როგორ ახდა ჯოხარ დუდაევის ყველა წინასწარმეტყველება რუსეთის ქმედებების შესახებ და რა შემთხვევაში ივარაუდა მან მოვლენების გარდაუვლად ბირთვული ომით დასრულება
როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან გახდა ცნობილი, პრეზიდენტები პუტინი და პოროშენკო ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებულან, თანაც – მინსკში, თუმცა იქ გამართული შეხვედრების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა პრესას განუცხადა, რომ უკრაინელ კოლეგასთან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე არ უსაუბრიათ, ვინაიდან ეს „უკრაინის შიდა საქმეა“. მაგრამ მალევე რუსეთის პრეზიდენტმა მხარეებს შუამავლობა შესთავაზა (ანუ მოვლენები თითქმის ისე ვითარდება, როგორც 20 წლის წინათ საქართველოში). სულ ახლახან კი ვლადიმირ პუტინმა დონბასისთვის საკუთარი სამშვიდობო გეგმა გაახმაურა, რომლის ძირითადი ლაიტმოტივიც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონფლიქტის ზონიდან გაყვანაა.
მონღოლეთში ვიზიტისას კი რუსეთის პრეზიდენტმა თავისი გეგმის დეტალებზეც ისაუბრა, რომელიც, როგორც თავად განაცხადა, პრეზიდენტ პოროშენკოსთან ერთად განიხილა. კერძოდ: გეგმა 7-პუნქტიანია (ჩვენებური, ანუ სარკოზი-მედვედევის გეგმა 5-პუნქტიანი იყო, თუმცა ამ ორივე გეგმის პათოსი დაახლოებით იდენტურია) და გულისხმობს შემდეგს – დონბასელი სეპარატისტების უკან დახევას, უკრაინული არმიის გაყვანას დასახლებული პუნქტებიდან, საერთაშორისო კონტროლს კონფლიქტის ზონაში, საბრძოლო ავიაციის გამოყენების აკრძალვას, ტყვეების გაცვლას პრინციპით: „ყველა ყველაზე“, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას, ასევე, ქალაქებსა და სოფლებში დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენას.
საინტერესო ის არის, რომ რუსი პოლიტოლოგების ვარაუდით, ახლა საქმე იმაზეა, დათანხმდებიან თუ არა ამ შეთავაზებას ეგრეთ წოდებული დონბასისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელები (თითქოს მათთვის კრემლის დირექტივა კანონი არ იყოს).
ამის პარალელურად, თვით ვლადიმირ პოზნერიც კი ვარაუდობს, რომ რუსეთი ვერ დაუშვებს თავის სამხრეთ საზღვრებთან „ნატოს“ გაფართოებას. იმის გათვალისწინებით, რომ თვალნათლივ ვხედავთ, როგორ იმსხვრევიან სახელმწიფოები დასავლური ორიენტაციის სურვილის გამო, მაინც იბადება კითხვები: რას ნიშნავს არდაშვება, რუსული ხედვით, სახელმწიფოების სრულ დაშლას თუ ადგილობრივი მოსახლეობის გაყრას? თუ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის 1995 წელს ჩაწერილ ინტერვიუს დავუჯერებთ – საბოლოოდ, მოვლენები ბირთვული ომით დასრულდება. საინტერესოა, რომ 9 წლის წინ მან ყირიმის ბედიც იწინასწარმეტყველა. გთავაზობთ ინტერვიუს ჯოხარ დუდაევთან, რომელიც ესტონეთის კინოჯგუფის შეკითხვებს პასუხობს.
– ღირს თუ არა ამდენი მსხვერპლი და ნგრევა იმად, რომ ჩეჩნებმა თავისუფლად იცხოვრონ დამოუკიდებელ სახელმწიფოში?
ჯოხარ დუდაევი: თავისუფლება და დამოუკიდებლობა ჩვენთვის სიცოცხლე ან სიკვდილია, იმიტომ რომ შესაძლებელია ხალხთან, ხალხში, სახელმწიფოში, სამეზობლოში ცხოვრება, იქ, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, როდესაც სახელმწიფო ასრულებს თავის ვალდებულებებს, მაგრამ რუსეთი არ ასრულებს არანაირ ვალდებულებას არც ხალხისა თუ სახელმწიფოს წინაშე. ჩვენი მდგომარეობა ჰგავს შემდეგს: ტყეში დაჭერილი ველური დათვი ჩასვეს გალიაში და გვთავაზობენ, შედით მასთან გალიაში, იცხოვრეთ მეგობრულად, თათი გაუწოდეთ და იყავით მის გვერდით. აი, რა არის რუსეთი.
