რა სასწაულები აღესრულებოდა საუკუნეების განმავლობაში ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში და როგორ მიდიოდა ყოველ გიორგობას ტაძარში სამსხვერპლო ხარი თავისი ფეხით
სოფელ ილორის შუაგულში (ოჩამჩირის რაიონი) მეთერთმეტე საუკუნეში აგებული ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია შუა საუკუნეების საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა. მის აღმოსავლეთ ფასადზე საუკუნეების განმავლობაში იყო შემონახული ქართულწარწერებიანი 5 ქვა, რომელიც მეთერთმეტე საუკუნის პირველი მეოთხედით თარიღდება. მეთექვსმეტე საუკუნეში ილორის ეკლესია ლევან მეორე დადიანმა შეაკეთა, 1736 წელს კი, თურქების მიერ გადაწვის შემდეგ, ოდიშის მთავრებმა აღადგინეს. თუმცა, ამ ტაძრის ისტორია ამით არ დამთავრებულა: რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ, ქართულ ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს, ქართული კვალის წასაშლელად, გარე ფასადი სრულად, ხოლო შიდა – ნაწილობრივ გადაღებეს თეთრად; აღმოსავლეთი მხარე კი, სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი – მთლიანად შელესეს და, ხუროთმოძღვრების ამ უმნიშვნელოვანეს ძეგლს, რომელსაც საუკუნეების წინ კრისტოფორო დე კასტელი იხსენიებს, ნამდვილი იერსახე დაუკარგეს. ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წირვა-ლოცვა საუკუნეების განმავლობაში, ვიდრე აფხაზეთის ოკუპაციამდე, ქართულ ენაზე აღევლინებოდა... თუმცა, წლების წინ, როდესაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ჩვენმა თანამედროვე მწერალმა და მხატვარმა, დათო გაჩეჩილაძემ შეძლო ღვთისმშობლის მირონმდენი, სასწაულმოქმედი ხატით აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა და ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოლოცვა, რამდენიმე საათის განმავლობაში უძველეს ქართულ ტაძარში ქართული გალობა და ლოცვა ისმოდა...
დათო გაჩეჩილაძე: ყოველ გიორგობას უამრავი ხალხი მიდიოდა ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. როგორც კი დასრულდებოდა გიორგობის მწუხრი, ყველა ტოვებდა ტაძარს. ოდიშის მთავარი, დადიანი, საკუთარი ბეჭდით ბეჭდავდა გალავნის კარიბჭეს. დილით მთავარს ბეჭედი დაურღვეველი ხვდებოდა, ტაძრის ეზოში შესულებს კი სამსხვერპლო ხარი ხვდებოდათ. რა დროიდან ხდებოდა ეს სასწაული, არავინ იცოდა. ზოგი ამბობდა, ადრე ირემი მოდიოდაო ტაძარში; ზოგი კი ასეთ ამბავს ყვებოდა: ვინმე უცხოქვეყნელს წმიდა გიორგის სასწაულები არ დაუჯერებია და სიცილით უთქვამს: „თუ ეს თქვენი წმიდანი მართლა სასწაულმოქმედია, ორას ვერსზე, სახლში, ხარი რომ დავტოვე, აქ მოიყვანოს; თუ ეს მოხდა, თქვენს ღმერთს ვიწამებო“. მეორე დღეს მისი