კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის საქართველოს „სასწრაფოს“ ერთადერთი ქალი-მძღოლი და რატომ უწოდებენ მის ბრიგადას „ჩარლის ანგელოზებს“

ყველას თუ არა, ალბათ, ზოგიერთს მაინც, შეგინიშნავთ თბილისის ქუჩებში სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც ულამაზესი ქალბატონი მართავს. როგორც ძირითადად ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, ალბათ, თქვენც გაგკვირვებიათ და რამე გაუგებრობა გგონებიათ, მაგრამ, გეტყვით, რომ აქ გაუგებრობა არაფერ შუაშია და ეს ქალბატონი ნამდვილად „სასწრაფოს“ მძღოლია, ერთადერთი – საქართველოსა და ამიერკავკასიის მასშტაბით. გაკვირვება კიდევ უფრო გაიზრდება, როცა გაიგებთ, რომ ის მხოლოდ სასწრაფოს მძღოლი კი არა, ბაიკერიც გახლავთ და, თან, არაჩვეულებრივი მხედარიც. 

ექსკლუზიურად „თბილისელების“ მკითხველისთვის დეტალები ნანა მამუკაშვილის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.

 

– ქალბატონი ბრძანდებით და, რატომ გადაწყვიტეთ, ბაიკერი გამხდარიყავით?

– მე ბაიკერების ოჯახში დავიბადე და ჩემ გარშემო ყოველთვის მოტოებს ვხედავდი. მამაჩემი მოტომოყვარული იყო, ბაბუასაც ჰყავდა მოტოციკლი. ეს სისხლში მაქვს და, იმიტომ არ ამირჩევია, რომ, უბრალოდ, მომეწონა. როგორც კი ოდნავ წამოვიზარდე, მაშინვე მოტოზე დავჯექი. მართალია, ბევრჯერ დავიმტვრიე, მაგრამ, თავი არ დამინებებია.

– ამ საქმის პროფესიონალი ხართ თუ ეს მხოლოდ მოყვარულის დონეა?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიონალი ბაიკერი ვარ. შემიძლია მოტოციკლის მართვა ნებისმიერი სიჩქარით, ფეხზე მდგარს; უამრავ ტრიუკს ვასრულებ და ასე შემდეგ. ძირითადად, მოტოთი ვმოძრაობ – ეს ჩემთვის ახალგაზრდობის ფორმულასავით არის. ვგრძნობ, რომ ჩვენ ერთნი ვართ და ჩვენი დაშორება წარმოუდგენლად მიმაჩნია.

– შეჯიბრებებში თუ იღებთ მონაწილეობას?

– შეჯიბრებებში მიმიღია მონაწილეობა, თამაშებშიც ხშირად ვმონაწილეობ, მაგრამ, სერიოზულ კონკურსებზე არ გავსულვარ, რადგან, ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

– როგორი დამოკიდებულებაა საქართველოში ბაიკერი ქალების მიმართ და თუ არიან თქვენ გარდა სხვებიც?

– ჰოლივუდში, წითელ ხალიჩაზე რომ ძალიან მაგარი მსახიობი მიდის და ხალხი ოვაციებით ხვდება, ისეთი დამოკიდებულებაა ჩვენთან ბაიკერი ქალის მიმართ. ჩემ გარდა სხვა ბაიკერი გოგონებიც არიან, ბევრად პატარები. მე ერთად ერთი ასაკიანი ბაიკერი ვარ, სულ დაახლოებით ექვსნი ვართ.

– მამაკაც ბაიკერებს როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენდამი?