– რას წარმოადგენს დღეს ჩეჩნეთის ოპოზიცია?
– მთელმა მსოფლიომ იცის, რომ აქ არ არის და არც ყოფილა არანაირი ოპოზიცია. ოპოზიციას უნდა ჰქონდეს თავისი პროგრამა, თავისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტრუქტურები, უნდა იყოს დარეგისტრირებული, მისი ქმედება უნდა თავსდებოდეს სამართლებრივ ჩარჩოებში, აღიარებული უნდა იყოს მისი ეს სტრუქტურები, მიდგომები. აქ კი მსგავსი არაფერია. რუსეთი აგროვებს სისხლის სამართლის დამნაშავეებს და მათგან ქმნის ბანდფორმირებებს. ამას შემდეგ მეტსახელად უწოდებს „ოპოზიციას“. აიარაღებს კბილებამდე და ამაზე ხარჯავს უამრავ ფულს. წარმოუდგენლად დიდ თანხას ხარჯავენ და უშვებენ შემდეგ ჩვენთან; ყიდულობენ მათთვის ტანკებს, „ბეტეერებს“, თვითმფრინავებს, „სმერჩებს“, „გრადებს“, ამზადებენ მათ თავიანთ ტერიტორიაზე და თვალის ასახვევად რამდენიმე ჩეჩნური წარმომავლობის სისხლის სამართლის დამნაშავეც ჰყავთ და ამ ვინეგრეტს უწოდებენ ოპოზიციას. ეს არის ოპოზიცია რუსულად. სინამდვილეში, ეს ჩვეულებრივი რუსიზმია. ჩვეულებრივი რუსიზმი კი უფრო საშიშია, ვიდრე ფაშიზმი, ნაციზმი, რასიზმი და ყველა ერთად აღებული კაცობრიობისთვის მიუღებელ იდეოლოგიაზე უარესია.
რუსიზმი ფაშიზმზე საშიშია… როდესაც ფაშიზმი გავრცელდა მსოფლიოსა და ევროპაში და კუდზე დაადგა ფეხი რუსეთს, მან პირველმა მოიხმო დანარჩენები: უშველეთ მსოფლიოსო და მთელი მსოფლიო დაუდგა გვერდში, მათ შორის, თავად გერმანელებიც. თავად გერმანელებმა უარყვეს ფაშიზმი, ისევე, როგორც მთელმა მსოფლიომ.
ახლა კი, რუსიზმი ანადგურებს ხალხებს და აღგვის პირისაგან მიწისა, თან, როგორც წესი, ირჩევს ყველაზე უსუსურ მსხვერპლს. მთელი ისტორიის განმავლობაში რუსეთი ირჩევს ყველაზე უმწეო მსხვერპლს, რომ აჩვენოს დანარჩენ მსოფლიოს, აი, რა ძლიერები, რა მტაცებლები ვართო. მთიანი ყარაბაღი – მოსახლეობა გაყარეს და ეს წარმონაქმნი მოსპეს. შემდეგ – აფხაზეთი მოგლიჯეს საქართველოსა და კავკასიას და გაანადგურეს მთელი პოტენციალი. ომი საქართველოსთან, ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რეალურად, იყო ომი რუსული შეიარაღებით, რუსული შეიარაღებული ძალების მეშვეობით, რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობით. სამხრეთ ოსეთი გამოშიგნეს და გაანადგურეს. ჩრდილოეთ ოსეთი, ინგუშეთი…. მათ ფიზიკურად გაანადგურეს მთელი ხალხები. რუსული ხელისუფლება, როდესაც უჭირდა, მირბოდა და ხელს აწერდა სხვადასხვა ხელშეკრულებაზე, რომლებსაც შემდეგ არ ასრულებდა და არც არასდროს შეასრულებს. მაგრამ, როგორც კი მოძლიერდებოდა, ამოირჩევდა ყველაზე სუსტს და იმას შეუტევდა. ასეთია რუსეთი – ბოროტების იმპერია, რომელიც იყო და რჩება მტაცებლად, ხარბად, დაუნდობლად, უზნეოდ, სულიერებისგან დაცლილად. მან ამის დემონსტრირება მოახდინა ჩეჩნეთზე. 250 000 არმია… 5 600 ერთეული ჯავშანტექნიკა… ასეთი რაოდენობის ტექნიკა და შეიარაღებული ძალები არასდროს გამოუყენებიათ ისტორიაში მთის ხალხების წინააღმდეგ. იმ მიკროსკოპულად პატარა ტერიტორიას, რომელსაც რუკაზეც კი ვერ პოულობენ, თავს დაესხნენ, თან, მეორე მხრივ, მსოფლიო დაამშვიდეს, რომ პრობლემას გადაჭრიდნენ მშვიდობიანად და არანაირ ძალისმიერ მეთოდს არ გამოიყენებდნენ. მაგრამ ახალი წლის წინ, ერთმანეთში გადაზილეს ქვიშა, მიწა, ცა, სისხლი და ხორცი ადამიანების და ისინი არ აპირებენ უარის თქმას ასეთ პოლიტიკაზე. აი, ასეთია რუსეთი.