ხარი ილორის ტაძრის ეზოში გაჩენილა. განცვიფრებულ კაცს დაუკლავს პირუტყვი და ხორცი ხალხისთვის დაურიგებია; მერე შინ დაბრუნებულა და, რაკი დარწმუნებულა, რომ ხარი მართლაც მისი იყო, ცოლ-შვილი ოდიშში წამოუყვანია, ქრისტეს რჯულზე მოქცეულა და იქვე დასახლებულა... თავისი ფეხით მისული ხარი ტაძრის ეზოდან გამოჰყავდათ და ადგილობრივ მკვიდრს აკვლევინებდნენ, რომლის ოჯახშიც ინახებოდა საგანგებოდ ამისთვის განკუთვნილი ნაჯახი, რომელსაც გიორგობამდე ხელს არავინ ჰკიდებდა. ორივე რქა და ხორცის დიდი ნაწილი ოდიშის მთავარს ეკუთვნოდა, რომელიც რქებს ოქრო-ვერცხლით ამკობინებდა და დღესასწაულებზე ამ სასმისებით სვამდა ღვინოს; ამის შემდეგ შეწირულ ხარს სამღვდელოება და ოდიშელი დიდებულები ინაწილებდნენ, დანარჩენ ხორცს კი წვრილად ჭრიდნენ და ხალხს ურიგებდნენ. ზოგი იქვე ჭამდა, ზოგი ახმობდა და ავადმყოფობისას წამლად იყენებდა, რადგან, იცოდა, რომ ეს ხორცი ყოველგვარ სნეულებას კურნავდა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, როგორ დაიჭერდნენ ხარს: თუ პირუტყვი ხატის მსახურებს არ ნებდებოდა, ირქინებოდა და წიხლებს ისროდა, ამბობდნენ, წელს ომი იქნებაო; თუ მწოლიარეს ან მტვერში ამოგანგლულს იპოვიდნენ – ღომის უხვ მოსავალს ელოდნენ; ხოლო, თუ ხარი ცვრით იყო დანამული – იმ წელს ბევრი ღვინო დაიწურებოდა. 1853 წლამდე სასწაული ყოველ წელს მეორდებოდა. მისი შეწყვეტიდან ოთხი წლის შემდეგ, რუსეთმა ჯერ ოდიშის სამთავრო გააუქმა, შემდეგ – აფხაზეთისა და სვანეთის.
– როგორც ცნობილია, ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში წმიდა გიორგის არაერთი სასწაულმოქმედი ხატი ინახებოდა.
– ტაძარში ინახებოდა წმიდა გიორგის ნაქონი მშვილდი, სპილენძის ბუკი და დიდმოწამისთვის შეწირული ორპირბოლოიანი ისრები. ძველად, თურმე, თაღიდან სასწაულმოქმედი ოქროს სასწორი ეშვებოდა. მოდავენი მის ქვეშ დგებოდნენ, წმიდანისადმი ლოცვას აღავლენდნენ და სასწორის პინა მართლისკენ იხრებოდა; მაგრამ, ერთხელ, წმინდა გიორგის მოტყუება უცდიათ და წმიდანს სასწორი სამუდამოდ წაუღია ზეცაში. ამის შემდეგ დამკვიდრებულა ეგრეთ წოდებული „გინოჩამა“ – ხატის სამსჯავროზე დამნაშავის გადაცემა. თუ სოფელში ვინმე იქურდებდა ან ცუდ საქმეს ჩაიდენდა, დაზარალებული წინასწარ გააფრთხილებდა და ნაქურდლის დაბრუნებას სთხოვდა; ხოლო, თუ დამნაშავის ვინაობა არ იცოდნენ, საქვეყნოდ გამოაცხადებდნენ: ესა და ეს დამნაშავის ხატზე გადასაცემად მიდისო. მერე რამდენიმე დღე დაიცდიდნენ და, თუ ქურდი მოპარულს არ დააბრუნებდა, ილორის ხატს შესთხოვდნენ: ნაქურდალი ორ კვირაში მოატანინე თავისივე ხელით, თუ არა და, შენი ძალა აჩვენეო. დამნაშავეს ზოგჯერ შეეშინდებოდა და ნაქურდალს ტაძრის ეზოში დაყრიდა ხოლმე, მაგრამ, პატრონს