– ძალიან კარგი, ყოველთვის ყველაფერში გვეხმარებიან და გვერდში გვიდგანან. ძალიან ამაყობენ ბაიკერი გოგონებით. ბევრი კაცი-ბაიკერი მეგობარი მყავს, რომლებიც ჩემ გარეშე არ გადიან „საკატაოდ”. ზოგადად, კაცები გაოცებას გამოხატავენ და უამრავი კომპლიმენტით მავსებენ; იგივე რეაქცია აქვთ ბავშვებსაც და მოხუცებსაც და ეს ძალიან მახარებს. ერთი იგავ-არაკი არსებობს: ქალს უნდა, რომ იყოს ყველაზე ლამაზი და ყველასთვის საყვარელი და, ერთხელაც, ჭას მიადგება, რომელიც სურვილებს ასრულებს. სთხოვს: მინდა, ყველას ერთნაირად მოვწონდე – დიდსაც და პატარასაც, ქალსაც და კაცსაცო და ეს ჭა ბაიკს გაუჩენს (იცინის). ერთხელ, მახსოვს, ქუჩაში ბაიკით მივდიოდი და რაღაცისთვის გავჩერდი. გვერდზე მანქანიდან საკმაოდ ხნიერი და სოლიდური მამაკაცი გადმოვიდა და დიდი აღფრთოვანება გამოხატა ჩემ მიმართ, დაიჩოქა ჩემ წინ, ხელზე მეამბორა და  მითხრა: ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში მაქვს ნანახი და, არ შემიძლია, ამისთვის თაყვანი არ გცეო. ასეთი ფაქტები ძალიან ხშირია, რაც ძალიან მეამაყება.

– ეს ექსტრემალური სპორტია, რომელიც დიდ საფრთხესთან ასოცირდება. ეს თქვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს?

– სირთულე და რისკი მართლა ძალიან დიდია, დაზღვეული არასდროს არ ხარ. საქართველოში მოძრაობა ისედაც ძალიან რთულია და, მით უმეტეს, ბაიკს ტრანსპორტად ვერ აღიქვამენ. ეს ბაიკერებისთვის ძალიან რთული თემაა. ბაიკისთვის მოულოდნელად გაჩერება რთულია და  მისთვის გზის დათმობა, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელია. მე, მაგალითად, დღეში 4-5 საავარიო სიტუაცია სულ მაქვს, რადგან, ძალიან რთული მოძრაობაა. სერიოზულადაც დავმტვრეულვარ მანქანის გამო, მაგრამ, იმდენად მიყვარს ბაიკი, რომ მას შიში ვერ მოერევა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი „შრამი“ მაქვს, ამას არასდროს შევუშინებივარ. 

– ინტერვიუმდე მითხარით, რომ გათხოვილი ხართ და 25 წლის ქალიშვილი გყავთ. მეუღლე როგორ გაიცანით და რა რეაქცია ჰქონდა, როცა თქვენი ექსტრემალობის შესახებ გაიგო?

– როცა გავთხოვდი, მეუღლემ არ იცოდა ბაიკისადმი ჩემი და ჩემი ოჯახის დიდი სიყვარულის შესახებ. ჩვენი დაქორწინებაც ძალიან ექსტრემალურად მოხდა – დები ქორწილიდან მოგვიტაცეს უცნობმა მამაკაცებმა და მეგობრებმა. შემთხვევით სულ უცხო ადამიანის მეუღლე გავხვდი, მაგრამ, ალბათ, დიდი ხნის სიყვარულიც არ წყვეტს ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს ადამიანი ძალიან შემიყვარდა და არაჩვეულებრივი ოჯახი გვაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ და ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ ის შემხვდა; რომც მეძებნა, მისნაირს, ალბათ, ვერც ვიპოვიდი. მაშინ პატარა ვიყავი და გათხოვების პრეტენზია არც მქონია. ეს ჩემდა უნებურად მოხდა. ჩვენს დროს ხშირი იყო მოტაცებები, ახლა ასე აღარ არის და, ეს, სისხლის სამართლის მიხედვით, ადამიანის გატაცებაა, რომელიც ისჯება (იცინის). როცა მე და ჩემი მეუღლე ნათესავების გასაცნობად  დავბრუნდით, ვთხოვე, მოტოციკლზე დამჯდარიყო და მეც მივუჯდებოდი, მაგრამ ძალიან გაუჭირდა, კინაღამ დავიმტვერით და მას შემდეგ მოტოციკლეტს აღარ შეხებია. როცა ჩემი დიდი გატაცების შესახებ გაიგო, არ გაუხარდა, მაგრამ, არც დაუშლია. „ჩავარდნებიც” მქონდა – ფეხმძიმობისას და ბავშვის გაზრდის პერიოდში, მაგრამ, შემდეგ ისევ განვაგრძე. დაშლას აზრი არ ჰქონდა, რადგან, ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო.