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ მსოფლიო ერთობლივად არ გააჩერებს ამ ჭირს, გაცილებით უარესია მოსალოდნელი. დემოკრატია რუსეთში არასდროს იქნება, მაგრამ, თუ საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში არ მოაქცევენ რუსეთს, მსოფლიოს ელის უმძიმესი რყევები. დღემდე რუსეთი იბრძოდა ტანკებით, უთვალავი ჯარით, მაგრამ რუსეთს არ ჰყავს ჯარისკაცები და არც ეყოლებათ.
– რამდენჯერ დაგესხნენ თავს პირადად თქვენ?
– სათვალავიც ამერია. არსებითად, რუსეთის ხელმძღვანელობა ღია ტერორიზმს ეწევა, ეს არ არის თავდასხმა. მოფრინდებიან თვითმფრინავები და ხან ერთ კვარტალს ანადგურებენ და ხან – მეორეს. იღუპებიან ქალები და ბავშვები და რუსულად ამას ჰქვია თავდასხმა, რეალურად კი ეს ტერორისტული აქტებია.
– ჩეჩნეთს რომელი სახელმწიფო წყობა ესადაგება: საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო რესპუბლიკა?
– უპირველესად, დემოკრატია, თუ დემოკრატია არ იქნა ჩეჩნეთში, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაძლებს. როდესაც დემოკრატიული საფუძველი იქნება, იქნება კანონიერებაც. ამის შემდეგ სულერთია, საპარლამენტო რესპუბლიკა შეიქმნება თუ საპრეზიდენტო. მთავარი დემოკრატიაა. ჩვენ გავიარეთ მიწიერი ჯოჯოხეთი: ელცინის მხოლოდ ერთი ბრძანებით გამოიყო 150 მილიარდი რუბლი და 500 მილიონი დოლარი დუდაევის ხელისუფლების ჩამოსაგდებად. და მთელი ეს ძალა – გენერალური შტაბი, სპეცსამსახურები, ოთხი წლის განმავლობაში ემზადებოდა. ნახეთ დოკუმენტი, ნაციის სრული განადგურების როგორი გეგმა აქვთ. მათი მიზანია ჩეჩნეთიდან ჩეჩნების დეპორტაცია და აქ ჰიბრიდების დატოვება, სათქმელად რომ ჰქონდეთ. რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, 4 წლის განმავლობაში აშენებდნენ რუსეთის რეგიონებში ბარაკის ტიპის ქალაქებს, რეზერვაციებს ჩეჩნეთიდან გასახლებული ჩეჩნებისთვის.
– სად შენდებოდა ეს ბარაკები?