მისი წაღება არ შეეძლო – ეკლესიას რჩებოდა; წყევლა კი უთუოდ უნდა მოეხსნა, რადგან, სწამდათ, რომ, თუ ასე არ მოიქცეოდნენ, ხატი მაწყევარს დაამიზეზებდა. ხანდახან ხატზე გადაცემული და გადამცემი რიგდებოდნენ კიდეც: დამნაშავე მაწყევარს სახლში მიიწვევდა, კარგად გაუმასპინძლდებოდა, რაიმე ნივთს მისცემდა, მერე ილორის ტაძარში წავიდოდნენ, ხატის წინ წყევას გამოილოცებდნენ და მაწყევარი საწინდარს აბრუნებდა. თუ ხატზე გადაცემული დანაშაულს არ მოინანიებდა, ისჯებოდა – ჭკუიდან ცდებოდა. ხატი ცრუდ მოფიცართაც აგიჟებდა. ასეთები ნათესავებს ტაძარში მიჰყავდათ, მნათე ეშმაკეულს ხატის წინ დააყენებდა, დიდმოწამეს შეავედრებდა და სამჯერ გაატარებდა წმიდა გიორგის მშვილდში. შემდეგ მნათე მიუახლოვდებოდა ავადმყოფს, ბუკში სამჯერ ჩაბერავდა და სულით ავადმყოფი იკურნებოდა. წმიდა გიორგის ბორძალსაც თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. ხალხი ფიქრობდა, რომ სწორედ ასეთი ისრებით ხოცავდა წმიდანი თავის მტრებს. ამიტომაც, მჭედლებს ყოველწლიურად აჭედვინებდნენ ორპირბოლოიან ისრებს და ილორის ტაძარს სწირავდნენ. ბორძლებს სწირავდნენ ისინიც, ვისაც ხშირი მეხის დაცემისგან ზარალი მოსდიოდა. ამბობდნენ, ისინი შეხებითაც კი კურნავსო. ილორის ტაძარში ბევრი უშვილო ოჯახი მოდიოდა საკლავ-შესაწირავით, უფრო ხშირად ვერცხლის პატარა აკვნებს სწირავდნენ ხატს და შვილიერებას სთხოვდნენ უფალს. უამრავი მლოცველი იდგა წმიდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატის წინ. მთავარი, ანუ, თავი ხატი – ვერცხლით მოჭედილი კარედი იყო; ის დღეს დაცულია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში. შუაში წმიდა გიორგის ჭედური ხატი იყო ჩასვენებული; მის ფერხთით ხარი და ხატის დამკვეთი, ცაიშელ-ბედიელი მიტროპოლიტი კირილე ჟვანიძე იყვნენ გამოსახულნი, კარედის შიგნით, ფრთებზე – ღვთისმშობლის ხარება, ხოლო კარედის წინაპირზე – წმიდა დიმიტრისა და წმიდა თეოდორეს ხატები. კარედს ვერცხლის გრძელი ჯაჭვი ჰქონდა მობმული, რომელიც ჯვრის მტვირთველებს გულზე ჩამოკიდებული უნდა ეტარებინათ. არანაკლებ პატივს მიაგებდნენ წმიდა გიორგის მეორე ხატს და, ასევე, იმ ხატს, რომელიც ლევან დადიანმა წმიდა გიორგის შესწირა. ხატის ცენტრალურ ნაწილზე, ვერცხლის ფირფიტებზე, წმიდა გიორგის ხუთი სასწაული იყო გამოსახული. ხატი 30-იან წლებში, ილორის ტაძრის გაძარცვისას განადგურდა, გადარჩა მხოლოდ ჩარჩოს ქვედა არშიის ფრაგმენტი, რომელიც ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.
– წლების წინ შეძელი და მოილოცე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის ტაძარი. ამისთვის საკმაოდ რთული გზის გავლა მოგიხდა და არაერთი სასწაულის მხილველიც გახდი.