– კიდევ ერთი საინტერესო საქმიანობა გაქვთ – „სასწრაფოს“ მძღოლი ბრძანდებით. იქ როგორღა აღმოჩნდით?

– რაღაც პერიოდი უცხოეთში ვცხოვრობდი, კუნძულ კვიპროსზე. იქ ჩვენი საკონსულო არ იყო და უსაბუთოდ ოჯახში ვერ იმუშავებდი – ბერძნებს ცოტა სხვა კანონები აქვთ. ამიტომ, მომიწია სიღარიბის დაძლევის კურსებზე ჩაბარება, საიდანაც დავიწყე მუშაობა „სასწრაფოს“ მძღოლად ერთ-ერთ კერძო კლინიკაში და, ზუსტად ამან გამაბედვინა, რომ საქართველოშიც შემეძლო იმავეს გაკეთება. პროფესიით იურისტი ვარ, მაგრამ, ჩემი სპეციალობით რომ დამეწყო მუშაობა, გამოცდები უნდა ჩამებარებინა და გადამზადება გამევლო, რასაც დრო სჭირდებოდა, მე კი მეჩქარებოდა და ამ გამოცდილებამ მაპოვნინა სამსახური, რომელიც ჩემს ექსტრემალურ ბუნებასთან ძალიან ახლოს იყო. ქალები მხოლოდ მაღალქუსლებთან არ უნდა ასოცირდებოდნენ. ძალიან ძლიერები რომ ვართ, ეს ფაქტია. ზოგადად, ჩემში არის ადამიანების გაკვირვების ამბიცია და, მსიამოვნებს, როცა რამე შეუძლებელს, სარისკოს ვაკეთებ. ცოტა მამაკაცური რაღაცეები მომწონს. როცა ამხელა მანქანაზე მხედავენ, დიდ გაოცებას გამოხატავენ, იმდენად დიდს, რომ ბაიკზე მჯდარი ქალის დანახვით გამოწვეულ ემოციებსაც გადააჭარბა. მოძრაობა ჩერდება და ხალხი მიყურებს. სირენას რომ ჩავრთავ, ხალხს რეაქცია არ აქვს, სანამ არ დავიწყებ, რომ მეჩქარება და გამატარეთ-მეთქი; გაოცებული სახეებით მიყურებენ. კურიოზიც ყოფილა და დაძაბულ სიტუაციებსაც კი სიცილისა და მხიარულების გარეშე არ ჩაუვლია. ძირითადად, ქალ ექიმებთან მიწევს მუშაობა და „ჩარლის ანგელოზები“ შეგვარქვეს. მე ვხუმრობ ხოლმე, რომ, ჩარლის კი არა „ბრაჭულის ანგელოზები“ ვართ და ხალხს ვეხმარებით-მეთქი.  ხშირად, თავგატეხილ და სხვადასხვა დაზიანების მქონე პაციენტებს სურათებიც კი გადაუღიათ ხოლმე ჩემთან. „ვაიმე, უკვე კარგად ვარ“ – ასეც ხშირად უთქვამთ. ბევრჯერ, გამოძახებიდან გამოსულ ექიმებს მე ხალხით გარშემორტყმული დავხვედრივარ – აღარ იცოდნენ, ვის რა მოეტანა და რით ესიამოვნებინა ჩემთვის. ერთხელ, ერთმა ახალგაზრდამ უამრავი „რაფაელო“ დაგვახვედრა. ერთხელ ერთმა ასაკიანმა კაცმა ძალიან დიდი აღტაცება და გაოცება გამოხატა. გაზაფხული იყო, სადღაც ღობეზე აძვრა, მოტეხა ნუშის ტოტები და დიდი თაიგული მაჩუქა. ჩემს დანახვაზე გაოცება იმდენად დიდია, რომ, ვხუმრობ ხოლმე: „მე ვაფართოებ თვალებს წამებში“ (იცინის). ბევრჯერ უთქვამთ: „ვაიმე, ბეჭედი არ გიკეთიათ? ესე იგი, გათხოვილი არ ხართ. ცოლად ხომ არ გამომყვებით?“ (იცინის).

