდეთ ერთმანეთს. მუსიკაც დაახლოებით ისეთი უნდა მოსწონდეს, როგორიც მე მომწონს. აუცილებლად უნდა მოსწონდეს „თუმოროულენდი“, რადგან, ჩემი ოცნებაა იქ წასვლა. ხუმრობით მეგობრებში იმასაც ვამბობ, არ მოვკვდები, სანამ „თუმოროულენდზე“ ფეხს არ დავდგამ-მეთქი – ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება.
– გისრულდება ხოლმე ოცნებები?
– დიახ, მისრულდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ყველაფერი არა, მაგრამ, რაც მნიშვნელოვანია, ისინი მისრულდება და, იმედი მაქვს, ამ ოცნებასაც ავისრულებ.