– ზუსტად 25 წლის წინ, მარიამობის დღესასწაულზე, 15 წლის ასაკში, პირველად ავიღე ხელში იარაღი და ცხინვალთან ახლოს, ფრონტის ხაზზე აღმოვჩნდი. ჩემი ისტორია არაფრით იქნებოდა განსაკუთრებული, რომ არა ილორის წმიდა გიორგის მეოხება და შემწეობა. მისი ხატი სამივე ომის განმავლობაში გულისჯიბით დამქონდა და მან არაერთხელ გადამარჩინა მოსალოდნელ სიკვდილს. წმიდა გიორგისადმი ჩემი ყველაზე დიდი თხოვნა იყო, ამ ომიდან ისე გამოვეტარებინე, რომ ჩემი გული ბოროტებით არ დაბინძურებულიყო, ქრისტეს სიყვარული ბოლომდე მეტარებინა და, თუ მოვკვდებოდი, გმირულად მაინც მოვმკვდარიყავი. ყველა მოვლენის დროს, ჩემთან იყო ილორის წმიდა გიორგის ხატი. რამდენჯერაც ფრონტზე წავედი, იმდენჯერ, ჯერ ოჩამჩირეში გავივლიდი ხოლმე, ილორის წმიდა გიორგის მოვილოცავდი, მისგან ვიღებდი ლოცვა-კურთხევას და რწმენით გაძლიერებული მივდიოდი. ერთხელ აფეთქებისგან დანგრეული სახლის ნანგრევებში მოვყევი და ოთხი დღე და ღამე დამარხული ვიყავი. სასწაულებრივად გადამარჩინა და ცოცხლად დამარხული აღმადგინა წმიდა გიორგიმ – ამაზე მეტი სასწაული ჩემთვის აღარ არსებობს. პირველ დღეს ცეცხლი ვერ ავანთე, რადგან, სახლის სარდაფში მოვყევი, კომპოტები და ღვინოები დასკდა და ყველაფერი დამისველდა. გავაშრე ასანთი, მეორე დღეს ქაღალდებს მოვუკიდე ცეცხლი და, საითაც კვამლი წავიდა, იმ მხარს დავიწყე თხრა. თან, მძიმედ ვიყავი დაშავებული – კონტუზია მქონდა. ვთხრიდი 10-15 წუთი და მერე ვითიშებოდი – ძალა არ მქონდა, დასუსტებული ვიყავი, საშინელი ტკივილებით, მშიერი, მაღალი წნევით, აფეთქებისგან ყურის მემბრანები მქონდა დაზიანებული – სისხლი მდიოდა. მთელი ეს დრო ვლოცულობდი წმიდა გიორგის ხატზე – ის მხოლოდ ტყვეთა განმათავისუფლებელი კი არ არის, არამედ, სამარიდან ამომყვანებელიც. იქ, სადაც ვიყავი დამარხული, ციხეც იყო და, რეალურად, სამარეც. მას შემდეგ, რაც ქრისტემ ლაზარე აღადგინა მკვდრეთით, მკვდრის გაცოცხლება მხოლოდ წმიდა გიორგისთან გვხვდება, რომელიც მაცხოვარს სთხოვს, აღადგინოს წარმართების მღვდელი. სასწაულს არ ახდენს ხატი, სასწაულს ახდენს მხოლოდ და მხოლოდ უფალი, იმ წმიდანის მეოხებით, ვისაც ვესაუბრებით. წმიდა გიორგის კი აქვს იმის კადნიერება, რომ ღვთის წინაშე ასეთი რამ ითხოვოს; მიცვალებულს კი მხოლოდ უფალი აღადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ომიდან სამხედრო წოდებითა და ჯილდოებით ჩამოვედი, მოგვიანებით ჩამოვშორდი სამხედრო საქმიანობას და ჩემი გზა სასულიერო ცხოვრებასა და მეცნიერებას მივუძღვენი. მადლობა ღმერთს სწორი გზა ავირჩიე. 