– თქვენ მოხიბვლას ცდილობენ ხოლმე?

– როცა მუშაობა დავიწყე, შემეშინდა, ჩემ მიმართ გამოჩენილი ზედმეტი ყურადღებით მეუღლე არ გამეღიზიანებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დამოკიდებულება უფრო საამაყო იყო როგორც საზოგადოების, ისე პოლიციის მხრიდანაც. პოლიციასთან დაკავშირებით ერთი სასაცილო შემთხვევა მახსენდება: გადამყავს ავადმყოფი და, უცებ, პატრული მაჩერებს. გავაჩერე და მითხრეს: – მომეცით საბუთები. რატომ ზიხართ საჭესთან? ვუთხარი, რომ ვმუშაობდი. – „ექიმს საჭესთან ჯდომის უფლება არ აქვს“, – განმიცხადა მან. საბუთებს ვაწოდებ და მეც და ექიმებიც ვუხსნით, რომ ექიმი არ ვარ. „ვის აღადავებთ თქვენ?“ – განაგრძობს შემართებით (იცინის). მერე, როცა მოწმობა ნახეს, წამოიძახეს: „უი, თქვენ „ა კატეგორიაც“ გაქვთ?“, „უი, ის გოგო ხართ, ბაიკერი?“ (იცინის)... მძღოლი რომ ვარ, ამაში ხშირად ეპარებათ ეჭვი. ერთხელ გადასასვლელ ხიდთან გოგონა იყო ცუდად. ჩვენს ბრიგადაში ერთი მამაკაცი ექიმი იყო, ერთი – ქალბატონი. გოგონა მანქანაში შეიყვანეს და სინჯავდნენ. მამაკაცი ექიმი სინჯავდა, ქალი რაღაცეებს იწერდა, მე კი საჭესთან ვიჯექი. მოვიდა ერთი, ძალიან გაღიზიანებული მამაკაცი და მეკითხება: „უკაცრავად, ქალბატონო, თქვენ მოგწონთ საჭესთან ჯდომა“? ვერ მივხვდი, რა უნდოდა. „იცით, მე ახლა 112-ზე დავრეკავ და გიჩივლებთ“, – განაგრძო მამაკაცმა. „რატომ?” – ვეკითხები. „მძღოლს ამუშავებთ და თავად საჭესთან ზიხართ, ასე ჩაგრავთ მძღოლებს, ხომ, ექიმებმაც დაიწყეთ მეტიჩრობა?“ – ჩხუბზე გადავიდა. ვუხსნი, რომ მე ვარ მძღოლი, მაგრამ, ჩათვალა, რომ ვაშაყირებდი და კიდევ უფრო გაბრაზდა. არ დაიჯერა ჩემი ნათქვამი და დამემუქრა, რომ სამსახურიდან მოახსნევინებდა ჩემს თავს (იცინის). ბევრჯერ ქალს უთქვამს კომპლიმენტი და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ბაიკზე რომ მხედავენ, მაშინაც, ბევრ ქალს უთქვამს, რომ ეს მისი ოცნებაა და, ჩემი დანახვით, ოცნების რაღაც ნაწილი აუსრულდათ. ეს ბევრს იზიდავს, მაგრამ, შიში აკავებთ. სულ მეკითხებიან, რატომ არ ვასწავლი შვილს მოტოს მართვას. სწავლებით არ მისწავლებია, მაგრამ ჩემთან ერთად ხშირად მჯდარა მასზე. იმიტომ რომ ეშინია. სადაც შიშია, მიმაჩნია, რომ არ უნდა დააძალო. მე, მაგალითად, სპორტი ძალიან მიყვარს და ტანმოვარჯიშეც ვიყავი. ამის გამო ერთი დანაშაულიც ჩავიდინე – რამდენიმე წელი შვილი დამყავდა ტანვარჯიშზე და ვტანჯავდი, რადგან, ბავშვს არანაირი მონაცემი არ ჰქონდა საამისოდ. ბაიკისადმი შიში რომ არ ჰქონდეს, აუცილებლად ვასწავლიდი.