– სარატოვის, ვოლგოგრადის, ორენბურგის ოლქებში. წელიწად-ნახევრის წინ სთავაზობდნენ იქ მცხოვრებ ჩეჩნურ დიასპორას, გადადით იქ და იცხოვრეთო. მთელი ჩემი უბედურება ის არის, რომ მე ვიცოდი ამ გეგმების შესახებ, იმიტომ რომ ამისთვის 4 წელია, ემზადებოდნენ. ეს სახელმწიფო პროგრამაა, რომელსაც ჩერნომირდინი აწერს ხელს, გეგმას ჰქვია ევაკუაციის, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ჩეჩნების დეპორტაციის გეგმა დაბრუნების უფლების გარეშე. მათი თვითმფრინავები მოფრინდებიან, ჩამოყრიან ბომბებს, ხალხი გაიქცევა, ვითომ მათ განარიდებენ დაბომბვას, ან უშვებენ რაკეტებს, ხალხი გარბის, მათ ვითომ განარიდებენ დაბომბვას, რა თქმა უნდა, თითქოს დუდაევის „ბანდფორმირებების“ მხრიდან. ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ. ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენ მოვედით ჩვენს დემოკრატიასთან, იძულებულები გავხდით დაგვეშალა ის კონგრესი, რომელმაც 2-წლიანი გზა გაიარა და ახალი აგვერჩია, ყველა ჩვენი შეცდომის გათვალისწინებით. იქ შედის ყველა სოფლის წარმომადგენლებით დაწყებული და უხუცესებით დამთავრებული, მოსამართლეებიც. იმიტომ რომ კანონი, სამართლიანობა და დემოკრატია ჩვენი სახელმწიფოს ასაშენებლად სასიცოცხლოდ აუცილებელია. სამწუხაროდ, ახლა სრულადაა პარალიზებული სამართალდამცველი ორგანოები, პროკურატურას უჭირს მუშაობა, სასამართლოც ძალიან მძიმედ მუშაობს. საომარი მდგომარეობის გამო პარალიზებულია სკოლები. არავინ იცის, როდის აღდგება სასწავლო პროცესი, ამიტომ ახლა ჩვენი მეცნიერები ამუშავებენ შერეულ პროგრამას – მათემატიკა, ფიზიკა და ისლამი, რომ ერთად იყოს შერწმული ბუნებისა და ღვთის კანონები.
– სისხლის აღების თქვენებური ტრადიცია ვრცელდება იმ რუს სამხედროებზე, რომლებიც იბრძვიან თქვენ წინააღმდეგ?
– სისხლის აღების ტრადიცია არ ვრცელდება სხვა მიწის შვილებზე, სხვა აღმსარებლობის ადამიანებსა და აგრესორებზე. სისხლის აღება მხოლოდ შიდა საქმეა და ამის იქით არ მიდის, მაგრამ შურისძიების აუცილებლობა, იმის გამო, რაც ჩეჩენ ხალხს გაუკეთეს, არსებობს და უფრო და უფრო ძლიერდება. ამას ეხება კონგრესის ბოლო გადაწყვეტილება: სიკვდილის ბატალიონების შექმნის შესახებ.
– რას ნიშნავს სიკვდილის ბატალიონები?
– ეს ნიშნავს, რომ ამ სიკვდილის ბატალიონების წევრები, სანამ ცოცხლები არიან, არიან „სმერტნიკები“ და მათი ვალია, სისრულეში მოიყვანონ სახალხო სასამართლოს გაწაყვეტილება: იძიონ შური!
– გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა თქვენი უფროსი ვაჟი…
– კარგა ხნის განმავლობაში გვეგონა, რომ დაიღუპა. კონტუზია აქვს, დაჭრილია, მის შესახებ არაფერი ვიცოდით, მაგრამ გადარჩა…. რომ დაღუპულიყო კიდეც, ეს არც გასაკვირი იქნებოდა და არც ტრაგიკული. პირიქით, ღირსებას შეჰმატებდა ჩვენს ოჯახს. ომში ჩეჩნეთის საუკეთესო შვილებმა გასწირეს თავი და მათ არნახული გმირობები ჩაიდინეს.
– როგორ ფიქრობთ, რუსეთში არის ძალა, რომელსაც შეუძლია, შეცვალოს ეს დამოკიდებულება?
– იმ მდგომარეობაში, როდესაც რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში არიან აშკარა ავანტიურისტები, არაფრის შეცვლა არ შეიძლება, მაგრამ ეს ტრაგედიად შეუბრუნდება რუსეთს. თუ ასე გაგრძელდება, რუსეთს ელის დაშლა დისკრედიტაცია, როგორც სახელმწიფოს ან ის უნდა აიძულონ, რომ სხვა ტიპის ურთიერთობებზე გადავიდეს. დღევანდელი გზა დამღუპველია რუსეთისთვის: ამას ვაცხადებ, როგორც სამხედრო.
ჩემი აზრით, მათი გეგმაა, ჯერ დაამარცხონ ჩეჩნეთი და შემდეგ მიადგნენ ყირიმს. მე ხელთ მაქვს საბუთები, რომ ანალოგიური სცენარი აქვთ ყირიმშიც. და ამას მოჰყვება იგივე სხვადასხვა ტერიტორიაზე, თუ ამ პროცესს დღეს არ გააჩერებს მსოფლიო თანამეგობრობა და თავად რუსეთის საზოგადოება რუსეთის შიგნით. საბოლოოდ, ეს შეიძლება, დასრულდეს ბირთვული ომით.