2005 წელს, მარიამობის მარხვაში, მე და ჩემმა ლაზმა ნათლულებმა კაპადოკიიდან საქართველოში შემოვაბრძანეთ ივერიის ღვთისმშობლის ხატი. მთელი მარხვის განმავლობაში გვინდოდა, მოგველოცა სრულიად საქართველო. მოვილოცეთ მოციქული მატათას საფლავი გონიოს ციხეში, გურია, სამეგრელო და როდესაც ზუგდიდში ღვთისმშობლის კვართი მოვილოცეთ, ძლიერი სურვილი გამიჩნდა, გადავსულიყავი აფხაზეთში და მომელოცა ილორი. შევედი ტაძარში, გულმოდგინედ ვილოცე და თითქოს პასუხი მომეცა – მარტო უნდა წავსულიყავი. სასწრაფოდ შევიძინე დავით აღმაშენებლის ხატი, რომელიც იყო „მეფე აფხაზთა, ოვსთა, რანთა და კახთა...“ – მინდოდა, ეს ხატი ილორში დაბრძანებულიყო; ასევე, შევიძინე წმიდა გიორგის ორი ერთნაირი ხატი: ერთი – ილორისთვის შესაწირად და, მეორე, მოლოცვილი, მინდოდა, საქართველოში წამომებრძანებინა. ეს ილორმოლოცვილი ხატი დღეს ქაშუეთშია დაბრძანებული, ჯვარცმიდან ხელმარჯვნივ. მოკლედ, გადავწყვიტე ილორის მოლოცვა. საზღვარზე მისულმა მებაჟეებს გადავხედე და, რომელიც ასაკით პატარა იყო, იმას დაველაპარაკე – მივხვდი, თავის ასაკიდან გამომდინარე, ქართველების სისხლში არ ექნებოდა ხელი გასვრილი და არც აფზახეთის ომში იქნებოდა ნაბრძოლები. ვუთხარი: მომლოცველი ვარ, ილორის მოლოცვა მინდა და დამეხმარე-მეთქი. დამთანხმდა. მითხრა – ვნახავ, ვინ არის საგუშაგოზე და, როგორც კი მომენტი იქნება, გადაგიყვანო. ვუთხარი: სანამ გადამიყვან, ეს წაიღე-მეთქი – და, ღვთისმშობლის ხატი გავუწოდე, რომელიც ცელოფანში იყო გახვეული. ასეთი გათვლა მქონდა: თუ ვერ გადავიდოდი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გადაბრძანდებოდა აფხაზეთში, მოილოცავდა და დაბრუნდებოდა. თუ არ ინებებდა დაბრუნებას, ესეც მეოხება და შეწევნა იქნებოდა საქართველოსთვის. მოკლედ, დედაღვთისამ ინება, რომ საბაჟოზე გადავსულიყავი. როცა მითხრეს – შენი საბუთებიო, ამ დროს იმ მებაჟე ბიჭმა დაიძახა: ჩემთან ერთად არისო და აღარ შემამოწმეს. მე არა მხოლოდ ვიბრძოდი აფხაზეთში, ვიყავი ის დიქტორი, რომელმაც პირველმა გამოაცხადა კომენდატის საათი, ამიტომ გარკვეულწილად, მტრის სახეც ვიყავი. შესაბამისად, დიდი იყო რისკი, თან, აფხაზეთის კანონმდებლობით, ომის მონაწილე ქართველს 15-წლიანი ციხე ემუქრებოდა. მაგრამ, როცა რაღაცას სარწმუნობით, სიყვარულით აკეთებ, ამ რისკს ვერ გრძნობ და, საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა. თან მახლდა ტელეკომპანია „მზის“ ოპერატორი. საქმეში ერთი