– ცხენებისადმი თქვენს დამოკიდებულებაზეც მოგვიყევით.

– ცხენი არის ის სულიერი, რომელზე ძვირფასიც ცხოველებში არც ერთი არ მეგულება. ის ჩემთვის მხოლოდ ცხოველი არ არის. პროფესიული თვალსაზრისით, მონაწილეობა არსად მიმიღია, თუმცა, საკმაოდ კარგი მხედარი ვარ. ცხენის შეძენა დიდ თანხებს უკავშირდება და ამიტომ არ მყავს, მაგრამ, ბაბუაჩემი კომუნისტების დროს დეპუტატი იყო, ფერმის მმართველი, ცხენები ჰყავდა და ერთი მაჩუქა, რომელიც მე გავზარდე და გავხედნე. მამაჩემს მეორე შვილი ბიჭი უნდოდა, მე კი ვარ ოჯახში მეორე გოგო, ამიტომ, ისე მზრდიდა, როგორც ბიჭს. ბებია მეუბნებოდა ხოლმე, ცისარტყელას თუ გადაახტები, ბიჭი გახდებიო. მეც, მოვაჯდებოდი ცხენს და მივდიოდი ცისარტყელას საძებნელდად. მერე ხშირად გვეძებდნენ ხოლმე მე და ჩემს ცხენს (იცინის)... ერთხელ, არჩევნებთან დაკავშირებით, უცხოელი დამკვირვებელი მიმყავდა რაიონში, მესხეთისკენ. იქ ძალიან ბევრი სარგებლობს ცხენით. მანქანით მივდიოდი და პატარა ბიჭი შემხვდა, რომელიც ძალიან კარგ ცხენზე იჯდა. თურმე, ჯირითში გამარჯვებული ცხენი ყოფილა. ბავშვს ვკითხე, მანქანის მართვა თუ იცოდა და, რომ მითხრა, კიო, მაშინვე ვთხოვე, ტრანსპორტი გაგვეცვალა. ერთი გზა გვქონდა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა და, თან, ცხენს უნაგირი არ ჰქონდა. წარმოიდგინეთ, რა სანახავი ვიქნებოდი (იცინის). ამ კაცის გაოცებული სახე არ მავიწყდება. როცა მივედით, მითხრა: „მე ვნახე ქართველი ამორძალი ქალი და ეს იყო ულამაზესი“... ერთხელ ცხენი სხვისგან ვითხოვე. ჯირითის შემდეგ ცხენი ვეღარ დავიმორჩილე და თავის სახლში წამიყვანა. იქ ატყდა მეზობლების წივილ-კივილი: ნინა, გამოიხედე, ნახე, რა ხდება, ცხენმა სარძლო მოგიყვანა! ისე ვერ ეღირსა შენს შვილს ცოლი და, ნახე, ერთი, რა ქალიაო. მე ვუთხარი: ქალბატონო, მე გათხოვილი ვარ, უბრალოდ, ცხენი ვერ დავიმორჩილე და ასე აღმოვჩნდი თქვენთან-მეთქი. უი, რას ამბობ, არადა, გამიხარდა ჩემმა შვილმა თვითონ ვერ მოიყვანა ცოლი და, იქნებ, ცხენმა მაინც უშველოსო (იცინის). მოკლედ, ცხენის, მოტოციკლისა და მანქანის სტიქია ბავშვობიდანვე მაქვს – ეს ყველაფერი ჩემთვის ახალგაზრდობის ფორმულაა. ოჯახის მხრიდან ცოტა სხვა დამოკიდებულება რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, დიდ წარმატებებს მივაღწევდი. ახლაც მაქვს გარკვეული მიზნები და მათ განხორციელებაზე უარს არ ვიტყვი.

 

скачать dle 11.3