სხვა მებაჟეც ჩაერთო. ოპერატორმა მითხრა: რაღა ეს კაციჭამია მოგყავს, ყველაზე საზიზღარი მებაჟეა, ქართველ ქალებს ისეთ დღეში აგდებსო. არსებობს ღვთისმშობლისადმი ლოცვა „მგზავრობის მნებებელთათვის“ – ამ ლოცვით ისე გავიარეთ ყველა საგუშაგო და ისე მივედით ილორამდე, რომ კაციშვილს არ გავუჩერებივართ. მივედით ილორში, სადაც დღემდე მოღვაწეობს აფხაზი ხუცესი, მამა სერგი (ჯოპუა), კეთილშობილი ადამიანი. მონასტრის ეზოში დავრჩით მე, ოპერატორი და ჩვენი „სასტიკი“ მებაჟე. მოვილოცეთ ეკლესიის ეზო; ავედი სამრეკლოზე, საიდანაც ჩანს ზღვა და სოხუმს ღვთისმშობლის ხატით ჯვარი გადავწერე; შევევედრე დედა ღვთისას, რომ მალე დავებრუნებინეთ იქ ქართველები. შემდეგ ჩამოვედი ილორის ეკლესიის ეზოში საფლავების მოსალოცად. იქ არის მეცხრამეტე საუკუნის უდიდესი მოღვაწის, არქიმანდრიტ გიორგი (ბულისკირიას) საფლავი, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა დედაეკლესიას და იყო ილორის წინამძღვარი. მასთან ერთად დასაფლავებულია მორჩილი ქალი, ვერა, რომელიც თავისი უბრალოებითა და სისპეტაკით გამოირჩეოდა და მათ რაფაელ კარენინი თავის წიგნში: ცოცხალ წმიდანებს უწოდებს. მამა გიორგის შევავედრე ეს აფხაზი, გამცილებელი ბიჭი და, ვთხოვე, მოექცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. მართლაც, ჩვენი საუბარი ისე განვითარდა, რომ ეს კაცთმოძულე მებაჟე ჩემი ოპერატორის ნათლული გახდა, მეორე მებაჟე კი მე მოვნათლე. მამა სერგიმ შეგვიყვანა ტაძარში, სადაც ვიხილეთ მეორე სასწაული: საკურთხევლის კანკელის ყველა ხატს მირონი სდიოდა. მამა სერგიმ გვითხრა: მირონდენა ხატებს თქვენს ჩამოსვლამდე სამი დღით ადრე დაეწყოთ და, მე ვიცოდი, რომ ქართველები უნდა ჩამოსულიყვნენ, რადგან, ივერიის ღვთისმშობელი განსაკუთრებულად ტიროდაო. რა თქმა უნდა, დავაბრძანეთ ხატები და აღვავლინეთ სამშვიდობო პარაკლისი, რომლის დროსაც მოვიმიზეზე: საეკლესიო რუსული არ ვიცი და საკითხავებს ქართულად ვიტყვი-მეთქი. ასე რომ, მამა სერგი ასამაღლებლებს რუსულად ამბობდა, მე კი ქართულად ვლოცულობდი და ვგალობდი. წლების შემდეგ აღვადგინეთ სამართლიანობა და ქართულად ისმოდა ილორში ლოცვა. კარგად მახსოვს მამა სერგის სიტყვები, რომლითაც მან აფხაზ მრევლს მიმართა: ეს ტაძარი ისევეა ქართველების, როგორც აფხაზების. შეხედეთ ამ ფრესკებს და გახსოვდეთ, რომ მეფე დავითი იყო მეფე აფხაზთა და შემდეგ ოსთა, რანთა და კახთა. ჩვენ მტერი ერთი გვყავს: სატანა, რომელიც გვყოფს, ხოლო ქრისტე სიყვარულია, რომელიც გვაერთიანებსო.
შემდეგ გვინდოდა ღვთისმშობლის ხატის რუსეთში გადაბრძანება და, გარდა ამისა, გვინდოდა „შენ ხარ ვენახის“ ხატები და სასაჩუქრე ღვინოები წაგვეღო და მშვიდობიანი მარშით ჩავსულიყავით მოსკოვში. წითელ მოედანზე არის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის სამრეკლო, კარიბჭე და, გვინოდა, იქ დაგვებრძანებინა ეს ხატი. თავიდან ვგეგმავდით ცხინვალიდან გადასვლას, რასაც დაპირისპირება მოჰყვა – ფაქტობრივად, ცეცხლი გაგვიხსნეს; ამიტომ, საპატრიარქოდან გვთხოვეს, თავი შეგვეკავებინა. მაშინ, მეორე გზით წამოვედით, მარიამობას დავესწარით გერგეტის სამებაში. შეთანხმებული ვიყავით ჩრდილოეთ ოსეთის ეკლესიის წარმომადგენლებთან – საზღვართან უნდა დაგვხვედროდნენ, მაგრამ, მოხდა მეორე სასწაული: იმ დღეს მესაზღვრეებმა საზღვარი უმიზეზოდ ჩაკეტეს, მხოლოდ ერთი ოსი მაღალჩინოსანი გაატარეს, რომელსაც ვთხოვე: ნებისმიერ თანხას მოგცემთ, ოღონდ ეს ხატი გადააბრძანეთ და იქ დაგხვდებიან-მეთქი. რა პრობლემააო, თუ გინდა, საბაჟოს უფროსს მოვხსნიო. 15-20 წუთის შემდეგ მისი მძღოლი მობრუნდა და ხატი მოგვიტანა: საბაჟოზე არაფერი ჭრის, ამ ხატის შეტანა შეუძლებელიაო. ალბათ, ღვთისმშობელმა არ ინება მაშინ რუსეთში გადაბრძანება. გადაღლილმა, დასუსტებულმა და, ალბათ, ნერვიულობისგან გადატვირთულმა, გონება დავკარგე და ვიხილე: ბევრი სისხლი – საქართველოსა და რუსეთს შორის; რუსეთის ახალი პატრიარქი და, ასევე, ის, თუ როგორ პატარავდებოდა ჩვენი ქვეყანა. შემდეგ ვიხილე მწვანელენტიანი ბოევიკები, რომლებიც ხოცავდნენ ბავშვებს, რუსული ტანკები... ეს ყველაფერი ხევისა და სტეფანწმინდის მაშინდელ ეპისკოპოს პეტრეს (ცაავას) მოვუყევი: რამდენიმე დღეში საშინელი სისხლი დაიღვრება, ჩეჩნები ოსებს დახოცავენ და მერე რუსები ორივეს ერთად ამოხოცავენ; სამი წლის შემდეგ კი რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყება-მეთქი. ძალიან გამიწყრა მეუფე: როგორ ბედავ ასეთი რამის თქმასო. სინანულში ჩავვარდი... 1 სექტემბრის დილას მოხდა ბესლანის ტრაგედია და აბსოლუტური სიცხადით ამიხდა ყველაფერი, რაც ვიხილე: მწვანელენტიანმა ბოევიკებმა დახოცეს ოსები და შემდეგ რუსებმა ორივე ერთად ამოხოცეს. სამი წლის შემდეგ, 2008 წელს კი, მოხდა ქართულ-რუსული ომის მეორე ეტაპი, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეიწირა...
რაც შეეხება ღვთისმშობლის ხატს, მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევით გადავაბრძანეთ ვლადიკავკაზში. დავაბრძანეთ მისი უწმიდესობის კეთილშობილი მშობლების სახლში, სადაც დღეს ილია წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერია. ეს ხატი ელოდება თავის მისიას – უნდა ჩაბრძანდეს მოსკოვში. თუმცა, ვინ იცის, რა მიზეზით არ ინება მან მოსკოვში ჩაბრძანება ან როდის ინებებს ამას...